თამარ მუკბანიანი
(26.03.2020)

ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულიერებელი კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების დაწესების თაობაზე მთავრობასთან ერთად იმსჯელებს. როდის იქნება გადაწყვეტილება მიღებული და კონკრეტულად ვის შეეხება შეღავათი ან რა ტიპის იქნება ის, ჯერჯერობით არც მთავრობა და არც ენერგეტიკის მარეგულირებელი ზუსტად არ ამბობს. იქამდე კი, მხოლოდ ზუგდიდში ბოლო ერთ თვეში გაზი 100 აბონენტს ჩაუჭრეს. 

მოსახლეობის დიდი ნაწილი ვირუსის გამო, უსამსახუროდ დარჩა, ტურისტული ობიექტების დიდი ნაწილი კი დაკეტილია და მათ შემოსავალი აღარ აქვთ. სწორედ ამიტომ ბიზნესი უკვე საუბრობს იმის შესახებ, რომ საჭიროა გადასახადების გადავადება, რადგან მათ დღეს თანხები არ გააჩნიათ. ელექტროენერგიისა და გაზის გარეშე დარჩენა კი აიძულებს მუშაობა სრულად შეწყვიტონ.

,,პირველ რიგში, პრიორიტეტად რჩება ენერგიით უწყვეტი და საიმედო მომარაგება. ამ კუთხით დღეისათვის მდგომარეობა სტაბილურია და არ არსებობს არანაირი საფრთხე. რაც შეეხება კომუნალურ გადასახადებთან დაკავშირებულ შეღავათებს, ამ საკითხზე მთავრობასთან ერთად მიმდინარეობს კონსულტაციები, რათა მოხდეს შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა იმ მომხმარებლებისათვის, რომლებიც ახალი კორონავირუსის შედეგად დაზარალდნენ და სჭირდებათ დახმარება.  

უახლოეს დღეებში კომისია მიიღებს გარკვეულ ზომებს, რათა ახალი კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებაზე მოხდეს ადეკვატური რეაგირება“, - ნათქვამია სემეკის ოფიციალურ განცხადებაში. 

,,რეზონანსი“ დაინტერესდა ვის შეეხება ან რა ტიპის იქნება შეღავათები. კომისიაში დამატებით კომენტარს არ აკეთებენ დეტალებზე, თუმცა ამბობენ, რომ მუშაობა ამ საკითხზე მთავრობასთან მიდის და მიდგომა ცალსახად ერთნაირი იქნება. ასევე შეღავათი შეეხება როგორც კერძო სექტორს, ასევე ინდივიდუალურ პირებსაც. 

სანამ მარეგულირებელი და მთავრობა გამოსავალს იპოვიან და შეღავათებს დააწესებენ, სამეგრელოში გაზი 100 აბონენტს ჩაუჭრეს, მათგან 50 კომერციული ობიექტია. გაზის და ელექტრო ენერგიის ჩაჭრის სხვა არაერთ ფაქტზე აქტიურად იწერება სოციალურ ქსელშიც, როგორც რეგიონებიდან, ასევე თბილისის მოსახლეობის მხრიდან, თუმცა ჯერჯერობით ზუსტი სტატისტიკა უცნობია. 

მოქალაქეები წერენ იმასაც, რომ ხელისუფლების მხრიდან პირველი ნაბიჯი არა საბანკო შეღავათებზე, არამედ კომუნალურების გადავადებაზე ზრუნვა უნდა ყოფილიყო. 

"ყაზტრანგაზ-თბილისის" ყოფილი ხელმძღვანელი, ეკონომისტი სოსო სიმონიშვილი ,,რეზონანსთან“ იმ გზებზე საუბრობს, რომლითაც მთავრობას შეუძლია მოსახლეობას გადაუვადოს ან შეუმციროს კომუნალური გადასახდელები. 

"სემეკის ჯგუფი ალბათ ზის არა მხოლოდ ხელისუფლებასთან, არამედ გაზისა და ელექტროენერგიის გამანაწილებელ კომპანიებთანაც. უნდა გადაიხედოს, რა რესურსი აქვთ კომპანიებს, რომ ამ თანხის ამოღება არ დაიწყონ. მეორე საკითხია, როცა ვითარება ასეთი არა ორდინალურია, მათაც მოუწევთ დათმობებზე წასვლა. ახლა იმდენად უჭრის ქვეყანას და ხალხს, რომ სხვა გზა, უბრალოდ, არ რჩება. ალბათ მთავრობა, ანუ ბიუჯეტიც დაასუბსიდირებს, მაგრამ კომპანიებმაც უნდა გამოიჩინონ სოციალური პასუხისმგებლობა და მათი მხრიდანაც მოხდეს მოგებაზე ნაწილობრივ უარის თქმა. სანაცვლოდ კი შეიძლება სახელმწიფომ გადასახადი მოუხსნას, ამ ხნის განმავლობაში. 

სხვა საკითხია ის, რომ თუ ეპიდსიტუაცია ქვეყანაში დიდხანს გაგრძელდა, ვერანაირ ხარჯს ბიუჯეტი ვერ აუვა, რადგან მას შემოსავალი აღარ ექნება. საგანგებო მდგომარეობის პირობებში ეკონომიკა დაპაუზებულია“, - განაცხადა სიმონიშვილმა. 

,,რეზონანსი“ ენერგომბუდსმენსაც დაუკავშირდა. სალომე ვარდიაშვილი პროცესში უშუალოდ არ მონაწილეობს და შესაბამისად, არ აქვს ინფორმაცია დეტალებზე, თუმცა შეღავათებს მიესალმება და მას პირველ რიგში სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისათვის მიიჩნევს აუცილებლად. 

,,დეტალური ინფორმაცია არ მაქვს, რადგან ამ პროცესში მე არ ვარ ჩართული, მაგრამ  თავისთავად შეღავათები საჭირო და აუცილებელია. ამას მხოლოდ მივესალმები, მით უფრო სოციალურად დაუცველი ჯგუფებისათვის. 

რაც შეეხება გაზისა და ელექტროენერგიის მიწოდების შეწყვეტას, ზუსტი სტატისტიკა არ მოგვეპოვება, მაგრამ ვიცი, რომ ასეთი ბევრია. სამწუხაროდ, საგანგებო მდგომარეობის შესახებ როცა გამოიცა ბრძანება, იქ საშეღავათო პერიოდზე არ ყოფილა საუბარი, ამიტომ ვინც არ იხდის, ძველი მეთოდით ხდება მიწოდების შეწყვეტა, იქნება ეს დენი, წყალი თუ გაზი“, - განუცხადა ვარდიაშვილმა ,,რეზონანსს“.

ჩაწერა სახელი
*** (27.03.2020)
ამასობაში ვირუსი თავს დაგვანებებს.🤗🤗🤗👍

*** (27.03.2020)
უახლოეს დღეებში მიიღებს კომისია გადაწყვეტილებას ყველას ვინც არ გადაიხდის ჩაეჭრას გაზი დენი წყალი კანალიზაცია გაუუქმდეთ.ამით ვირუსი დამარცხდება.ჯეტ სადა ვართ ვერ დათვალეს დოლარები განაწი ლებასაც დრო ხომ სჭირდება,ამასობაში ვირუსი თავს დაგვიანება.🤗🤗🤗