წყალტუბოს მერი: "მალე ჩვენს ქალაქში გრანდიოზული მშენებლობა დაიწყება"
თამარ მუკბანიანი
(29.10.2019)

 კურორტი ხავსში - წყალტუბოსათვის ამ სახელის დაძლევის ბოლო შანსი გამოჩნდა. ბიძინა ივანიშვილი, იქ არსებული ყველა სანატორიუმისა და აბანოს ყიდვას და რეაბილიტაციას გეგმავს. ბალნეოლოგიური კურორტი, რომელიც სტუმრებს ვერ იტევდა და დღეს გაუკაცრიელების პირასაა, არაერთი ხელისუფლების დროს იყო წინასაარჩევნო დაპირებების ობიექტი. ახლა კი სწორედ 2020-ის არჩევნებისათვის, შესაძლოა, ახალი მნიშვნელობა შეიძინოს. 

გუშინ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ და ექს-პრემიერმა ბიძინა ივანიშვილმა გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმად, წყალტუბოში მდებარე 22 სასტუმროს და 9 აბანოს გამოისყიდის და კურორტის რეაბილიტაციას დაიწყებს. 

„ჩემი გეგმის მიხედვით, წყალტუბო, უახლოეს წლებში, შესაძლებელია, გახდეს აღმოსავლეთ ევროპის უმნიშვნელოვანესი მიზიდულობის ადგილი და კონკურენცია გაუწიოს დიდ მოთამაშეებს ცენტრალურ ევროპაში“, - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ივანიშვილის სახელით გავრცელდა. 

ყოფილი პრემიერის თქმით, საბოლოო ჯამში, რეგიონში 15-20 ათასი ადამიანი დასაქმდება. 

„სანატორიუმების რეაბილიტაცია, წყალტუბოში, მინიმუმ 8 ათას ადამიანს დაასაქმებს. მათი აღდგენის შედეგად, წელიწადში საშუალოდ ექვსასიდან რვაასი ათასამდე ტურისტის მიღების შესაძლებლობა გვექნება, რომ არაფერი ვთქვათ თანამდევ მცირე ბიზნესების განვითარებაზე, რაც მოჰყვება კურორტის აღდგენას. 

წყალტუბოს განვითარება იქ მცხოვრები იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტეგრაციის გარეშე წარმოუდგენელია. გარდა ამისა, რომ უკვე დაწყებულია სამუშაოები სანატორიუმებში მცხოვრები ოჯახების შესაბამისი, ღირსეული საცხოვრებლით დასაკმაყოფილებლად. მათ ასევე გაუჩნდებათ დასაქმების ახალი წყარო და პერსპექტივა," - წერს ივანიშვილი.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე, წყალტუბოს განვითარების პროექტის ფარგლებში არა მხოლოდ სახელმწიფოს ბალანსზე არსებული შენობების, ამ დროისთვის უფუნქციო ძველი სასტუმროებისა და ყოფილი სანატორიუმების, არამედ კერძო სასტუმროების შეძენასაც გეგმავს.

წყალტუბოში მდებარე 22 სასტუმროდან, უშუალოდ ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე 15 სასტუმროა, რაც შეეხება დანარჩენ სასტუმროებს, უწყებაში ინფორმაციას არ ფლობენ, ეს ობიექტები კერძო საკუთრებაა თუ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ბალანსზე ირიცხება.

სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში ადასტურებენ, რომ ივანიშვილი მათ ბალანსზე არსებულ 15 სანატორიუმს შეისყიდის. 

წყალტუბოს რომ განვითარება სასწრაფოდ სჭირდება ამაზე არავინ დავობს, თუმცა ახლა მთავარია რა ფორმით მოხდება რეაბილუტაცია და რამდენად რეალურია გეგმა. ის, რასაც ,,ოცნება” უპრეცენდენტო ქველმოქმედებად მოიხსენიებს და ერთხმად მიესალმება, ეჭვს აჩენს ოპოზიციაში. 

ტურიზმის სფეროს სპეციალისტი, მარინა მეტრეველი, ინიციატივას წყალტუბისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანს უწოდებს და "რეზონანსთან" ამბობს, რომ უნიკალური პოტენციალის მქონე კურორტისთვის ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებლი. 

"უპირველესად რაც უნდა გაკეთდეს, არის კურორტების სანიტარული ზონები. რაც არ არის დადგენილი. უნდა შეისწავლონ თითოეული ზონა, სადაც კი წყალი ამოდის, ანალიზები და პასპორტიზაცია. მოსაწესრიგებელია ძალიან ბევრი რამ, ასე რომ თავისთავად ინიციატივა შესანიშნავია. წყალტუბოს აქვს უზარმაზარი ტურისტული პოტენციალი და იმედია ეს ბალენეოლოგიური მიმართულება, რომელიც უნიკალურია, იქნება ათვისებული”, - ამბობს მეტრეველი. 

,,რეზონანსი” მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა წყალტუბოს მაჟორიტარი დეპუტატისაგან მოეპოვებინა კომენტარი, თუ რას და როგორი ფორმით გააკეთებს სახელმწიფო პროექტის ხელშესაწყობად და ასევე მოხდება თუ არა ქალაქის განვითარება იმ გეგმით, რომელიც  მომზადებულია ევროკომისიის ინიციატივა "მერები ეკონომიკური ზრდისთვის" ტექნიკური მხარდაჭერით. საინტერესოა ისიც, იცოდა თუ არა დეპუტატმა ინიციატივის შესახებ და რა ბედი ელის 47-გვერდიან დოკუმენტს. ცოტნე ზურაბიანმა ამ კითხვებზე ,,რეზონანსს” არ უპასუხა. 

წყალტუბოს მერის, გრიგოლ იოსელიანის თქმით კი, მილიარდერი ბიზნესმენის ინიციატივა ქალაქისთვის ახალ სიცოცხლეს ნიშნავს და ჩნდება განვითარების უზარმაზარი პერსპექტივა. ჯერ უცნიბია ზუსტი სტრატეგია, რომლის მიხედვითაც წყალტუბოს აღორძინება იგეგმება. 

,,დღევანდელი დღე ჩემი ქალაქისათვის ისტორიულია, გამომდინარე იქედან, რომ ბიძინა ივნიშვილის ინიციატივა ნიშნავს ახალ სიცოცხლეს წყალტუბოსათვის. უპრეცენდენტო ინვესტიციაა, რითაც გრანდიოზული მშენებლობა დაიწყება. სამწუხაროდ, არაერთმა მცირე ინვესიტიამ ვერ შეძლო ქალაქის რეალურად გამოცოცხლება და მისთვის იმ მნიშვნელობის დაბრუნება, რაც რეალურად აქვს, ამიტომაც გახდა საჭირო ასეთი, კომპლექსური მიდგომა. 

ჯერჯერობით არ ვიცით, როგორი იქნება ქალაქის განვითარების ზუსტი სტრატეგია და იგი მოხდება არსებული დოკუმენტის მიხედვით თუ ახალი გზით. ფაქტია, ქალაქში ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული პროცესი იწყება”, - აღნიშნა წყალტუბოს მერმა ,,რეზონანსთან” საუბრისას.

საქსტატის 2018 წლის მონაცემებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ამჟამად 51 400 ადამიანი ცხოვრობს, ოთხი წლის წინ კი მათი რაოდენობა 5,5 ათასით მეტი იყო.

ჩაწერა სახელი
სიმართლე (30.10.2019)
ტარფების ხომ გაგვინახევრა,უფასო ფულიც დაგვირიგა(დღეს კალაძემ 10 ლარიანი პარკინგის ჟარიმა 50-მდე გაზარდა,გილოცავთ მანქანის მფლობელებო)სოფელს ხომ დაურიგა 5-5 მილიონი,ხო და დადგა ქალაქების აყვავების დრო ,გილოცავთ ხალხოოოოო!!!

სიმართლე (30.10.2019)
ვისაც გვჯერა გაგვატარეთ

ლინდა (30.10.2019)
ჩადებს რო???? მორიგი საუკუნის აფიორა!

tatoo (30.10.2019)
შესრულდება კი ეს დაპირება?