იმპორტიორები: "რისი გამმყარებლები არიან, ვინ რა უნდა გაამყაროს?"
თამარ მუკბანიანი
(08.10.2019)

 მასშტაბურად გაძვირებული პროდუქციის გაიაფება, ფაქტობრივად,  გამორიცხულია. მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულმა ბანკმა ბოლო პერიოდში ლარის გასამყარებლად არაერთი ნაბიჯი გადადგა, ჯერ ეს კურსზე არც კი ასახულა. ამიტომ ახლა ფასების შემცირებაზე ლაპარაკიც ზედმეტია, ხოლო ლარის გამყარების პირობებშიც კი ახლო პერიოდში არავითარი ცვლილება მოსალოდნელი არ არის.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ინფლაციის განახლებული მაჩვენებელი გამოაქვეყნა, რამაც საგანგაშო სურათი გამოააშკარავა. დოკუმენტის მიხედვით, 2019 წლის სექტემბერში საქართველოში ფასების საერთო დონე 6.4%-ით გაიზარდა. ამ მასშტაბის ინფლაციაც ქვეყანაში 2017 წლის შემდგომ არ ყოფილა. სწორედ ამ ეფექტის შესამცირებლად, სებ-მა უკვე ორჯერ ნახტომისებურად გაზარდა რეფინანსირების განაკვეთი, ასევე გასაყიდად გამოიტანა 40 მლნ აშშ დოლარი და ბანკებს დოლარში სავალდებულო სარეზერო ნორმაც 50 მლნ-ით შეუმცირა, რითიც 7000 მლნ გამოუთავისუფლა. მიუხედავად ამისა, ეროვნული ბანკის ბოლო კურსი კვლავ 2.96-ია და ჯერ არავითარი გამყარების ნიშნები არ იგრძნობა. 

გამომდინარე იქედან, რომ მარეგულირებლის მიერ გადადგმული ნაბიჯების ეფექტი გრძელვანიან პერიოდში ჰპოვებს ასახვას (ასეთი იყო ოფიციალური განცხადებაც), ,,რეზონანსი” დაინტერესდა სადამდე და რამდენით უნდა გამყარდეს ლარი, რომ ძირითადი მოხმარების საქონლის გაიაფება დაიწყოს. სწორედ ეს ზრდის ან ამცირებს ინფლაციის მაჩვენებელს. 

შაქრის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი კომპანია "ალფას" გენერალური დირექტორი გურამ ბროძელი ამბობს, რომ რაიმე მოლოდინზე საუბარი ახლა შეუძლებელია. იმპორტირებული პროდუქცია გაიაფდება ზუსტად ლარის გამყარების პროპორციულად თუკი ასეთი მოცემულობა იქნება. 

`ლარის კურსი იმდენად მნიშვნელოვანი კომპონენტია პროდუქციის ფასში, რომ აისახება ზუსტად იმდენად, რამდენადაც გამყარდება ან გაუფასურდება. 5 პუნქტით თუ დაიწევს, აჰყვება ლარის კურსს იმპორტირებული პროდუქციაც შესაბამისად გაიაფდება. როგორც ტალღას ისეთი ეფექტი აქვს. თუკი ეკონომიკაში გამოსწორდა რამე, რასაკვირველია, აისახება ზუსტად იმ პროცენტით რა პროცენტითაც გამყარდება ჩვენი ვალუტა. 

ძალიან რთულია მოლოდინზე საუბარი, მით უფრო იმ ფონზე, როცა მხოლოდ საქართველო და შიგა ფაქტროები არ არის ადგილობრივ სამომხმარებლო ბაზარზე გავლენის მომხდენი”, - განუცხადა ,,რეზონანსს” ბროძელმა. 

პროდუქციაზე ფასის კლების პერსპექტივას ვერ ხედავს დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონიაც. მისთვის გაუგებარია რას მიიჩნევს გამყარებად მთავრობა და ეროვნული ბანკი. 

,,პროდუქციის გაიაფება უნდა დავივიწყოთ. რა კრიტერიუმით უნდა გაიაფდეს რამე? ძალიან მიანტერესებს ან მთავრობა, ან ეროვნული ბანკი რას მიიჩნევენ გამყარებად. რას ნიშნავს ლარის გამყარება? ეს არის სიცრუე და ტყულების კასკადი, რომელიც მოდის უკვე წლებია. რისი გამმყარებლები არიან, ვინ რა უნდა გაამყაროს? 

გამყარებაში ესენი გულისხმობენ, რომ ლარი იქნება 2.96 და გარკვეულ ხანი იქნება სტაბილურად ამ ნიშნულზე, რაზეც ახლა არის. უბრალოდ ხალხს აიმედებენ ამ ტერმინებით. 

ლარის გამყარება იცით რა იქნება? ბიუჯეტი რომ იყო დათვლილი 2.65-ზე და ჩამოვა ამ ნიშნულზე. დანარჩენი ყველაფერი არის ტყუილი. რა მოლოდინზეა ლაპარაკი, როცა ბოლო 6 თვეა ბიზნესი მხოლოდ რეგრესისაკენ მიდის. ყოველდღიურ რეჟიმში ანგრევს ერთ-რთი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი - გაცვლითი კურსი - ეკონომიკას.  საინტერესოა, ამდენი რამე მოიმოქმედა ეროვნულმა ბანკმა - გაყიდა რეზერვები, გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა. წარმოგიდგენიათ, რა ვითარება იქნებოდა ეს ყველაფერი რომ არ გაეკეთებინა და ბუნებრივად მიეშვათ?

ძალიან ცუდია, რომ სებ-ი მაშინ ამოქმედდა, როცა უკვე ჩამოინგრა ყველაფერი, იქამდე კი დოლარს ყიდულობედნენ საოცარი გაუფასურების მიუხედავად. პირდაპირი მტრობა ან გასაოცარი არაკომპეტენტურობაა,  ერთიმეორეზე უარესია რეალურად. ამიტომ იმ ვითარებაზე რაც ახლა სავალოტო ბაზარზეა, ვინმემ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, სხვანაირად უბრალოდ წარმოუდგენელია”, - აღნიშნა ,,რეზონანსთან” საუბრისას ივა ჭყონიამ.

ჩაწერა სახელი