"წარმოდგენაც კი ძნელია არსებულ მდგომარეობას რა გამოასწორებს და რამდენი წელი დასჭირდება"
ირაკლი ლომიძე
(30.03.2020)

საშიში ვირუსის გავრცელების გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობამ ეკონომიკას დიდი საფრთხე შეუქმნა. იმდენად რთულია სიტუაცია, რომ საყოველთაო კარანტინიც კი, ალბათ, ნაკლებად დაამძიმებს, კრიზისი ისედაც პიკზეა. ის, რაც ზედაპირზე ჩანს, ყველასათვის აშკარაა, თუმცა როგორც ბიზნესმენები აცხადებენ, გაცილებით ღრმაა პრობლემა და პანდემიის გადავლის შემდეგ ქვეყნის ეკონომიკის განადგურებას გამოიწვევს. მართალია, ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით კარანტინი შეიძლება სწორი გამოსავალია, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად გაუძლებს ამ ყველაფერს ეკონომიკა და მოსახლეობა, რომელიც შიმშილობის ზღვარზეა. 

მთავრობა მოსახლეობისა და ბიზნესის დახმარებას ცდილობს, თუმცა ნებისმიერი სოციალური პროექტი ისევ ლარს აწვება და კიდევ უფრო აუფასურებს. იმპორტზე დაბალი მოთხოვნაა, მაგრამ არც ექსპორტს ულხინს. მეტიც, რიგი პროდუქციისთვის მკაცრი კარანტინის მქონე ქვეყნებმა საზღვრები ჩაკეტეს. პროდუქტის შეტანა ექსპორტიორებს რუსეთშიც კი უჭირთ, ევროპის ქვეყნებზე რომ არაფერი ვთქვათ. 

ბიზნესმენი ნუცა აბრამიშვილი, ღვინის კომპანია ,,შუხმან ვაინის“ დამფუძნებელი ,,ბიზნეს-რეზონანსთან აღნიშნავს, რომ ეკონომიკა განადგურებამდეა მისული და ამ მდგომარეობის გამოსწორებას წლების დასჭირდება.

,,საყოველთაო კარანტინი გარეშეც ბიზნესისთვის უმძიმესი მდგომარეობაა. ძალიან სავალალო ვითარებაშია ქვეყნის ეკონომიკა, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში. ძალიან ცუდი სიტუაციაა, უკეთესის მოლოდინი ჯერჯერობით არ მაქვს. მართალია, ექსპორტი გრძელდება, მაგრამ ყველგან კარანტინია, სადაც ქართული ღვინო გადის. დიდ ბრიტანეთში საერთოდ ვერ შევდივართ, რთულდება მდგომარეობა სხვა ქვეყნებშიც. ევროპაში ექსპორტს მცირე პარტიებით ვახერხებთ, რადგან სასურსათო მაღაზიები მუშაობენ. პოსტსაბჭოთა ქვეყნებში კი ფაქტობრივად ახლა იწყება კარანტინი. ალბათ,  მარტის შემდგომი სიტუაცია კიდევ უფრო რთული იქნება", - განაცხდა აბრამიშვილმა და დასძინა, რომ ბიზნესი მთავრობისგან ანტიკრიზისული გეგმის წარდგენას ელოდება.

,,გაურკვევლობაა და არც ვიცით, რის მიხედვით ვიხელმძღვანელოთ და რა უნდა გაკეთდეს. ფაქტია, რომ კორონავირუსმა ძალიან დაგვაზარალა, კატასტროფული მდგომარეობაა ეკონომიკაში. გეგმა ამ ეტაპზე მზადაც რომ იყოს,  წარმოდგენა არ მაქვს, რა რესურსი ეყოფა მის განხორციელებას. ჩვენ ვხედავთ, რომ ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებიც პრობლემას ვერ უმკლავდებიან. 

გადაივლის პანდემია და უფრო თვალნათლივ დავინახავთ შედეგს, რომელიც ეკონომიკისთვის იქნება გამანადგურებელი. ტურიზმი აბსოლუტურად გაჩერებულია და მას მიჰყვა მომსახურების ყველა დარგი. სტანგაცია კიდევ დიდი ხნის განმავლობაში შენარჩუნდება. 2020 წლის მდგომარეობას რომ დავუბრუნდეთ, 3 წელი მაინც დაგვჭირდება, ესეც საუკეთესო შემთხვევაში", - განაცხადა ბიზნესმენმა.

ფაქტს, რომ საყოველთაო კარანტინის ეკონომიკაში გამანადგურებელ პროცესებს გამოიწვევს, ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელიც ადასტურებს. მისი აზრით, ყველაზე დიდ პრობლემას შექმნის გაუფასურებული ლარი, ამიტომ აუცილებელია სტრატეგიული გეგმის შემუშავება, რომ რისკი შესუსტდეს და ეკონომიკამ დროულად შეძლოს კრიზისიდან გამოსვლა.

,,ეკონომიკაში უმძიმესი ვითარებაა და ყველა საჭირო გზა უნდა გამოინახოს იმისათვის, რათა მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ადგილობრივი წარმოების განვითარებას. შეუძლებელი უნდა შევძლოთ და ადგილზე უნდა ვაწარმოოთ ყველა მოთხოვნადი და საჭირო პროდუქტი, რომელიც იმპორტირებულია უცხო ქვეყნებიდან. ასევე მნიშვნელოვანია მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი ადგილობრივი ტურიზმის განვითარებას. 

ეს გრძელვადიანი პერსპექტივაა. მანამდე კი ეკონომიკაში სერიოზული კრიზისია მოსალოდნელი. კარანტინი ეკონომიკას ბოლომდე გაანადგურებს, ისედაც უმძიმესი ვითარებაა. ერთადერთი გამოსავალია სტრატეგიული, ანტიკრიზისული გეგმის შემუშავება, რომელშიც  მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან ერთად, უნდა ჩაერთონ სპეციალისტები, ექსპერტები, ბიზნესმენები, რათა ყველამ ერთად შვძლოთ ქვეყნის რთული სიტუაციიდან გამოყვანის ეფექტური გეგმის შემუშავება", - აღნიშნა ბიზნესმენმა.

კარანტინის შმთხვევაში ეკონომიკური მდგომარეობის მკვეთრ გაუარესებაზე საუბრობს ,,პატარძეულის“ დირექტორი ოთარ მუჩიაშვილი. როგორც მან ,,ბიზნეს-რეზონანსს“ განუცხადა, კვერცხის წარმოება დაახლოებით 30%-ით შუმცირდათ და შეიძლება მუშაობის შეჩერება მოუწიოთ, რაც საბოლოოდ საწარმოს გაკოტრებით დასრულდება.

,,იმდენად დიდ ზარალს განვიცდით, რომ გაჩერების შემთხვევაში, შეიძლება, ვერც გავაგრძელოთ საქმიანობა. ფაქტობრივად, გაკოტრების პირას ვართ. კარანტინი, გარდა იმისა, რომ მეწარმეებს დაგვაზარალებს, ეკონომიკას მთლიანად გაანადგურებს. ახლაც კი ამ პროცესტან ახლოს ვართ, ძალიან მძიმეა სიტუაცია. თვიდან თვემდე ვზარალობთ. როცა გვეგონა, რომ სიტუაცია უნდა დასტაბილურებულიყო, კორონავირუსი სწორედ მაშინ გამოჩნდა. ლარიც და ეკონომიკაც საფრთხეშია და ეს ყველას შეგვეხო. თუკი ვინმე პრობლემას პროდუქციის გაძვირებით ახერხებს, ჩვენ ამის შესაძლებლობა კანონით არ გვაქვს. ამ დროს ხარჯი მატულობს. გარდა იმისა, რომ იმპორტი შეიზღუდა, უცხოურ ბაზრებზე არნახული სიძვირეა, საკვები 50 ცენტით არის გაძვირებული, რაც ლარში საკმაოდ დიდი მაჩვენებელია. შესაბამისად, წარმოება, სავარაუდოდ, 30%-ის ფარგლებში შევამცირებთ. კორონავირუსმა გამოსავალი არ დაგვიტოვა", - განაცხადა მეწარმემ.

ეკონომიკის გამოუვალ მდგომარეობაზე საუბრობენ სპეციალისტებიც. ფინანსისტი რამაზ გერლიანი ვარაუდობს, რომ მაკროეკონომიკაში შექმნილ პრობლემას დიდი ხნის განმავლობაში ვერაფერი გამოასწორებს. 

,,პრაქტიკულად გაჩერებულია ყველაფერი, ამაზე მეტი საფრთხე რა უნდა იყოს ეკონომიკისთვის, ძნელად წარმომიდგენია. კარანტინის გამოცხადების გამო ტრანსპორტი საერთოდ გაჩერდა, ყველა ობიექტი დაიხურე, სასიცოცხლო დანიშნულების გარდა. საკმაოდ დიდი პრობლემაა და კარანტინი ამას მნიშვნელოვნად გაამწვავებს. ჩვენი პროგნოზით, თუკი აპრილში გადავიტანთ პიკურ მდგომარეობას, 4,5 მილიარდი ლარი შეიძლება ქვეყანამ დაკარგოს. ესეც თუ მაისიდან მდგომარეობა გამოსწორდება, მაგრამ ამის შანსს ჯერჯერობით ვერ ვხედავ. 

პრობლემა ყველაზე მეტად ბიზნესს დააწვება. დარგი თუ ვერ მუშაობს, სახაზინო შემოსავლების წყარო ვერ გახდება და საბიუჯეტო დეფიციტის სახით ეკონომიკას სერიოზულ საფრთხეს შეუქმნის. მთავრობას გულწრფელად შეიძლება სურს, რომ მოსახლეობას და ბიზნესს დაეხმაროს, მაგრამ რთულია. მძიმე იქნება გაცვლითი კურსის ფაქტორიც. წარმოდგენაც არ მაქვს,  ეკონომიკაში არსებულ მდგომარეობას რა გამოასწორებს, მწვავე კრიზისი გარდაუვალია“, - განუცხადა რამაზ გერლიანმა ,,ბიზნეს-რეზონანსს".

ჩაწერა სახელი