"ბოლო წლებში კომერციული ბანკების მიმართ საეჭვოდ იჩენენ ზედმეტად ლოიალურ დამოკიდებულებას"
მარი ჩიტაია
(11.11.2017)

 მიწის მორატორიუმთან დაკავშირებით ბანკებისთვის გამონაკლისის დაშვების საკითხის განხილვა პარლამენტმა შეაჩერა. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი ამბობს, რომ მასში კიდევ შევა გარკვეული ცვლილებები, რაზეც მსჯელობა მიმდინარეობს. სპეციალისტები ირწმუნებიან, რომ პარლამენტი მიწების მორატორიუმზე ბანკების კატეგორიულ მოთხოვნას ასე ადვილად ვერ გაიტანს.

საპარლამენტო უმრავლესობამ საკითხის განხილვა სექტემბრის დასაწყისში დაჩქარებული წესით დაიწყო, თუმცა პირველი მოსმენით განხილვის შემდეგ პროცესი აღარ გაგრძელებულა. საკითხს მმართველი გუნდი არც არჩევნების შემდეგ განახლებული მოსმენის ფარგლებში დაბრუნებია.

საკანონმდებლო ინიციატივის ერთ-ერთი ავტორი ანრი ოხანაშვილი ამბობს, რომ მასში, შესაძლოა, კიდევ შევიდეს ცვლილებები, რაც მსჯელობის საგანია.

"საკითხს ვნებათაღელვა მოჰყვა და საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. გარკვეულმა ძალებმა ისე გაიგეს, თითქოს საზოგადოების საწინააღმდეგოდ კეთდებოდა. ასეთი ფონი რომ არ შექმნილიყო, დამატებითი კითხვები არ გაჩენილიყო და ყველასთვის დეტალურად აგვეხსნა, საკითხის განხილვა დროებით შეჩერდა. სწორედ ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე, საკითხს დარეგულირება აუცილებლად სჭირდება", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ანრი ოხანაშვილმა.

დეპუტატი ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებს, როდის დაუბრუნდება პარლამენტი კანონპროექტის განხილვას, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ პროექტის მიღება წლის ბოლომდე მოხდეს.

"რეზონანსის" ინფორმაციით, მიწის კანონთან დაკავშირებით უმრავლესობის დეპუტატებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა. ნაწილი ბანკებზე გამონაკლისის დაშვებას ეწინააღმდგება, ხოლო მეორე ჯგუფი ბანკების ლობისტად არის ქცეული. აგრარული კომიტეტის წარმომადგენელთა უმეტესობა არსებული ფორმით კანონპროექტის განხილვაზე უარს ამბობს. მათ მიაჩნიათ, რომ საფინანსო ინსტიტუტებისადმი განსხვავებული მიდგომა დაუშვებელია და არ უნდა არსებობდეს.

აგრარული სფეროს სპეციალისტები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან, რომ მიწა საფინანსო ორგანიზაციებზე გასხვისდეს. აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი ამბობს, რომ არ შეიძლება, ბანკი მიწის მესაკუთრე გახდეს, მთავრობამ ასეთი პრეცედენტი არ უნდა დაუშვას.

"წარმოუდგენელია, გირაოში ჩადებული მიწა კომერციულ ბანკს საკუთრებად გადაეცეს - მსგავსი პრეცედენტი მსოფლიოში არ არსებობს. კიდევ რამდენიმე მუხლთან დაკავშირებით კანონი ძალაში შევა პრეზიდენტის ახალი უფლებამოსილების აღიარების შემდეგ, ანუ 2018 წლის ნოემბერში.

ბანკების საკითხს პარლამენტი დაუბრუნდება, მაგრამ ასე ადვილად ვერ გაიტანს, როგორც ეს ზოგიერთს წარმოუდგენია. ადრე საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებსაც კი მისცეს მიწის ყიდვის უფლება, რაც იყო აბსურდი. ჩვენი წინააღმდეგობის შემდეგ ეს თემა უკუაგდეს, ასევე მოხდება ბანკების მიმართაც", - აცხადებს კოღუაშვილი.

სპეციალისტები ამბობენ, რომ მათი მხრიდან ამდენი ხნის "ბრძოლას" არ ექნება აზრი, თუკი კომერციულ ბანკებს მიწის დასაკუთრების საშუალებას მისცემენ, რითაც, ფაქტობრივად, მთელი ქვეყნის რესურსს ჩაუგდებენ ხელში. პროფესორ ჯუმბერ ფაჩულიძის აზრით, მთავრობა თუკი გადაწყვეტილებას საფინანსო ორგანიზაციების სასარგებლოდ მიიღებს, ქვეყნის ინტერესების საზიანოდ წავა.

"გადაწყვეტილებას იღებენ ისე, რომ ბოლომდე არ იხსნებიან. რატომ გაკეთდა ასე, ჩემთვის გაუგებარია. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ უნდათ, მოასწრონ და ქვეყნის ყველაზე მთავარი რესურსი ბანკებს ჩაუგდონ ხელში. ბოლო წლების განმავლობაში კომერციული ბანკების მიმართ საეჭვოდ იჩენენ ზედმეტად ლოიალურ დამოკიდებულებას. საინტერესოა, ვინ ლობირებს საბანკო სექტორს ქვეყანაში?

ესეც არ აღმოჩნდა საკმარისი და ახლა მიწას მიადგნენ. ძალიან დიდი შრომა გავწიეთ, ძალისხმევა არ დავიშურეთ, რომ მიწის მორატორიუმისთვის მიგვეღწია, რათა სასოფლო-სამეურნეო მიწა არ გაყიდულიყო უცხოელებზე და ახლა მთელი შრომა წყალში ჩაგვეყრება, თუკი ეს საკითხი ისევ დადგება დღის წესრიგში. ასე არ შეიძლება! ქართული მიწა საქართველოს და ქართველი ხალხის კუთვნილებაა. მორატორიუმი გამონაკლის შემთხვევებს არ უნდა ცნობდეს, მით უმეტეს, ბანკებთან დაკავშირებით.

ხალხს უარს ვერ ეუბნებიან, ვერ წავიდნენ ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ, მაგრამ ახლა ბანკების საშუალებით ცდილობენ ჩვენი მიწის უცხოელებზე გასხვისებას. რეალურად არაფერი იცვლება, საქართველოს მოსახლეობას არ სჭირდება მოჩვენებითი მორატორიუმი", - აცხადებს ფაჩულიძე.

პარლამენტში სექტემბერში დარეგისტრირდა და, ბიუროს გადაწყვეტილებით, დაჩქარებული წესით დაიწყო "სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" კანონში ცვლილებების განხილვა, რომლის მიხედვით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის შეძენასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვა კომერციულ ბანკებზე და, ასევე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე არ გავრცელდება.

კომერციულ ბანკებს წარმოეშობათ ვალდებულება, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების მოპოვებიდან ორი წლის ვადაში ის შესაბამის უფლებამოსილ პირზე გაასხვისონ.

პარლამენტში წარდგენილი ცვლილებებით, ასევე, გათვალისწინებულია მთავრობისათვის დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება, მორატორიუმიდან გამონაკლისის დაშვებასთან დაკავშირებით მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში დაინტერესებულმა პირმა შესაბამისი არგუმენტაციით უნდა მიმართოს დარგში პოლიტიკის განმახორციელებელი აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დაწესებულებას, რომელიც შესწავლის შემდგომ საკითხს განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად მთავრობას წარუდგენს.

პროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები ანრი ოხანაშვილი, ეკა ბესელია, ვანო ზარდიაშვილი, დავით მათიკაშვილი, გურამ მაჭარაშვილი და ილია წულაია.

ჩაწერა სახელი
პეტრე (13.11.2017)
ასეთი დისკრიმინაციული კანონი, გასაჩივრებას ექვემდებარება კონსტიტუციურ სასამართლოში, რატომ უნდა იყოს ნებადართული არასასოფლო-სამეურნეო მიწის გაყიდვა უცხოელებზე და რატომ უნდა იყოს სასოფლო-სამეურნეო მიწების გაყიდვა აკრძალული, მხოლოდ ბანკებისთვის უფლების გადაცემით, ე.ი. რა გამოდის ბანკი ჩემს მიერ გირაოში ჩადებულ მიწას, როდესაც ვერ ვიხდი სესხს დროულად, ჩამომართმევს ბანკი და ჩალის ფასს ჩამითვლის გირაოს სანაცვლოდ, ხოლო მე ამის გაკეთება ე.ი.ჩემი ქონების (მიწის) გაყიდვა მეკრძალება. ქალაქის მიწები ქართული მიწები არ არის და რომელი ღირს უფრო ძვირი... ასე, რომ ეს ფარსი, არის ცრუ პატრიოტიზმით გაჯერებული და ამაში შეიძლება პატრიოტები და სხვა ძალები კარგადაც ხეირობენ...