პირველ ეტაპზე ბილეთის ფასმა მინიმუმ 50 ევროთი მოიმატა
თამარ მუკბანიანი
(11.07.2019)

 რუსეთის მიერ ავიამიმოსვლის შეწყვეტიდან სამ დღეში უკვე 64 ავიარეისი გაუქმდა. როგორც რუსული, ისევე ქართული ავიაკომპანიების ზარალი ჯერჯერობით ზუსტად დათვლილი არ არის, რადგან უცნობია როდემდე გაგრძელდება აკრძალვა. რუსეთს მიმართულებით ორი ქართული კომპანია დაფრინავდა, "მაივეიმ" ჯერჯერობით დუმს, ხოლო "აირზენა" კი აცხადებს, რომ რეისებს ერევნიდან ტრანზიტულად განახორციელებენ. 

რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენა მეოთხე დღეა ოფიციალურად შეწყდა. რუსეთის გადაწყვეტილებით, ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა 6 რუსულმა და 2 ქართულმა ავიაკომპანიამ შეაჩერა.

ავიამიმოსვლის შეწყვეტამდე, საქართველოდან რუსეთის მიმართულებით ბოლო პირდაპირი რეისები 7 ივლისს შესრულდა. მას შემდეგ კომპანიები ზარალს ითვლიან.

რუსეთის მხრიდან დაწესებული სანქციების შედეგად, ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა“ ("აირზენა") 2019 წლის 8 ივლისიდან ავიარეისების განრიგი შეცვალა. თბილისი-მოსკოვი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენას თბილისი-ერევანი-მოსკოვი, მოსკოვი-ერევანი-თბილისის მარშრუტი ჩაენაცვლა. 

„დაგეგმილია რეგულარული ორი რეისის განხორციელება ყოველდღიურად. მგზავრებს მაქსიმალური კომფორტისთვის არ მოუწევთ ავიახომალდის დატოვება და ბარგის გადატანა. მათ მოემსახურება "ბოინგის" ტიპის ხომალდი 737-700, რომელიც სერტიფიცირებულია "იატასა" და "იკაოს" წესების მიხედვით“,- აღნიშნულია ავიაკომპანიის კომერციული დირექტორის მოადგილის თამუნა თანდაშვილი გავრცელებულ ინფორმაციაში.

"რეზონანსმა" აირზენას კომერციულ დირექტორს დამატებითი კითხებით მიმართა. მათი ინფორმაციით, ყოველდღიურად რუსეთის მიმართულებით 3 ფრენას ახორციელებს. ახლა კი დავნიშნეთ ამ სამი ავაირეისის ნაცვლად, ერევნის გავლით მოსკოვის ორი რეისი და გადავანაწილეთ ჩვენი მგზავრები.  

რაც შეეხება ფასს. თბილისი-ერევნის მიმართულებით ბილეთის ღირებულება გაიზარდა ბუნებრივად, რადგან ეს არ არის ფიქსირებული ფასი. როდესაც ყველა ადგილი იჯავშნება და რამდენიმეა დარჩენილი, ეს ხდება ბუნებრივად. თუ ადრე, თბილისი-მოსკოვზე იყო 250 ევრო საშუალო ფასი, ახლა უკვა 300 ევროა ფასი, რადგან ტრანზიტული ელემენტი დაემატა. 

ჯერჯერობით სურათი არ არის გამოკვეთილი. სრული მოცულობით დააბრუნებენ ავიაბილეთებს მგზავრები თუ ნაწილობრივ, ამაზეა ბევრი რამ დამოკიდებული. ამ ეტაპზე, მგზავრების 30% რომელსაც 21 ივნისამდე საქართველოში ჩამოსვლა ჰქონდა გადაწყვეტული, ფრენა გაუქმებული აქვს", - აცხადებს "ჯორჯიან ეარვეისის" კომერციული დირექტორი `რეზონანსთან~ საუბრისას. 

პირდაპირი ფრენების განმახორციელებელ მეორე კომპანია "მაივვეიში" კი ისიც არ დაადასტურეს, საერთოდ ჰქონდათ თუ არა რეისების რუსეთის მიმართულებით. მიზეზად კომპეტენტური პირების ოფისში არყოფნა დასახელდა. 

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში კი ,,რეზონანსს” განუცხადეს რომ სამი დღის განმავლობაში (8, 9, 10 ივლისი) ჯამში 64 ავიარეისი გაუქმდა როგორც ქართული, ასევე რუსული ავიაკომპანიების. 

ოფიციალური მონაცემებით, რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში ტურისტებს შორის რაოდენობით წამყვანი ადგილი უკავიათ. ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსმა მარიამ ქვრივიშვილმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ 2019 წლის ბოლოსთვის საქართველო რუსეთიდან 1,7 მილიონი ტურისტის ჩამოსვლას ელოდებოდა. ექვსი თვის მონაცემებით, საქართველოში უკვე იმყოფებოდა რუსეთის 700 ათასამდე მოქალაქე. დღესდღეობით კითხვის ნიშნის ქვეშ დგას დანარჩენი 1 მილიონი რუსი ტურისტის საკითხი – ბოლო მოვლენების გათვალისწინებით, უცნობია, საერთოდ ჩამოვა თუ არა ვიზიტორთა ნაკადი რუსეთიდან.

ჩაწერა სახელი
dato (12.07.2019)
თუ რუსეთის იმედზე ვიქნებით ვიქნებით მეორე ხარისხის ქვეყანა. ვერ ვიყენებთ ზღვას ამხელა რესურს რა წილია აქ ეკონომიკაში ვერ ვიყენებთ მიწას რომელიც დაუმუშავებულია.სირცხვილა რუსეთი რუსეთის ტურისტებზე ვართ ჩამოკიდული.გამათხოვრებული ვართ ევროპისკენ გაშვერილი ორი ხელით.არავინ არსვამს შეკითხვას მე რო გადასახადს ვიხდი უსაქმურ და ბიძინას დანიშნულ ადამიანებს მოვთხოვოთ მისი საქმის შესრულუბე .თუარადა უხადოს მან და ჩემ გადასახადს დანებონ თავი.