კონკურენციის სააგენტო ამჯერადაც თამაშგარე მდგომარეობაშია, ამასობაში ყველა სახეობის პროდუქტზე ფასმა 5-12%-ით მოიმატა
მარი ჩიტაია
(13.08.2019)

 დისტრიბუტორებმა ცოტა ხნის წინ დაანონსებული გაძვირების გადაწყვეტილება სისრულეში მოიყვანეს. ბოლო დღეების განმავლობაში თითქმის ყველა დასახელების პროდუქტის ფასმა 5%-დან 12%-მდე მოიმატა. კონკურენციის სააგენტოს განცხადებამ რეალურად ვერნაირი გავლენა ვერ მოახდინა იმპორტიორთა გადაწყვეტილებაზე.

რამდენიმე დღის წინ ბევრს ეგონა, რომ ფასების ზრდას ხადურის უწყების მხრიდან შესაბამისი რეაგირება მოჰყვებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კონკურენციის სააგენტო დისტრიბუტორების გადაწყვეტილებაში არ ჩაერევა. არადა, რამდენიმე დღის წინ სააგენტოში განაცხადეს, რომ სადისტრიბუციო, რიგი მწარმოებელი კომპანიებისა და ასოციაციების წარმომადგენელთა მხრიდან - საინფორმაციო საშუალებებში, ფასების შესაძლო მატებასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებებით დაინტერესდნენ. დღეს კი კონკურენციის სააგენტოს პოზიცია ასეთია: ,,ვსწავლობთ ბაზარზე შეთანხმებული ქმედებების რისკებს, კონკურენციის შეზღუდვის ფაქტებს და არა კონკრეტული მეწარმის კონკრეტულ ქმედებას, რომელიც კონკურენციის კანონმდებლობას არ არღვევს. სააგენტო მუდმივად აკვირდება მოვლენებს, არის თუ არა კონკურენციის შეზღუდვის ფაქტი ან არის თუ არა ამის რისკი, მაგრამ ვერ გავაკონტროლებთ კონკრეტული მეწარმის ქმედებებს უშუალოდ ფასებთან დაკავშირებით, თუკი ეს კანონმდებლობას არ არღვევს", - აცხადებენ უწყებაში.    

იმპორტიორები გაძვირების ძირითად მიზეზად ლარის კურსის ვარდნას ასახელებენ. ერთ თვეზე მეტია, ეროვნული ვალუტა გაუფასურებას განიცდის. ივნისის პირველ ნახევართან შედარებით, ლარი თითქმის 20 თეთრითაა გაუფასურებული.

კომპანია ,,ალფას" დამფუძნებელი გურამ ბრძოლელი ადასტურებს, რომ ბოლო დღეების განმავლობაში ფასმა თითქმის ყველა დასახელების პროდუქტზე მოიმატა.

,,გაძვირებას მარტო კურსი არ იწვევს. საპირისპირო ტენდენციაც ხდება. მაგალითისთვის, შაქარი და ფქვილის გაიაფება მოსალოდნელია. ეს სხვადასხვა ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის მწარმოებელ ქვეყნებში მოსავლიანობის მაჩვენებელზე, მოხმარების დონეზე და სხვა. გაძვირება მოსალოდნელია უშუალოდ იმ პროდუქციაზე, რომლის თვითღირებულებაც გაიზარდა ლარის გაუფასურების გამო, თუმცა სხვა ფაქტორიც გასათვალისწინებელია. 

ცხადია, კურსი თუ მყარი იქნება, ფასიც დაბალანსდება, მაგრამ ამ ეტაპზე საკამოდ ცუდი ვითარება გვაქვს, ამიტომ უშუალოდ ამ ფაქტორის გავლენით დაახლოებით 5-7%-ით გაძვირდა აბსოლუტიურად ყველა პროდუქცია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გაიაფების პროცესიც დაიწყება, როგორც კი ლარი ამის შესაძლებლობას მოგვცემს", - განუცხადა ,,რეზონანსს" ბროძელმა.

თბილისის სუპერმარკეტებში აცხადებენ, რომ დახლებზე წარმოდგენილი პროდუქტის უმეტესობა გაძვირებულია, თუმცა მოთხოვნა არ შემცირებულა. სუპერმარკეტ ,,ბი მარტში" არ გამორიცხავენ, რომ ტენდენცია სამომავლოდაც გაგრძელდეს, თუკი ლარი არ გამყარდება.

,,ბოლო დღეების განმავლობაში სურსათის უმეტესობა 7%-დან 12%-მდე გაძვირდა. არის რიგი პროდუქტები, სადაც ფასზე ცვლილება არ ასახულა, მაგრამ დიდი ნაწილი ახალ ფასს დაექვემდებარა. ძირითადად იმპორტული საკვების ფასმა მოიმატა, განსაკუთრებით ტკბილეულის - ნამცხვრები, ორცხობილა, კანფეტები 10 თეთრის ფარგლებში გაძვირდა. არის შემთხვევები, როცა ფასი შენარჩუნდა. 

დისტრიბუტორები ამბობენ, რომ შვებულებების პერიოდი გაივლის და პროდუქტს ახალ ფასში შემოიტანენ, რაც გვაფიქრებს, რომ გაძვირების ტენდენცია გაგრძელდება. მიუხედავად იმისა, რომ სერიოზული ფასნამატი არ გვაქვს, ხალხი უკმაყოფილოა, მაგრამ მაინც ყიდულობს, აბა, რა უნდა ქნან!", - აცხადებენ სუპერმარკეტში.  

იმპორტიორების ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ მთავრობამ ბიზნესს შეღავათები უნდა დაუწესოს, რადგან ბევრი კომპანია რეალურად გაკოტრების ზღვარზეა. კომპანია ,,დუს" დამფუძნებლის, დავით გოგიჩაიშვილის თქმით, პროდუქტების გაძვირების პროცესი უკვე დაიწყო და უახლოეს დღეებში ფასები მასობრივად მომატებს. 

,,სამომხმარებლო ბაზრის მომხმარებლსითვის ადვილად შესამჩნევია, თუ ყოველდღიურად როგორ მატულობს ფასი, ნელ-ნელა ყველაფერი ძვირდება. ეს მხოლოდ დასაწყისია და ლარის გაუფასურების პროცესი თუ არ გაჩერდება, კატასტროფული გაძვირება გველის. ძალიან მიკვირს, რის იმედი აქვს მთავრობას და რატომ ატყუებენ ხალხს, რომ ფასი არ გაიზრდება, როცა ეს ტენდენცია უკვე აშკარაა. გამოსავალი უნდა მოიძებნოს. პირველ რიგში, ხელისუფლებამ გადასახადების შემცირებაზე უნდა იფიქროს, ბიზნესი რთულ ვითარებაშია და სხვა ვერაფერი უშველის," - ამბობს "რეზონანსთან" გოგიჩაიშვილი.

იმპორტიორების პათოსს იზიარებენ სურსათის სფეროს სპეციალისტებიც, რომელთა ვარაუდითაც, იმპორტული პროდუქტის შემდეგ, შეიძლება, ადგილობრივი პროდუქტიც გაძვირდეს. ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლია კვარაცხელია მთავრობას მოუწოდებს, რომ ეროვნული წარმოების განვითარებაზე იზრუნოს. 

,,დღეს ბაზრის 80-85% იმპორტულ პროდუქტს უჭირავს, ეს ყველამ ვიცით. შესაბამისად, ფასი მატულობს, მაგრამ მეორე უბედურებაა ისიც, რომ ადგილობრივი ნაწარმიც ძვირდება. რეგიონებიდან პროდუქტის ტრანსპორტირების ხარჯი გაიზარდა. ყველა მიმართულებით ფასების მატებაა და ამ მხრივ მოსახლეობას დიდი განსაცდელი ელის. კონკურენციის სააგენტოს განცხადება ეფუძნება მხოლოდ სურვილს, რომ ფასმა არ აიწიოს, მაგრამ ჩვენ ამ რეალობაში არ ვცხოვრობთ. ადგილობრივი წარმოების განვითარებაზე უნდა იზრუნონ, დღეს ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ინფლაცია რომ არ გაექცეთ, ზომები უნდა მიიღონ და ლარი გაამყარონ, ამისთვის ყველა ინსტრუმენტი არის გამოსაყენებელი, რის შესაძლებლობაც არსებობს. სხვანაირად შედეგს ვერ მივიღებთ, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ადგილობრივი წარმოება უნდა განვითარდეს, ლარს სხვანაირად არ ეშველება", - აცხადებს "რეზონანსთან" კვარაცხელია.

ჩაწერა სახელი