"მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება და არ გამოვრიცხავ კომპანიამ გადასახადი კიდევ გაგვიზარდოს"
გვანცა წულაია
(25.03.2020)

საქართველოში ამოქმედებული საგანგებო რეჟიმის გამო, მომსახურების სფერო თითქმის გაჩერებულია, თუმცა ისინი რომლებიც მუშაობენ - სუპერმარკეტები, აფთიაქები და სატაქსო კომპანიები - მომსახურებას აძვირებენ. კრიზისული ვითარების გამო, ბიზნესი ცდილობს ნაკლები იზარალოს, ამიტომ ბოლომდე დარტყმას იღებს მომხმარებელი.

ეკონომიკურად მძიმე მდგომარეობის პარალელურად, ლარმა ყველა ანტირეკორდი მოხსნა. მიუხედავად ეროვნული ბანკის მხრიდან, რამდენიმე დღის წინ 40 მილიონი დოლარის გაყიდვისა, კურსს არაფერი შველის.  

სატაქსო კომპანიების ნაწილმა მომსახურების პროცენტი გაზარდა, რის გამოც მძღოლები იძულებულნი გახდნენ თავიანთი საქმიანობას გაეძვირებინათ. “ბოლტის” ერთ-ერთი თანამშრომელი “რეზონანსთან” ამბობს, რომ კომპანიამ მძღოლებს მომსახურება 3%-ით გაუძვირა. 

“საგანგებო რეჟიმის ამოქმედების შემდეგ, კომპანიამ მომსახურების პროცენტი  გაგვიზარდა. თუ ადრე გამოძახებაზე 17%-ს ვიხდიდით, ახლა 20%-ის გადახდა გვიწევს. ამის, გამო, იძულებული ვართ ჩვენ მგზავრთა გადაყვანა გავაძვიროთ, სხვა გზა არ გვაქვს. ზოგადად მდგომარეობა სულ უფრო მძიმდება და არ გამოვრიცხავ კომპანიამ გადასახადი კიდევ გაგვიზარდოს”, - განაცხადა “ბოლტში” დასაქმებულმა მძღოლმა, რომლის სახელს და გვარს მისი თხოვნის გამო, არ ვასახელებთ. “რეზონანსს” ეს ინფორმაცია კომპანიაში დასაქმებულმა სხვა ადამიანებმაც დაუდასტურეს.

ქვეყანა ამჟამად კრიზისული ვითარების საწყის ეტაპზეა. საქართველოში უკვე მეხუთე დღეა საგანგებო რეჟიმია ამოქმედებული, რის გამო უამრავმა მოქალაქემ სამსახური დაკარგა. ამის პარალელურად, ლარის კურსი ყოველდღიურად ახალ ანტირეკორდს ამყარებს. 

კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების გამო, ეკონომიკური მდგომარეობა სულ უფრო და უფრო უმართავი ხდება. ეკონომისტი დემურ გიორხელიძე აცხადებს, რომ გასაკვირი სულაც არ არის თუ ქვეყანაში მომსახურება ძვირდება, რადგან ამას კრიზისულ ვითარება იწვევს.  

“აქცენტები სწორად უნდა იყოს დასმული. რომ გაძვირდა, ეს არ არის მომსახურების სფეროს ბრალი. ყველაფერი ხდება შექმნილი ვითარების გამო. ჯერჯერობით, ამერიკისა და ევროპის ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოს მთავრობა მკაცრად არ აყალიბებს, თუ რა დახმარებას გაუწვეს ბიზნესს. გასაგებია, რომ ჩვენ არ ვარ მათი დონის ქვეყანა, მაგრამ საქართველოს თავისი მასშტაბის ეკონომიკა აქვს და მოქმედებაც შესაბამისი უნდა იყოს. 

რა იქნება და რა გადაარჩენს მცირე და საშუალო ბიზნესს? არაფერი. ერთადერთი მხოლოდ კომერციული ბანკები ხეირობენ. თუ ვინმემ გარისკა და მუშაობს, მხოლოდ თავისი რისკის ფასად. არავინ არანაირ დახმარებას არ ელის. ამიტომ ამ ვითარებაში ვერავის გაამტყუნებ, რომ რაიმე სახის მომსახურებას აძვირებს. 

ლარს აქვს ფუნდამენტალური პრობლემები, ეროვნული ბანკის პოლიტიკა არის მცდარი. ის, რომ ლარის კურსი გაიქცეოდა, ყველასთვის ცხადია იყო და მას უკვე ვერც ვერაფერი შეაკავებს. მთავარია არ მოხდეს აფეთქება, მაგრამ არც ამისგან ვართ დაზღვეული, რადგან, რაც საჭიროა ის არ კეთდება. ცუდი მოლოდინია, ეკონომიკაში უმძიმესი სიტუაცია შეიქმნება. 

სინამდვილეში არაფრის წარმოება არ ხდება. საკუთარი სურსათით, ქვეყნის უზრუნველყოფა შეგვიძლია, თანაც საკმაოდ კარგად, მაგრამ ეს თურმე ჩამორჩენილობა ყოფილა. მსგავსი არასწორი შეხედულებები ქმნის არასწორ პოლიტიკას. ასეთივე კრიზისული ვითარება იყო 2008 წელს. ჩვენ აღმოვჩნდით დანგრეული ეკონომიკის წინაშე. 

ჯერჯერობით ვერაფერს კონკრეტულს ვერ ვხედავ, თუ რას გააკეთებს საქართველოს მთავრობა უახლოესი თვეების განმავლობაში. სწორ ნაბიჯებზე უამრავი მაქვს ნათქვამი, მაგრამ ახლა რეცეპტების მიცემის დრო არ არის. რომ აინტერესებდეთ მოისმენდნენ”, – განუცხადა “რეზონანსს” გიორხელიძემ.

ჩაწერა სახელი