,,გათბობის სეზონი ჯერ არ დამდგარა და უკვე 6 აფეთქება და გაგუდვის რამდენიმე ფაქტი მოახდა~
ირაკლი ლომიძე
(04.11.2019)

 გაზის მომხმარებლებისთვის რეგულაციის გადავადება უსაფრთხოების მხრივ დიდ პრობლემას შექმნის. სპეციალისტების თქმით, რეგულაციების ის ნაწილი, რომელიც მომდევნო წლიდან ამოქმედდება, შედეგს ვერ მოიტანს და სიტუაციას მხოლოდ და მხოლოდ დაამძიმებს. ტექნიკოსებს მიაჩნიათ, რომ გაზის დანადგარების უმეტესობა სტანდარტთან შეუსაბამოა და მომხმარებელი დამოუკდიებლად ვერაფერს გახდება, თუკი სახელმწიფოს მხრიდანაც არ ექნება ხელშეწყობა. საუბარია იმაზეც, რომ არსებულ ტარიფში ეს ხარჯი გათვალისწინებული არ არის. 

,,თბილისი ენერჯის“ კომერციული დეპარტამენტის უფროსის ედიშერ ხორავას ინფორმაციით, პირველ ეტაპზე ამოქმედება რეგულაცია, რომელიც მიმართული იქნება ურჩი მომხმარებლის პრობლემის მოსაგვარებლად.

„საუბარია, რომ ლიცენზიანტებს შეეძლოთ, გამოიძახონ საპატრულო პოლიცია ადგილზე, სადაც შეიქმნება პრობლემები და საპატრულო პოლიცია უზრუნველყოფს კონფლიქტებისა და პრობლემების დარეგულირებას, რათა საშუალება მიეცეს კომპანიის წარმომადგენლებს, განახორციელონ დაკისრებული ვალდებულებები. რაც შეეხება მეორე ეტაპს, საუბარია ფინანსური სანქციების შემოღებაზე მომხმარებლების მიმართ, რომლებიც თვითნებურად მიაერთებენ და კუსტარულად დაამონტაჟებენ დანადგარებს. ასევე კომპანიის მიერ აკრძალვის შემთხვევაში, გაზის შეწყვეტის შემდგომ თუ მიაერთებენ, ამ კატეგორიაზეც იქნება გათვალისწინებული ფინანსური სანქციები. 

ეს ეხება როგორც ფიზიკურ ასევე იურიდიულ პირებს. ჩვენი ინფორმაციით, კანონპროექტში საუბარია პირველ ეტაპზე ფიზიკური პირების 50 ლარით დაჯარიმებაზე, ხოლო იურიდიული პირების – 500 ლარით. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის კანონპროექტი და მასში შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს“, – განაცხადა ედიშერ ხორავამ და აღნიშნა, რომ კანონპროექტი პარლამენტს დასამტკიცებლად მალე წარედგინება.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ პროექტი ასევე ითვალისწინებს ფულად ჯარიმებს, თუმცა ჯარიმების ნაწილის ამოქმედება 2021 წლიდან არის ნავარაუდევი.

სპეციალისტებს კი მიაჩნიათ, რომ რეგულაციის ნაწილობრივი დაკანონება ვითარებას მხოლოდ დაამძიმებს, რადგან მოსახლეობის დიდ ნაწილს ამ ვალდებულების შესრულება დამოუკიდებლად ძალიან გაუჭირდება. 

მეტიც, უსაფრთხოების ექსპერტის გიორგი ჭაღიაშვილის განცხადებით, რეგულაცია იმიტომ გადავადდა, რომ შესაბამისი დოკუმენტი მომზადებული არ არის და აქამდე ოფიციალური სტრუქტურები და კერძო კომპანიაც მხოლოდ ზეპირი განცხადებებით შემოიფარგლებოდნენ. 

კუსტარულ ტექნიკასთან ბრძოლა რეალურად შეუძლებელია, რადგან ხარისხის პრობლემა მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებობს. ამიტომ, როგორც ჭაღიაშვილი აღნიშნავს, კანონმდებლებს, პირველ რიგში, აქედან უნდა დაეწყოთ.

,,უსაფრთხოების მიმართულებით ქვეყანამ ერთი ნაბიჯითაც ვერ წაიწია წინ. რეგულაციებიც იმიტომ გადავადდა, რომ თადარიგი ვერ დაიჭირეს. სად არ მოვიძიე, მაგრამ ფიზიკურად ვერ ვნახე დოკუმენტი, რომელიც ეჭვს გამიქარწყლებს. საფუძვლიანად არაფერი მომზადებულა. 

რაც შეეხება ურჩ მომხმარბლებს, ჯარიმების ნაწილი 2021 წლიდან უნდა ამოქმედდეს, თუმცა ჩაჭრითა და გაზის მიწოდების შეფერხებით უკვე კანონის სხვა მუხლებს არღვევენ. მოკლედ, წინააღმდეგობრივი საკითხია. 

თვითონ ,,თბილისი ენერჯის" გააჩნია 10-პუნქტიანი დებულება უსაფრთხოების შესახებ, სადაც ცალსახად წერია, რომ მიწოდების შეწყვეტა გაზის ქურას არ ეხება. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელი არ აღებს კარებს და მრიცხველი არის გარეთ, მილს ვერ ჩაჭრიან, მაგრამ მოსახლეობის ნაწილს გამრიცხველინება გრეთ არ აქვს გატანილი. შესაბამისად, ვისაც ტექნიკა შიგნით აქვს დამონტაჟებული, მიწოდებას ვერ შეუზღუდავენ. სერიოზული საინჟინრო ჩარევაა საჭირო. ეს ეხება არა მარტო ურჩ მომხმარებელბს, არამედ ქსელს მთლიანად, ძალიან დიდი თანხა ჯდება და არსებული ტარიფით, რითაც ჩვენ ვსარგებლობთ, შედეგის მიღწევა პრაქტიკულად შეუძლებელია", - აცხადებს ჭაღიაშვილი და დასძენს, რომ უსაფრთხოების მხრივ არსებული სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება და მოსახლეობას მთელი სეზონის განმავლობაში განსაცდელი ელის.

,,ზამთარი არ დამდგარა, მაგრამ აცივდა და უკვე 6 აფეთქება და გაგუდვის რამდენიმე ფაქტია. ცხადია, ჯერჯერობით გამოსავალი არ არის, გარდა იმისა, რომ საკუთარ დანადგარებთან დაკავშირებით მოქალაქეები თვითონ იყვნენ ფრთხილად. დემონტაჟით, რა გზაც ,,თბილისი ენერჯიმ" აირჩია, ვერაფერს მიაღწევენ. ამ ქვეყანაში კუსტარულია ყველაფერი და ყურით მოთრეული მიზეზია, რომ მომხმარებელი გაამტყუნონ. პასუხისმგებლობა ყველამ სათითაოდ უნდა აიღოს და არა ცალკე მოქალაქეებმა", - განუცხადა ჭაღიაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსს". 

სპეციალისტები იმაზეც საუბრობენ, რომ თავს მოხვეული ვალდებულებების შესასრულებლად ხალხი მატერიალურად არ არის მზად, არ აქვთ შემოსავალი და უსაფრთხოების წესების დაცვა ძალიან გაუჭირდებათ. ინჟინერი, აკადემიკოსი სიმონ ბარამიძე ხელისუფლების მხრიდან გადადგმულ ნაბიჯს არასაკმარისად მიიჩნევს. მისი თქმით, გაზის უსაფრთხოებას პრობლემას უქმნის ისიც, რომ კორპუსები სტანდარტის დარღვევით შენდება.

,,ზამთარი არ დაწყებულა და გაზის მასშტაბური აფეთქების რამდენიმე შემთხვევა უკვე გვაქვს. პრობლემის პირველი და უმთავრესი მიზეზია ის, რომ ოდორანტი არ ემატება გაზს. ეს არის ნივთიერება, რომლესაც აქვს მძაფრი სუნი და გაჟონვის შემთხვევაში ადამიანი ადვილად ხვდება, რომ საფრთხეშია. 

მეორე პრობლემა არის არაპროფესიონალური მონტაჟი და ასევე, ზედამხედველობის გარეშე დატოვებული ქსელი. სათანადოდ არ მოწმდება ღია წვის გამათბობლები და წყლის გამაცხლებლები. ადრე გაზგასამართი და ავტოგასამართი სადგურები სხვადასხვა ქსელზე ,,იდგა" და ეს ნორმად მიიჩნეოდა, დღეს დასვეს ერთ ქსელზე. მოისპო ამ ქვეყანაში სტანდარტი, ამიტომ ოჯახებში გაზის აფეთქება და გაჟონვა ლამის ყოველდღიურობად იქცა. 

ვითარებას ამძიმებს ისიც, რომ შენობები გამჭოლი განიავების გარეშე შენდება. არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ასეთ პროექტს სახელმწიფო ექსპლუატაციაში არ მიიღებს, ჩვენთან კი არანაირი ყურადღება არ ექცევა. სახელმწიფოს მხრიდან დახმარება კანონით უნდა იყოს გამყარებული. ბინების პროექტირება აბსოლუტურად გაუგებარია, პროექტი ექსპერტიზაზე არ არის დამუშავებული, ქაოსურად შენდება და იმიტომ არის მძიმე შედეგი. არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში ასე არ ხდება", - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" სიმონ ბარამიძე.

ჩაწერა სახელი