"ასეთი პროგრამა არსებობდა, მაგრამ გაუქმდა, რადგან დანიშნულება ვერ შეასრულა. არ მგონია, რომ ახლა რამე შეიცვალოს"
მარი ჩიტაია
(12.10.2018)

 მთავრობა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის აღდგენას აპირებს, მაგრამ დადებითის ნაცვლად, მას ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა. ექსპერტთა წრეებში უკმაყოფილებას ვერ მალავენ და წინასწარვე აცხადებენ, რომ ბიუჯეტის ხარჯზე ეკონომიკურად უსარგებლო პროექტი მზადდება. როგორი და რა სახის იქნება იგი, რეალურად რას შეცვლის სოფლის მოსახლეობისთვის სექტორში, ჯერჯერობით უცნობია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ პროგრამის აღდგენა 2019 წელს იგეგმება და სრულიად განსხვავებული იქნება.

მთავრობაში ახალ პროექტზე გარკვეულ იმედს ამყარებენ. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძის ინფორმაციით, პროგრამის ბიუჯეტი ჯერ დასაზუსტებელია.

"რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო მუშაობს, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა იყოს შედეგიანი და არა ისეთი, როგორიც მანამდე იყო", - აღნიშნა მან.

ძველი პროგრამა, რომელიც 2013 წლიდან მოქმედებდა, მთავრობამ 2016 წელს გააუქმა. აგრარული დარგის სპეციალისტები ამბობენ, რომ ამ საქმეში დიდი ფული დაიხარჯება და შედეგს მოსახლეობა ვერ იგრძნობს.

ისინი მთავრობას სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის შემუშავებისკენ მოუწოდებენ, რაც, აკადემიკოს პაატა კოღუაშვილის შეფასებით, რეალურ სარგებელს მოიტანს.

"სჯობდა, რომ საქართველოს მთავრობას სოფლის განვითარების სტრატეგიაზე ემუშავა. ეს არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც მთელი რიგი პრობლემების გადაწყვეტას გულისხმობს, ხოლო სოფლის დახმარების პროგრამა ერთჯერად ღონისძიებებში ფულის გადახდაა. ვთქვათ, უნდათ სარიტუალო სახლი ან სხვა, ერთჯერადი ინექციაა, რაც მცირე სარგებელს მოიტანს, მაგრამ რეალურად ვერაფერს შეცვლის.

სოფლის მეურნეობის განვითარება სტრატეგიის გარეშე ვერ მიიღწევა. ეს მოიცავს ინსტიტუციონალურ და ინფრასტრუქტურულ მოწყობას, უზარმაზარი შესაძლებლობაა, რაც დიდ შეღავათს მისცემს სხვადასხვა დარგს - კავშირგაბმულობას, ენერგოსისტემას, ჯანდაცვას, კულტურას, ტრანსპორტს და სხვა. სოფელს ქალაქთან დასაახლოვებლად კომფორტი თუ არ ექნა, ხალხი იქ ვერ გაჩერდება და ქართული სოფელი დაიცლება", - აცხადებს "რეზონანსთან" კოღუაშვილი.

მისი თქმით, სახელმწიფომ სოფლის მცხოვრებთათვის გამდიდრების საშუალება ვერ გამონახა, რადგან უზარმაზარი დოვლათი ასათვისებელია და სოფლის პოტენციალი გამოუყენებელი რჩება.

"სახელმწიფომ გლეხებს ვერ შეუქმნა ისეთი პირობები, რაც მათსავე კეთილდღეობაზე შეიძლება ასახულიყო. დღეს იგი რეალურად დაუცველია. სოფელი უნდა აღდგეს, როგორც ტერიტორიული ერთეული და იქ არსებული ყველა ცივილიზებული რესურსის მფლობელი და მოსარგებლე, უპირველეს ყოვლისა, თემი გახდეს. ბუნებრივია, რომ მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში ისევ დიდი ფული დაიხარჯება, რაღაც მართლა გაკეთდება, მაგრამ მას ეფექტი არ ექნება", - აცხადებს კოღუაშვილი.

"სოფლის განვითარების საერთაშორისო ასოციაცია" სოფლის მხარდამჭერი პროგრამის აღდგენას კატეგორიულად ეწინააღმდეგება. ორგანიზაციაში მიაჩნიათ, რომ ქვეყანა ამით ასობით მილიონი ლარით იზარალებს. ასოციაციის ხელმძღვანელ კობა კობალაძის განცხადებით, არ უნდა დაუშვან, რომ ბიუჯეტის ხარჯზე ეკონომიკურად უსარგებლო პროექტი განხორციელდეს.

"აბსოლუტური ფულის ხარჯვაა, თანაც მხოლოდ უსარგებლო. რაც მსგავსი პროგრამის ფარგლებში გაკეთდა, ფაქტობრივად, საშინელ მდგომარეობაში ჩააგდო საქართველოს სოფლის მეურნეობა. შემცირდა ნათესი ფართობების რაოდენობა, იკლო მოსავალმა და დამზადებული პროდუქციის რაოდენობამ, შემცირდა პირუტყვის სულადობა, ხოლო საქონლის დაცემა გაიზარდა.

რა საჭიროა ასეთი პროექტები, არ მესმის. ბიუჯეტის ხარჯზე ეკონომიკურად უსარგებლო პროექტს ახორციელებენ. წლების წინ მან გამოიწვია ზარალი, რაც სტატისტიკური მონაცემითაც დასტურდება. ჩვენ მივიღეთ კატასტროფა, ყველა ძირითადი მაჩვენებელი არის ჩავარდნილი. ასობით მილიონი ლარით იზარალებს ქვეყანა და ეფექტი არ იქნება.

გარდა ამისა, საქართველოში სარწყავი ტერიტორიები ძალიან ცოტაა. სოფლის განვითარება სწორედ წყალზეა დამოკიდებული. თუ არ მოგვარდა ეს საკითხი, სასოფლო-სამეურნეო წარმოებას აზრი არ ექნება და, შესაბამისად, ვერც სოფელი განვითარდება. ამ დროს ასობით მილიონი ლარი შეიძლება უშედეგოდ დაიხარჯოს, ამას ყურადღება უნდა მიექცეს", - აცხადებს "რეზონანსთან" კობალაძე.

სოფლის მხარდამჭერი პროგრამის აღდგენას უკმაყოფილება ექსპერტთა წრეებშიც მოჰყვა. სოფლის მეურნეობის სფეროს ექსპერტი მათე გარდავა ირწმუნება, რომ შედეგი რეალურად ვერ მიიღწევა.

"ყველა მსგავსი პროგრამა, რაც ამ მიმართულებით გაკეთდა, სინამდვილეში წყლის ნაყვაა და შედეგი არ მოჰყოლია. ფული დაიხარჯა და გლეხმა სარგებელი ვერ ნახა, ამჟამადაც ასე მოხდება. ცხადია, რაღაც შეიცვლება, მაგრამ, საერთო ჯამში, მდგომარეობა ისევ პრობლემური დარჩება. მერწმუნეთ, რომ ამას ყველა ვნახავთ, ამიტომ ყველა მსგავს პროექტს საკმაოდ ნეგატიურად ვაფასებ.

ფული, სჯობს, გაჭირვებულ მოქალაქეებს მოახმარონ. სოფელს უნდა გაუჩნდეს პატრონი, სხვა საშველს ვერ ვხედავ. დიდი მოცულობით დაურეგისტრირებელი მიწაა, ამ პრობლემის მოგვარებას საშველი არ დაადგა და ამ საკითხს მიხედონ. ერთჯერადი ინექციებით სოფელს ვერ უშველიან. ასეთი პროგრამა არსებობდა, მაგრამ გაუქმდა, რადგან მან თავისი დანიშნულება ვერ შეასრულა. არ მგონია, რომ ამჯერად რამე შეიცვალოს", - აღნიშნა "რეზონანსთან" გარდავამ.

ჩაწერა სახელი