წინასაარჩევნოდ ეროვნული ვალუტა საკმაოდ სტაბილურად გამოიყურება და ამ მდგომარეობას, სავარაუდოდ, არჩევნების შემდგომ პერიოდშიც შეინარჩუნებს. ყოველ შემთხვევაში, მოლოდინი დადებითია, რაც გავლენიანი ფინანსური ორგანიზაციის კვლევითაც გამყარდა და გავრცელებულ მოსაზრებას ექსპერტთა უმეტესობაც ეთანხმება.
როგორც ,,თიბისი კაპიტალი" კვლევაშია აღნიშნული, ამ ეტაპზე ლარის კურსზე ზეწოლა არ იკვეთება, ხოლო თუკი ბაზარზე არჩევნების შემდგომი გაუფასურების მოლოდინი გაჩნდა, ეს კურსზე მაინც არჩევნებამდე აისახება და არა მას შემდეგ.
"წმინდა სავალუტო შემოდინებები, ივნისის სარეკორდო ნიშნულის შემდეგ, ივლისშიც მაღალია, თუმცა, ექსპორტის მნიშვნელოვანი ზრდის მიუხედავად, სავაჭრო ბალანსის გაუარესების გამო წინა თვეს მცირედით ჩამორჩება. თიბისის მონაცემებზე დაყრდნობით, 2024 წელს მიგრაციის ეფექტი მცირედით, მაგრამ მაინც შესუსტებულია, რის მიზეზსაც არა ტრანზაქციების, ანუ მიგრანტთა რაოდენობის, კლება, არამედ შემცირებული საშუალო ხარჯი წარმოადგენს, განსაკუთრებით რუსეთის მოქალაქეების შემთხვევაში", - აღნიშნულია ,,თიბისი კაპიტალის კვლევაში.
დოკუმენტის თანახმად, მსგავსი სურათი იკვეთება შემოსავლების მხრივ სწრაფი ფულადი გზავნილების მონაცემებშიც, რომელთა თანახმადაც ივლისში რუსეთიდან საშუალო გზავნილის მოცულობამ 2020 წლის მაისის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ გზავნილების რაოდენობა ომამდელ პერიოდზე მნიშვნელოვნად მაღალი დარჩა.
,,თიბისი კაპიტალის" კვლევას ,,რეზონანსის" მეშვეობით საბანკო სფეროს ექსპერტები გამოეხმაურნენ. მათი შეფასებით, საარჩევნოდ ლარის კურსს საფრთხე არ ემუქრება, ხოლო როგორი იქნება იგი საშუალო და გრძელოვადიან პერსპექტივაში, მაკროეკონომიკურ მდგომარეობაზეა დამოკიდებული.
პროფესორი ლია ელიავა ფიქრობს, რომ შემოდგომის განმავლოაბში დაახლოებით გაცვლითი კურსი 2,70-2,75 ლარის ფარგლებში იმერყევებს, რა თქმა უნდა, თუკი არჩევნებთან დაკავშირებით რაიმე გართულება არ იქნება და პოლიტიკური და ეკონომიკური სტაბილურობა შენარჩუნდება.
,,ვფიქრობ, ხელისუფლება და ეროვნული ბანკი ყველა ღონეს იხმარენ, რომ კურსის მკვეთრი რყევა არ დაუშვან. სტაბილურობა გვექნება, ამ მხრივ საფრთხეს ვერ ვხედავ. მდგომარეობა არ უნდა გაუარესდეს. გააჩნია იმასაც, რა შედეგით დასრულდება არჩევნები. მაგალითად, წაგებულ მხარეს შეიძლება ქვეყნიდან ფულის გატანის სურვილი გაუჩნდეს, არაფერია გამორიცხული, მაგრამ ასეთ მოსაზრებას მყარი დასაბუთება ასჭირდება.
მცირე რყევა ისედაცაა ხოლმე და ეს ნორმალურია. ალბათ 2,70-2,75-ის ფარგლებში იმერყევებს ლარი, არ მგონია, ამაზე მეტად გაუფასურდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს გამოიწვევს ფასების ზრდას და ისედაც გაუბედურებული ეკონომიკის პირობებში რთული რეალობა ჩამოყალიბდება. ერთხელ გაძვირებული ფასი მარტივად არ იცვლება, ამიტომ ყველა ღონეს გამოიყენებენ სტაბილურობის შესანარჩუნებლად, რომ ინფლაცია არ გაიზარდოს, რაც უკვე არც მთავრობის და არც სებ-ის ინტერესში არ ჯდება", - განუცხადა "რეზონანსს" ელიავამ.
კიდევ ერთი ფაქტორი, რაზეც სპეციალისტები ყურადღებას ამახვილებენ, სამთავრობო ხარჯს უკავშირდება და მმართველ პარტიას ზომიერების დაცვისკენ მოუწოდებენ. საბანკო სფეროს ექსპერტი, პროფესორი გოჩა თუთბერიძე ფიქრობს, რომ ეკონომიკური პარამეტრები მეტ-ნაკლებად მწყობრშია და არ უნდა გამოიწვიოს სავალუტო ბაზარზე მკვეთრი მერყეობა. ამიტომ ბევრი რამ ხელისუფლების ქცევაზე იქნება დამოკიდებული, მათ შორის, რამდენად ზომიერად დახარჯავს ფულს.
,,ლარის კურსთან დაკავშირებით შემოდგომისას რაიმე განსაკუთრებულ პრობლემას არ ველოდები. არსებული მაკროეკონომიკური გარემო ამ ეტაპზე სტაბილურად გამოიყურება. მთავარია, როგორი იქნება სამთავრობო ხარჯი, თუკი ზომიერება შენარჩუნდება, არ მგონია, რომ კურსს რაიმე დაემუქროს.
პოლიტიკურ პარტიებს დასჭირდებათ ფულის დახარჯვა, შესაბამისად, ბევრი ტრანზაქცია იქნება - უცხოური ვალუტის გადაყვანა ეროვნულ ვალუტაში. ინტერვენციები გააქტიურდება, ანუ ლარზე მოთხოვნა გაიზრდება, რაც ეროვნული ვალუტის გამყარების მიმართჲლებით იმუშავებს. ამ ეტაპზე გაუფასურების საფუძველი არ არსებობს. მით უფრო, რომ ინფლაცია დაბალია, ეკონმომიკური ზრდა კი საშუალოზე მაღალია, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია კურსის გასამყარებლად.
აღსანიშნავია ასევე ფულადი ტრანსფერები. აქ მნიშვნელოვანი ცვლილება არ მომხდარა და ფულადი ნაკადი აქტიურად შემოედინება. ამდენად, არ არსებობს მიზეზი, რამაც შეიძლება კურსზე მნიშვნელოვანი უარყოფითი გავლენა მოახდინოს", - აღნიშნა ექსპერტმა და დასძინა, რომ კურსის სტაბილურობა დამოკიდებულია, საარჩევნო კამპანია როგორ ჩაივლის და რამდენად არაძალადობრივი სიტუაცია შეიქმნება ქვეყანაში.
,,თუკი მწვავე ექსცესებს ექნება ადგილი, ეს ინვესტორებსაც დააფრთხობს და შეიძლება რეზერვების გატანის პროცესს ბიძგი მიეცეს. ჯერჯერობით კი მხოლოდ ფსიქოლოგიურმა ფაქტორებმა შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიონ სავალუტო კურსზე, მაკროეკონომიკური ფაქტორები კი დამოკიდებულია, რამდენად მშვიდობიანად ჩაივლის საარჩევნო პერიოდი, სხვა არაფერი მეტყველებს, რომ კურსს უახლოეს პერიოდში როგორი რყევები ექნება. საშუალო და მოკლევადიან პერიოდში როგორ მოიქცევა ლარი, ეს უკვე დიდწილად მაკროეკონომიკურ პროცესებზე იქნება დამოკიდებული", - აღნიშნა თუთბერიძემ ,,რეზონანსთან" საუბრისას.
რაც შეეხება გაცვლით კურსს ბოლო პერიოდში იგი სტაბილურობით გამოირჩევა და ძირითადად, 2,69-2,71-ის ფარგლებშია. როგორც ჩანს, ეს ახალი წონასწორული ნიშნულია მაისის მოვლენების შემდეგ, როდესაც "გამჭვირვალობის" კანონის დამტიცებამ ქვეყანაში დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე