თბილისში ტრამვაის ახალი ხაზი მოეწყობა. გარდა იმისა, რომ ტრამვაი ეკოლოგიურად უსაფრთხო ტრანსპორტად მიიჩნევა, მისი იდიდ უპირატესობაა ისიცაა, რომ ავტობუსთან შედარებით, 3-ჯერ მეტი მგზავრი გადაჰყავს და სრულად მოდერნიზებული, მაღალი სტანდარტით გამორჩეული ტრანსპორტია. კონკრეტული თარიღი, როდიდან დაიწყება პროექტის განხორციელება უცნობია, თუმცა ტრამვაის ხაზის მშენებლობის ზოგიერთი დეტალი უკვე გასაჯაროვდა. ეს იქნება 7.5-კილომეტრიანი ხაზი დიდი დიღმიდან მეტრო "დიდუბის" მიმართულებით, რომელსაც 11 გაჩერება ექნება და ტრამვაის 10 შემადგენლობა მოემსახურება.
კიდევ ერთი ლოკაცია, სადაც ასევე შესაძლებელია ტრამვაის ხაზის მოწყობა, არის ავჭალის მიმართულება, გურამიშვილის გამზირის ჩათვლით, რაზეც გავრცელებულ ინფორმაციაში არაფერია ნათქვამი, თუმცა თბილისის გენგეგმის ავტორები ამ მონაკვეთს, ტრამვაის მოწყობის თვალსაზრისით, ერთ-ერთ პერსპექტიულად მიიჩნევენ. გენერალურ გეგმაში ერთ-ერთი რეკომენდაცია სწორედ ტრამვაის განვითარებას ეხება.
რაც შეეხება დიღმის მიმართულებას, ახალი პროექტის მიხედვით, ტრამვაი გაივლის მირიან მეფის ქუჩას, აღმაშენებლის ხეივანს, გრიგოლ რობაქიძის გამზირს, გადაკვეთს შოთა შალიკაშვილის სახელობის ხიდს და მისი საბოლოო გაჩერება მეტრო დიდუბეს მიმდებარედ იქნება.
მართალია, პროექტი დიდ რესურსს მოითხოვს, თუმცა, სპეციალისტების შეფასებით, მეტრსოთან შედარებით ბევრად იაფია. დიდი დიღომი შერჩეულია იმიტომ, რომ ტრამვაის მოძრაობის შესაძლებლობა მეტია. ადგილობრივი არჩევნების წინ ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება ,,ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა და შეიძლება საარჩევნო პროცესში პროექტი სავიზიტო ბარათადაც ჩაითვალოს.
ერთი თანამედროვე საშუალო სტატისტიკური ტრამვაის შემადგენლობა იტევს 300-მდე მგზავრს. ამ რაოდენობის ხალხის გადაყვანას ორი დიდი ზომის ავტობუსი ან 145 პერსონალური ავტომობილი სჭირდება.
თბილისის გენგეგმის თანაავტორმა, არქიტექტორი მერაბ ბოლქვაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას ყურადღება ელექტრო ტრანსპორტის უპირატესობაზე გაამახვილა და დასძინა იმ შესაძლებლობაზეც, რაც ამ კუთხით თბილისს გააჩნია.
,,გენგეგმაში არის მითითება, რომ დედაქალაქში ტრამვაი განვითარდეს. პარალელურად დოკუმენტში ჩადებულია, რომ უნდა ჩატარდეს კვლევები და მიმართულებები გამოიკვეთოს. ტრამვაი ელექტრო ტრანსპორტია, ძველისგან განსხვავებით, დახვეწილი და მოდერნიზებულია. ამასთან, უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა, რომელსაც 3-ჯერ მეტი მგზავრი გადაჰყავს, ვიდრე ავტობუსს. ევროპის ყველა მოწინავე ქალაქი ტრამვაის ქსელს ავითარებს. მეტიც გეგმავენ მეტრო ჩაანაცვლონ ტრამვაით, რადგან მიწისქვეშა კომუნიკაციების გაყვანა ძალიან ძვირია და დიდ რესურსს მოითხოვს. ამ თვალსაზრისით, ტრამვაი ძალიან კარგი სატრანსპორტო საშუალებაა.
თითქმის ყველა ქალაქმა განავითარა ევროპაში, ზოგს ტრადიციულად ჰქონდა, ზოგს ახლა გაჰყავს. როცა ამდენი საცობია თბილისში, ტრამვაი გახლავთ საჯარო ტრანსპორტის განვითარების ის გზა, რომელიც ქალაქს შეღავათს მისცემს“, - აღნიშნა მერაბ ბოლქვაძემ.
მისივე ინფორმაციით, დიღმის ტერიტორიის გარდა, არსებობს სხვა საგზაო მ მონაკვეთიც, სადაც ტრამვაის ხაზის გაყვანა ასევე შესააძლებელია.
,,დაგეგმარება იმისთვის არის საჭირო, რომ შესაძლებლობა გამოიკვეთოს, ყველა ქუჩა ამის საშუალებას არ იძლევა. დიდი დიღმისა და მეტრო დიდუბის არეალი ამ მხრივ სწორი გადაწყვეტილებაა. კიდევ ასეთი ადგილია ავჭალის მიმართულება, გურამიშვილის გამზირის ჩათვლით. იქ იყო რესურსი, დადიოდა ტრამვაი, მაგრამ ეს ტრანსპორტი მაშინ მოძველებული.
დღევანდელი ტრამვაი კი ძალიან კომფორტულია. მისი დიდი უპირატესობაა ისიც, რომ შუქნიშანზე პირველი გადის, საცობების მონაწილე არ არის და სხვა. ყველა ამ არგუმენტით ტრამვაი ტრანსპორტის საუკეთესო სახეობაა და თუკი თბილისის მერია ამ პროექტს განახორციელებს, ის იქნება საუკეთესო ნაბიჯი მწვანე ტრანსპორტის განვითარებისთვის.
თავის დროზე ტრამვაის ხაზების მოშლით დიდი შეცდომა დავუშვით. ახლა ის მომავლის ტრანსპორტად მიმაჩნია. ამიტომ სადაც შესაძლებელია, უნდა განვითარდეს, რათა მოქალაქეებმა დაინახონ ამ გადაწყვეტილების წარმატება“, - უთხრა ,,ბიზნეს-რეზონანსს“ მერაბ ბოლქვაძემ.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი უპირატესობა, რომელიც თანამედროვე ტრამვაის ახასიათებს, არის ეკოლოგიურობა. როგორც ცნობილია, თბილისის ჰაერის დაბინძურების უდიდესი წილი ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვზე მოდის. ეს კი უამრავი დაავადების გავრცელების მიზეზია, ხოლო ტრამვაის სისტემის შექმნა ამ ეკოლოგიური თუ ჯანდაცვის პრობლემის შემსუბუქების ერთგვარ საშუალებასაც წარმოადგენს.
როგორც სატრანსპორტო სფეროს სპეციალისტმა, საერთაშორისო ტრენერმა გელა კვაშილავამ განაცხადა, დროულად უნდა დაიწყოს კვლევა და საფუძვლიანი შესწავლა, რათა შესაბამისი ინფრასტრქუტურა მოეწყოს და ტრამვაის ტრადიცია აღდგეს თბილისში, რაც უსაფრთხო ტრანსპორტის განვითარების კუთხითაც მნიშვნელოვანი ნაბიჯია.
,,ტრამვაის აქვს არაერთი უპირატესობა სხვა სატრანსპორტო საშუალებებთან შედარებით, ერთ-ერთი ეკოლოგიური უსაფრთხოება. ამასთან, მნიშვნელოვანია ურბანული თვალსაზრისითაც როგორ მოეწყობა ინფრასტრუტურა. მნიშვნელოვანია, რომ გადასვლის კვანძები სწორად განისაზღვროს, რომ ერთი ტრანსპორტიდან მეორეში გადაჯდომა იყოს კომფორტული. ამისთვის სპეციალური დამაკავშირებელი ინფრასტრქუტურა არსებობდეს.
ბოლო წლებში, აზიის განვითარების ბანკის კვლევა არსებობს, რომ შესაბამისი ინფრასტრუქტურის განსახორციელებლად ინვესტირება უნდა მოხდეს. მარტო ავტომობილებზე ვერ ვიქნებით დამოკდიებული. ტრამვაი მასობრივი გადაყვანის საშუალებაა, მისი ერთ-ერთი უპირატესობაა, რომ ავტომობილების ნაკადი შემცირდეს, მაგრამ ეკოლოგიურად და უსაფრთხოების კუთხითაც საჭირო ტრანსპორტია“, - აღნიშნა კვაშილვამ ,,ბიზნეს-რეზონანსთან“ საუბრისას.
რაც შეეხება ახალ პროექტს, ტრამვაის ხაზი დააკავშირებს დიდი დიღმის მე-3 და მე-4 მიკრორაიონებს მეტრო დიდუბესთან, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მგზავრთა გადაადგილებას. საპროექტო პირობის თანახმად, ტრამვაის ერთ შემადგენლობას არანაკლებ 300 მგზავრის გადაყვანა უნდა შეეძლოს.
დეტალური პროექტირება - 12 თვეს, მშენებლობა კი 36 თვეს მოიცავს, პროექტის საერთო ვადა კი 4.5 წელს შეადგენს. ბაზრის მოკვლევა 2025 წლის 23 აპრილს დასრულდება.
ცნობისთვის, თბილისში ტრამვაი 2006 წელს, დედაქალაქის მერიის დადგენილების საფუძველზე გაუქმდა. ტრამვაის ქსელის თბილისში დაბრუნების მოთხოვნით მოქალაქეებმა პეტიციაც კი გაავრცელეს, თუმცა უშედეგოდ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე