მოსახლეობასთან ერთად უმძიმეს მდგომარეობაშია ბიზნესი, სასტუმროებს და რესტორნებს ატუმრების მიღება აღარ შეუძლიათ
გვანცა წულაია
(18.06.2024)

უკვე მესამე დღეა, თბილისის ნაწილს წყალი გრაფიკით მიეწოდება. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენ ფაუერსა“  და თბილისის მერიაში ამბობენ, რომ პრობლემის მოგვარებას ერთი კვირა დასჭირდება, თუმცა სპეციალისტები გაცილებით დიდ ვადას ასახელებენ, საუბარია რამდენიმე თვეზე. უწყლობა, როგორც მოსახლეობას, ისე ბიზნესს უკვე საშინელ პრობლემად ექცა.

16 ივნისს, სოფელი წიწამურის მიმდებარედ, თბილისის წყალმომარაგების სისტემის ერთ-ერთი ცენტრალური მაგისტრალური წყალსადენი, რომელიც თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს და ქალაქ მცხეთას სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა. მიზეზი დროთა განმავლობაში აღნიშნულ ტერიტორიაზე ნარჩენი მასალის დაყრაა, რამაც წარმოქმნა დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი.

„დიაგნოსტირების შედეგად დადგინდა, რომ მესამე მხარის მიერ დიდი ოდენობით დაყრილი მასალის ზეწოლამ გამოიწვია ჯივიპის ცენტრალური წყალსადენის რამდენიმე მონაკვეთის დეფორმირება და გადაბმის ადგილების ერთმანეთისგან დაშორება“, - წერია კომპანიის განცხადებაში, სადაც არაფერია ნათქვამი, თუ რა ზომებს მიმართავდა კომპანია ამ ხნის განმავლობაში, რათა თავიდან აეცილებინა ასეთი მასშტაბური ავარია, თუ მარტო დამკვირებლის როლში ამჯობინებდა ყოფნას.

კომპანიის აქტივების მართვის დირექტორმა, გიგა ნადირაძემ განაცხადა, რომ პირველადი მონაცემებით, სამუშაოები ერთ კვირაზე ნაკლებ დროში დამთავრდება.

„მაგისტრალი ამარაგებდა 110 ათას მომხმარებელს, დაზიანების პირველივე საათებში ჩვენ მოვახდინეთ ქსელის ოპერირების კონფიგურაციის ცვლილება. რამაც მოგვცა შესაძლებლობა, რომ 110 ათასიდან მომხმარებლის რიცხვი შეგვემცირებინა 63 ათასამდე. მათთან მიმართებით დაწესებულია სპეციალური რეჟიმი და მომხმარებელს მივაწოდეთ ინფორმაცია როგორცინდივიდუალურ რეჟიმში, ისე მესიჯების სახით. ასევე გავაზიარეთ ეს ინფორმაცია სხვადასხვა მედიასაშუალებების საშუალებით, თუ რა პერიოდში ვინ მიიღებდა წყალს. 

სპეციალური რეჟიმი ეხება მხოლოდ 63 ათას აბონენტს, მათ, ვინც მიიღო სპეციალური შეტყობინება. რამდენჯერმე დაფიქსირდა პიკურზე მაღალი მოხმარება, რაც გამოწვეულია იმით, რომ მომხმარებელი, რომელზედაც არ ვრცელდება სპეციალური რეჟიმი, შეიძლება მათაც დაუდგეთ წყალმომარაგების პრობლემა. მსგავსი რისკი არ არსებობს. ვისთანაც შეტყობინება არ მისულა, მათზე ეს რეჟიმი არ ვრცელდება“, - განაცხადა ნადირაძემ თბილისის მერსა და მის მოადგილესთან შეხვედრის შემდეგ. ვადებთან დაკავშრებით მერიაშიც ერთ კვირიანი პერიოდი დასახელდა. 

პრობლემის გამოსწორება რომ ერთ კვირაში მოხდება, ამის არ სჯერათ სპეციალისტებს. როგორც სეისმური მონოტორინგის ცენტრის დირექტორმა თეა გოდოლაძემ "რეზონანსს" განუცხადა, სამუშაოების ჩატარებას და პრობლემის აღმოფხვრას თვეები დასჭირდება. 

„ერთი კვირა არ ეყოფა და რამდენიმე თვე დასჭირდება, ეს არის ჩემი პირადი აზრი. საქმე გვაქვს დიდ გრუნტთან, რომელიც დაყრილია ტერიტორიაზე. გავრცელებულ კადრებზე შეიძლება ითქვას, რომ ეს არ არის სახუმარო თემა. ითქვა, რომ პრობლემა ერთ კვირაში მოგვარდებოდა, მაგრამ 7 დღეში როგორ და რანაირად აპირებენ ამ ყველაფრის გამოსწორებას არ ვიცი. აუცილებლად უნდა გავრცელდეს ინფორმაცია ამის შესახებ. პასუხისმგებელმა ადამიანმა გეგმა უნდა წარადგინოს, თუ რა გადაწყდება დროში გაწერილი გრაფიკით.  

კომპანიაში ბევრი რამ აქვთ გაუმართავი და როგორც ვხედავთ, არ არსებობს ერთიანი საინფორმაციო სისტემა. მაგალითად, რა პრინციპით მუშაობას „ჯი ვი პი“ და ა.შ. ეტყობა, წყალსადენებზე მონიტორინგი არ აქვთ.  

რაც შეეხება ასეთ მასშტაბურ ხარვეზს, ეს არის სამშენებლო კომპანიების, მუნიციპალიტეტების და ზედამხედველობის პრობლემა. როგორ შეიძლება ამხელა მასის დაყრა ხდებოდეს და ამაზე პასუხისმგებელი არავინ არ იყოს. ეს ხომ არ არის 5 კილო მიწა, არამედ საუბარია 230 ათას კუბურ მეტრზე, რაც დათვალებს ჩემმა კოლეგებმა. ამხელა გრუნტის თუ იყრებოდა ან ზედამხედველობა სად იყო, ან მუნიციპალიტეტი? ეს გრუნტი კი არა ლაფია და ლაფში მუშაობა ძალიან რთულია. 

თქვან რამდენ დღეში და როგორ აპირებენ ტერიტორიის გაწმენდას. მთლად უსაფრთხო ვერ იქნება გაწმენდითი სამუშაოები“, - განუცხადა „რეზონანსს“ თეა გოდოლაძემ.

კომპანიას პრობლემა არაერთხელ შექმნია, რაზეც აბონენტები ხშირად საუბრობენ და მონაცემებს თუ ჩავხედავთ, გამოჩნდება, რომ „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსს“ მოსახლეობის დიდი რაოდენობა უჩივის. 2023 წელს სემეკში შესული საჩივრების 85% სწორედ ამ კომპანიაზე მოდის და მათგან თითქმის ყოველი მეორე დაკმაყოფილდა. 

როგორც გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტმა და ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები – დედამიწის მეგობრების“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ განაცხადა, გასაკვირია, ცენტრალურ მაგისტრალზე რატომ არ მოხდა პირობების დაცვა და გაკონტროლება. 

„პრობლემას რაც უფრო მალე მოაგვარებენ, მით უკეთესი იქნება, რადგან მოსახლეობის აღშფოთებას საზღვარი არ აქვს. საუბარია ცენტრალურ მაგისტრალზე და არ ვიცი, რატომ ვერ მოხერხდა ყველა პირობის დაცვა და თავიდავნე რატომ არ დააკვირდნენ, რომ მეწყრული ზონა იყო? ყოველ შემთხვევაში, აქ „ჯივიპის“ პრობლემა მდგომარეობას იმაში, რომ ჯერ ერთი, რეაბილიტაცია უნდა ჩაატაროს. რამდენადაც ვხვდები, ცენტრალური მილის რეაბილიტაცია არ მომხდარა, როცა მათ გადაეცა ეს კომპანია და მეორეც, მეწყრულ ზონაზე უნდა ყოფილიყო ძალიან სერიოზული დაკვირვება, რადგან ქალაქი არ უნდა დაზარალებულიყო. 

როგორც ჩანს, იქ არის არალეგალური ნაგავსაყრელი, ინერტული მასალები. ვერ მივხვდი, რატომ იყრებოდა გრუნტი, რადგან ცოტა გაუგებარია. ძალიან დიდი ზონაა მოწყვეტილი და ბუნებრივია, დაზიანდებოდა ცენტრალური მაგისტრალი. 

საერთოდ, ზოგადად როდესაც  ხდება ტერიტორიის გამოყოფა, თუ სად უნდა დაიყაროს ინეტრული მასალა, პირველ რიგში, უნდა გამოიკვლიონ ცენტრალური კომუნიკაციები, ანუ ტერიტორიაზე თუ გადის ბუნებრივი აირი და წყალი, რადგან შემდეგ არ მოხდეს ავარია. აშკარად, ეს არის უნებართვო და უნებართვო ზონასთან მიმართებაში, ალბათ, სანქციები და გამოძიება უნდა დაიწყოს“, - განუცხადა „რეზონანსს“ ნინო ჩხობაძემ.

"ჯივიპის" გამო მოსახლეობასთან ერთად გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდა ბიზნესიც. როგორც „რესტორატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ შოთა ბურჯანაძემ განაცხადა წყლის ერთი კვირით გაჩერება თბილისში კოლაფსია, აქ საუბარი არა მარტო რესტორნებზე. სასტუმროებსაც დიდი პრობლემა აქვთ, რადგან მათ წყლის დიდი რეზერვუარები არ გააჩნიათ.

„ამ პერიოდში, შეიძლება, რესტორანმა მუშაობა მთლიანად შეწყვიტოს თუ კომპანია წყლის მოწოდებას ვერ უზრუნველყოფს. ამის საშიშროება, რა თქმა უნდა, არის. ერთი და ორი დღე შეიძლება ეს პრობლემა გადაიჭრას თვითმომარაგების კუთხით, მაგრამ ეს მუდმივად ვერ მოხერხდება ჰიგიენიდან გამომდინარე. წყლით მთლიანად უზრუნველყოფა გრძელვადიან პერსპექტივაში წარმოუდგენელია. ერთი კვირა ის პერიოდია, როდესაც უწყლოდ დარჩენილმა რესტორანმა მუშაობა შეიძლება შეწყვიტოს. 

აქ საუბარი არა მარტო რესტორანზე, სასტუმროებზეცაა. მათ 200-300 სტუმარი ჰყავთ და წყალი პირველი მოთხოვნილებაა. ვერც ერთი რეზერვუარი ამას ვერ შეავსებს. დღეს ინფრასტრუქტურა ისე არ არის მოწესრიგებული, რომ დიდი რეზერვუარი ჰქონდეს სახურავზე რომელიმე სასტუმროს და ის შეავსოს. 

წყლის ერთი კვირით გაჩერება თბილისში კოლაფსია. სასტუმროებს სხვა ობიექტებში მოუწევთ სტუმრების გადანაწილება. რესტორანმა კი შეიძლება ბევრი სტუმარი ვერ მიიღოს, მხოლოდ განსაზღვრული რაოდენობა“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.

რესტორატორმა კოტე გაბრიჩიძე კი ვითარება პირველყოფილ სიტუაციას შეადარა. მანვე დაადასტურა, რომ რესტორნებში წყალს სხვადასხვა უბნიდან იმარაგებენ.

„არბენინებენ ვედრებით, პირველყოფილი სიტუაციაა. ცალკე საპირფარეშო, ცალკე სისუფთავე. თავი ტურისტის ადგილას წარმოვიდგინე, ჩავიდე პარიზში ან ლონდონში და იქ სასტუმროში წყალი არ აღმოჩნდეს. მტკვრის მეორე მხარეს და კიდევ რაღაც უბნებში, ვიცით, რომ წყალი არის. გადარბენა-გადმორბენებით მოგვაქვს. დღეს რაღაც ადგილებში წყალი წამოვიდა და ევროკავშირში მიღების დონის სიხარული იყო", - განუცხადა „ბიზნეს მედიას“ კოტე გაბრიჩიძემ და დასძინა, რომ კვების ობიექტებს მომხმარებლების დარწმუნება უწევთ, რომ შექმნილ სიტუაციას გაგებით მოეკიდონ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე