მეხორბლეები ამბობენ, რომ ამჟამად 2-3 კვირის სამყოფი ხორბალი გვაქვს, სპეციალისტები 6-7 დღის მარაგზე საუბრობენ
ირაკლი ლომიძე
(28.10.2019)

რა ოდენობის მარცვლეულის მარაგია საქართველოში არავინ იცის, შეიძლება ვითარება კრიტიკულიც იყოს. სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ქვეყანას, სულ მცირე, 55 დღის ხორბლის მარაგი უნდა გააჩნდეს. ბიზნესმნების ინფორმაციით, საქართველოში ამჟამად დაახლოებით 3 კვირის მარაგია, რასაც სპეციალისტები კატეგორიულად უარყოფენ და ამბობენ, რომ სინამდვილეში ქვეყანაში მარცვლეული (ხორბლის) მხოლოდ 6-7 დღის სამყოფია, რაც მუდმივად დიდი საფრთხის წინაშე გვამყოფებს.

ცალკე პრობლემაა ისიც, რომ სტრატეგიული პროდუქტის იმპორტში თითქმის 90%-ით რუსეთზე ვართ დამოკიდებული. მართალია, ყაზახეთთან ხელშეკრულება გაფორმდა და იმპორტს, წესით, პრობლემა არ უნდა შექმნოდა, თუმცა ქვეყანაში დაბალმოსავლიანი წელიწადია და ყაზახეთს თავისი გასჭირვებია. ექსპორტის შესაძლებლობა მას რეალურად არ აქვს.

შექმნილ სიტუაციაში ერთ-ერთი გამოსავალი ბაზრის დივერსიფიცირებაა. სპეციალისტების ინფორმაციით, ნოემბრის ბოლოს ქვეყანა აშშ-დან გეგმავს ხორბლის იმპორტს, თუმცა ყველაზე ეფექტური გზა შექმნილ სიტუაციაში ადგილობრივი წარმოების გაფართოებაა. ბაზარ კი იმდენად არასტაბილურია, რომ იმპორტში მცირე შეფერხებაც საკმარისია, კოლაფსის წინაშე აღმოვჩნდეთ. 

დადგენილია, რომ ქვეყანას ყოველწლიურად სჭირდება 1500-1700 ათასი ტონა მარცვლეული, საიდანაც უშუალოდ სასურსათო დანიშნულების უნდა იყოს 750 ათასი ტონა. პურზე და პურპროდუქტებზე გადაანგარიშებით ეს მოცულობა 680-690 ათასი ტონას შეადგენს, რომლისთვისაც საჭიროა 525-530 ათასი ტონა ფქვილი. აქედან ადგილზე წარმოებული ხორბლიდან, შესაძლოა, მიღებულ იქნეს 120-140 ათასი ტონა ფქვილი (140-150 ათასი ტონა საშუალოდ, სასაქონლო ხორბლის წარმოებიდან გამომდინარე). დანარჩენი ოდენობა კი გარედან უნდა იქნეს შემოტანილი.

აკადემიკოს პაატა კოღუაშვილის ინფორმაციით, სასურსათო უსაფრთხოების მხრივ ქვეყანა სამომავლოდ დიდ გასაჭირში აღმოჩნდება, თუ მთავრობა შესაბამის ზომებს არ მიიღებს.

,,სასურსათო უსაფრთხოების 2 მაჩვენებელია და ორივე მარცვალთან არის დაკავშირებული. ეს არის მარცვლეულის რაოდენობა მოსახლეობის 1 სულზე და მეორე, მარცვლის მარაგები, რაც განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებულია, რომ მარაგი უნდა იყოს მოხმარებული ოდენობის დაახლოებით 17-18%, ჩვენს შემთხვევაში, 55-60 დღის შესაბამისი. ეს არის საერთაშორისო სტანდარტი. საქართველოში გვაქვს 180-მდე მარცვლეულის საწარმო, მაგრამ სინამდვილეში აქედან დიდი გადამამუშავებელი მხოლოდ 14 საწარმოა. შემომტანი კი პრაქტიკულად 2-3 კომპანიაა. ჩემი გაანგარიშებით, 6-7 დღის მარაგია და ეს კატასტროფული მდგომარეობაა", - აცხადებს "ბიზნეს-რეზონანსთან" კოღუაშვილი და დასძენს, რომ მოულოდნელად რეგიონული პრობლემა რომ გაჩნდეს, 10 დღეში საქართველოს მოსახლეობა უპუროდ დარჩება.

,,ხელგაწვდილ მდგომარეობაში არ უნდა ვიყოთ, არამედ თავად ვაწარმოოთ მარცვალეული. როგორც მინიმუმ, ხორბლის მარაგის 60% ადგილობრივ წარმოებას უნდა ეკავოს, მაგრამ ამას ვერაფრით მივაღწიეთ. ყაზახეთიდან გაიჭრა გზა, ხელშეკრულება დაიდო, მაგრამ ქვეყანამ დაბალი მოსავალი მიიღო, 1 ჰექტარზე 700 კგ-ს ძლივს მიაღწია და საკმარისი რაოდენობა თვითონაც არ აქვს. იმპორტისთვის ერთადერთი ევროპა და რუსეთი რჩება. მეზობელ ქვეყანაშიც, შარშანდელთან შედარებით, 10 მლნ ტონით ნაკლები მოსავალია.

აღსანიშნავია ისიც, რომ მსოფლიოში დაიწყო ფასის ზრდა, რადგან მოსავლიანობა დაეცა და სხვისი შემყურე ვერ ვიქნებით. წლის დასაწყისში ფასი 1 ტონის ფაის 175 დოლარამდე იყო, მაგრამ 210 დოლარს გადასცდა. სახელმწიფო პროგრამა ,,მარცვალი" უნდა  შევიმუშავოთ და ჩვენი მოთხოვნის 60% ვაწარმოოთ. სომხეთში ხორბლის ადგილობრივ წარმოება უჭირავს 55%, აზერბაიჯანი 80-85%-ს თვითონ აწარმოებს. ამიტომ წარმოების ზრდაზე უნდა დავფიქრდეთ", - აცხადებს პაატა კოღუაშვილი. 

რაც შეეხება სიმინდის მოსავალს, აკადემიკოსის შეფასებით, ამ მხრივ საქართველოს არანაირი პრობლემა არ აქვს, რადგან ეს პროდუქტი, ძირითადად, დასავლეთ საქართველოში მოიხმარება და ადგილობრივ წარმოებას ამ მიმართულებით პრობლემა არ შექმნია. 

,,სიმინდის მოხმარების არეალი არ არის ვრცელი, ეს კულტურა, ძირითადად, დასავლეთ საქართველოშია. ხალხი თავის მოთხოვნილებას იკმაყოფილებს, საგანგაშო ვითარება არ გვაქვს. სწორება ხორბლის მოსავალზე უნდა გაკეთდეს, თუმცა პარალელურად სიმინდის კულტურის განვითარებაზეც უნდა ვიზრუნოთ", - დასძენს "ბიზნეს-რეზონანსთან" კოღუაშვილი.

ხორბალს სასურსათო უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვან კომპონენტად მიიჩნევს საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან სილაგავა. ამ რამდენიმე დღის წინ ის ახალი ინიციატივით გამოვიდა და მოითხოვა, რომ მარაგს შესაბამისი უწყებები უნდა აკონტროლებდნენ და ეს ფუნქცია უშიშროების საბჭოს უნდა დაეკისროს.

რაც შეეხება ამჟამინდელი მარაგის საკითხს, სილაგავა სპეციალისტების მოსაზრებას არ იზიარებს და ამბობს, რომ ქვეყანაში 2-3 კვირის მარაგი მოიპოვება და ამ მხრივ განსაკუთრებული პრობლემა არ არის.

,,ხორბალი სტრატეგიული მნიშვნელობის პროდუქტია, რომელსაც განვითარებული ქვეყნები უშიშროების პოლიტიკის რანგში განიხილავენ, ხოლო საქართველო ხორბლის იმპორტზე დამოკიდებული ქვეყანაა, რაც სასურსათო უსაფრთხოების კუთხით სერიოზული გამოწვევაა. 2008 წლის მსოფლიო კრიზისის მერე, გაერო-მ გასცა რეკომენდაცია, რომ ქვეყნებმა საკუთარი უსაფრთხოებისთვის, წლიურად მინიმუმ ორი თვის ხორბლის მარაგი შეინახონ. ჩვენ ამ სტანდარტს ვერ ვაკმაყოფილებთ, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ჯერჯერობით არსებული მარაგი განგაშის საფუძველს არ გვაძლევს. დაახლოებით 2-3 კვირის მარაგი მოგვეპოვება. იქიდან გამომდინარე, რომ კანონი კონკურენციის შესახებ ჩვენ გვიკრძალავს გავასაჯაროოთ ინფორმაცია, რამდენი მარაგი აქვს და რა ფასში ამა თუ იმ მეხორბლეს, სახელმწიფოს ვთავაზობთ, მსოფლიოში აპრობირებულ პრაქტიკას, უშიშროების ორგანოებს დააკისრონ ამ თემის კონტროლი", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" ლევან სილაგავამ.

ჩაწერა სახელი
მედეა (29.10.2019)
სოფლის მეურნეობის სამინისტრო ძალიან სუსტად მუშაობს. ჩემს სოფელში შარშან 20-მდე მიწის ნაკვეთი დაუმუშავებელი დარჩა, ალბათ წელსაც ასე იქნება. ვერ ამუშავებს გლეხი ნაკვეთს, რასაც ხარჯავს ვერ ინაზღაურებს იმას და ტყუილა რატომ გაანძრიოს ხელი? თანაც მ ო ხ უ ც ე ბ უ ლ ე ბ ი ა უმრავლესობა, თესლი, საწვავი და ტექნიკა---ძვირია . მოკლედ, თავმოუბმელობა ღუპავს სოფლებს, ასეა სამცხე ჯავახეთში. იმედია, ინფრასტრუქტურული პროექტები რომ დასრულდება სახელმწიფოში, მერე ის მილიარდები ალბათ სოფლის მეურნეობის აღორძინებისკენ წავა და ჩვენს საკმარის ხ ო რ ბ ა ლ ს ჩვენვე მოვიწევთ, თოხვნა არ უნდა მას და წვალება. კომბაინი და ტექნიკა უმსუბუქებს შრომას გლეხს, მთავარია ა ზ რ ი ა ნ ი მიდგომა და კოოპერატივებში მიწების გ ა ე რ თ ი ა ნ ე ბ ა, ცალცალკე ვერაფერს ვახერხებთ, არაპროდუქტიულია შრომა. გარბის ახალგაზრდობა, მოხუცები კი უძლურები არიან. მ თ ა ვ რ ო ბ ა ვ, მიხედე სოფელს! სარწყავი არხები გაუქმებულია, მოუვლელია მინდორ ველი! კომუნისტების დროს ყ ვ ა ო დ ა იქაურობა, სავსე იყო ხალხით ოჯახები, ბავშვების ჟივილ-ხივილი აღარ ისმის ახლა, მოწყენილია მიწის ნაკვეთები. პ ა ტ რ ო ნ ი ჭირდება ეზო-კარს, მიწაა ჩვენი მარჩენალი და მას უნდა მ ი ხ ე დ ვ ა!