სოფლის მეურნეობა მთავრობის პრიორიტეტებს შორისაა და სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა აქვს. აგრარულ სექტორში განხორციელებული პროექტები მაქსიმალურად უწყობს ხელს ქართული წარმოების ზრდას და ახალგაზრდობის სოფლად დამაგრებას, რაც აქამდე სერიოზულ გამოწვევა იყო.
ქვეყნის მეთაურის ოფიციალურ გამოსვლებში სექტორის მიღწევებზე მუდმივად კეთდება აქცენტი, რაც ციფრებითაც დასტურდება. მთავრობა გეგმავს, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის 3 მილიარდი ლარი გამოყოს, რაც, უპრეცედენტო თანხაა. ამის თაობაზე ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.
„შედარებისთვის, 2012 წელს წლიურ ბიუჯეტში ეს თანხა შეადგენდა 172.5 მილიონ ლარს, წელიწადში 200 მილიონი ლარიც კი არ იხარჯებოდა სოფლის მეურნეობაზე და დარგი იყო აბსოლუტურად მიტოვებული, რაც აისახებოდა, რა თქმა უნდა, სოფლად მცხოვრები ადამიანების მდგომარეობაზე. ბოლო წლების განმავლობაში მრავალი მილიარდი უკვე მოხმარდა სოფლის აღორძინებას და შემდეგი 4 წლის განმავლობაში დამატებით 3 მილიარდი გამოიყოფა“, - აღნიშნა პრემიერმა.
მანვე აღნიშნა, რომ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა და გაძლიერება არის "ოცნების" ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ეს ჩანს კიდეც უკვე განხორციელებულ თუ მიმდინარე პროექტებში, რამაც დარგის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი და სოფლად მოსახლეობის დაბრუნებაშიც დადებითი როლი შეასრულა.
„რაც შეეხება სამომავლო გეგმებს. მომდევნო 4 წლის განმავლობაში ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროგრამის“ ფარგლებში გამოიყოფა 800 მილიონი ლარი, რაც უზრუნველყოფს 5 მილიარდ ლარზე მეტი კერძო ინვესტიციების მოზიდვას სოფლის მეურნეობის სფეროში. ასევე მთავრობის მხარდაჭერით შეიქმნა 400-ზე მეტი გადამამუშავებელი საწარმო და შემნახველი ობიექტი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ფერმერებისთვის. მსგავსი ინფრასტრუქტურა 2012 წლამდე პრაქტიკულად არ არსებობდა და ამ ინფრასტრუქტურის შექმნა არის ჩვენი ხელისუფლების დამსახურება. ასევე ტექნიკით უზრუნველყოფა იყო ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. 7 500 ერთეული ტექნიკა შეიძინეს ფერმერებმა და გლეხებმა მთავრობის მხარდაჭერით და ეს ინიციატივა საქართველოს მთავრობის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 120 მილიონი ლარით დაფინანსდა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ და დასძინა, რომ პროგრმა „დანერგე მომავლის“ ფარგლებში 23 600 ჰექტარი ახალი ბაღი გაშენდა.
დარგის მნიშვნელობასა და წარმატებაზე ისაუბრა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, რომელმაც განმარტა, რომ სექტორში მიღწეული შედეგი არაერთი კვალიფიციური საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ არის დადასტურებული.
„ბოლო 12 წლის განმავლობაში გვაქვს სამჯერ გაზრდილი ექსპორტი, დაახლოებით 10 მლრდ ლარითაა გაზრდილი აგრობიზნესის გამოშვება; ღვინის ექსპორტის მაჩვენებელი გაზრდილია 4-ჯერ. ძალიან მნიშვნელოვანია გეგმები და იმ მხარდაჭერის გაგრძელება, რომელიც ხელისუფლების მხრიდან გვქონდა სოფლის მეურნეობაში და ასევე ის რეფორმები, რომლებიც გარემოს დაცვის მიმართულებით გავატარეთ; ეს რეფორმები, რა თქმა უნდა, გაგრძელდება", - განაცხადა ოთარ შამუგიამ.
აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული ღონისძიებები და პროექტები სპეციალისტების ყურადღებას ყოველთვის იპყრობენ. პროფესორი, დამოუკიდებელი ექსპერტი მიწის საკითხებში ანზორ მესხიშვილი ,,რეზონანსთან" აცხადებს, რომ ყურადღებით მოუსმინა საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციას და პრემიერის გამოსვლას, რომელიც მთელი სიზუსტით ასახავს იმ შედეგს, რასაც სექტორმა ბოლო პერიოდში მიაღწია.
,,პრემიერ-მინისტრმა ადეკვატურად შეაფასა სოფლის მეურნეობის დარგში მიმდინარე პროექტები და დარგს მართლაც უპრეცედენტო დახმარება აღუთქვა. ,,ოცნების" მმართველობის პერიოდში მართლაც დიდი ყურადღება ექცევა სოფლის მეურნეობას, მათ შორის არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი უშუალოდ მინისტრ ოთარ შამუგიას ხელმძღვანელობით განხორციელდა. მისი მუშაობის პერიოდში სექტორმა დიდი წინსვლა განიცადა. კერძოდ, ვენახის კადასტრი, მემარცვლეობის განვითარების კუთხით გადადგმული ნაბიჯები და სხვა, ასევე ექსპორტზე მიღწეული წარმატებები. ,,დანერგე მომავალი" და ,,შეღავათიანი აგროკრედიტი", უდიდესი მნიშვნელობის პროექტებია, რომელიც მომავალშიც გაგრძელდება. ევროპის უმრავლეს ქვეყანაში სოფლის მეურნეობა ვითარდება პროტექციონიზმის გზით და კარგია, რომ საქართველოც ამ მიმართულებით მიდის. გარკვეულწილად ამან ახალგაზრდების დაინტერესება გამოიწვია და საბოლოოდაც ხელი უნდა შეუწყოს მოსახლეობის დამაგრებას სოფლად, აგროპროექტები ამის შესაძლებლობას იძლევა", - აღნიშნა მესხიშვილმა.
სპეციალისტების ნაწილი ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია, სოფლის მეურნეობის დაფინანსების ნაწილი განათლების დონის ამაღლებას და ახალგაზრდების გადამზადებას მოხმარდეს. როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი კობა კობალაძე აღნიშნავს, სასურსათო უსაფრთხოების დაცვის კუთხით პროფესიული კადრი სტაბილურობის გარანტი უნდა გახდეს.
,,აგრარულ სფეროში პროფესიული განათლების კუთხით ბოლო წლების განმავლობაში არაერთი პროექტი და ღონისძიება განხორციელდა. ჩვენი ერთ-ერთი პრობლემა კადრების დეფიციტია და სწორედ ამას ემსახურება საგანმანათლებლო პროექტები, რომელიც მომავალში ახალგაზრდობის დაინტერესებას გამოიწვევს. ამ მიმართულებით აქტიური ღონისძიებებია საჭირო და აგრონომიული სამსახურები უნდა გავაძლიეროთ, რათა თითოეულ ჰექტარზე მოსავლიანობა გავზარდოთ.
დედამიწაზე მოსახლეობის რაოდენობა მკვეთრად მატულობს და ჩვენ წინასწარ უნდა მივიღოთ ზომები, რომ სასურსათო უსაფრთხოება მაღალ დონეზე დავიცვათ. მთავრობის აგრარული პოლიტიკაც ამ მიზანს ემსახურება”, - განუცხადა კობალაძემ „რეზონანსს".
ამდენად, სოფლის მეურნეობისთვის უახლოესი წლებიც აშკარად გამორჩეული იქნება. აგრარულ სფეროში განსახორციელებელი, ფაქტობრივად, ყველა პროექტი ევროდირექტივებთან შესაბამისობაშია, რაც საბოლოოდ დარგის სტაბილურ განვითარებას უზრუნველყოფს.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე