ლუდომანია უფრო რთულად განსაკურნებელია, ვიდრე ნარკომანიაც კი~
რეზონანსი
(04.11.2019)

 ლუდომანია 21-ე საუკუნის დაავადება და უამრავი ფატალურად დასრულებული სიცოცხლეა. სპეციალისტების გაანგარიშებით, თამაშდამოკიდებული ადამიანები თავისი თვიური შემოსავლიდან, საშუალოდ, 35-40%-ს აზარტულ თამაშებში ფლანგავენ იმის იმედით, რომ საბოლოო ჯამში დიდ თანხას მოიგებენ. სტატისტიკა ადასტურებს, რომ დღითი დღე უფრო მეტი ადამიანი ეწერება ლუდომანთა არმიაში და იზრდება თვითმკვლელობების რაოდენობაც.

ეს პრობლემა იმდენად დიდი და გლობალურია, რომ აზარტომანიას ნარკომანიას ადარებენ და როგორც სპეციალისტები მიიჩნევენ, ნარკომანია შედარებით ადვილადაც იკურნება. ამ კუთხით, მძიმე ვითარებაა საქართველოშიც. ერი მასობრივადაა დაავადებული ტოტალიზატორებისა თუ სამორინეების მავნებლური გავლენით. ტელევიზიით თუ სხვა მედიასაშუალებით ხშირად ვიგებთ სხვადასხვა ისტორიას ლუდომანებზე, რომლებიც ყელამდე ვალებში არიან ჩაფლულნი. 

ფსიქოლოგი ეკა ნიჟარაძე „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას ლუდომანიას უფრო მწვავე პრობლემად აფასებს, ვიდრე ნარკომანიას: 

„ნებისმიერ აზარტულ თამაშზე დამოკიდებულებას ლუდომანია ეწოდება. თუმცა, ვიდრე ასეთად ჩამოყალიბდება ადამიანი, მანამდე გაკვეულ ეტაპებს გადის. ხშირია შემთხვევა, როცა თამაშზე დამოკიდებული ადამიანი ისეთ დეგრადაციამდეა მისული, რომ თამაშის გარეშე „ლომკა“ და გულის იშემია ემართება. 

რაც არ უნდა გაგიკვირდეთ, აზარტული თამაშების მიმართ მიდრეკილება გენეტიკიდან მოდის, ანუ ამ საკითხში მემკვიდრეობითი ფაქტორიც დიდ როლს თამაშობს. ტოტალიზატორებსა და სხვა მსგავს დაწესებულებებს, არა მხოლოდ მამაკაცები, არამედ ქალებიც საკმაოდ ხშირად აკითხავენ. ხშირად ვაფასებთ სხვადასხვა დამოკიდებულებებს. ლუდომანია იმდენად მწვავეა, როგორც ფისქოლოგიური, ასევე ფიზიკური გამოხატულების თვალსაზრისით და ამავე დროს რთულად განსაკურნებელი, რომ ნარკომანიასაც კი უსწრებს. 

რაც შეეხება რეკლამის გავლენას, ნებისმიერ რამეზე დამოკიდებული ადამიანი სუსტი ფისქიკისაა და ამიტომაც ხდება დამოკიდებული კონკრეტულ რამეზე. შესაბამისად, პირდაპირი რეკლამა დიდ გავლენას ახდენს ამ ადამიანებზე. აგრესიული სახისაა თითქმის ყველა მარკეტინგული ხრიკი, სადაც ყურადღება დიდ ციფრებზე მახვილდება პოზიტიურად, ხოლო მიჩუმათებულია წაგებული თანხის საკითხი. ამ ადამიანების გონება კი ამას ვერ `ხარშავს~ და ზეგავლენის ქვეშ ექცევიან. ამიტომ პრობლემასთან ბრძოლის ერთ-ერთი ფაქტორი, სწორედ, რომ რეკლამების საფუძვლიანად ამოღებაა~, - აღნიშნა ეკა ნიჟარაძემ.

საქართველოში ყოველ ქუჩაზე, მაღაზიაზე თუ ტრანსპორტზე კაზინოებისა და ტოტალიზატორების სარეკლამო ბანერებია, მასმედიის საშუალებებიც სავსეა აზარტული ინდუსტრიის მოწოდებებით. „ბიზნეს-რეზონანსმა“ მცირე გამოკითხვა ჩაატარა რა გავლენას ახდენს ლუდომანებზე რეკლამა და რა თანხას ხარჯავენ ისინი თვიურად კაზინოში. რესპონდენტების ინეტერესებიდან გამომდინარე, მათი სახელები და გვარები შეცვლილია. 

გიორგი ძნელაძე, 18 წლის: „ძალიან პატარა ვიყავი თამაში, რომ დავიწყე და დღემდე ვერ გავჩერდი. მაქვს პერიოდი, როდესაც ვჩერდები, მაგრამ იმდენად ცუდ გარემოში ვცხოვრობთ, რომ შეუძლებელია საბოლოოდ უარი თქვა თამაშზე. ყველგან გხვდება მაცდური წინადადება, რომელიც გითრევს. აუცილებლად უნდა გაქრეს ეს რეკლამები. უნდა იყოს კაზინოში ისეთი მექანიზმი, როგორიც ბანკშია - ადამიანი უნდა `შავდებოდეს~ და აღარ აღადგინონ არასდროს, თუმცა ამაში ისინი ხელს არასდროს შეგვიწყობენ თუ სახელმწიფომ არ აიძულა~.

ოთო მენაბდე 32 წლის: „შემოსავალი მაქვს 1000 ლარი და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ მინიმუმ 600 ლარს ყოველ თვე კაზინოში ვხარჯავ. მრცხვნეია ჩემი თავის და არც ერთი დღის გათენება არ მიხარია. ვერაფრით დავძლიე ეს პრობლემა მიუხედავად იმისა, რომ ფისიქოლოგთან ვიზიტიც ვცადე. სახელმწიფომ უნდა შეგვიწყოს ხელი, ყოველ დღე ახალი კაზინო კი არ უნდა იხსენბოდეს, არამედ პირიქით, ჩემნაირ ადამიანებს, ვისაც არ აქვს ბევრი ფული, ამ ყველაფერზე უარის თქმა უნდა შეეძლოს~. 

გია ლომაური, 48 წლის: „ძალიან აზარტული, ვარ ვერაფერით შევეშვი თამაშს. არ მაქვს ცუდი შემოსავალი და თავისებურად ეს კიდევ უფრო მათამამებს. ვნერვიულობ მომავალ თაობაზე, ბოლო პერიოდში მომხდარმა ამბავმა შემძრა. ახალგაზრდებს 300-400 ლარი აქვთ ხელფასი და წაგებული თანხები მათ შემოსავალს ოცჯერ და ოცთაათჯერ აღემატება. ვერაფერს ვეღარ აკონტროლებენ და იკლავენ თავს უნდა უშველოს ამ ამბავს ვინმემ~. 

სტატისტიკოს სოსო არჩვაძის ინფორმაციით, ქვეყანაში ლუდომანიაზე დამოკიდებული ძალიან ბევრი ადამიანია. ამის განმაპირობებელი ფაქტორი რთული სოციალური ფონია.

„ჩვენს ქვეყანაში უამრავი ლუდომანია. ამას, ალბათ, ეკონომიკური ფაქტორიც განაპირობებს, ვიღაცებს სჯერათ, რომ ერთ დღესაც ძალიან დიდ თანხას მოიგებენ. სულ ცოტა ხელფასის ნახევარზე მეტს ხარჯავენ ეს ადამიანები კაზინოებში, თუმცა სხვა არის თვიური ბიუჯეტი და სხვა არის ხელფასი. ვფიქრობ, თვიური ბიუჯეტის 35-40% ხარჯავენ ლუდომანები ტოტალიზატორებში და კაზინოში. ზოგს უგზავნიან ფულს, ზოგი მცირე მეწარმეა ამიტომ თვიური ხელფასის გარდა, სხვა თანხაც უნდა ვიანგარიშოთ. 

რეკლამის ნელ-ნელა გაქრობა არის პირველი ნაბიჯი, რომელიც ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად გადაიდგმება, მაგრამ ეს არ იქნება საკმარისი. ფუნდამენტური მიზეზები არსებობს, რასაც კომპლექსური მიდგომა სჭირდება სახელმწიფოს მხრიდან. ეკონომიკური ფონის გამოსწორება, სოციალური ვითარების შეცვლა და ა.შ.~ - აღნიშნა სოსო არჩვაძემ „ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას.

ჩაწერა სახელი