"მარცვლეულის გაძვირებისკენ თუ წავიდა ტენდენცია, ფქვილზე დაწესებულ მოსაკრებელს გააუქმებენ"
ქეთო გოგოხია
(17.06.2024)

საერთაშორისო ბაზრებზე ხორბლის მოსავალთან დაკავშირებით წელს დაძაბულობაა. იმის გამო, რომ სტრატეგიული პროდუქტის მწარმოებელ ქვეყნებში მოსავლიანობა შემცირებულია, ფასი მაღლა იწევს. მიმდინარე პერიოდში დინამიკა არასახარბიელოა.  დღეს, როცა მოსავლის აღების პროცესი ასე ახლოსაა, გლობალურ ბაზრებზე 1 ბუშელი ხორბლის ფასი 5,50-დან 6,50 დოლარამდე გაიზარდა. მოსავალი არც საქართველოშია საუკეთესო, თუმცა შარშანდელთან შედარებით, მეტი რაოდენობაა და სტაბილურობაც ასე თუ ისე გარანტირებულია. შესაბამისად, მოლოდინიც შედარებით საიმედოა.

იმედია, რომ ხორბლის ფასი პრობლემას არ შექმნის და არც პური გაძვირდება, რისთვისაც მთავრობა გადამწყვეტი ზომების მიღებას აპირებს. საჭიროების შემთხვევაში, ფქვილზე საიმპორტო მოსაკრებელიც შენარჩუნდება, რაც ქართული წისქვილკომბინატების გამართულ მუშაობასაც ხელს შეუწყობს. 

გაგრძელდება თუ არა მოსაკრებლის მოქმედების ვადა, მთავრობაში ჯერჯერობით არ საუბრობენ, თუმცა მაქსიმალურად ცდილობენ, რომ არასახარბიელო გლობალური პროცესების ფონზე ადგილობრივი ბაზარი დაიცვან და წარმოებას ხელი შეუწყონ. ამ მიზნით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერი მალხაზ ბეგიაშვილი და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერი ჯონდო მდივნიშვილი კახეთის მხარეში მეხორბლე ფერმერებს და წისქვილკომბინატების წარმომადგენლებს შეხვდნენ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის განცხადებით, სახელმწიფო კომპანიის 30 კომბაინი უკვე მობილიზებულია და საჭიროებისთანავე პროცესში ჩაერთვება.

„ხორბლის მოსავლის აღების დაწყებისთანავე ამოქმედდა სამინისტროში შექმნილი საკოორდინაციო შტაბი, რომელიც აქტიურად ჩაერთვება მიმდინარე პროცესების კოორდინირებაში. სამინისტრო და კერძო სექტორი მზად არის ფერმერებს მოსავლის ამღები ტექნიკით დაეხმაროს. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სამინისტრო, წლების განმავლობაში, აქტიურად უჭერს მხარს და აფინანსებს ფერმერებისთვის მოსავლის ამღები ტექნიკის შესყიდვას. ამ პროგრამამ შედეგი გამოიღო და შარშან, მოსავლის აღების პროცესში, ფაქტობრივად, პრობლემა აღარ გვქონია. წელს საკმაოდ კარგ მოსავალს ველოდებით; საჰექტარო მოსავლიანობის და ხარისხის მიმართულებით პოზიტიური სურათია“, - აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.

ახალი მოსავლის მისაღებად მზადაა სიღნაღის მუნიციპალიტეტი, რომლის მერიც  აცხადებს, რომ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება მარცვლეული კულტურების აღების პროცესში ფერმერებს კოორდინირებულად დაეხმარება.

 ადგილობრივი ფერმერების შეფასებითაც, მოსავლიანობის და ხარისხის კუთხითაც, მდგომარეობა უკეთესია. კერძოდ, როგორც ფერმერმა ლაშა გონაშვილმა აღნიშნა, უკვე აქტიურ ფაზაში შედის მოსავლის აღება და ამ ეტაპზე კარგი მოლოდინი აქვთ. 

რაც შეეხება ადგილობრივ სიტუაციას, მისი თქმით, წლევანდელი მოსავალი რაოდენობით და ხარისხითაც უკეთესია, შესაბამისად, ფასიც უფრო გაიზრდება და დასტაბილურდება.

მთავარია, ფასთან დაკავშირებით გამოწვევას დროულად გაეცეს პასუხი, რა მხრივაც ხელისუფლების პოზიციას და მხარდამჭერ ღონისძიებებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. როგორც მარცვლეულის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკოლოზ ბენიაიძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" აღნიშნა, სავარაუდოდ მთავრობას წელსაც დასჭირდება ფასის სტიმულირება, რისთვისაც ფქვილის იმპორტზე დაწესებული მოსაკრებლის მოქმედების ვადა, სავარაუდოდ, კიდევ გახანგრძლივდება.

,,ხორბლის ფასი პირდაპირ ასტიმულირებს ფქვილის იმპორტს, პროდუქტი ისედაც დიდი რაოდენობით შემოდის და მუდმივად საჭიროა კონტროლი, რომ ჭარბი იმპორტი არ განხორციელდეს. სავარაუდოდ, ფქვილზე დაწესებული გადასახადის მოქმედების ვადა გახანგრძლივდება. პარალელურად მეხორბლე ფერმერების მხარდამჭერი ღონისძიებები უნდა გააქტიურდეს.  როგორიც არ უნდა იყოს მსოავალი, რეალიზაციის პრობლემა არ უნდა დადგეს.  

რაც შეეხება საპროგნოზო მაჩვენებელს, მოსავლის რაოდენობამ  2022 წელს და 2023 წელსაც 150 000 ტონა შეადგინა. ფართობები გაიზარდა, მაგრამ მოსავლიანობა ქვეყნის მასშტაბით დაბალი იყო. ველოდებით, რომ წელს 170 000 ტონამდე მარცვლეულს მივიღებთ. უახლოეს თვეებში ჩვენ არ უნდა ველოდოთ პრობლემას, რამდენადაც ვიცი, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს პურის ფასის შესანარჩუნებლადაც მიუხედავად იმისა, რომ ფქვილზე არ იქნება ისეთი დაბალი ფასი, როგორიც იყო  მთელი სეზონის განმავლობაში", - განაცხადა ბენიაიძემ.

რა ელის პურის ფასს გრძელვადიან პერსპექტივაში, პროგნოზი ჯერჯერობით ნაადრევია, თუმცა უახლოეს 2-3 თვეში პრობლემა ამ მხრივ მოსალოდნელი არ არის. პურის მრეწველთა კავშირის თავმჯდომარის მალხაზ დოლიძის შეფასებით, წელს ყველა პირობაა, რომ ფასი შენარჩუნდეს.

,,1 ტომარა ფქვილის ღირებულებამ  52 ლარს მიაღწია, მაგრამ ეს არ არის საგანგაშო სიტუაცია, რამაც შეიძლება პურის ფასზე იმოქმედოს. ამ სეზონს ახასიათებს ასეთი საფასო დინამიკა, გარდამავალი ნაშებია, ახალი მოსავალი უნდა მიიღონ და ძველ მარაგებს იშორებენ.  

როგორც ამბობენ, რუსეთში მოსავალი იმდენი არ არის, რაც წინა წლებში იყო, თუმცა ეს ბაზარი ჩვენთვის შედარებით  იაფი ფქვილის იმპორტის წყაროდ რჩება.  ყველაფერს მომავალი გამოაჩენს, გაძვირებისკენ თუ წავიდა ტენდენცია, ფქვილზე მოსაკრებელს გააუქმებენ, მაგრამ სხვა შემთხვევაში შენარჩუნდება. პური სოციალური პროდუქტია და ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მოსახლეობას არ გაუძვირდეს. ამას მწარმოებლებიც გაგებით ეკიდებიან. 

პურის მცხობელები მუშაობენ როგორც შემოტანილ ფქვილზე, ასევე საქართველოში დამზადებულ ნედლეულზეც. სიმართლე უნდა ითქვას, რომ რუსული ფქვილის წებოვნება მაღალია, ამიტომ ხდება შერევა, რათა კარგი პროდუქცია მივიღოთ. ეს ნიშნავს ხარისხიან პურს, ცხადია, ყველას აინტერესებს, როგორი იქნება პერსპექტივა. არსებობს გარკვეული ნაშთები, რაც იძლევა შესაძლებლობას, დაახლოებით 3 თვე პურის ფასი შენარჩუნდეს", - აღნიშნა "ბიზნეს-რეზონანსთან" მალხაზ დოლიძემ.

მისი განცხადებით, თუკი პურის გაძვირების საფრთხე მაინცდამაინც გამოიკვეთება, ყველაზე სწორი გამოსავალი იქნება დღგ-ს გადასახადი გადაიხედოს, რის გადაწყვეტილებაც ზოგიერთმა ქვეყანამ მიიღო და გაამართლა.

,,ჩვენთან დღგ 18%-ია, რუსეთში - 10%, ხოლო აზერბაიჯანმა საერთოდ გააუქმა. ალბათ, ჩვენთანაც რაღაც ზომებს მიიღებენ, რომ პური არ გაძვირდეს, თუმცა ფქვილი და ხორბალი შეიძლება მაინც გაძვირდეს, თუკი მოსავლის სიმცირის პრობლემა იქნება. წელს საქართველოში ხორბლის კარგ მოსავალს ელოდებიან, მაგრამ მთავარია, მეწარმეებისთვის ხარისხი მისაღები იყოს. ჩვენთან ხარისხი ნამდვილად არის გამოწვევა", - დასძინა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას დოლიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე