საქართველო სიძვირით რეგიონის ლიდერია და მედიკამენტებზე ფასები შეუჩერებლად იზრდება
თამარ მუკბანიანი
(10.09.2019)

 მედიკამენტების ფასი ძალიან მაღალია, ამიტომ რეგულირებაში სახელმწიფოს ჩაერევა. ამაზე უკვე მმართველი გუნდიც ალაპარაკდა. ბოლო 7 წლის განმავლობაში 80%-ით გაზრდილ წამლის ფასებს რა ფორმით დაარეგულირებს და როგორი იქნება ხელისუფლების პოზიცია, "რეზონანსი" დეპუტატებსაც ესაუბრა აღნიშნულ თემაზე, თუმცა კონკრეტული პოზიცია არც მათ გააჩნიათ.

მედიკამენტების ფასი რომ ქვეყანაში ძალიან მაღალია, ამაზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, მედია და საზოგადოება უკვე ძალიან დიდი ხანია საუბრობს. გრძელვადიან სტატისტიკას თუ მოვიშველიებთ, წამლები საქართველოში 2013 წლიდან, ანუ მას შემდეგ რაც "ქართული ოცნება" ქვეყნის მმართველობაში მოვიდა, ოფიციალურად 80%-ით არის გაძვირებული. ცხადია, ეს გასაშუალებული მაჩვენებელია, სინამდვილეში გარკვეულ მედიკამენტებზე ფასი 200%-ით და მეტადაც არის მომატებული. ზოგი მეტად გაძვირდა, ზოგი - ნაკლებად, მაგრამ კატასტროფული ზრდა შეეხო, ძირითადად, იმ წამლებს, რომლებიც ბაზარზე ყველაზე მოთხოვნადია. სწორედ ამიტომაა, რომ მოსახლეობის ნაწილი წამლების საყიდლად თურქეთში გადადის  

საქართველოში რეგიონის ქვეყნებთან შედარებითაც კი სამჯერ მაღალი ფასებია ფარმაცევტულ ბაზარზე, ხოლო ევროპასთან სხვაობა კიდევ უფრო მეტია.

ერთ-ერთი მომხმარებლის მაგალითს თუ დავუჯერებთ, მან წამლები, რომლებიც საქართველოში 187 ლარი უჯდებოდა, თურქეთში 63 ლარად შეიძინა. მომხმარებლები ფასების სხვაობის გარდა, იმასაც ხშირად აღნიშნავენ, რომ თურქეთში მედიკამენტები გაცილებით ხარისხიანია, ვიდრე საქარველოში.

2018 წლის ბოლოს ჩატარებული კვლევის შედეგად კი ფასთა სხვაობა უფრო თვალსაჩინო გახდა. იმ დროისათვის ქართულ ქსელებში `ალერტეკი~ 16.85 ღირდა თურქეთში კი იგივე მედიკამენტის ღირებულება  9 ლირა იყო რაც 5.13 თეთრის ეკვივალენტია. 

რეგიონის ქვეყნებში სხვადასხვა დასახელებისა და ოდნეობის მედიკამენტების ფასები კი ასე გამოიყურება: 6 მედიკამენტის ღირებულება თუ ჩვენთან 60. 85 ლარს შეადგენდა, თურქეთში იმავე მედიკამენტების საყიდლად 31,29 ლარი დაგჭირდებათ. 

მეზობელ აზებაიჯანში კი 5 პირველადი დანიშნულების მედიკამენტისათვის 32,18 ლარია საკმარისი, როცა საქართველოში იგივე წამლები 51,33 ლარი ღირს. 

მიუხედავად იმისა რომ თურქეთი გასულ წელს ძალიან მძიმე ეკონომიკური კრიზისის წინაშე იდგა და ქართული ვალუტის გაუფასურებასაც, საქართველოს მთავარობა ამ ფაქტორით ხსნიდა, იქ წამლები არ გაძვირებულა, ხოლო ჩვენი ქვეყნა ამ მხრივ უპირობო ლიდერია. 

რადგანაც მედიკამენტების ღირებულება ძალიან მაღალია, ფასების რეგულირებაში აუცილებელია სახელმწიფოს ჩარევა. ეს განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც მთავრობისათვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა მიმდინარეობდა, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფო კილაძემ გააკეთა.

„ვფიქრობ, ჯანდაცვის რეფორმა ჩვენი ხელისუფლების ძალიან დიდი მიღწევაა, თუმცა სისტემას, რომელიც ახლა მუშაობს, შემდგომი დახვეწა სჭირდება. ერთ-ერთი ფუნდამენტური საკითხი, რომელიც თითქმის ყველა მოქალაქეს აწუხებს, არის მედიკამენტები. 

სიმართლე გითხრათ, არსად, არც ერთ ქვეყანაში არ მინახავს, რომ ექიმი პაციენტს ამდენ წამალს უწერდეს. მედიკამენტების ფასი ძალიან მაღალია, რაც თითოეული მოქალაქის ჯიბეზე აისახება. ამიტომ რეგულირებისათვის აუცილებელია სახელმწიფოს ჩარევა“, - განაცხადა კილაძემ პარლამენტის სხდომაზე.

ფასები რომ ძალიან მაღალია ადასტურებს ,,ქართული ოცნების” დეპუტატი, ჯანდაცვის კომიტეტის წევრი, ლადო კახაძეც. მისი აზრით, სახელმწიფოს ჩარევა, ფასის კორექტირების კუთხით საფრთხილო, თუმცა შესაძლებელია.

,,ფასწარმოქმნის პროცესი მექანიკური არ არის. რამდენადაც ვიცი, პროცესები სოციალური და ძალიან მტკივნეულია, ამიტომ სახელმწიფო უნდა გამოვიდეს როგორც მოსახლეობის დამცველი გარდამავალ პერიოდში. 

ხშირად მითვამს, როცა სამ წამალზე მეტი ინიშნება, ის მედიკამენტები პაციენტზე არაადეკვატურად მოქმედებს და განკურნების ნაცვლად, შესაძლოა, ზიანიც კი მოიტანოს. ადამიანებმა იცოდნენ, რომ სადაც 20 წამალი იწერება, ის არ არის განკურნებისათვის. არ მინდა მედიცინის საფარველის ქვეშ იყოს არასწორი მიდგომები. 

დიდად საფრთხილო თემაა მედიკამენტები და მისი ფასები, მაგრამ უნდა ექვემდებარებოდეს რეგულირებას. გასაგებია, რომ ჯანდაცვა ყველგან ძვირი სერვისია, თუმცა ადამიანები მიდიან უცხოეთში და ხედავენ, რომ იქ გაცილებით იაფი ღირს წამლები და ჩნდება ლოგიკური კითხვა, რატომ ნუთუ ამხელაა საბაჟო გადასახადი ჩვენთან? ანალიზისა და შესაბამისი რეაგირების მეთოდითუნდა მოხდეს ჩარევა”, - ამბობს პარლამენტარი ,,რეზონანსთან”, თუმცა კონკრეტულად რას აპირებს ხელისუფლება, ამაზე არ საუბრობს.

ჩაწერა სახელი
status quo (11.09.2019)
ექიმები ხართ მანქანის ხელოსნებივით-პროფილაქტიკაში რომ შეხვალ გლუშიტელის დასასვარკად და მატორს რომ გამოგაცვლევინებენ.გასაწყვეტი ხართ თაღლითი ექიმები.