"ალბათ დამატებით 200 მლნ ლარამდე არის საჭირო იმ მედიკამენტების ღირებულების დასაფინანსებლად, რასაც მოსახლეობა ინტენსიურად მოიხმარს"
ქეთო გოგოხია
(27.08.2024)

მოსახლეობისთვის უფასო მედიკამენტებში მთავრობა ყოველთვიურად მილიონობით ლარს ხარჯავს, მაგრამ შეღავათი რეალურად ნაკლებად იგრძნობა. ამის მიზეზი წამლებზე მაღალი დანახარჯია, რაც კრიტიკულ ზღვარს აღწევს და ხალხისთვის მძიმე ფინანსური ტვირთია. როგორც ირკვევა, ყოველთვიურად, სახელმწიფო პაციენტებს 4-დან 6 მილიონამდე ლარის მედიკამენტებს უფინანსებს. იმისთვის, რომ მედიკამენტებზე დამოკიდებულმა მოქალაქეებმა შეღავათი იგრძნონ, სახელმწიფო ხარჯი დაახლოებით 16 000 000 ლარს უნდა შეადგენდეს, ანუ წლიურად 200 000 000 ლარის  ფარგლებში.

ჯანმრთელობის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, რომელიც  "ჯანდაცვა.გე"-მ გამოაქვეყნა, მიმდინარე წლის ივნისში, მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 4,3 მილიონი ლარის მედიკამენტები გაიცა. აქედან უმეტესი ნაწილი - 3 მილიონზე მეტი პენსიონერებზე მოდის, 850 ათას ლარზე მეტი - სოცდაუცველებზე, 385 ათასი ლარი კი შშმ პირებზე.

თვეების მიხედვით, აღნიშნული პროგრამით მოსარგებლეებზე გაცემული მედიკამენტების ღირებულება შემდეგია: მაისი - 4,6 მილიონი ლარი, აპრილი 5,1 მილიონი, მარტი - 4 მილიონამდე, თებერვალი - 5 მილიონი, იანვარი - 5,9 მილიონ ლარამდე.

სპეციალისტები ფიქრობენ, რომ მაღალი ხარჯის მიუხედავად, სახელმწიფოს მხრიდან პაციენტებისთვის გაწეული დახმარება არ არის ეფექტური და ადამიანების პრობლემას რეალურად ვერ აგვარებს.

ყოფილი დეპუტატის, ჯანდაცვის ექსპერტ აკაკი ზოიძის შეფასებით, მედიკამენტების სახელმწიფო პროგრამამ უფრო ეფექტურად რომ იმუშაოს, დაფინანსების ოდენობაც უნდა გაიზარდოს.

,,საკმაოდ წინგადადგმული ნაბიჯია, მოიმატა დაფინანსების წილმა, განსაკუთრებით ონკოლოგიური პაციენტებისთვის, მაგრამ არ არის ის დონის დახმარება, რომ ბენეფიციარებს ხარჯი შეუმსუბუქდეთ. მედიკამენტებზე დანახარჯი მაინც მაღალია, თამამად შეიძლება თქმა, რომ წამლების მიმართულებით მოქალაქეებს ,,კატასტროფული დანახარჯი" აქვს, რაც ნიშნავს, რომ წამლების ხარჯი ოჯახების შემოსავლების 20%-ს აღემატება, რაც სტანდარტის შესაბამისად, გამაღარიბებელ დანახარჯებად ითვლება. სამედიცინო ხარჯებში კი 90%-ზე მეტი მედიკამენტებზე მოდის. იმისთვის, რომ პაციენტებმა შეღავათი იგრძნონ, სუბსიდირების კომპონენტი კიდევ უნდა გაიზარდოს. 

მისასალმებელია, რომ პოზიტიური ცვლილებებია როგორც სუბსიდირების ნაწილში, ასევე  ე.წ. რეფერენტული წამლების შემოტანით, თურქეთის ბაზრის გახსნით და სხვა, რამაც  გარკვეულწილად, შეამცირა ხარჯი, მაგრამ გარღვევა ჯერ არ მომხდარა და ალბათ დამატებით დაახლოებით 200 მლნ ლარი  არის საჭირო იმ მედიკამენტების ღირებულების დასაფინანსებლად, რასაც მოსახლეობა ინტენსიურად მოიხმარს. ამ დაფინანსებიდან დიდი ნაწილი მოდის ქრონიკულ დაავადებებზე, იქნება ეს არტერიული წნევა, დიაბეტი, ასთმა, ფილტვების დაავადება, გულის იშემიური დაავადება და სხვა. 

მოსახლეობის გარკვეული ნაწილი  ყოველდღიურად მოიხმარს მედიკამენტებს და თუ სუბსიდირება გაიზრდება, მაშინ ოჯახებს ეს ხარჯი კატასტროფულ ტვირთად აღარ დააწვება", - განუცხადა ზოიძემ ,,რეზონანსს".

ის, რომ მედიკამენტებისთვის გაწეული ხარჯი არასაკმარისია, ჯანდაცვის სფეროს სხვა ექსპერტებიც ადასტურებენ, თუმცა ფინანსურ ტვირთზე არანაკლებ პრობლემად მედიკამენტების ხარისხი მიიჩნევა. ჯანდაცვის ექსპერტის ვატო სურგულაძის ინფორმაციით, ფარმაცევტული ბაზარი გაჯერებულია შედარებით დაბალხარისხიანი მედიკამენტებით, ხოლო ევროპული და ამერიკული ნაწარმის დიდი დეფიციტია, რაც შავ ბიზნესს გზას უხსნის.

,,ჯერ კიდევ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე გადასვლის პერიოდში მცდელობა იყო, პროგრამა განხორციელებულიყო ისე, რომ სერვისი დანაკარგის გარეშე მისულიყო პაციენტამდე. რეფერენტულ წამლებთან დაკავშირებით მთავრობის გადაწყვეტილებაც ემსახურება იმას, რომ მოხდეს ხარჯების ოპტიმიზაცია და პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი რესურსის პაციენტამდე უდანაკარგოდ მივიდეს. იდეა კარგია, მაგრამ მისი განხორციელებაც არ აღმოჩნდა მარტივი. რეალურად ოჯახების  ხარჯების ძალიან დიდი ნაწილი ხმარდება მედიკამენტებს და ეს არის დიდი პრობლემა. მას შემდეგ, რაც რეფერენტული ფასები  და  ზედა ზღვარი დაწესდა, ქვეყანაში ხარისხიანი მედიკამენტი გაწყდა. ევროპაში წარმოებული წამლების დეფიციტია, ბაზარი გადაივსო რუსული, ბელარუსული  ინდური, პაკისტანური და ვიეტნამური მედიკამენტებით, ევროპასა და აშშ-ში  დამზადებული ნაწარმი კი  გაქრა და გაჩნდა შავი ბაზარი. ვაგზლის მოედანზე რამდენიმე აფთიაქია, სადაც იყიდით ნებისმიერ მედიკამენტს, რომელიც ქსელურ აფთიაქებში არ გვხვდება. 

მიმაჩნია, რომ სუბსიდირების მომენტი უნდა ჩაერთოს, რაც სჭირდება მოსახლეობას,  ანუ რეფერენტულ მედიკამენტზე უნდა იყოს სუბსიდირება. ძალიან ძვირია, გარკვეული  ჯგუფის წამლები და სახელმწიფოსგან თანადაფინანსება საჭიროა", - განაცხადა "რეზონანსთან" საუბრისას სურგულაძემ.

რაც შეეხება უფასო მედიკამენტების პროგრამას, ჯანდაცვის ექსპერტის შეფასებით, ეს უსამართლო და დისკრიმინაციულია.

,,დიდი უსამართლობაა, რომ თბილისში სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოქალაქეები 500 ლარის წამლებს იღებენ უფასოდ, როცა რეგიონებში ხალხს ამ პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობა არ აქვს. ასევე აჭარაშიც არის შეღავათები, რასაც, ვთქვათ, გურიის მოსახლეობა მოკლებულია. ეს არის უსამართლობა. ბევრი ხარვეზია, რაც სწრაფად ვერ მოგვარდება, სისტემური მიდგომა სჭირდება. ხალხი საჭირო წამალს ვერ ყიდულობს. ამიტომ სახელმწიფომ ყველა ღონე უნდა იხმაროს, რომ ჯანდაცვის პროგრამებიდან პაციენტებმა რეალური შეღავათი იგრძნონ", - უთხრა ,,რეზონანსს" ვატო სურგულაძემ.

შეგახსენებთ, რომ რეფერენტული ფასწარმოქმნის შედეგად 2024 წლიდან სრულად მოიხსნა ქრონიკული მედიკამენტების საჭიროების მქონე მოქალაქეებისთვის წლიური ლიმიტი და 350 000 ადამიანს ყოველდღიურად, სრულიად უფასოდ, მთელი წლის განმავლობაში მიეწოდებათ საჭირო მედიკამენტები.

ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების პროგრამას მიმდინარე წლის იანვრიდან გლაუკომის პრეპარატები დაემატა, რომლებსაც სახელმწიფო შესაბამის კატეგორიაში შემავალ პირებს სრულად უფინანსებს. ამასთან, მიმდინარე წლიდან შესაბამისი კატეგორიის ბენეფიციარებს გულ-სისხლძარღვთა, ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული დაავადებების, დიაბეტის (ტიპი 2), პარკინსონისა და ეპილეფსიის სამკურნალო მედიკამენტები მთელი წლის განმავლობაში სრულად უფინანსდებათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე