"პედაგოგების ანაზღაურება სხვა მოქალაქეების ხარჯზე არ უნდა გაიზარდოს"
მარი ჩიტაია
(12.07.2018)

 ახალი საგადასახადო ინიციატივას სპეციალისტების უმეტესობა ქონებრივ დისკრიმინაციად მიიჩნევს. როგორც ირკვევა, შესაძლოა, 2500 ლარს ზემოთ არსებული ხელფასი 30%-ით დაიბეგროს. ახალი იდეის ავტორს მიაჩნია, რომ დაზოგილი თანხით პედაგოგების ხელფასების 100 ლარით ზრდა რეალურად გახდება შესაძლებელი. ეკონომისტებმა და საგადასახადო სფეროს სპეციალისტებმა დეპუტატის მოსაზრებას სასტიკად გააკრიტიკეს. გამოდის, რომ საშემოსავლო გადასახადი შემცირების ნაცვლად იზრდება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გია ჟორჟოლიანი ფიქრობს, რომ მაღალი შრომის ნაყოფიერების სექტორების განვითარების ხელშეწყობისთვის ფინანსური რესურსი უნდა გამოინახოს. მისი განცხადებით, 2500 ლარის ზემოთ არსებული შემოსავალი 30%-ით უნდა დაიბეგროს, რაც ბიუჯეტს დამატებით ნახევარ მილიონ ლარს მოუტანს.

"შემოვიღოთ ახალი პროგრესული საგადასახადო სისტემა. ამას ხელს უშლის მთელი რიგი კანონები, მაგრამ არსებობს შესაძლებლობა, რომ მთავრობამ 3 წლით განახორციელოს ცვლილება, რაც გულისხმობს იმას, რომ გარკვეული შემოსავლებზე გადასახადის განაკვეთი ისევ დარჩეს 20%, ხოლო მის ზემოთ არსებულ შემოსავლებზე გადასახადი იყოს 30 პროცენტი", - აცხადებს ჟორჟოლიანი.

ხელფასის დაბეგვრის ასეთი მოდელი სპეციალისტებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. მათ მიაჩნიათ, რომ ერთი ჯგუფისთვის ანაზფაურების ზრდა სხვა კატეგორიის მოქალაქეების ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს.

საგადასახადო სფეროს ექსპერტს ირაკლი შავიშვილს მიაჩნია, რომ უმრავლესობის წევრის ახალი ინიციატივა გაუმართლებელია. მაღალშემოსავლიანი დასაქმებულებისთვის ხელფასის 30%-ით დაბეგვრა კონსტიტუციურადაც კი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

"დეპუტატმა რა გამოთვალა და რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, ჩემთვის უცნობია. მაინტერესებს თვითონ გია ჟორჟოლიანს რამდენი აქვს ხელფასი? სავარაუდოდ, 2500 ლარზე მეტი. ვერანაირად გავიზიარებ ასეთ მოსაზრებას. პირველი იმიტომ, რომ ეს არის დისკრიმინაციის მატარებელი. თანაბარი პროცენტის შემთხვევაშიც კი მეტს იხდის ის, ვისაც მეტი ხელფასი აქვს.

ჩვენ კონსტიტუციაში გვიწერია, რომ დისკრიმინაცია, თუნდაც ქონებრივი ნიშნით, არის დაუშვებელი. რა გამოვა, ვისაც 2400 ლარი აქვს ხელფასი, 20%-ს გადაიხდის და ვისაც 100-200 ლარით მეტი, 30%-ით დაებეგრება. ამ შემთხვევაში ის ვისაც შედარებით დაბალი აქვს ანაზღაურება, "ხელზე" მეტს მიიღებს. ასეთი მიდგომა არ აქვთ არსად, არც ერთ ნორმალურ ქვეყანაში.

პედაგოგების ხელფასი სხვა მოქალაქეების ხარჯზე არ უნდა გაიზარდოს. გარდა ამისა, სულაც არ ვარ მომხრე, რომ ყველა პედაგოგს ერთნაირი ხელფასი ჰქონდეს, რადგან ყველა არ არის კარგი პროფესიონალი. ვნახოთ, რა განათლების დონეა სკოლებში, 100 პედაგოგი შეიძლება კარგია, მაგრამ 10 000 არაფერს ასწავლის ბავშვებს. განათლების დაბალი დონე მხოლოდ ამაზე მეტყველებს", - აცხადებს შავიშვილი.

მიდგომას, რომ პედაგოგების ხელფასი უნდა გაიზარდოს, ეკონომისტების ნაწილი იზიარებს, მაგრამ არა იმ პრინციპით, როგორც ეს ახალი საპარლამენტი ინიციატივით გაჟღერდა.

ეკონომისტ აკაკი ცომაიას აზრით, მაღალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის 30%-იანი დაბეგვრის სისტემა ეკონომიკაში ფულადი რესურსების განკარგვის საფრთხეს ქმნის.

"ბიუჯეტის სხვანაირი გადანაწილება თუ მოხდება, შეიძლება, ხელფასები 100 ლარზე მეტითაც გაიზარდოს. იმ საგადასახადო შემოსავლებით, რაც ამ ეტაპზე სახელმწიფოს გააჩნია, ეს ცვლილება წარმოუდგენელია. ახალი ინიციატივა ვერანაირ დადებით შედეგს ვერ მოიტანს. თავად ის მოტივი, რომ მასწავლებლების ხელფასების ზრდა შესაძლებელია მაღალშემოსავლიანთა ხელფასების ხარჯზე, არასწორია. შეიცავს თუ არა დისკრიმინაციულ ელემენტს, იურისტებმა უნდა იმსჯელონ.

მაღალი გადასახადი ისევ და ისევ ეკონომიკას აწვება, მას რჩება ნაკლები რესურსი, რომ უფრო მეტად განვითარდეს. არსებობს ისეთი ნიუანსები, რომლის იგნორირება სწორედ ეკონომიკის არმცოდნე ადამიანებისგან ხდება.

ასეთი შეცდომა საზოგადოებას ძვირი უჯდება. ჩვენ თუ გვსურს მომავალში ხელფასების ზრდა, ამის საშუალება უნდა გამოინახოს არა მარტო პედაგოგებისთვის, არამედ საშუალო სტატისტიკური მოქალაქეებისაც. უნდა ვცდილობდეთ, რომ ხალხს ჰქონდეს ეკონომიკაში ფულადი რესურსის განკარგვის შესაძლებლობა, ვიდრე სახელმწიფოს", - განუცხადა "რეზონანსს" ცომაიამ.

ჟორჟოლიანის ინიციატივას გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრიც. მან დეპუტატის ინიციატივას მხარი არ დაუჭირა. "ჩვენ წარვადგინეთ ხედვა პარლამენტში. ჩვენი ინიციატივების დიდი ნაწილი გულისხმობს გადასახადების შემცირებას, იმისთვის, რომ განვითარდეს ეკონომიკა", - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

ჩაწერა სახელი