რამაზ გახოკიძე "ბუნებამ ამდენი ჩარევა არ გვაპატია, რაც მოხდა ადამიანის უზნეობის შედეგია"
ირაკლი ლომიძე
(30.03.2020)

კორონავირუსმა მოსახლეობას საკმაოდ მწარე გაკვეთილი ჩაუტარა და დაანახა ჯანსაღი ცხოვრების აუცილებლობა. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ მან ადამიანთა ცხოვრების წესი შეცვალოს, რამდენადაც ძლიერი იმუნიტეტი ნებისმიერ ვირუსთან ბრძოლის საუკეთესო საშუალებად იქნა მიჩნეული. მართალია, აცრებით და სხვადასხვა ვიტამინის საშუალებით იმუნიტეტის გაძლიერება მეტ-ნაკლებად შესაძლებელია, მაგრამ ბუნებასთან სიახლოვეს ალტერნატივა რეალურად არ აქვს. 

იმუნულოგები, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები და  ექსპერტები არ იშურებენ რეკომენდაციებს, რათა უფრო მეტმა ადამიანმა შეძლოს ბუნებასთან სიახლოვე, იმუნიტეტის გამომუშავება და ორგანიზმის გაჯანსაღება, რომ ნებისმიერ დაავადებასთან ბრძოლა გაუადვილდეს.

კორონავირუსმა დიდი საფრთხე შეუქმნა კაციობრიობას მთელ მსოფლიოში, მაგრამ ასევე დაგვანახა, რომ ცხოვრების წესი შეცვლა აუცილებელია, რომ მომავალი თაობა მედიკამენტებზე დამოკიდებული არ გაიზარდონ და სახლებში არ გამოიკეტოს, რაც ბოლო წლებში ციფრული ტექნიკის განვითარებამ მოიტანა. 

იმუნოლოგი ნინო ბოლქვაძე ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ აღნიშნავს, რომ იმუნიტეტის გაძლიერების საუკეთესო გზაა ბუნებასთან მყარი კონტაქტი, ქალაქის შემთხვევაში, როცა ადამიანი ამას ვერ ახერხებს, ფიზიკური აქტივობა აუცილებელია. ბუნება აძლიერებს ადამიანის იმუნურ სისტემას, რამდენადაც სუფთა ჰაერი, ჟანგბადი მონაწილეობს სისხლის თეთრი უჯრედების წარმოქმნაში, რომლებიც იმუნური სისტემის მთავარი დამცავი რგოლია და მავნე მიკროორგანიზმების განადგურებაში უდიდესი წვლილი შეაქვს.

,,მსოფლიოში ახალგაზრდების 80% ფიზიკურად არასაკმარისად არის დატვირთული. სწორედ ამიტომ, ჯანსაღი ცხოვრების წესის მეორე მნიშვნელოვან შემადგენელს, სწორ კვებასთან ერთად, ზომიერი ფიზიკური დატვირთვაც წარმოადგენს. ამაში არ იგულისხმება მხოლოდ სპორტის რომელიმე სახეობით დაკავება, არამედ ნებისმიერი ფიზიკური ძალისხმევა - ფეხით, ველოსიპედით სიარული, ბაღში, ბოსტანში მუშაობა და ა.შ. ქალაქის მცხოვრებთა უმრავლესობას 30 წლის ასაკშიც ჯანმრთელობის უამრავი პრობლემა უგროვდება. მრავალი მათგანი - თუნდაც ოსტეოქონდროზი - ისეა გავრცელებული, ლამის ნორმად ჩაითვალოს. მიზეზი დიდხანს ჯდომა და უძრაობაა. 

ადამიანის ორგანიზმი არასწორი ცხოვრების წესის გამო იმდენად მოდუნებულია, რომ ყველაზე სუსტ ვირუსთან გამკლავებაც კი უჭირს. მით უმეტეს ახლა, როცა კორონავირუსის ეპიდემია მძვინვარებს, მასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება, როცა მედიკამენტიც კი არ არის გამოგონილი, ძლიერი იმუნიტეტია. ამაზე ძლიერ ძალას ორგანიზმისთვის ჯერჯერობით არაფერი წარმოადგენს. 

ეპიდემიამ 1 თვეში იმდენად შეცვალა ადამიანების ცხოვრება, რომ ზოგი იძულებით დააკავშირა ბუნებასთან, ათასობით ადამიანი სოფელში გაიქცა. ეს დროებითი ღონისძიება არ უნდა იყოს. წლების შემდეგაც, როცა ცხოვრება ჩვეულებრივ რიტმს დაუბრუნდება, არ უნდა გაწყდეს ბუნებასთან კავშირი, რადგან კაციობრიობის გადარჩენისთვის ბუნებასთან სიახლოვე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. სუფთა ჰაერი ჯანმრთელობაზე მრავალმხრივ სასიკეთო გავლენას ახდენს. ის მხოლოდ ფილტვებს კი არ რგებს, ორგანიზმის ყოველ კუთხე-კუნჭულამდე მიაქვს დადებითი ემოციები“, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" იმუნოლოგმა.

დასუსტებული იმუნიტეტი, ადამიანს პრობლემას განსაკუთრებით ვირუსული ინფექციების პერიოდში უქმნის. ამერიკის ფარმაკოგნოზიის საზოგადოების ნამდვილი წევრი, პროფესორი რამაზ გახოკიძე აცხადებს, რომ აუცილებელია უფრო მყარი და მჭიდრო კავშირი ბუნებასთან, რაც ორგანიზმის გაძლიერების მთავარი პირობაა.

,,ჩვენ ძალიან  ცუდად ვექცეოდით დედამიწას, ატმოსაფეროში თუ ნიადაგში ვუშვებდით მომწამლავ ნივთიერებას. ბუნებამ კი ამდენი ჩარევა არ გვაპატია, რადგან არ ვიზრუნეთ, თვითონ დაიწყო თავის გადარჩენა და ამჯერად კორონავირუსი მოგვივლინა. უკვე დადასტურდა, რომ  ატმოსფეროში 3-ჯერ გასუფთავდა ჰაერი, ბუნებამ დაისვენა. ვაჟას ქვეყანა ვართ და ბუნება უნდა დაგვეცვა, მის გზას გავყოლოდით. 

იმისთვის, რომ ადამიანები გადარჩნენ, სასწრაფოდ უნდა აღდგეს მემცენარეობა, აბსოლუტურად სუფთა მეურნეობას მივყოთ ხელი. შრომა აუცილებელია. ამის გარეშე არაფერი გამოვა. რაც მოხდა, ადამიანების უზნეობის შედეგია. 

მეტი კავშირი ვიქონიოთ ბუნებასთან. სოფელს უნდა დაუბრუნდეს მოსახლეობა. ამ მხრივ ვირუსმა კარგი გააკეთა, ოჯახის წევრებს არ იცნობდა ხალხი, უფრო მეტად დაახლოვდნენ", - განაცხადა რამაზ გახოკიძემ და დასძინა, რომ იმუნური სისტემა, ისევე როგორც სასუნთქი, გულ-სისხლძარღვთა, ენდოკრინული  და სხვა სისტემები, მნიშვნელოვან როლს ასრულებს ადამიანის ორგანიზმში. 

,,იმუნიტეტი გენეტიკურად გვიცავს უცხო „მტრების“ შემოტევისგან. ესენია: მიკრობები, ბაქტერიები, სოკოები, ვირუსები, უცხო უჯრედები და ორგანოები, შეცვლილი უჯრედები. იმუნური სისტემა 3-5 წლამდე ბავშვებში ცუდად უმკლავდება თავის მოვალეობას, შემდეგ კი, თითქოს მწიფდება. მაგრამ, რიგ შემთხვევაში, როცა ეს არ ხდება, ბავშვები ხშირად ცივდებიან, ავადდებიან ვირუსული ინფექციებით, ჩირქოვანი დაავადებებით, რაც, თავის მხრივ, ასუსტებს იმუნიტეტს. დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ბავშვებს კი ნებისმიერი დაავადება ადვილად ერევა. 

ამ ეტაპზე, როცა ეპიდემიაა მასობრივად არის გავრცელებული, მთავარია ჰიგიენის პირობების დაცვა, რაც გავრცელების რისკს ამცირებს. კოვიდ 19-ის სამკურნალო  ვაქცინის შექმნას გარკვეული დრო სჭირდება და 1 წელიწადზე ნაკლებ დროში ეს ვერ მოხერხდება. მკურნალობა ჯერჯერობით ვირუსის სააწინააღმდეგო პრეპარატებით არის შესაძლებელია. საფრთხის აცილების ერთ-ერთი გზა კი იმუნიტეტის ამაღლებაა“, - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" გახოკიძემ და დასძინა, რომ იმუნიტეტის გაზრდა ამავე დროს ჯანსაღი კვებით მიიღწევა. 

,,ძალიან სწრაფად უნდა გადავიდეთ ბიომეურნეობაზე. რაც შეეხება სწორ კვებას, მნიშვნელოვანია  ვიტამინების მაღალი შემცველობა საკვებში. ამისთის ადამიანმა ბოსტენული და ხილი დიდი ოდენობით უნდა მიიღოს. ძალიან სასარგებლოა "ა" ვიტამინი, რომელსაც შეიცავს  ტომატის წვენი, ისპანახი, ასკილი და განსაკუთრებით სტაფილო. "ცე" ვიტამინით გაჯერებულია რკინა, ვაშლი და ციტრუსები. იმუნიტეტს ძალიან შველის "ე"  ვიტამინი, რომელიც მცენარეულ ზეთებში შედის. 

ჯანმოს რეკომენდაციით, აუცილებელია რომ 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი მიიღოს ადამიანმა, რომ ვიტამინი შეივსოს. თუთია შედის გაუწმინდავ ხორბალში, ნიგოზში, მზესუმზირაში და გოგრის ზეთში. სასურველია ლეღვი, გრეიუფრუტი, ფორთოხალი, ჭარხალი, ალუბალი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სელენი, რომელიც შედის ნიორში, საქონლისა და ხბოს ხორცში. ვურჩევ მოსახლეობას ეს პროდუქტები მიიღოს სისტემატურად, ასევე მნიშვნელოვანია ცილები დიდი რაოდენობით ვირუსთან საბრძოლველად. მთავრობამ უნდა გადახედოს და მიიღოს ვიტამინიზებული და ცილოვანი პრდუქტები, მაგრამ ეს რომ სასურსათო კალათაში ჩაიდოს, 5-ჯერ გაიზრდება ფასი“, - აღნიშნა პროფესორმა.

დაბოლოს, როგორც რამაზ გახოკიძის დასკვნით, იმუნიტეტის ამაღლებაზე დადებითად მოქმედებს ადამიანების განწყობაც, ამიტომ ხშირად უნდა გაიღიმოთ და აკეთოთ სიკეთე.

,,სიკეთის კეთებისას ადამიანის ორგანიზმში  სეროტონინის, დოფამინის და ოქსიტოცინის დონე მატულობს, რაც ბედნიერს გვხდის. თამამად შგვიძლია თქმა, რომ კეთილი საქმეების კეთებით შესაძლებელია მსოფლიოს გაუმჯობესება“, - დასძინა "ბიზნეს-რეზონანსთან" რამაზ გახოკიძემ.

ჩაწერა სახელი