ხალხი უკვე თავს იკავებს მსხვილი დანახარჯისგან, მყიდველი დამფრთხალია და ბიზნესი ფერხდება
ირმა ჩიტაია
(17.06.2024)

სატრანზიტო ჰაბად ქცევამ ქართული საავტომობილო ბაზარი, მოგების ნაცვლად, აზარალა. დარგში არასახარბიელო მდგომარეობაა. როგორც ძვირადღირებული, ასევე საშუალო და შედარებით დაბალფასიანი ავტომობილების რეალიზაცია შემცირდა. იმპორტიორების ნაწილი მიზეზად  გლობალურ პროცესებს მიიჩნევენ, ნაწილი კი ქვეყანაში მიმდინარე არასტაბილურ პოლიტიკურ მდგომარეობას ასახელებს.

თუ ქვეყანაში სიტუაცია არ გამოსწორდა და დარგმა კვლავ ძველი პოზიციები ვერ აღიდგინა, მაშინ, დილერების აზრით, ეს ბიზნესი უდიდეს დარტყმას მიიღებს და საზოგადოების დიდი ნაწილი შემოსავლის დაკარგვის საშიშროების წინაშე დადგება.

მდგომარეობას ართულებს ლარის კურსის ვარდნაც. მოსახლეობას, რომელთა შემოსავალიც ლარშია, უცხოური ვალუტის შესაძენად გაცილებიტ მეტი თანხის დახარჯვა უწევს, ვიდრე ეს ადრე იყო. ამიტომაც, მომხმარებელთა ნაწილი და თავს იკავებს სოლიდური შენაძენის გაკეთებისგან. რაც გაყიდვისთვის ერთ-ერთი შემაფერხებელი ფაქტორია.

ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ლაშა დარბაისელი არსებულ პრობლემებს ფართო ჭრილში განიხილავს. ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას იგი არაერთ საკითხს შეეხო, რომელმაც ავტობიზნესი საკმაოდ დააზარალა და რეალიზაციის კუთხით სრული კატასტროფა შექმნა.

,,არ არის კარგი მდგომარეობა. დღეს გაყიდვის კუთხით ყველა სეგმენტში არასახარბიელო სიტუაციაა. ამას თან ერთვის ისიც, რომ რეექსპორტში რთული ვითარებაა. საქართველო სატრანსფერო ქვეყნიდან სატრანზიტო ქვეყანა იქცა, რამაც სექტორი საგრნობლად დააზარალა. თუ ასე გაგრძელდება, სეგმენტი დაიკარგება და აღარ იარსებებს. 

სატრანზიტო ქვეყნად გადაქცევამ ქართველი ავტოიმპორტიორის როლი დიდწილად შემცირა. მდგომარეობის გამოსწორების ნიშნები არ ჩანს.  პირად საუბრებში ჩვენი პარტნიორები ამბობენ, რომ გაფართებას გეგმავენ და შესაძლოა, უახლოეს პერიოდში კიდევ ბევრი უცხოური კომპანიები და ავტოსერვისები გაჩნდეს. ასეთი დამოკიდებულება, ცალსახად აზარალებს ქართველ ბიზნესმენს. 

სამწუხაროდ, ყოველი ახალი უცხოური კომპანია ჩვენი მოქალაქისა და ბიუჯეტის დანაკარგია. მყიდველებს, ვინც კონკრეტულ ავტომობილებს ყიდულობენ, მეტი ნდობა აქვთ თავიანთი მოქალაქეების მიმართ, ვიდრე უცხო რეზიდენტის მიმართ", - განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" დარბაისელმა.

ბოლო დროს არსებული დაძაბული პოლიტიკური ფონი სექტორს რეექსპორტის კუთხით ნაკლებად შეეხო, თუმცა მთლიანად მთელი დარგი დასავლეთზეა მიბმული და ნებისმიერი რყევა, შესაძლოა, ზიანის მომტანი აღმოჩნდეს. 

,,ბოლო პერიოდის გადაწყვეტილებებს მნიშვნელოვანი ზარალი არ მიუტანია, თუ არ ჩავთვლით რუსეთში არსებულ შეზღუდვას, თუმცა ეს დიდად არ დაკლებია ჩვენს დარგს. არც არასდროს არ ყვოფილვართ ჩრდილოეთთან კავშირში. პირიქით, ევროპიდან, ამერიკიდან, იაპონიიდან შემოგვყავს ავტომობილები და გაგვყავს ცენტრალურ აზიაში. ადრე გადიოდა სომხეთში და აზერბაიჯანშიც. მოკლედ, დასავლეთიდან შემოგვაქვს და აღმოსავლეთის ქვეყნებში გაგვაქვს. 

იმედს ვიტოვებთ, რომ გარე ფაქტორები არა მარტო ავტოიმპორტისთვის, არამედ საქართველოსთვის არ იქნება ზიანის მომტანი. არ ჩამოქალიბდება ისეთი სიტუაცია, რომ დასავლეთში ჩვენი პარტნიორები დავკარგოთ. ეს იქნება ამ დარგისა და სექტორის მოკვლა. 

არც ერთ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკა ერევა ბიზნესში, არ არის სტაბილურობა. მთავრობა საქმეში დასახმარებლად უნდა ჩაერიოს და არა ასარევად", - განაცახადა დარბაისელმა.

მისივე თქმით, სფეროში დასაქმებული ადამიანებს სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა სჭირდებათ. შესაბამისად, დარგში არსებული კრიზისის დაძლევა მათი ძალისხმევის გარეშე შეუძლებლად მიაჩნია. 

,,ვფიქრობ, სახელმწიფოსთვის ქართველი ავტოიმპორტიორისა და საქართველიოს მოქალაქის ინტერესის დაცვა უფრო პრიორიტეტული უდა იყოს. გასაგებია, ბიზნესში თანაბარი პირობები უნდა არსებობდეს, მაგრამ სულ მცირედით, თუნდაც ერთი ან ნახევარი ნაბიჯით წინ საქართველოს მოქალაქე უნდა დავაყენოთ სხვა ქვეყნის მოქალაქესთან შედარებით.

ავტობიზნესში საკმაოდ დიდი რაოდენობის ადამიანია ჩართული, რომელთა უკან მათი ოჯახები დგას. ეს საკმაოდ დიდი სფეროა. ავტოსერვისი, ავტონაწილები, ავტოიმპორტი ერთმანეთს მიბმულია და ერთმანეთის გარეშე არ არსებობენ. ჩამოსულ ავტომობილს ჯაჭვურად სჭირდება სამივე სექტორის მომსახურება და მათი გამიჯვნა ერთმანეთისაგან შეუძლებელია. თუ ავტომობილი ჩამოვიდა პორტში და ქართველი ავტოიმპორტიორის ხელში არ გაიარა, ქვეყნისა და საქართველოს მოქალაქეებისთვის დიდი დანაკლისი იქნება. ამიტომაც, პრიორიტეტი საქართველოს მოქალაქე უნდა იყოს", -  განუცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსს" დარბაისელმა.

ავტობიზნესში შექმნილ პრობლემებზე საუბრობს ,,ბიზნეს-რეზონანსთან" ,,იამოტოს" წარმომადგენელი პაატა მაისურაძეც. ისიც ადასტურებს, რომ სფეროში ბოლო დროს საკმაოდ რთული მდგომარეობაა და მყიდველი მუდმივად იკლებს. ამას ხელს უწყობს ქვეყანაში შექმნილი არასტაბილური პოლიტიკური ფონი და არამდგრადი ეროვნული ვალუტა.

,,ნებისმიერ ვაჭრობაზე და მათ შორის ავტობიზნესზეც არასტაბილური პოლიტიკური ფონი უარყოფითად მოქმედებს. სფეროში რეალიზაციამ საგრძნობლად იკლო. პოლიტიკურად არასტაბილური გარემო ყველა მიმართულებას აზარალებს. მყიდველიც ფრთხილი ხდება. ცდილობს თავი შეიკავოს დიდძალი დანახარჯისგან. ამას თან ერთვის ლარის კურსის ვარდნაც, რამაც მანქანების გაძვირება გამოიწვია. 

მოგეხსენებათ, საქონელი შეძენილია დოლარზე. საქართველოში მომხმარებელი თანხას ლარში შოულობს. ამიტომაც, ცხადია, მას გაუძვირდა პროდუქცია. ყველა მომხმარებელზე სხვადასხვანაირად ისახება ეს პრობლემა და ცდილობენ ძვირადღირებული შენაძენისგან თავი შეიკავონ. ნებისმიერი არასახარბიელო ნაბიჯი, რომელიც გადაიდგმება ამა თუ იმ კუთხით თავისთავად, უარყოფითად  აისახება ადგილობრივ ბაზარზე. აფრთხობს მყიდველს და ფერხდება ბიზნესი", - აღნიშნა პაატა მაისურაძემ ,,ბიზნეს-რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე