ბოლო პერიოდში უამრავმა ადამიანმა გადაწყვიტა დატოვოს საქართველო და წავიდეს ემიგრაციაში, რათა იმუშაოს და ოჯახი არჩინოს
თეო გუდავაძე
(09.09.2019)

 საქართველოში სოციალური ფონის გაუარესების გამო, ახალი მიგრაციული ტალღა დაიწყო. ლარის გაუფასურესებამ და სამომხმარებლო პროდუქტებზე ფასების კატასტროფულმა ზრდამ, მოსახლეობა პანიკაში ჩააგდო. დემოგრაფების აზრით, საქართველოს ისტორიაში ახლა ერთ-ერთი ყველაზე მძიმე პერიოდია, რომელიც მომავალზე ძალიან ცუდ გავლენას მოახდენს.

გლობალიზაციის ფონზე მიგრაციული დინებები სიახლეს არ წარმოადგენს. უცხოეთში მცხოვრები ქართველების რაოდენობა წლიდან წლამდე მატულობს. ადამიანები ტოვებენ სამშობლოს ცხოვრების გასაგრძელებლად და ცდილობენ თავის დამკვიდრებას უცხო მიწაზე. საქართველოს ეკონომიკა იმის საშუალებას, ნამდვილად არ იძლევა, რომ საკუთარ ქვეყანაში ადამიანებმა თუნდაც ყოველდღიური მოთხოვნილებები დაიკმაყოფილონ. ბოლო პერიოდში გაუარესებული ეკონომიკური მდგომარეობისა და ლარის არანორმალური გაუფასურების შემდეგ, ბევრმა  გადაწყვიტა დატოვოს საქართველო და წავიდეს ემიგრაციაში, რათა იმუშაოს და ოჯახი არჩინოს. 

„ბიზნეს-რეზონანსი“ შეეცადა გაერკვია რა არის ამის მთავარი მიზეზი და როგორ მივიდნენ ეს ადამიანები რთულ გადაწყვეტილებამდე, რა სირთულეებს გადააწყდნენ და როგორ მოახერხეს უცხო ქვეყანაში თავის დამკვიდრება. 

ნათია ნემსიწვერიძე 41 წლის დიასახლისია, რომელიც უკვე სამი თვეა იტალიაშია სამუშაოდ წასული: 

„საქართველოში მქონდა სამსახური, პედაგოგად ვმუშაბდი და პლუს ამას მყავდა დამატებით მოსწავლეები. ჩემი თვიური შემოსავალი იყო 1000 ლარი, თუმცა არ მქონდა საკუთარი ჭერი და შემოსავლის ნახევარს ვიხდიდი ქირაში. სამი შვილი მყავს, რა თქმა უნდა, მიჭირდა დარჩენილი თანხის ისე გადანაწილება, რომ მათთვის მიმეცა სრულყოფილი განათლება. ელემენტარულად საკვებით უზრუნველყოფაც კი პრობლემა გახდა ბოლო პერიოდში. ამიტომ გადავწყვიტე წამოვსულიყავი და აქ მემუშავა მომვლელად, რომ ჩემს შვილებს სამომავლოდ ჰქონდეს ჭერი და არ გაუჭირდეთ საჭმლის ფული. 

ბრმად არ წამოვსულვარ აქ მეგობრები მყავს და მათ დამაკვალიანეს, მოვიძიე ქართველი ემიგრანტი, რომელიც დასაქმებაზე მუშაობს და მას ვთხოვე შესაბამისი თანხის სანაცვლოდ სამსახურის მოძიება. როდესაც მიშოვეს ჩემთვის სასურველი სამსახური თავიზი ანაზღაურებით, პირველი თვის შემოსავალი ამ ადამიანს გადავუხადე, შეთანხმევბა იყო ასეთი. 

ამ მეთოდს უამრავი ქართველი მიმართავს დღესდღეობით. აქ არის სპეციალური ოფისები, სადაც მსგავსი ტიპის შემოთავაზებებს ჩვენი თანამემამულეები აკეთებენ. ვფიქრობ, ვინც ბრმად ჩამოდის და არ იცის ენა და აქაური პირობები, მათთვის საკმაოდ მოსახერხებელია ასე დასაქმება. ჩემი აქ ჩამოსვლის საბოლოო მიზანი მაინც ბინის შეძენაა, რასაც ჩემს ქვეყანაში მინიმუმ 10 წელი ვერ მოვახერხებდი~, - აღნიშნა ნათია ნემსიწვერიძემ. 

50 წლის ლია ფონიავა 2 კვირაში მიემგზავრება საბერძნეთში. როგორც იგი „ბიზნეს-რეზონანსთან“აღნიშნავს, ოჯახში საკმაოდ მძიმე ფინანსური კრიზისი აქვს ლარის გაუფასურების გამო: 

„ბინა შევიძინე ორი წლის წინ და კრედიტი მაქვს დოლარში. ალბათ,  ყველას წარმოუდგენია ასეთ დროს როგორ გვიჭირს სესხის გადახდა, რომელიც კიდევ 3 წელი უნდა ვიხადოთ. ქვეყნიდან წასვლის გარდა სხვა გზა აღარ დამრჩა. აქ ჩემი ასაკის ადამიანი ვერ დასაქმდება კარგი ანაზღაურებით. ერთადერთი გამოსავალი ემიგრაციაა. მივდივარ ჩემს სამ მეგობართან ერთად, რომლებსაც ასევე საშინელი ფინანსური პრობლემები აქვთ. 

ქვეყნიდან გარბის ყველა, ვისაც კი შეუძლია და არ შეუძლია. საქართველო დაცარიელდება და ვის დარჩება ეს ქვეყანა მართლა არ ვიცი, თუმცა უკვე გული არც ამაზე შემტკივა, რადგან ეს არ არის ქვეყანა, სადაც ადამიანები შიმშილის გამო იხოცებიან, ასეთ გარემოს და ასეთ მთავრობას ქვეყანას და სახელმწიფოს ვერ ვუწოდებ~, - აღნიშნა ლია ფონიავამ.

რთულ მდგომარეობაში არიან ახალგაზრდებიც, რადგან მათი უმეტესობაც ტოვებს ქვეყანას. ნია ლეთოდიანი 22 წლისაა, მან უკვე დაასრულა უნივერსიტეტი, თუმცა სასურველი სამსახური ვერ ნახა, რის გამოც გადაწყვიტა ქვეყნის დატოვება. 

„გერმანიაში მივდივარ ოპერად და დარჩენას ვაპირებ, რადგან რეალურად საქართველოს არ აქვს რესურსი, რომ დაასაქმოს ახალგაზრდები, ვისაც ნორმალური სამსახური და ანაზღაურება უნდა~, - აღნიშნა ნია ლეთოდიანმა.

მიგრაციის ახალ ტალღას საგანგაშოს უწოდებენ დემოგრაფები. ქვეყნის მომავლისთვის ეს უმძიმეს შედეგს მოიტანს. დემოგრაფი ავთო სულაბერიძე პრობლემად არა მარტო ქართველების მიერ ქვეყნის დატოვებას მიიჩნევს, არამედ შიდა გადადგილებასაც, როდესაც ადამიანები ტოვებენ მამა-პაპისეულ ადგილებს და დიდი ქალაქებში სახლდებიან. ამ პრობლემის მოგვარების ერთადერთი გზა სოციალური პირობების  გაუმჯობესებაა. 

„ზოგი ქვეყანას ცოდნის გაღრმავების, ზოგი კი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ტოვებს. ამას, რასაკვირველია, ვიზალიბერალიზაციის მომენტიც ემატება. ემიგრაციის პროცესი უფრო დაიძრა და გაღმავდა ამ აქტის შემდეგ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველამ უნდა დატოვოს ქვეყანა და სამი თვის ნაცვლად, წლობით დარჩნენ. ასეთი მიდგომა ძალიან ცუდ შედეგს გამოიღებს. როდესაც ადამიანი საკუთარი სახლიდან მიდის და სურვილი აქვს სხვა ქვეყანაში მძიმე პირობებში იცხოვროს და იმუშაოს, ის თავის სამშობლოში უამრავ მოგვარებელ საკითხს ტოვებს. ოჯახებში არ არის ნორმალური გარემო, სოციალური საკითხები მუდმივად გადაუჭრელია და ა.შ. ბანკის ვალებს ლარის გაუფასურებული კურსიც დაემატა და ყოფა კიდევ უფრო აუტანელი გახადა. 

მარტო ქვეყნის დატოვება კი არა, შიდა მიგრაციაც დიდი პრობლემაა. ადამიანები მასშტაბურად გადადგილდებიან სოფლიდან ქალაქისკენ და მამა-პაპისეულ მიწა-წყალს სრულიად უყურადღებოდ ტოვებენ. ამის მთავარი მიზეზი უფუნქციო სოფელია და ვერავის გავამტყუნებთ, თუ სიახლეების ძიება და ცხოვრების დონის გაუმჯობესება უნდათ", - განუცხადა `ბიზნეს-რეზონანსს~ სულაბერიძემ.

ჩაწერა სახელი