"ბევრი ცდილობდა გაემძაფრებინა სიტუაცია, რეალურად კი უარყოფით გავლენას სანქციებიდან გამომდინარე არ ველით"
ქეთო გოგოხია
(17.06.2024)

ეკონომიკური ზრდის პარალელურად მთავრობა საბიუჯეტო ხარჯსაც ზრდის. ამის მყარ საფუძველს ეკონომიკაში მიმდინარე პროცესები იძლევა, პირველ რიგში, ტურიზმთან დაკავშირებული მოლოდინი, რამაც მშპ-ს მაჩვენებელზეც დადებითად იმოქმედებს. ვარაუდი, რომ სანქციები ამ მხრივ უარყოფით როლს შეასრულებს და პროგნოზი გაუარესდება, რეალურად არ მართლდება. ფაქტობრივად, ეკონომიკური ტემპი არის იმაზე მაღალი, ვიდრე უნდა იყოს. 

სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებასთან დაკავშირებით შესაბამისი ცვლილებები უახლოეს მომავალში შევა ძალაში. პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, გაზრდილი ბიუჯეტი გადანაწილდება ისეთ სფეროებზე, როგორებიცაა ჯანდაცვა, კულტურა, თავდაცვა, რეგიონული განვითარება, განათლება და ა.შ.

„ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, პირველი 4 თვის განმავლობაში დაფიქსირდა 9%-იანი მაჩვენებელი. ეს ყველაფერი გვაძლევს ჩვენ ბიუჯეტის მატების შესაძლებლობას. სამომავლოდ შევა შესაბამისი ცვლილებები ბიუჯეტში და წელს დაგვემატება 360 მლნ ლარი. იგი გადანაწილდება ისეთ სფეროებზე, როგორიცაა ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, თავდაცვა, რეგიონული განვითარება, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, არსებული ტემპის შენარჩუნება. კიდევ უფრო დაჩქარება, რაც პირდაპირ აისახება ბიუჯეტზე და ეს მონაცემებიც არის ამის ძალიან კარგი მაგალითი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საბიუჯეტო ცვლილებასთან დაკავშირეებით გუშინვე ისაუბრა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმაც. მან არ გამორიცხა, რომ წელსვე მაღალი ეკონომიკური ზრდის გათვალისწინებით, საბიუჯეტო შემოსავალმა 600 მლნ ლარით მოიმატოს. უკვე გაკეთდა 6 თვის საგადასახადო შემოსავლების ანალიზი, რომლის მიხედვითაც ბიუჯეტში დამატებითი რესურსი გამოჩნდა.

მშპს ზრდის წლიურ პროგნოზთან დაკავშირებით მინისტრმა აღნიშნა, რომ უწყებამ ამ ეტაპისთვის პროგნოზი 6%-მდე უკვე ასწია, თუმცა მოლოდინი შეიძლება კიდევ გადაიხედოს.

„სამინისტრომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზი განაახლა, რაც პარლამენტშია წარდგენილი, სადაც პროგნოზი 5.2%-დან 6%-მდე შეიცვალა. ეს ოფიციალური განახლებაა, თუმცა ვიცით, რომ 4 თვის მაჩვენებული 9%-ზეა დაფიქსირებული, რაც უფრო მაღალია, ვიდრე ჩვენს პროგნოზშია. 

ჩვენ პროგნოზს გარკვეული პერიოდულობით ვაახლებთ, როდესაც ამის საჭიროება დგება. საქართველოში 6%-იანი მაჩვენებლის მოლოდინი გვაქვს, თუმცა ამას სჭირდება შესაბამისი პროცედურით დადასტურება. ჩვენი ანალიზით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 5.2%-დან 6%-მდეა განახლებული და ეს საქართველოს პარლამენტში წარდგენილია. მომდევნო თვეების განმავლობაში იმ ანალიზის საფუძველზე, რაც ფინანსთა სამინისტროშია გაკეთებული. შესაძლებელია ეკონომიკური ზრდის ტემპი უფრო მაღალი იყოს, ვიდრე ბოლოს ნავარაუდევი მაჩვენებელი 6%-ია", - განაცხადა ლაშა ხუციშვილმა.

ამდენად, არ გამართლა აზრი, რომლის მიხედვითად  სანქციებს საქართველოს ეკონომიკაზე შეიძლება უარყოფითად ემოქმედა. როგორც ეკონომისტები აღნიშნავენ, სანქციების მხრიდან წამოსული ნეგატიური გავლენა ეკონომიკაზე არ იგრძნობა და ამ საფრთხეს არც მთავრობა ხედავდა, რომელმაც ეკონომიკური ზრდის საფუძველზე საბიუჯეტო ცვლილების გადაწყვეტილება მიიღო. 

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი კაპანაძის შეფასებით, ტურიზმი თანდათან აქტიურ ფაზაში შედის, რაც დღესდღეობით ეკონომიკიდ ძირითადი მასტიმულირებელი ფაქტორია. 

,,ჩვენ გვაქვს ორნიშნასთან  მიახლოებული მაჩვენებელი და ამანაც გავლენა მოახდინა, რომ ბიუჯეტი გაიზარდა. შესაბამისად, მაღალი ტემპის დამსახურებაა, რომ  საბიუჯეტო ხარჯი გაიზარდა. როგორც გაირკვა, დამატებითი სახსრები  ინფრასტრუქტურულ, თავდაცვის პროერქტებსა  და სხვადასხვა მიმართულებაზე გადანაწილდება, რაც ადასტურებს, რომ  სანქციების მხრიდან წამოსული ეკონომიკური გავლენა არ იგრძნობა და არც არის მოსალოდნელი. 

აპრილში  ჩვენ ორნიშნა მაჩვენებელიც გვქონდა და სანქციების მხრიდან წამოსული ცუდი გავლენა საერთოდ არ გვინახავს. ზაფხულის სეზონია და ტურიზმიც აქტიურ ფაზაში შედის. მოლოდინი კიდევ უკეთესია. აქედან გამომდინარე, საბიუჯეტო ხარჯის კორექტირების გადაწყვეტილებაც ლოგიკურია, რაც დამატებით შეუწყობს ხელს, ეკონომიკურ  ზრდას მომავალში და ამ პროცესს  კიდევ უფრო დაეხმარება", - განაცხადა გიორგი კაპანაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან".

ფინანსისტი ვარაუდობს, რომ წლის ბოლოს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 6-8%-ის დონეზეა მოსალოდნელი, რაც ქვეყნის განვითარებაზეც დადებითად აისახება.

,,მთავრობის თუ საერთაშორისო ორგანიზაციების წინასწარი პროგნოზი დამაიმედებელია.ძირითადი მიზეზი არის ისევ და ისევ ტურიზმის მაჩვენებელი, ადგილობრივი წარმოების გააქტიურება და სხვა. ეკონომიკას მიეცა საშუალება, განვითარების მიმართულებით დაძრულირულიყო. ველოდები, რომ წლის ბოლოს  უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი შენარჩუნდება. დაგეგმილთან შედარებით, 2-3%-ით გაიზრდება. აქ მნიშვნელოვან როლს ტურიზმი შეასრულებს", - დასძინა კაპანაძემ.

ანალოგიური მოსაზრებისაა ეკონომისტი გივი მომცელიძემ, რომლის შეფასებითაც, სანქციების გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე მოსალოდნელი არ იყო და ეს პროცესი ვერ იქცა დაბრკოლებად, საბოლოოდ კი აღებული კურსი გაგრძელდება, რაც საქართველოს პოზიციებს გლობალური მასშტაბით კიდევ უკეთ წარმოაჩენს.

,,ადრეც ვამბობდი და ახლაც ვრჩები პოზიციაზე, რომ სანქციებთან დაკავშირებით ცალკეული პირების მიმართ მირებული  გადაწყვეტილებები ეკონომიკაზე არ აისახება. პოლიტიკოსების მიმართ დაწესებულ შეზღუდვებს ეკონომიკურ  სანქციებთან კავშირი არ აქვს. შესაბამისად, არ ველოდები ეკონომიკური ვითარების დამძიმებას და საფინანსო ბაზარზე რაიმე პრობლემას, პირიქით, სიტუაცია წლის ბოლომდე დასტაბილურდება. 

სანქციებზე მეტად ეკონომიკისთვის დამაბრკოლებელია შიდა პოლიტიკური პროცესები, ვგულისხმობ არჩევნების გავლენას, რომელიც შეიძლება ინვესტიციებზე ურყოფითად აისახოს. თუმცა ამ მოცემულობას ტურიზმიდან შემოდინებების ზრდა დააბალანსებს. ასეთ ფონზე მთავრობამ ძალიან სწორი გადაწყვეტილება მიიღო ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით, რაც სამომავლოდ ეკონომიკის სტიმულირებას მოახდენს. აქამდე ბევრი ცდილობდა გაემძაფრებინა სიტუაცია. რეალურად კი რაიმე ნეგატიურ გავლენას სანქციებიდან გამომდინარე არ ველით და ეს კიდევაც დადასტურდა", - განუცხადა გივი მომცელიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსს".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე