შესაბამისად, ელექტროენერგიის ხარჯი დიდი სისწრაფით იზრდება და პრობლემებიც მატულობს
რეზონანსი
(07.10.2019)

 ბიტკოინის ფასი დიდი და ხანგრძლივი ვარდნი შემდეგ კვალვ აღმა წავიდა. წლის დასაწყისში თუ ფასი 5000 დოლარს არ აღემატებოდა, ახლა უკვე 8500 დოლარს აღწევს. ამ ეტაპზე ბიტკოინების რაოდენობა შეზღუდულია, წინასწარი დასკვნის გაკეთება კრიპტოვალუტის ღირებულება მოიმატებს თუ დაიკლებს თითქმის შეუძლებელია. ფასის ზრდასთან ერთად, ბიტკოინების მიმართ ინტერესიც იზრდება და საქართველოში დახურული მინი "ფერმები" კვლავ ამოქმედდა. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ბიტკოინი სანდო ვალუტა არ არის, ამ ეტაპზე ფაქტია, რომ მისი ფასი მაღალ ნიშნულზეა.

საბანკო სფეროს ექსპერტი გოჩა თუთბერიძე "ბიზნეს-რეზონანსთან" შენიშნავს, რომ ბიტკოინი სულაც არ არის საპნის ბუშტივით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ვალუტის ღირებულების წინასწარმეტყველება არც ისე მარტივია. ,,როგორც კი ფასი აიწევს, ინტერსი, რა თქმა უნდა, მყისიერად იცვლება მაინინგის სასარგებლოდ. დიდი ვარდნის შემდეგ როგორც კი ვითარება შეიცვალა, მაშინვე ისევ ამოქმედდა პატარა-პატარა `ფერმები~. შესაბამისად, იზრდება ელექტროენერგიის ხარჯიც. ბიტკოინს მომავალი დიდია აქვს, მიუხედავად იმისა, რომ ამტკიცებენ, თითქოს ეს საპნის ბუშტია და მალე გასკდება. ზიგზაგები ფასებში და მაინინგში ბუნებრივი და მოსალოდნელია. 

ვერც ერთი ექსპერტი ვერ გეტყვით, რატომ იკლებს ან იმატებს მისი ფასი. ეს ძალიან რთული ასახსნელია, თანაც იმ ფონზე, როცა ბიტკოინების რაოდენობა არის შეზღუდული და შესაბამისად, ინტერესი ცოტა არ იყოს გაუგებარია. ეს რომ იყოს თავისუფალ შეთავაზებაში, შეიძლება რაღაც ლოგიკა დაგვენახა, მაგრამ არსებულ სიტუაციაში ასეთი კანონზომიერებების დანახვა შეუძლებელია. 

დიახ, საქართველოში კვლავ გაიზარდა ინტერესი და შესაბამისად,  მიანინგის მოცულობაც. ეს კი იმის ბრალია, რომ ადამიანების ქცევა, ყოველთვის რაციოანალური არ არის, თორემ პირიქით უნდა მომხადარიყო. სწორედ მაშინ უნდა ყიდულობდე, როცა იაფია და არა პირიქით. თუმცა მოცემულობა ასეთია და როგორც კი იზრდება ფასი, მოთხოვნაც ბიტკოინზე მატულობს დრამატულად. ეს, ალბათ იმის ბრალია, რომ მომავლის ვალუტის მიმართ, ჯერ კიდევ არ არის ნდობა იმ დოზით, რომ ყველა ზიგზაგის შემდეგ ვითარება დასტაბილურდება”, -  აღნიშნა „ბიზნეს-რეზონანსთან“გოჩა თუთბერიძემ. 

კრიპტოვალუტის გამომმუშავებლის მთლიანი შემოსავალი მოპოვებული ციფრული ვალუტების კურსზე, ბლოკის ანაზღაურებაზე და ელექტროენერგიის საფასურზე არის დამოკიდებული. მსოფლიოში 5000-ზე მეტი კრიპტოვალუტა არსებობს. ბიტკოინი კი, 2017 წლის კვლევით, პირველ ათეულში მოწინავე პოზიციას იკავებს. მას თანმიმდევრობით მოჰყვება ეთერიუმი, რიფლი, ლაითკოინი, მონერო, ეთერეუმ კლასიკი, დეში, მეიდსეიფკოინი, აუგური და ნეუმი. 

"ფინექს 1970"-ის ფინანსისტი ნიკა შენგელია აღნიშნავს, რომ კრიპტოვალუტაზე მომატებული ფასი არც ბიუჯეტზე აისახება და არც მოსახლეობის ფინანსურ მდგომარეობაზე. 

"კრიპტოვალუტის მააინინგი, ანუ მოპოვება მოითხოვს ძალიან ბევრ ელექტროენერგიას. მაგალითად, ციფრული ვალუტის დიდი `ფაბრიკები~ იმდენივეს მოიხმარენ, რამდენსაც ზოგიერთი ქალაქი, ამ დროს კი მათ დენი შეღავათიანი ტარიფით მიეწოდებათ, რაც პრინციპურად არასწორია. ბიტკოინის ფასი მოიმატებს თუ მოიკლებს, ეს არც ბიუჯეტზე აისახება და არც მოსახლეობის კეთილდღეობაზე, მხოლოდ იმ ხალხის ჯიბეზე,  ვინც ამ საქმიანობას ეწევა, მცირე და დიდი ფერმების მაგალითზეც. 

ბუნებრივია, გაიზარდა ფასი და გაიზარდა მოთხოვნაც და გამომუშავებაც. მეც მსმენია, რომ საქართველოშიც კვლავ დაიწყეს საოჯახო ფერმებში წარმოება მასობრივად. მართალია, ეს არ არის ის ინტენსივობა, რომელიც პირველ ეტაპზე ჰქონდა, მაგრამ მინავლებული ინტერესი კვლავ გაღვივდა, ეს ფაქტია. ჩვენ, რომ ვისაუბროთ აწი რას იზამს კრიპტოვალუტა, ეს ძალიან ძნელია და შეუძლებელიც კია”, - აღნიშნა `ბიზნეს-რეზონანსთან~ ნიკა შენგელიამ. 

ელექტროენერგიის გაზრდილ ხარჯზე საუბრობს სემეკის წევრი და მომავალი თავმჯდომარე დავით ნარმანიაც. მისი ინფორმაციით, ჩვენი მოხმარების 10% სწორედ ციფრული ვალუტის მაინინგზე მოდის. 

„ჩვენ გვჭირდება მეტი გენერაცია, ანუ მეტი ადგილობრივი ელექტროენერგიის წარმოება. ეს სასიცოცხლოდ აუცილებელია. ნორმალურ ქვეყნებშიც ასეა, რამდენადაც ქვეყნის ეკონომიკა იზრდება, დაახლოებით იმდენით იზრდება მოთხოვნა ელექტროენერგიაზეც. ჩვენთან ბოლო სამი წლის განმავლობაში ეკონომიკური ზრდა ხუთი პროცენტის ფარგლებში გვქონდა, თუმცა ელექტროენერგიაზე მოთხოვნა 7-8 პროცენტის ფარგლებში იზრდებოდა, ანუ ელექტროენერგიაზე მოთხოვნა უფრო მაღალია, რაც სამი ფაქტორითაა განპირობებული: პირველი - ხელისუფლების მხრიდან ბიზნესის ხელშეწყობის აქტიური პოლიტიკა; მეორე - კრიპტოინდუსტრია და მისი წარმოება, ანუ ე.წ. მაინინგი, რომელიც ძალიან დიდ ენერგიას საჭიროებს და ჩვენი მოხმარების 10 პროცენტზე მეტი სწორედ მასზე მოდის; მესამე - ენერგოდამზოგ ტექნოლოგიებზე გადასვლის ტემპი. 

ძალიან ბევრი ქვეყანა, მათ შორის ევროპის ქვეყნები, ენერგოდამზოგავ ტექნოლოგიებზე გადავიდნენ. ჩვენთანაც გადადიან, მაგრამ ტემპია დასაჩქარებელი. ამ ფაქტორების ერთობლიობა ელექტროენერგიაზე მაღალ მოთხოვნას განაპირობებს. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ე.წ. გაჩერებული ჰესების მშენებლობა დავაჩქაროთ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

ჩაწერა სახელი