სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში მოკლე დროში 400 განაცხადი შევიდა
რეზონანსი
(17.04.2018)

 სახელმწიფომ ბიზნესიდეების მხარდასაჭერად პროგრამა "ახალგაზრდა მეწარმე" დაიწყო. პროგრამა განკუთვნილია ახალგაზრდებისთვის, რომელთაც სურთ სამეწარმეო საქმიანობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.

როგორც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოში აცხადებენ, პროგრამის მიზანია სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოება-რეალიზაციის ჯაჭვში ინვესტიციების განხორციელება, რის შედეგადაც გაუმჯობესდება ახალგაზრდა მეწარმეების სოციალურ-ეკონომიკური პირობები და შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები.

პროექტი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით და დანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით (danida) ხორციელდება. მისი ბიუჯეტი 4,110,000 აშშ დოლარს შეადგენს (10,000,000 ლარი). პროგრამის მიზანია ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის გზით ახალგაზრდების ბიზნესსაქმიანობაში ჩართვის ხელშეწყობა.

ოფიციალური პრეზენტაციის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად, ახალგაზრდა მეწარმეებს პროექტი გააცნო. "ქართული ეკონომიკის ახალი ტალღა" - ასე უწოდა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ახალგაზრდა ფერმერებს, რომელთაც აქვთ პოტენციალი, აგრარული სექტორის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, სწორედ ასეთი პრეცედენტები ქმნის შესაძლებლობას, რომ მომავალში ეკონომიკის განვითარების სიმძიმის ცენტრი დედაქალაქიდან ქვეყნის სხვადასხვა რეგიონზე გადანაწილდეს.

"ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია, რომ ჰქონდეთ საკუთარი ბიზნესი და თავიანთი შესაძლებლობის რეალიზაცია მოახდინონ. პროგრამა "ახალგაზრდა მეწარმე" სწორედ ამ ნიშაზეა გათვლილი. ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავდგით, რომ ახალგაზრდამ საკუთარი პოტენციალის რეალიზაცია უკეთ მოახდინოს. ამას ემსახურება განათლების რეფორმაც, რომ ადამიანებმა მიიღონ ისეთი ცოდნა, რომელიც რეგიონის განვითარებას ესაჭიროება.

ქართული ეკონომიკისთვის პროექტი სრულიად ახალი ტალღაა, ერთი დიდი წრედი იკვრება, რომლის სხვადასხვა კომპონენტი დამწყები მეწარმეების დასახმარებლად სხვადასხვა სფეროს მიხედვით იქნება განსაზღვრული. მთავრობის ეკონომიკური გუნდი აქტიურად მუშაობს, რომ განხორციელდეს პროგრამები, რაც კაპიტალში ინექციების წახალისებას მოახდენს. პირობას ვდებ, რომ ყველა ახალგაზრდა იქნება წახალისებული, რომ მომავალში თავად გახდეს დამსაქმებელი და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ენერგია აგრარული სექტორის განვითარებას მოახმაროს.

ჩვენი სურვილია, ახალგაზრდებთან ერთად შევქმნათ თვისობრივად განსხვავებული, სრულიად ახალი ტიპის ეკონომიკა, რომელიც ქვეყანას განვითარების ახალ საფეხურზე აიყვანს, საბოლოოდ კი შესაძლებელი გახდება, ეკონომიკის განვითარების სიმძიმის ცენტრი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონზე გადანაწილდეს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პროგრამის პრეზენტაციაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა "ახალგაზრდა მეწარმის" ყველა ნიუანსზე დეტალურად ისაუბრა.

"ეს არის უნიკალური პროექტი - საგრანტო დახმარება საქართველოსთვის, რომელიც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს მიერ ხორციელდება. მიმაჩნია, რომ ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერა ჩვენი მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანი სვლაა სასოფლო კეთილდღეობის ხელშესაწყობად. ეს არის სოფლის განვითარების სტრატეგიული ნაწილი, რაზეც სამინისტრო დაუღალავად მუშაობს. ჩვენი მიზანია, ახალ იდეებს დავეხმაროთ, მათ შორის საგრანტო ფორმით, რომ ახალი პროექტების განხორციელებას შევუწყოთ ხელი.

ამ თვალსაზრისით "ახალგაზრდა მეწარმე" ძალიან პოპულარული პროგრამაა. მესმის, რომ ახალგაზრდა ფერმერებს არც ერთ სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა არ აქვთ შეზღუდული, მაგრამ მიმდინარე პროექტი სწორედ ახალ თაობაზეა მორგებული. მნიშვნელოვანი ნაბიჯია გადადგმული, რათა მოხდეს სოფლის მეურნეობის წახალისება, სოფლის მეურნეობის ზრდის ხელშეწყობა, ახალგაზრდების ბიზნესში ჩართვა და სხვა. დიდი იმედი გვაქვს, რომ პროექტის წარმატებით განხორციელების შემდეგ დამატებით მივიღებთ დაფინანსებას. სახელმწიფოს მხრიდანაც ახალგაზრდა ფერმერების დასახმარებლად მნიშვნელოვანი ღონისძიებები განხორციელდება. ეს არის ჩვენი საქმიანობის მიზანიც, რომ სოფლად მცხოვრები ადამიანების ცხოვრების დონე გაიზარდოს", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

პროექტის მენეჯერ თორნიკე კაპანაძის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, დაფინანსებას მიიღებენ საქართველოში რეგისტრირებული ახალგაზრდა მეწარმეები (18-35 წლის მამაკაცები და 18-40 წლის ქალები) ან მათ მიერ დაფუძნებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები. პროგრამა ითვალისწინებს მხოლოდ ახალი ბიზნესის (სტარტაპის) დაფინანსებას.

პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ბენეფიციარს დაუფინანსებს პროექტის ღირებულების 40%-ს, მაგრამ არაუმეტეს 60,000 ლარისა; დარჩენილი 60% ბენეფიციარის თანამონაწილეობაა. თანამონაწილეობის თანხა, შესაძლებელია, მოძიებულ იქნეს როგორც საკუთარი სახსრებით, ასევე საბანკო კრედიტით (მათ შორის, შეღავათიანი აგროკრედიტი).

"სოფლად მეწარმეობის განვითარების აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს სტარტაპი ბიზნესის დაფინანსებას, რომელშიც ახალგაზრდები იქნებიან ჩართულები. 2018 წლის 28 თებერვალს დავიწყეთ განაცხადების მიღება და უკვე შემოსულია 400-მდე განაცხადი, საიდანაც 110 ბიზნესგეგმის მომზადების ეტაპზეა გადასული. ორი განაცხადი უკვე დამტკიცებულია და ველოდებით ხელშეკრულების გაფორმებისთვის საჭირო დოკუმენტაციას, რის შემდეგაც მოხდება თანადაფინანსების გაცემა. პროგრამის მთავარი მიზანია ფინანსურ რესურსზე ხელმისაწვდომობის ზრდა, ახალგაზრდების ბიზნესში ჩართვა და რეგიონებში ეკონომიკური ზრდის ტემპის გაძლიერება.

შეიძლება ითქვას, ყველა რეგიონი აქტიურია, რამდენადაც პროექტის მიმართულებები მრავალფეროვანია და ამა თუ იმ რეგიონის პოტენციალი მაქსიმალურად არის გათვალისწინებული. რაც შეეხება დარგებს, ყველაზე მოთხოვნადი ღვინის სექტორია და მომსახურების სფეროდან აგროტურიზმი, რომელიც მცირე ზომის გესთჰაუზებისა და სასტუმროების მოწყობას ითვალისწინებს.

განაცხადების დამტკიცება არ არის განსაზღვრული. მთავარია, ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხა იქნეს სრულად ათვისებული. დონორი თუ გადაწყვეტს, შესაძლოა, დამატებითი თანხაც გამოიყოს", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" თორნიკე კაპანაძემ.

პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (ifad) პროგრამის ხელმძღვანელმა ლალი დურმიშიძემ.

"დანიის სამეფომ ჩვენი ქვეყნისთვის გამოყო გრანტი, რომელიც ახალგაზრდა მეწარმეების სოფლის მეურნეობაში ჩართვისკენ არის მიმართული. მისი მთავარი პირობაა, რომ ბიზნესი განვითარდეს სოფლად. რაც მთავარია, ეს არის დაწყებითი ბიზნესი - სტარტაპი, რომლის ანალოგი უკვე განხორციელდა მოლდოვაში, ხოლო საქართველოში მისი წარმატებით განხორციელების შემთხვევაში დამატებით კიდევ გამოიყოფა გრანტი, რაც დამწყები მეწარმეებისთვის დიდი სტიმულია.

ერთ თვეზე ცოტა მეტია, რაც პროექტი დაიწყო და განაცხადების მიღებას ვერ ავუდივართ, ძალიან დიდი მოთხოვნაა. აღმოსავლეთ საქართველოში ამ მხრივ ინტერესი ოჯახური ტიპის სასტუმრო ბიზნესს უკავშირდება. თუმცა რა ინტერესიც უნდა გამოიკვეთოს, პირველ რიგში, ეს ხელს შეუწყობს ახალგაზრდების დამაგრებას სოფლად და მათ ჩართვას სამეწარმეო საქმიანობაში. ამით კიდევ ერთხელ გვინდა, დავანახოთ საზოგადოებას, რომ სტარტაპები ფინანსდება და არც ერთი საინტერესო იდეა არ დარჩება ყურადღების მიღმა, თუ ის არსებულ კრიტერიუმს დააკმაყოფილებს", - აღნიშნა ლალი დურმიშიძემ "ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

როგორც პროექტების მართვის სააგენტოში განმარტავენ, პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარმოდგენილი ბიზნესგეგმის დამტკიცების შემდეგ, პროგრამის ფარგლებში, შერჩეული კვალიფიციური საკონსულტაციო კომპანია ბენეფიციარს დაეხმარება პროექტის წარმატებით განხორციელებისათვის საჭირო ყველა ღონისძიებაში, რაც გულისხმობს: თანადაფინანსების ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებას; წარმოდგენილი ბიზნესიდეის დროში გაწერილი სამოქმედო გეგმის შედგენას; პროექტის ფარგლებში დაგეგმილი ფულადი სახსრების მიზნობრივად გახარჯვის აღრიცხვასა და შესაბამისი დოკუმენტაციის დახარისხებას; სააღრიცხვო პროგრამის სისტემის დანერგვასა და ბიზნესის მართვისათვის საჭირო ტრენინგების ჩატარებას.

პროექტის პრეზენტაციისას მთავრობის მეთაურის ყურადღება ლეჩხუმელმა მეწარმემ - ლევან ხმელიძემ მიიპყრო. მან მოკრძალებით ითხოვა საგზაო ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა მაღალმთიან სოფელში, რათა ტურისტებს ქორენეშში ჩასვლა და დასვენება გაუმარტივდეთ. სამაგიეროდ, პირობა დადო, რომ სწორედ ის იქნება მაგალითი დანარჩენთათვის, რომ არჩევანი სოფლის სასარგებლოდ მიიღონ და დამკვიდრდნენ მთაში.

"სოფელს 4 წლის წინ მივუბრუნდი და მივხვდი, რომ ამის გარეშე ცხოვრება არ შემეძლო. მაღალმთიან ლეჩხუმში მყარად დადგომა გამიჭირდებოდა, მაგრამ ეს შევძელი კოოპერატივების განვითარების სააგენტოსა და იმ პროგრამების დახმარებით, რომელთა ბენეფიციარიც ვარ. ჩვენი საქმე არის მეფუტკრეობა და მევენახეობა. ახლა დიდი სურვილი გვაქვს, აგროტურიზმის მიმართულებით განვვითარდეთ. ბოლო 4 წლის განმავლობაში სახელმწიფოს დახმარებით ჩვენი მეურნეობა ვითარდება. პირობას ვდებ, რომ გაცილებით მეტს გავაკეთებთ, თუ საგზაო ინფრასტრუქტურა მოწესრიგდება და სტუმარს ჩვენამდე, სოფელ ქორენეშამდე ამოსვლა გაუმარტივდება", - აღნიშნა ლევან ხმელიძემ.

აყვარელში მცხოვრები ახალგაზრდა მეწარმე მარიამ იაშვილი საოჯახო სასტუმროს ფლობს და ხურმის, კარალიოკისა და ხილის სხვა სახეობების ჩირებს ამზადებს. ის ამბობს, რომ ახალი პროგრამა ახალგაზრდებს ბიზნესის დაწყებაში, დასაქმებასა და შემოსავლის გაზრდაში დაეხმარება.

"ვფიქრობ, აღნიშნული პროექტი საინტერესო გამოწვევაა ახალგაზრდა მეწარმეებისათვის, რადგან გვაძლევს შანსს, მივიღოთ დაფინანსება ახალი ბიზნესიდეის განსახორციელებლად. ეს მეტად მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ასევე მოსახლეობისთვისაც, რადგან იდეების რეალიზების შედეგად შეიქმნება სამუშაო   ადგილები, დასაქმდება ადგილობრივი კადრი. გარდა ამისა, ხელი შეეწყობა ახალგაზრდა მეწარმეების ბიზნესის განვითარებას", - აღნიშნა მარიამ იაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდება ნებისმიერი სასოფლო-სამეურნეო მიმართულება, გარდა იმ დარგებისა, რომლებიც უკვე ფინანსდება სხვადასხვა სასოფლო-სამეურნეო საგრანტო პროგრამით.

პროგრამების მართვის სააგენტოში განაცხადებისა და თანამდევი დოკუმენტაციის წარდგენა განხორციელდება ელექტრონულად, ვებ-გვერდების www.apma.ge და www.danida.apma.ge  მეშვეობით.

ჩაწერა სახელი