„ეკონომიკა სწრაფად იზრდება, ლარი და ფასები სტაბილურია, მაგრამ მათ სურთ შექმნან აჟიოტაჟი ქვეყანასა და საზოგადოებაში"
გვანცა წულაია
(13.03.2025)

პოლიტიკური მიზნების მისაღწევად საქართველოს მისამართით ბრალდებები არ წყდება. შიდა თუ გარე ძალამ, ყველა ხერხს მიმართა იმისთვის, რომ ქვეყანა დაზარალებულიყო, მაგრამ მათი არაერთი გეგმა ჩავარდა. მიუხედავად ამისა, მაინც არსებობს მცდელობა, ისეთი სურათი შეიქმას, თითქოს, ქვეყანაში ბიზნესსაც აქვს პრობლემა და ვერც ეკონომიკა ვითარდება. 

ბოლო პერიოდში იყო უამრავი ნაბიჯი, რომ პოლიტიკური კრიზისი როგორმე ეკონომიკურ კრიზისში გადაზრდილიყო, ასევე იყო ბიზნესის გაფიცვაში აყოლიების მცდელობაც. ამ ყველაფერის მიზანი კი, ეკონომიკური კრიზისის შექმნა იყო. რადიკალური ოპოზიციის თუ გარე ძალების მხრიდან არ წყება იმაზე საუბარი, რომ, თითქოს, საქართველოს ეკონომიკა არ ვითარდება და კერძო სექტორსაც დიდი პრობლემები აქვს, რადგან „ქართული ოცნების” ხელისუფლებამ „რუსული გეზი” აიღო. 

ასე მაგალითად, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ პერჩინსკიმ განაცხადა, რომ „ნეგატიური პოლიტიკური მიმართულება უარყოფითად აისახება როგორც ეკონომიკურ გარემოზე, ასევე იმ ბიზნესზე, რომელიც საქართველოში ოპერირებას ცდილობს”. 

„ევროკავშირი საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური პარტნიორია, თუმცა იმ ძირითადი ღირებულებებისგან უკან დახევის გამო, რომლებზეც ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები იყო დაფუძნებული, ევროკავშირმა თავისი დახმარების დიდი ნაწილი შეამცირა. ამჟამად მიმდინარეობს მიმდინარე პროგრამების ძირეული გადახედვა. საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული ზომების შედეგად, ჩვენ ვერ შევძლებთ მრავალი წარმატებული პროექტის გაგრძელებას საქართველოში.

ეს ნეგატიური პოლიტიკური მიმართულება უარყოფითად აისახება, როგორც ეკონომიკურ გარემოზე, ასევე იმ ბიზნესებზე, რომლებიც საქართველოში ოპერირებას ცდილობენ. მრავალი კომპანია საქართველოს ბაზარზე შემოვიდა იმ მოლოდინით, რომ ქვეყანა ევროკავშირს უფრო მიუახლოვდებოდა. დღეს კი მათ ლეგიტიმური კითხვები და ეჭვები უჩნდებათ საქართველოს მომავალთან დაკავშირებით, რადგან გაფართოების რეფორმების დღის წესრიგი არის სტრუქტურული, ინკლუზიური და მდგრადი ტრანსფორმაციის მთავარი ფაქტორი”, - განაცხადა პერჩინსკიმ. 

უფრო დრამატულ სურათს ხატავს აქაური ოპოზიცია და კვლავ პროტესტისკენ მოუწოდებს მოსახლეობას. „ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი ფიქრობს, რომ ქვეყანაში ისეთი ეკონომიკური ვითარება შეიქმნება, „მტრისას და ავისას”.

„ქართული ოცნება კუთხეშია მიყენებული. უბრალოდ, ახლა ტრამპის უცნაური გამოსვლებით აჟიტირებულები გახდნენ. საერთაშორისო აღიარება მათ არ აქვთ, არსად მათ არავინ ეპატიჟება, საერთაშორისო დაფინანსება ყველამ შეგვიწყვიტა, რის გარეშეც კატასტროფა იქნება. ყველას დაგვარტყამს. ისეთი ეკონომიკური ვითარება გველის, რომ მტრისას და ავისას, საბიუჯეტო ვალდებულებების შესრულება გაუჭირდებათ", - განაცხადა ელისაშვილმა გადაცემაში „360 გრადუსი”.

თუ ბოლო პერიოდის მოვლენებს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ ბიზნესის დიდი ნაწილი პოლიტიკაში არ ჩარეულა და როგორც მათი მხრიდან ითქვა, კერძო სექტორზე პოლიტიკურ დაძაბულობას გავლენა არ მოუხდენია; ხოლო თუ ეკონომიკას შევხედავთ, ვნახავთ, რომ განვითარება არ შეფერხებულა და მეტიც, ზრდა შთამბეჭდავია. იანვრის მონაცემებით, ეკონომიკურმა ზრდამ 11.1% შეადგინა. აქედან გამომდინარე, საინტერესოა, რას ემსახურება ქვეყნის შიდა თუ გარე ძალების განცხადებები? 

ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე ფიქრობს, რომ ამის მიზანია ქვეყნის ეკონომიკა დაზარალდეს, თუმცა მოსახლეობა ხედავს რეალურად რა ხდება.

„ბატონი ჰერჩინსკი, ისევე როგორც ზოგიერთი მისი კოლეგა და ევროპელი პოლიტიკოსები, აგრძელებენ ამერიკის ადმინისტრაციის წინა ხაზს და სხვა გარკვეული ძალების დაკვეთას ასრულებენ. ცდილობენ, რაღაც დღის წესრიგი შექმნან ქვეყანაში და შემდეგ აიტაცოს მედიამ, ოპოზიციურმა სუბიექტებმა და ზეგავლენა მოახდინონ ქვეყნის ეკონომიკაზე. ეს ბევრ რამეზე მეტყველებს, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული პანიკური განწყობა ბიზნესში და ლარის კურსის პრობლემა. 

მოაკვეთს, ბატონი ჰერჩინსკი გასულია ყოველ ზღვარს მიღმა, ელჩის მოვალეობებს გასცდა. ეს მხოლოდ მას არ ეხება, ეხება სხვებსაც, ვინც მსგავს განცხადებებს აკეთებს. 

როდესაც სხვა ხერხით და მეთოდით ვერ მოახერხეს ხელისუფლების შეცვლა, მათი გადმოსახედიდან დარჩათ ერთი გზა, რომ ეკონომიკრად დააზარალონ ქვეყანა და მოსახლეობა. მერე დამშეული ხალხი გამოვარდეს და შეცვალოს ხელისუფლება. ეს არის მათი ძალიან ბინძური ჩანაფიქრი და ჰერჩინსკის  განცხადებაც ამას ემსახურება, სხვას არაფერს, თუმცა ესეც ჩაუვარდებათ. ყველამ ყველაფერი კარგად დაინახა და ბატონი ჰერჩინსკი სამარცხვინოდ დაამთავრებს თავის საქმიანობას საქართველოში. ეს მისი არჩევანი არ არის, მაგრამ ნახავს, როგორი სახელით წაბრძანდება აქედან", - განუცხადა „რეზონანსს” სალუქვაძემ. 

ბოლო სამი წლის განმავლობაში უამრავი მცდელობა იყო, რომ ქვეყნის იმიჯი შელახულიყო, თუმცა შიდა და გარე მტრების ყველა გეგმა ჩავარდა. მცდელობა მაინც არ წყდება. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტის გიორგი კაპანაძის განცახდებით, პოლიტიკური განცხადებების მიზანია ის, რომ საზოგადოებას დაანახონ, თითქოს, საქართველოში არის მწვავე ეკონომიკური ვითარება და ქვეყანას ემუქრება ეკონომიკური კოლაფსი. 

„პოლიტიკური განცხადებები, განსაკუთრებით ქართული ოპოზიციის თუ ე.წ. ექსპერტების, რომლებიც რეალურად მსჯელობენ არა ფაქტებიდან გამომდინარე, არამედ ცდილობენ, მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური შეფასებები აკეთონ, ძირითადად, ემსახურება პოლიტიკურ მიზანს - დაანახონ საზოგადოებას, თითქოს, საქართველოში არის მწვავე ეკონომიკური ვითარება და ქვეყანას ემუქრება საფრთხე. 

ჩვენ ასეთი განცხადებები გვესმოდა ჯერ კიდევ შარშან და იყო საუბარი, რომ წლის ბოლოს ან წლის დასაწყისში საქართველოში ეკონომიკური კრიზისი დაიწყებოა, იქნებოდა ვარდნა, ინფლაცია და ლარის გაუფასურება. რეალობა კი აბსოლუტურად განსხვავებული აღმოჩნდა, რაც ცხადყოფს იმას, რომ მათ ამოძრავებთ პოლიტიკური მიზანი და სურთ, აჟიოტაჟი შექმნას ქვეყანასა და საზოგადოებაში. 

ბუნებრივია, დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებას თავისი უარყოფითი გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკაზე, თუმცა საუბარი იმაზე, რომ კრიზისის საფრთხე არსებობს, ბიზნესს პრობლემა ელის და რთული ეკონომიკური ვითარება შექიმება, არის გადაჭარბებული. სტატისტიკური მაჩვენებლები და ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა აბსოლუტურად განსხვავებულ რეალობას ასახავს. გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ლარის სტაბილურობა, ექსპორტის ზრდა, ბიზნესის გამოშვების ზრდა და ა.შ. არათუ კრიზისზე, არამედ რაიმე მნიშვნელოვან პრობლემებზე საუბარიც გადაჭარბებული მგონია. 

რაც უფრო სტაბილური პოლიტიკური სიტუაცია იქნება, მით უკეთესი ეკონომიკისვის. მაგალითად, სტაბილურ პოლიტიკურ ვითარებაში შეიძლებოდა კიდევ უფრო მეტი ინვესტიცია შემოსულიყო საქართველოში, ასევე მეტი ტურისტი გვყოლოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ ყველაფერს მნიშვნელოვანი დაღი არ დაუსვია საქართველოს ეკონომიკისთვის. რეალურად, დღეს გვაქვს ორნიშნა ზრდა და კრიზისზე საუბარი გადაჭარბებულია”, - განუცხადა „რეზონანსს” გიორგი კაპანაძემ. 

როგორც ზევით ვახსენეთ, კერძო სექტორის დიდი ნაწილი ვერც ბიზნესში და ვერც ეკონომიკაში კრიზისის ნიშნებს ვერ ხედავს. სხვა ბიზნესთან ერთად, ამაზე საუბრობენ, მაგალითად, უძრავი ქონების სფეროს წარმომადგენლებიც. „არქის” დამფუძნებლის ილია წულაიას განცხადებით, სექტორმა სიმტკიცე  კორონავურისის დროსაც კი გამოავლინა, როცა 80%-იანი ვარდნა იყო, დღეს არსებული 5%-იანი შემცირება კი, მნიშვნელოვანი რისკის შემცველი არ არის.

„კოვიდის დროს თვეში 15 ბინაზე ჩამოვიდა გაყიდვის მაჩვენებლები, როცა მანამდე 150 ბინას ვყიდდით და მაშინ არ აფეთქებულა ბაზარი. მაშინ 80%-ით შემცირდა ბაზარი და 20%-იანი ვარდნა გვქონდა ეკონომიკაში. დღეს კი ჩვენ გვაქვს 11%-იანი ზრდა, რა აფეთქებაზე ვსაუბრობთ? რა თქმა უნდა, ეს აბსურდია და არანაირი მოლოდინი კრიზისის არ გაქვს", - განაცხადა ილია წულაიამ „ბიზნეს მედია ჯორჯიასთან”.

მისივე თქმით, ამჟამად საფინანსო სექტორის მხრიდან დაფინანსება მხოლოდ ახალი პროექტების დაწყებაზე შეწყდა, მიმდინარე პროექტების დასრულებას კი, საფრთხე არ ემუქრება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე