"ყოველი დღე ზარალია და დანაკლისი იქამდე კიდევ იქნება, სანამ წყალი არ გვექნება"
გვანცა წულაია
(19.06.2024)

უწყლობამ არამხოლოდ მოსახლეობა, არამედ ბიზნესიც დააზარალა. წყლის გრაფიკით მიწოდება გამო კერძო სექტორს უკვე პრობლემები შეექმნა. კვების ობიექტები, სასტუმროები, სილამაზის სალონები თუ ფიტნეს დარბაზები ხარვეზით მუშაობენ. ყველაზე ცუდი ისაა, რომ მინიმუმ 6 დღე ამ რეჟიმში ცხოვრება მოუწევთ. ესეც იმ შემთხვევაში, თუკი „ჯორჯიან ოეთერ ენდ ფაუერმა“ დადებული სიტყვა შეასრულა და მასშტაბური დაზიანება დათქმულ დროს გამოასწორა. 

უკვე მეოთხე დღეა, თბილისის ნაწილს წყალი გრაფიკით მიეწოდება. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენ ფაუერსა“ და თბილისის მერიაში ამბობენ, რომ პრობლემის მოგვარებას ერთი კვირა დასჭირდება. ამასობაში კი, სანამ მასშტაბური ხარვეზი აღმოიფხვრება ბიზნესს პრობლემები ექმენა. 

უწყლოობა კერძო სექტორის ყველა მიმართულებას შეეხეო და მოიცვა, მათ შორისაა სასტუმროები. „კანონმდებლობით სასტუმრო ვალდებულია, რომ 72 საათის განმავლობაში ჰქონდეს წყალი, იმ შემთხვევაში, თუკი წყალი შეწყდება. 41-ე დადგენილებაში გვიწერია ასეთი რამ, მაგრამ ახლა ზოგიერთ სასტუმროს აქვს პრობლემა“, - განუცხადეს „რეზონანსს“ სასტუმროების ფედერაციაში.

პრობლემაა კვების ობიექტებშიც. იქნება ეს რესტორნები, კაფეები, საცხობები, თუ საკონდიტრო დაწესებულებები. 

„მეოთხე დღეა, რაც დღის განმავლობაში მხოლოდ რამდენიმე საათით ვმუშაობთ. საცხობი მხოლოდ მაშინ ახერხებს ამუშავებს, როდესაც წყალი გრაფიკით წამოვა და სანამ გათიშვის დრო მოგვისწრებს, ვიმარაგებთ წყალს და სადამდეც გვყოფნის, იქამდე ვმუშაობთ. 

მოგეხსენებათ, საცხობი არის ის ადგილი, სადაც წყალი მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტია, ამიტომ უწყლოდ დარჩენა ფაქტიურად გაჩერებას ნიშნავს. ობიექტი, რომელიც, ზოგადად, ღამის 9-10 საათამდე ღიაა, ახლა მუშაობის მაქსიმალური დრო შუადღის 2-3 საათია. როგორც სხვებს შეექმნათ პრობლემა, იგივე მდგომარეობაა ჩვენთან“, - განუცხადებს „რეზონანსს“ ზაჰესში მდებარე კაფე-საცხობში. 

პრობლემაა სილამაზის სალონებშიც და როგორც ირკვევა, უწყლოობის გამო უქმდება ჯავშნებიც. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ ობიექტებში ვერ ხერხდება ჰოგიენური მორმების სრულფასოვანი დაცვა.

„სილამაზის სალონების ფედერაციის" დამფუძნებელმა  თამუნა შარაშენიძემ განაცხადა, რომ გარკვეული უბნები წყლის გარეშე დარჩა, შესაბამისად, ამ უბნებში არსებული სილამაზის სალონები წყლის გარეშე ვერ იმუშავებენ.

„ეს არის ჰიგიენური მოთხოვნის ობიექტები, სადაც წყალი აუცილებელია. ჯავშნები გაუქმდა და ამან ბიზნესის შემოსავლებზე გავლენა იქონია. იმ უბნებში, სადაც გრაფიკია დაწესებული, ინფორმაციას წინასწარ იგებენ და მომხმარებლები ამის მიხედვით ეწერებიან. გუშინ ბევრ ინსტანციაში დარეკეს (სალონებიდან), როდის იქნებოდა კონკრეტულ მისამართზე წყალი. ამის მიხედვით დაუკავშირდნენ მომხმარებლებს და ამის მიხედვით დაიბარეს.

ჩვენი ობიექტები მცირე ზომისაა, რომელთა უმრავლესობას წყლის რეზერვუარების განთავსების ფუფუნება არ აქვს. არის ობიექტები, რომლებიც დიდი ობიექტების ქვეშ არის მოთავსებული და ამ შემთხვევაში არის ხოლმე გარკვეული შესაძლებლობები, თუმცა უმრავლესობა რეზერვუარების გარეშეა", - განაცხადა თამუნა შარაშენიძემ „ბიზნეს მედიასთან“. 

პრობლემაზე საუბრობენ ცალკეული სალამაზის სალონებიც და როგორც წარმომადგენლები ამბობენ, კლიენტების ჩაწერა და მიღება იმ მცირე მონაკვეთში უწევთ, როდესაც წყალი გრაფიკით მოდის. 

„უკვე რამდენიმე დღეა, ნახევარი ძალით ვმუშაობთ. თმის შეჭრა/შეღებვა, მანიკურ-პედიკურის გაკეთება თუ სხვა სალონური მომსახურებას იმ საათებში ვეწევით, როდესაც წყალი მოდის. ეს კი საკმაოდ მცირე დროა, ამიტომ რამდენიმე დღეა კლიენტები ფაქტობრივად არ გვყავს. რამდენიმე ჯავშანი გაკეთდა, მესმის მათი, რადგან წყლის გარეშე შეუძლებელია ჩვენი საქმის კეთება და მომსახურების გაწევა, მაგრამ ჩვენც საკამოდ რთულ მდგომარეობაში ვართ. რა თქმა უნდა, ეს რამდენიმე დღეც ზარალია და დანაკლისი იქამდე კიდევ იქნება, სანამ წყალი არ გვექნება, მაგრამ იმედია, რომ პრობლემა მალე მოგვარდება“, - განუცხადეს „რეზონანსს“ სილამაზის სალონში. 

რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე კი პირდაპირ ამბობს, რომ წყლის ერთი კვირით შეწყვეტა თბილისში კოლაფსის მანიშნებელია. რესტორნებთან ერთად. სასტუმროებსაც დიდი პრობლემა აქვთ, რადგან მათ წყლის დიდი რეზერვუარები არ გააჩნიათ.

„ამ პერიოდში, შეიძლება, რესტორანმა მუშაობა მთლიანად შეწყვიტოს თუ კომპანია წყლის მოწოდებას ვერ უზრუნველყოფს. ამის საშიშროება, რა თქმა უნდა, არის. ერთი და ორი დღე შეიძლება ეს პრობლემა გადაიჭრას თვითმომარაგების კუთხით, მაგრამ ეს მუდმივად ვერ მოხერხდება ჰიგიენიდან გამომდინარე. წყლით მთლიანად უზრუნველყოფა გრძელვადიან პერსპექტივაში წარმოუდგენელია. ერთი კვირა ის პერიოდია, როდესაც უწყლოდ დარჩენილმა რესტორანმა მუშაობა შეიძლება შეაჩეროს. 

აქ საუბარი არა მარტო რესტორანზე, სასტუმროებზეცაა. მათ 200-300 სტუმარი ჰყავთ და წყალი პირველი მოთხოვნილებაა. ვერც ერთი რეზერვუარი ამას ვერ შეავსებს. დღეს ინფრასტრუქტურა ისე არ არის მოწესრიგებული, რომ დიდი რეზერვუარი ჰქონდეს სახურავზე რომელიმე სასტუმროს და ის შეავსოს. 

წყლის ერთი კვირით გაჩერება თბილისში კოლაფსია. სასტუმროებს სხვა ობიექტებში მოუწევთ სტუმრების გადანაწილება. რესტორანმა კი შეიძლება ბევრი სტუმარი ვერ მიიღოს, მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობა“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

„ჯორჯიან ოეთერ ენდ ფაუერში“ ორი დღის წინ, 18 ივნისს, ითქვა, რომ მაგისტრალური ქსელის აღდგენითი სამუშაოების 7 დღეში დასრულდება. შესაბამისად, დათქმული ვადა 25 ივნისს იწურება და საინტერესოა მასშტაბური პრობლემის აღმოფხვრას მართლაც შეძლებს თუ არა „ჯივიპი“ დარჩენილ 5 დღეში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე