ვანო მთვრალაშვილი: "ეს პროგნოზი რეალურია, ყველა დიდი სანავთობო საცავი, ასევე ტანკერები გადავსებულია ნავთობით"
თამარ მუკბანიანი
(31.03.2020)

ძალიან მალე 2020 წლის მეორე კვარტალში მსოფლიოში ნავთობის ფასი შესაძლოა, 10 დოლარამდე ჩამოვიდეს. ეს ვარაუდი  უცხოურ ანალიტიკოსებს ეკუთვნით, რასაც ქართველი სპეციალისტებიც იზიარებენ. ამის მიზეზი კორონავირუსის გამო მოთხოვნის შემცირება და "ოპეკი პლუსის" შეთანხმების შეწყვეტაა.

სააგენტო "ბლუმბერგი" აღნიშნავს, რომ ანალიტიკოსების პროგნოზით წარმოების შემცირება მოხდება მსოფლიოს ყველა რეგიონში, მათ შორის, ოპეკის წევრ ქვეყნებში. ამავე დროს, აშშ და რუსეთი ყველაზე მეტად შეამცირებენ მოცულობას. ახლა ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს მონაცემებით, პლანეტაზე ყოველდღიურად თითქმის 100 მილიონი ბარელი ნავთობი იწარმოება.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნავთობმომპოვებელი ქვეყნის, საუდის არაბეთის ენერგეტიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამეფო აპირებს მაისში ნავთობის ექსპორტის გაზრდას რეკორდულ ოდენობამდე - 10,6 მლნ ბარელამდე დღე-ღამეში. რუსეთმა უკვე რამდენიმე კვირაა გაზარდა მიწოდება. გარდა ამისა, 2020 წლის  1-ლი აპრილიდან უქმდება ყველა შეზღუდვა „ოპეკი პლუსის" ფარგლებში და შეთანხმებაში მონაწილე ქვეყნებს წარმოების გაზრდის საშუალება ეძლევათ

ასეთი ვითარება, რასაკვირველია, პირდაპირ მოქმედებს ნავთობის ფასზე და იგი განუწყვეტლივ ეცემა, რაც სამომავლოდაც გაგრძელდება. ფასის 10 დოლარამდე კლება, სრულებით რეალურად მიაჩნია ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე, ვანო მთვრალაშვილს. მისი განმარტებით, როცა მოთხოვნა მცირდება, ხოლო ნავთობის მოპოვება იზრდება, ფასების ვარდნა, ბუნებრივი პროცესია. 

"ვითარების სცენარი დამოკიდებული იქნება კორონავირუსის გავრცელება რამდენ ხანს გაგრძელდება. ის მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მსოფლიო ეკონომიკაზე. ვხედავთ, რომ საჰაერო მიმოსვლა მსოფლიოში გაჩერებულია, ასევე 3 მლრდ-ზე მეტი ადამიანია კარანტინში და შესაბამისად, საავტომობილო გადაადგილება შეზღუდულია. ამ პირობებში კი მრეწველობა, წარმოება და ვაჭრობა მნიშვნელოვანი შეფერხებებით მუშაობს. ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ სექტორების, რომლებიც მსოფლიოსთან ერთად გაჩერდა. ამის გავლენაა ის, რომ ნავთობის მოხმარება იკლებს და სხვადასხვა გათვლებით უკვე მიმდინარე ეტაპზე 25%-იანი კლებაა ნავთობის მოხმარებასთან დაკავშირებით.

გამომდინარე იქედან, რომ კორონავირუსის არეალი და მასშტაბები უფრო და უფრო ფართოვდება იზრდება პრობლემაც და მცირდება ნავთობის მოპოვება. მოლოდინი უფრო მძიმეა და შესაბამისად, თუ ასეთი სცენარი განვითარდა, ფასიც დაიკლებს. აღსანიშნავია, რომ "ოპეკი პლუსის" შეთანხმება ვერ შედგა. ნავთობის მოპოვება უნდა შემცირებულიყო, ახლა კი სახეზე გვაქვს ვითარება, როცა საუდის არაბეთი ზრდის, წარმოებას. იგივე პოზიციაზეა რუსეთიც. აშშ კი ახლა უპრეცენდენტოდ დიდი ოდენობით, დღე ღამეში 12 მლნმდე ნავთობს მოიპოვებს და სწორედ ისაა ყველაზე დიდი მომპოვებელი. იმ ფონზე კი, როცა მოთხოვნა მცირდება და ნავთობის მოპოვება იზრდება, იქმნება დისბალანსი მიწოდება-მოთხოვნას შორის. ეს იწვევს ფასის ვარდნას და შესაბამისად, პროგნოზი, რომ ფასი შესაძლოა, 10 დოლარამდე დაეცეს, სრულებით რეალურია.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია მარაგები. ფაქტობრივად ყველა დიდი სანავთობო საცავი, ასევე ტანკერები გადავსებულია ნავთობით “, - განუცხადა "რეზონანსს" მთვრალაშვილმა.

„საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის“ ვიცე-პრეზიდენტი, ნიკა შენგელია კი იმ ასპექტებს მიმოიხილავს, რაც ახლა მსოფლიო ბაზარზეა. მისი აზრით, თუ საერთაშორისო ბირჟებზე ფასი 10 დოლარამდე დაეცა, საქართველოში ბენზინი 15 თეთრზე მეტად, მაინც ვერ გაიაფდება. 

"10 დოლარამდე ფასის ჩამოსვლა, ჯერჯერობით მაინც არ არის სავარაუდო, თუმცა ამ ვითარებაში გამორიცხული ნამდვილად არაფერია. ამ შემთხვევაში რუბლის დოლართან მიმართბით 100 მანეთამდე გაუფასურდება, ხოლო საქართველოში  მაქსიმუმ კიდევ 15 თეთრით გაიაფდება საწვავი. 

ის, რომ ოპეკის ქვეყნები იმუქრებიან მოპოვების გაზრდით, ბევრს არაფერს ნიშნავს, გამომდინარე იქედან, რომ უზარმაზარი ტანკერები, რომლებიც ყურეებსა და დიდ ნავსადგურებშია, აძვირებენ გადაზიდვას. ასე რომ, შესყიდული ნავთობის თვითღირებულება მაინც გაიზრდება, გადამზიდავების კომპონენტის მატების გამო. ჯამში მაინც 20 დოლარს მიუახლოვდება თვითღირებულება, გადამუშავებულ ნავთობპროდუქტებზე.  

ეს პროცესი მოასწავებს იმას, რომ მოხდება ბაზრების გადანაწილება, მაგრამ გლობალურ ასპეტში ესეც არაფერს ნიშნავს, რადგან 6 თვის თავზე, როცა სიტუაცია დასტაბილურდება, ბაზრები იმ მომწოდებელს  დაუბრუნდება, რომელთანაც უფრო სარფიანად ივაჭრებს“, - განუცხადა შენგელიამ ,,რეზონანსს“.

ჩაწერა სახელი