"ზოგიერთი არ გავნებს, მაგრამ არც შედეგს იძლევა. ქვეყანაში არ არსებობს ლაბორატორია, რომელიც ამ სითხეებს შეისწავლის"
ირაკლი ლომიძე
(23.03.2020)

ბაზარზე საეჭვო წარმოშობის ანტისეპტიკური საშუალებები იყიდება, რამაც შეიძლება მომხმარებელს ჯანმრთელობის პრობლემა შეუქმნას. კორონავიუსთან ბრძოლის ერთ-ერთ საშუალებად ხალხი სადეზინფექციო და ანტისეპტიკურ საშუალებებს მასობრივად ყიდულობს და ხშირად იმდენად ბრმად, რომ ამ ხსნარების წარმოიშობასა და შემადგენლობაზე ელემენტარული წარმოდგენაც არ აქვს.

როგორც სპეციალისტები გვაფრთხილებენ, საეჭვო წარმოშობის სითხეებმა შეიძლება დაცვის მაგივრად გვავნოს, მით უმეტეს, რომ ქვეყანაში არ არსებობს ლაბორატორია, რომელიც ასეთი ნივთიერებების ხარისხს და ვარგისიანობას საფუძვლიანად შეისწავლის. 

საშიში ვირუსის გავრცელების გამო ანტისეპტიკური საშუალებების გამოყენება  ჯანდაცვის რეკომენდაციით არის გათვალისწინებული. არჩევანი საკამოდ დიდია. თუმცა, როგორც ქიმიკოსი რამაზ გახოკიძე გვირჩევს, მათი გამოყენებისას გარკვეული წესების დაცვაა საჭირო. პირველ რიგში, პროფესორი  ანტისეპტიკური ხსნარების შემადგენლობაზე აკეთებს აქცენტს და აღნიშნავს, რომ განსაკუთრებით საფრთხილოა ისეთი ხსნარების გამოყენება, რომლებშიც ქლორის მაღალი შემცველობაა. ანტისეპტიკური საშუალებები უნდა შეირჩეს ისე, რომ მისი მავნებლობა რაც შეიძლება მინიმალური იყოს.

,,საშიშ ვირუსთან გასამკლავებლად აქტიურად იხმარება ანტისეპტიკები და სადიზინფექციო საშუალებები. ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით, მათი გამოყენების ვალდებულება არსებობს, მაგრამ ზომიერების დაცვა აუცილებელია. აქ ერთი მომენტიც არის გასათვალისწინებელი, თუკი ხსნარი უვნებელია, როგორ ხოცავს მავნებელ ვირუსს? უმეტესობის შემადგენლობაში, ძირითადად, შედის ქლორი და იოდი, ამიტომ თვალზე არ უნდა მოხვდეს, რადგან შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმის მოქმედებაზე რეფლექტორული გავლენა. ამიტომ დიდი რაოდენობით სასურველი არ არის", - ამბობს გახოკიძე და დასძენს, რომ ქლორი მეორე მსოფლიო ომის დროს გამოყენებული იყო როგორც იარაღი და იგი აიკრძალა. 

,,ქლორი მიკროიარაღია და ამიტომ  მასთან კონტაქტს უნდა ვერიდოთ, განსაკუთრებით ბავშვები. ზოგიერთი სადიზინფექციო საშუალება შეიცავს ისეთ დამჟანგავებს, როგორიცაა წყალბადის ზეჟანგი, კალიუმის მანგანატი და სხვა, რომლებსაც ახასიათებს სუსტი ანტისეპტიკური ეფექტები, რაც დაკავშირებული ჟანგბადის გამოყოფასთან. შემდეგ ჯგუფში შეიძლება შედიოდეს სხვადასხვა მეტალები,  ეს არის თუთიიის, ტყვიის პრეპარატები და სხვა.  ზოგიერთ მათგანს  საკმაოდ მაღალი ანტიბაქტერიული ქმედება გააჩნია და ამიტომ ორგანული ფორმით მათი  გამოყენება უფრო მიზანშეწონილია, ვიდრე არაორგანული ფორმით, როგორც აზოტის შემთხვევაშია. ფართოდ გამოიყეენება ასევე წყალბადის ზეჟანგი, რომელსაც სუნი არ აქვს, ადვილად იშლება გარემოში, ნაკლებად ტოქსიკური ნივთიერებაა, თუმცა ჭარბად მისი გამოყენება მაინც და მაინც სასურველი არ არის.  

ანტისეპტიკურ საშუალებებს შორისაა ეთილის სპირტი და იზოპროპილის სპირტი, ხელზე უნდა წაისვა, მაგრამ კონცენტრაციის მაჩვენებელი უნდა განისაზღვროს. 60-80 %-ის ფარგლებში  უნდა იყოს ხსნარის კონცენტრაცია, 70%-იანს თუ გამოვიყენებთ,  ყველაზე კარგიაა", - განაცხადა "ბიზნეს-რეზონანსთან" რამაზ გახოკიძემ. 

ანტისეპტიკური საშუალებების ხარისხს ეჭვქვეშ აყენებს მომხმარებელთა უფლებადამცველი ორგანიზაცია "ეტიკის" ხელმძღვანელი ამირან შენგელია. მისი შეხედულებით, ბაზარზე სარეალიზაციოდ გამოტანილი ხსნარებიდან ბევრია ისეთი, რომელიც წესების დარღვევით იყიდება, რადგან მათი შემადგენლობა და ხარისხი, შესაძლოა, სტანდარტს არც პასუხობს, რაც ლაბორატორიული კვლევით უნდა დადგინდეს, მაგრამ ამის შესაძლებლობაც ჯერჯერობით არ არის.

,,უამრავი დასახელების ანტისეპტიკური საშუალებები იყიდება მაღაზიებში და ხალხს წარმოდგენა არ აქვს, რომ მათი გამოყენებით შეიძლება საკუთარ ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას. ზოგიერთი საერთოდ არ გავნებს, მაგრამ არც შედეგს იძლევა. ასეთი პროდუქტის გაყიდვას რაც მოჰყვება, ყველამ კარგად იცის. ძალიან ცოტაა მომხმარებელი, რომელიც ამ პროდუქციის შეძენისას ეტიკეტს აკვირდება. არ არსებობს ლაბორატორია, რომელიც ამ სითხეებს შეისწავლის. 

რამდენადაც ვიცი, ანტისეპტიკური ხსნარების შემცველობაში უნდა იყოს  გლიცერინი, სპირტი და წყალბადის ზეჟანგი, რომელიც დოზირებულად გამოყენების შემთხვევაში, უსაფრთხოა. უამრავი მანიპულაცია ხდება. ამ ყველაფერს შესწავლა სჭირდება. არ არსებობს ლაბორატორია, რომელიც მათ უსაფრთხოებას  გამოიკვლევს. მთავარი მაინც ჰიგიენის დაცვაა.  ექიმების რეკომენდაციას უნდა დაუჯერონ.  რასაც ითხოვენ, ის პირობები დაიცვან და ამით უშველონ, თავს . სისუფთავის დაცვა ყველაზე კარგია, რადგან თუ ადამიანი ჰიგიენის ელემენტარულ პირობებს ვერ დაიცავს, მას ვერც ანტისეპტიკური ხსნარების გამოყენება უშველის“, - განაცხადა შენგელიამ. 

მისი თქმით, მომხმარებლისთვის ერთ-ერთი პრობლემა არის ფასი,  რომელიც ბოლო პერიოდში კატასტროფულად გაზრდილია.

,,როგორც კი ანტისეპტიკური საშუალებების მიმართ მოთხოვნა გაჩნდა, არაკეთილსინდისიერმა მეწარმეება გაუმართლებლად გააძვირეს. როცა ქვეყანაში ადამიანების გადარჩენა პირველი პრიორიტეტია, არ შიძლება, სიტუაციით ისარგებლო და საკუთარი მოგების გაზრდაზე იყო ორიენტირებული. ამდენად, ვფიქრობ, ფასს უნდა მიექცეს ყურადღება. მეწარმე უნდა ფიქრობდეს მომხმარებელზე, მაგრამ ჩვენ არ ვუფრთხილდებით საკუთარ თავს და ამიტომ არის  პრობლემაც ასეთი მასშტაბური“, - აღნიშნა ამირან შენგელიამ ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას.

კორონავირუსთან ბრძოლის პრევენციის მიზნით დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ძირითადი  რეკომენდაციაა:  

ხელების ხშირი დაბანა; სახეზე/თვალში/პირზე ხელის შეხებისგან თავი არიდება; ჰიგიენის დაცვა; ხველისა და ცემინების ეტიკეტის დაცვა; ქუჩაში ცხოველებთან ახლო, დაუცველი კონტაქტისგან თავის შეკავება.

მას შემდეგ რაც აღნიშნული რეკომენდაციები გავრცელდა, თითქმის ყველა ოჯახში მოიპოვება ჰიგიენური საშუალებები, ასევე ანტისეპტიკური ხსნარები, რომლის დამზადება სახლის პირობებშიც არის შესაძლებელი 96%-იანი ეთანოლის, 3%-იანი წყალბადის ზეჟანგისა და 98%-იანი გლიცერინის გამოყენებით, თუმცა დოზირების წესები დაცვა საჭიროა.

აღსანიშნავია, რომ ქართველი მეცნიერების ჯგუფი მუშაობს ახალი ანტისეპტიკური ხსნარის შექმნაზე, რომლის წარმოებაც მოხდება ადგილზე, თუმცა წარმოებიდან რეალიზაციამდე პრეპარატს რამდენიმე ეტაპის გავლა მოუწევს. ამჟამად მეცნიერები ლიცენზიის მოპოვებას ცდილობენ.

ჩაწერა სახელი