საქართველოს აგრარული სექტორის დონე თანამედროვე ევროპულ სტანდარტს უნდა გაუთანაბრდეს!
რეზონანსი
(09.10.2019)

 სოფლად მცხოვრები მოსახლეობისა და ფერმერებისთვის შეღავათიანი აგროკრედიტებისა და კულტურების მხარდამჭერი პროგრამა "ერთიანი აგროპროექტი" გრძელდება. 2020 წლის ბიუჯეტში სასოფლო-სამეურნეო პროექტების დაფინანსება გათვალისწინებულია. შესაბამისად, გაგრძელდება ყველა ის პროექტი, რომელიც ,,ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში ხორციელდება და რომლის მიზანი გრძელვადიანი განვითარებაა. სახელმწიფოს სტრატეგიაა, რომ აგრარულ სექტორში ყველა დარგს საჭიროების გათვალისწინებით დაეხმაროს. 

სულ ცოტა ხნის წინ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ მიმდინარეობს ყველა ის პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს დარგის განვითარებას და სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას დაასაქმებს.

„2020-ში, 2019 წელთან შედარებით, 36 %-ით  არის  გაზრდილი სოფლის განვითარების პროგრამების დაფინანსება, რაც გულისხმობს იმ დანაპირების  შესრულებას, რომელიც ჩვენ გვქონდა სოფლად მცხოვრები მოსახლეობისა და ფერმერებისთვის იაფი ფინანსების ხელმისაწვდომობის მიმართულებით. შესაბამისად, შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამა  გაგრძელდება. აგრეთვე  მრავალწლიანი კულტურების მხარდამჭერი პროგრამა – „დანერგე მომავალი“, მათ შორის, სხვადასხვა  ქვეპროგრამა, რომელიც უკავშირდება კენკროვანებს და ისეთი პრიორიტეტული   კულტურების განვითარებას, რომლებსაც შიდა ბაზარზე საექსპროტო პოტენციალი გააჩნია,“ – განაცხადა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ შენარჩუნდება, შემნახველი და გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსება, რაც ხელს შეუწყობს, სოფლად მცხოვრები მოსახლეობის დასაქმებას. 

როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოში ,,რეზონანსს“ განუცხადეს, აქვთ ჯანსაღი ამბიცია, საქართველოს აგრარული სექტორის დონე თანამედროვე ევროპულ სტანდარტს გაუთანაბრდეს, გაიზარდოს ქართული წარმოების ხარისხი, ცნობადობა და მსოფლიოს წამყვან ბაზრებზე ღირსეული ნიშა დაიმკვიდროს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სააგენტოს მიერ შემუშავებული პროგრამა ,,ერთიანი აგროპროექტი“, რომელიც სამომავლოდაც გაგრძელდება, განახლდება და სრულიად ახალ სიცოცხლეს შეიძენს. 

თამამად შეიძლება თქმა, რომ რიგითი ფერმერებისთვის წარმატების ისტორია იწყება ,,ერთიან აგროპროექტში” მონაწილეობით, რომელიც ადგილობრივი მცირე თუ საშუალო აგრობიზნესის განვითარებას ემსახურება. დღეისთვის მიმდინარე სახელმწიფო პროექტებია: შეღავათიანი აგროკრედიტი, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშვებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი, აგროდაზღვევა, "დანერგე მომავალი", აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა, ქართული ჩაი. ამ პროექტების მიზანი სასოფლო-სამეურნეო ღირებულებათა ჯაჭვის განვითარების ხელშეწყობაა.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, უკვე დაფინანსდა 940-ზე მეტი მოქმედი და 210 ახალი საწარმო, გაშენდა 7700ჰა-ზე მეტი მრავალწლოვანი ბაღი, რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1000 ჰა-ზე მეტ ჩაის პლანტაციას.  

,,მნიშვნელოვანია, რომ ფერმერებისა და მეწარმეებისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდა ფინანსური რესურსი. ახალი საწარმოების შექმნამ განაპირობა აგრარული დარგის განვითარების სტიმულირება, განვითარდა სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურა, გაიზარდა საექსპორტო პოტენციალის მქონე პროდუქციის წარმოება. შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის დაფინანსება წინა წლების ნაცვლად 2020 წლის ბიუჯეტშიც არის გათვალისწინებული და მომავალი წლისთვის აღნიშნული პროექტის ფარგლებში 74 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. ჯამში, 2013 წლიდან დღემდე, 37 000-ზე მეტი სესხია გაცმეული და პორტფელი 2 მილიარდ ლარს აჭარბებს.

იზრდება ახალი მრავალწლოვანი ხეხილის ბაღების გაშენების მსურველთა რიცხვი. 2019 წლიდან პროგრამის ბენეფიციარებმა პირველი მოსავლის  მიღება დაიწყეს მრავალწლოვანი ინტენსიური ბაღებიდან. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, 7700 ჰა-ზე მეტ ფართობზე გაშენდა მრავალწლოვანი ხეხილის ბაღები, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან თანდაფინანსებამ 43 მილიონ ლარს მიაღწია. აქტიურად მიმდირეობს განაცხადების მიღება კენკროვანი კულტურების გაშენების ქვეკომპონენტის ფარგლებში, 31 ბენეფიციარმა 100% დაუფინანსდა 11 ჰა-ზე კენკროვანი კულტურების გაშენება, სადაც სახელმწიფო თანდაფინანსებამ 324,000 ლარი შეადგინა. პროგრამა „დანერგე მომავალის“ დაფინანსება 2020 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული და მომავალ წელს აქტიურად გაგრძელდება”, - აცხადებენ სააგენტოში.

წარმატებით მიმდინარეობს პროგრამა „ქართული ჩაი“, რომლის ფარგლებში სულ 1000 ჰა გავერანებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია მოხდა. მნიშვნელოვანია, რომ პროექტში ჩართულ ბენეფიციართა უმრავლესობას კოოპერატივები შეადგენენ. 

აგრარული დარგის სწორი და ეფექტიანი განვითარებისთვის, სახელმწიფოსა და დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ამის ნათელი მაგალითია „აგროწარმოების ხელშეწყობის პროგრამა“. იგი სოფლის მეურნეობის მოდერნიზაციის, ბაზარზე წვდომისა და მოქნილობის პროექტის მხარდაჭერით ხორციელდება. პროექტის დაწყებიდან 497 ბენეფიციარმა 11 მილიონ ლარზე მეტი თანდაფინანსებით ისარგებლა", - განმარტავენ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოში.  

გაგრძელდება სამაცივრე მეურნეობების დაფინანსება, უშუალოდ სამაცივრო მეურნეობების შექმნის მიმართულებით, 2019 წელს, ბიუჯეტით განსაზღვრული 10 მილიონ ლარზე მეტი სრულად ათვისებულია სააგენტოს მიერ. ფერმერების მხრიდან დაინტერესება კვლავაც დიდია. სწორედ ამიტომ, სახელმწიფოს მხრიდან სამაცივრო ინფრასტრუქტურის შექმნის მხარდაჭერა მომავალშიც გაგრძელდება. 2020 წლის ბიუჯეტში, შემნახველი საწარმოების საგრანტო თანადაფინანსებისთვის 15 მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული.

საქართველოს მასშტაბით ზალიან ბევრი წარმატებული ფერმერის საქმიანობა სწორედ ,,ერთიან აგროპროექტს” უკავშირდება. პროექტის ბენეფიციარები აღიარებენ კიდეც, რომ მათი მიღწევები ,,ერთიან აგროპროექტთან” მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია, რამაც საკუთარი თავის რეალიზაციის, წარმოების გაფართოებსია და ზოგს, ექსპორტზე გასვილის შესაძლებლობა მისცა. 

2020 წლის საბიუჯეტო სახსრებში სასოფლო-სამეურნეო პროექტების გათვალისწინება ფერმერებს კვლავ აძლევს შესაძლებლობას, რომ ,,ერთიანი აგროპროექტის” პროგრამით მომავალშიც ისარგებლონ და სახელმწიფო უწყებასთან სამომავლოდაც  მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდეთ.

 სამეგრელოში, ხობის მუნიციპალიტრეტის სოფელ ხიბულაში ლოკოკინას ფერმაა, რომელსაც ამიერკავკასიის მასშტაბით ანალოგი არ ჰყავს. ფერმა ,,ერთიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში შეიქმნა. მესაკუთრეს, მერაბ ნადარაიას გადაწყვეტილი აქვს, რომ ლოკოკინას ხორცის გადამამუშავებელი საწარმოც გახსნას, რასაც ასევე სახელმწიფოს მხარდაჭერით გეგმავს.

,,ლოკოკინას ფერმაზე მუშაობა 2017 წელს დავიწყეთ. პროექტი 1,260 მილიონი ლარით არის დაფინანსებული ,,შეღავათიანი აგროკრედიტის“ მიერ. 10 მუდმივი თანამშრომელი გვყავს და 15 კიდევ სეზონურად დასაქმებული, ეს მაჩვენებელი სამომავლოდ, წარმოების გაფართოებასთან ერთად, გაიზრდება.  წელიწადში 50 ტონა ლოკოკინას ხორცს ვაწარმოებთ და ევროპაში გაგვაქვს. ამასთან, მოვამზადეთ ფერმერები, რომლებსაც ტექნოლოგიებს ვასწავლით და ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ ბიზნესი წამოიწყონ. 

იმას, რასაც დღეს ვქმნით, სახელმწიფოს დიდი მხარდაჭერის და დახმარების შედეგია. ,,შეღავათიანი აგროპროექტი“ რომ არა, ასეთი მასშტაბური საქმიანობის წამოწყება ძალიან გაგვიჭირდებოდა. ცხადია, ამაზე არ გავჩერდებით, სამომავლოდაც ახალი გეგმები დავისახეთ, რომლის განხორციელებაშიც სახელმწიფოს მხარდაჭერის იემდი გავქვს. კერძოდ, ვაპირებთ, რომ ლოკონიკას ხორცის გადამამუშავებელი საწარმო გავხსნათ და ევროპულ ბაზრებს უკვე მზა პროდუქტი მივაწოდოთ. 

სოფლის მხარდაჭერის მიმართულებით დიდი საქმე გაკეთდა და მნიშვნელოვანია, რომ კიდევ მეტი გაკეთდება. ყველა პროექტი, რომელიც ,,ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში გაკეთდა, წარმატებული და მომავალზე ორიენტირებულია, რამაც სამომავლოდ ქართული სოფლის წარმატება უნდა განსაზღვროს“, - განუცხადა ფერმერმა ,,რეზონანსს“.

,,შეღავათიანი აგროკრედიტის“  ფარგლებში დაფინანსებულ წარმატებულ პროექტებს შორისაა კოოპერატივი ,,სანჩოს ბიჭები“, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბა აგარაში თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობას წარმოადგენს.  როგორც მეწარმემ ვეფხვია გრძელიშვილმა ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, მეურნეობის ასაშენებლად, ჯამურად, 1 211 451 ლარის ინვესტიცია განხორციელდა, საიდანაც 450 000 ლარი  შეღავათიანი აგროკრედიტით მიიღო, ხოლო 600 000 ლარი სახელმწიფო გრანტია. სამაცივრო მეურნეობაში წელიწადში, საშუალოდ, 800 ტონამდე ხილის შენახვაა შესაძლებელი. საწარმოში, მუდმივად, 10 ადგილობრივია დასაქმებული.

,,რეგიონში სამაცივრე მეურნეობები მწირადაა, ამიტომ, როცა ახალი პროექტის შექმნაზე დავიწყეთ ფიქრი, სამიზნედ სწორედ ეს მიმართულება ავირჩიეთ. ვთვლი, რომ სწორი გათვლა გავაკეთეთ, მაგრამ ჩანაფიქრის განხორციელება რეალურად შეუძლებელი იქნებოდა, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერა არ გვქონოდა. აგარა ერთ-ერთი მოწინავე სოფელია რეგიონში, სადაც მეხილეობა კარგად ვითარდება, თუმცა ერთია მოსავლის მოყვანა და მეორე - მისი რეალიზაცია, რა მხრივაც დახმარება დაგვჭირდა და მთავრობაც  მაქსიმალურად დაგვიდგა გვერდით. 

ცხადია, ამაზე არ გავჩერდებით, სოფელში ქლიავის ბაღები ამქვს და მინდა ჩირის წარმოება წამოვიწყოთ. ცხადია, დამოუკდიებლად ვერც ამას განვახორციელებთ. ,,ერთიანი აგროპროექტის“ გაგრძელებამ ახალი იდეები შთაგვაგონა. მომავალშიც მჭიდროდ ვითანამშრომლებთ და შევეცდებით, რომ ყველა საკითხთან დაკავშირებით გვქონდეს მეტი კომუნიკაცია და პირადად შევძლო ჩვენთვის საჭირო ინფორმაციის მიღება. რეგიონს აქვს განვითარების დიდი პოტენციალი და ერთად ბევრი რამ შეიძლება გაკეთდეს”, - ამბობს წარმატებული მეწარმე.

ამდენად, ,,ერთიანი აგროპროექტი“ გრძელდება, ფერმერებს საქართველოს მთელი მასშტაბით, შეუძლიათ დარეგისტრირდნენ და მონაცემთა ერთიან ელექტრონულ ბაზაში ჰქონდეთ საკუთარი მონაცემი, რაც, თავის მხრივ, სახელმწიფოსათვის ახალი შესაძლებლობაა, რომ შეიქმნას მიზნობრივი პროექტები, რომლებიც აგრარულ სექტორს უფრო მეტად გააძლიერებს.

ჩაწერა სახელი