"ჩვენ უნდა მივბაძოთ ისრაელს, სადაც ბინის შეძენით ვერც მოქალაქე გახდები და ვერც ქვეყანაში ცხოვრების უფლებას მიიღებ"
გვანცა წულაია
(02.07.2025)

საქართველოში ბინადრობის უფლების მისაღებად უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა 100 ათას დოლარიანი უძრავი ქონება უნდა შეიძინონ. ასეთია დღემდე მოქმედი კანონი, რომელიც შესაძლოა, შეიცვალოს და 150 ათას დოლარმდე გაიზრადოს. შესაბამისი ცვლილება მზარდი მიგრაციის ფონზე მზადდება. 

ისევე როგორც მთელი მსოფლიო, მაღალმა მიგრაციამ საქართველოც შეაწუხა. ქვეყანაში, ბოლო პერიოდში, უცხო ქვეყნის მოქალაქეების რაოდენობა იზრდება. ერთი, რომ ისინი ქვეყანაში არალეგალურად იმყოფებიან და მეორე კიდევ ის, რომ ასევე არალეგალურად მუშოაბენ, რასაც მთავრობა კანონით ებრძვის. 

პარალელურად, შსს-მ საქართველოდან უკანონოდ მყოფი მიგრანტების გაძევება დაიწყო და 6 თვეში ქვეყნიდან 525 უცხო ქვეყნის მოქალაქეა გაძევებული.

"მიმდინარე წლის ივნისის თვეში, მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უწყების სხვა დანაყოფებთან ერთად ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ჯამში უცხო ქვეყნის 124 მოქალაქე გააძევეს საქართველოდან, ხოლო 2025 წლის 6 თვის მონაცემებით, სულ გაძევებულია უცხო ქვეყნის 525 მოქალაქე, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 280%-იან მატენბას წარმოადგენს", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

მიგრანტების არალგალურად შემოსვლას და დასაქმებას მთავრობა რამდენიმე მიმართულებით ებრძვის, მათ შორის ბინადრობის უფლების მინიჭების კუთხითაც. აქამდე მოქმედი კანონით, იმასათვის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქემ საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის უფლება მიიღოს, საჭიროა მისი მხრიდან 100 000 დოლარის უძრავი ქონების შეძენა. 

ბოლო 6 წელიწადში ასეთი ნებართვა უცხო ქვეყნის 16 ათასმა მოქალაქემ მიიღო და ხშირია შემთხვევა, რომ ერთი წლის გასვლის შემდეგ მიგრანტები ქვეყანაში მაინც რჩებიან. ამიტომ ცვლილება აქაც ხორციელდება და 100 ათასი დოლარი ნაცვლად, 150 ათას დოლარამდე იზარდება ბინადრობის ნებართვის ქვედა ზღვარი. 

"მოგეხსენებათ, რომ თუ უცხოეთის მოქალაქე საქართველოში შეიძენს 100 ათას დოლარზე მეტი ღირებულების უძრავ ქონებას, მასზე ერთი წლით გაიცემა ბინადრობის უფლება. ბოლო 6 წლის განმავლობაში ასეთი ნებართვა მიიღო 16 ათასმა უცხოეთის მოქალაქემ და დღეს ეს ნებართვა შენარჩუნებული აქვს მხოლოდ 3600 ადამიანს. ამის მიუხედავად ჩვენ კიდევ ვამკაცრებთ საინვესტიციო პირობას და ნაცვლად 100 ათასი დოლარისა, ზღვარი იქნება 150 ათასი დოლარი“, - განაცხადა "ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ.  

მაღალი მიგრაციის ფონზე სპეციალისტები პირობების გამკაცრებას ემხრობიან, ნაწილი კი საერთოდ იმას ფიქრობს, რომ უძრავი ქონების შეძენის სანაცვლოს ბინადრობის უფლება არ უნდა გაიცემოდეს. 

ასეთი მოსაზრება აქვს `ერი და სახელმწიფოს” ხელმძღვანელს ზვიად ტომარაძეს და თან მიიჩნევს, რომ ეს ნორმა აუცილებლად გასაუქმებელია. 

"ასეთი რამ ერთხელ უკვე მოხდა. 2018 წლამდე იყო 35 ათასი დოლარი, შემდეგ კი გააძვირეს და გახადეს 100 ათასი დოლარი. მაშინ ამ გაძვირებაში იყო ორმაგი სარგებლის მიღების საშუალება და სავარაუდოდ, ახლაც ასეა. ორმაგ სარგელებში იგულისხმება ის, რომ მიგრანტი, რომელსაც ჩვენ ქვეყანაში უნდოდა დაფუძნება, ჩამოდიოდა და ყიდულობდა უძრავ ქონებას, ეს იყო მისთვის გარანტია, რომ მიიღებდა ერთწლიან ბინადრობას და თუ საკუთრებაში დარჩებოდა ქონება, ყოველწლიურად უგრძელდებდნენ ბინადრობას. მიგრანტი, უძრავი ქონების შეძენის სანაცვლოდ, წლების მანძილზე მოიპოვებდა საქართველოში ცხოვრების უფლებას. 

ცვლილების შემდეგ, ახალ მიგრანტს, რომელიც ჩამოვიდოდა საქართველოში, უნდა შეეძინა არა 35 ათასი დოლარი უძრავი ქონება, არამედ 100 ათასი დოლარის ზევით. საქართველოში ბინადრობის მიღების მსურველი მიგრანტი თუ იქნება, ის 100 ათას დოლარსაც გადაიხდის და 150 ათას დოლარსაც. რეალურ სურათს ეს პირობა ვერ შეცვლის. 

აქედან გამომდინარე, საკითხი ძალიან მარტივად არის დასაყენებელი, როგორც აქვს თუნდაც ისრაელს ან სხვა სახელმწიფოებს. არ შეიძლება უძრავი ქონების შეძენა იყოს ბინადრობის უფლების მინიჭების საფუძველი. მთლიანად გასაუქმებელია ბინადრობის უფლების მიცემა უძრავი ქონების მიღების საფუძველზე”, - განუცხადა ზვიად ტომარაძემ "რეზონანსს”. 

სპეციალისტები იმასაც აცხადებენ, რომ არასწორი მართვის დროს მიგრანტები საკმაოდ დიდ საშიშროებას წარმოადგენენ, მაგრამ თუ მოხდება მათი მართვა, რეგულირება და გარკვეული ბარიერების დაწესება, მაშინ, საშიშროება მინიმუმადე შემცირდება. ასეთი მოსაზრება აქვს სოციოლოგ პაატა აროშიძეს და თან ფიქრობს, რომ ხელისუფლებას აქვს ინფორმაცია, რის ხარჯზე გაიზარდა მოსახლეობა და, რადგან საზღვრები ვერ დაიკეტება, პრევენციისთვის ცდილობს, ბინადრობის კუთხით, ხელი შეუშალოს დაბალი შემოსავლის მქონე უცხოლების შემოსვლას.

"ჩემი აზრით, ეს საკითხი უნდა დავიკავშიროთ საყოველთაო აღწერის ბოლო შედეგს. სანამ აღწერის შედეგი გამოქვეყნებოდა, რომლის მიხედვითაც, მოსახლეობის რაოდენობა გაზრდილია, ხელისუფლებამ უკვე იცოდა ზრდის მიზეზი, რაც ძირითადად დაკავშირებულია მიგრანტებთან. ფაქტია, რომ მოსახლეობა გაზრდილია უცხოელების ხარჯზე, რომელთა ნაწილსაც აქვს აქვთ ბინადრობის უფლება. 

არ ვარ დარწმუნებული იმაში, რომ სიტუაციას რადიკალურად შეცვლის 100 ათასიდან 150 ათას დოლარამდე გაზრდა, მაგრამ მთავარი აზრი ისაა, რომ თუ მიგრანტების შემოდინება გარდაუვალია, მაშინ შემოვიდნენ მაღალი მსყიდველობითი უნარის მქონე უცხოელები, რომლებიც თან აქ დასაქმდებიან და თან გარკვეულ შემოსავალს მოუტანენ ქვეყანას. 

150 000-დოლარიანი უძრავი ქონების შეძენა ინვესტიციად ვერ განიხილება, რადგან ნებისმიერ ცენტრალურ ადგილზე ან ზღვისპირა მდებარე ბათუმში ბინა თუ კერძო სახლი 150 ათას დოლარზე უფრო მეტი ღირს. ასე რომ, ამ თანხას ინვესტიციად ვერ განვიხილავთ. როგორც გითხარით, მთავარი ლოგიკა აქ არის ის, რომ თუ უნდა შემოვიდეს მიგრანტი, დაე, იგი იყოს მაღალ მსყიდველობითუნარიანი და ირიბად დაასტიმულიროს მშენებლობის პროცესი ან თუნდაც მომსახურების სექტორი გაიზარდოს. 

მე შორს ვარ იმ აზრისაგან, რომ ქვეყანამ საზღვრები დაკეტოს, მაგრამ საქართველოში საჰაერო გზით ვერ შემოვა დაბალშემოსავლიანი მიგრანტი ან ისეთი, რომელიც მის ქვეყანაში "არაფერს წამოადგენს”. მას აქ განვითარების არანაირი პერსპექტივა არ ექნება”, - განუცხადა "რეზონანსს” პაატა აროშიძემ და დასძინა, რომ ამ ეტაპზე ბინადრობის მისაღებად 150 ათას დოლარამდე უძრავი ქონების შეძენის გაზრდა საკმარისია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე