სოსო არჩავაძე: "ქვეყნის ეკონომიკა მაინც სწრაფად იზრდება, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნაში შიდა რესურსების გამოყენება გაძლიერებულია"
გვანცა წულაია
(13.06.2024)

საქართველოს საგარეო ვაჭრობა შემცირებულია. მიმდინარე წლის 5 თვის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში ექსპორტმა იკლო, ხოლო იმპორტი გაიზარდა. სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ ისაუბრა, თუ რა მიზეზითაც შემცირდა ექსპორტი და რა პოტენციალი აქვს საქართველოს იმისთვის, რომ უარყოფითი საგარეო სავაჭრო ბალანსი შეამციროს, რომელიც 46%-ია. 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8.419 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.3%-ით ნაკლებია. 

აქედან, ექსპორტი 2.274 მლრდ აშშ დოლარი იყო (შემცირდა 9.2%-ით), ხოლო იმპორტი 6.145 მლრდ აშშ დოლარი (გაიზარდა 0.5%-ით). 

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-მაისში 3.872 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46%-ია.

"რეზონანსი”: მიმდინარე წლის 5 თვეში ექსპოერტი 9.2%-ით შემცირდა. რა არის ამის მიზეზი?

სოსო არჩვაძე: ექსპორტში საკმაოდ მაღალი წილი უკავია რეექსპორტს. გასაგები მიზეზების გამო, ავტომობილების რეექსპორტი საგრძნობლად შემცირდა და ამან მოახდინა გავლენა, როგორც ექსპორტის, ისე საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მთლიან მოცულობაზე. 

ადგილობრივი ექსპორტის მოცულობაც მცირდებოდა წლების განმავლობაში. ჩვენ დაახლოებით 4-5 დღეში გვქნება მაისის დეტალური ინფორმაცია და შემდეგ უფრო კონკრეტულ დასკვნებს გავაკეთებ. 

"რ”: საგარეო სავაჭრო ბრუნამ 2.3%-ით იკლო, შეიძლება ეს ციფრი ბევრი არ არის, მაგრამ, როცა ბრუნვა მცირდება, იწვევს თუ არა რაიმე პრობლემებს? 

ს.ა: ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ ერთი და იმავე პერიოდში ადგილი ჰქონდა შემდეგ ტენდენციას - უცხოეთიდან ფულადი ტრანზაქცია შემცირდა, მაისის მონაცემები 2 დღეში გამოქვეყნდება და აპრილის მიხედვით თუ ვიანგარიშებთ, 4 თვეში დაახლოებით 1.3-ით არის ფულადი გადმორიცხვები დაკლებული. ასევე, პირველი კვარტალის მონაცემებით, უცხოური ინვესტიციები საგრძნობლად არის დაკლებული, რომელსაც გარკვეულწილად მულტიპლიკატორული ეფექტის შემოტანა შეუძლია ეკონომიკაში. 

როდესაც ექსპორტი მცირდება, ეს ნიშნავს, უცხოური ვალუტის შემოდინების ნაკლებობას. ამას ემატება აჟიოტაჟური და არაჯანსაღი დამოკიდებულება ლარის კუსისადმი. ყველა ეს ფაქტორი, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური, ასახვას ჰპოვებს იმ გაცვლით კურსში, რაც დღეისათვის არის ჩამოყალიბებული, მაგრამ არ ვთვლი, რომ ეს ტრაგედიაა. გასული წლის ამ პერიოდში ჩვენ გვქონდა ვალუტის 2-ჯერ და მეტჯერ გამყარება პროცენტული თანაფარდობის მიხედვით ეკონომიკის ზრდასთან შედარებით. თითქმის 15%-იანი გამყარება იყო და ეკონომიკა გაიზარდა 7%-ით და ასეთი ანომალია, ადრე თუ გვიან, სერიოზულ პრობლემის წინაშე დაგვაყენებს. ახლა მიდის საპირისპირო პროცესი, ეკონომიკური ზრდის შედარებით მაღალი ტემპი გვაქვს და ძლევს ეროვნული ვალუტის გაუფასურებას. 

ფულადი ტრანზაქციები შემცირდა, ინვესტიციებმა იკლო, ექსპორტიც შემცირდა, მაგრამ ამ დროის იზრდება ქვეყნის ეკონომიკა. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის შიდა რესურსების გამოყენება, უფრო გაძლიერებულია. ქვეყანას აქვს საკმარისი რესურსი და პოტენციალი, რომ შიდა რესურსების გამოყენებით შეძლოს დინამიზმის შენარჩუნება. 

ორი დღის წინ იყო მსოფლიო ბანკის პროგნოზი, რომლის მიხედვითაც, 2026 წლის ჩათვლით საქართველო ექნება საკმაოდ მაღალი, 1.5-ჯერ და მერტჯერ უფრო სოლიდური ზრდა. ამ მაჩვენებლით, უახლოეს სამ წელიწადში ქვეყანას ექნება უფრო მაღალი ტემპი, ვიდრე მეზობელ სახელმწიფოებს. 

ჩემი გაანგარიშებით, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა ამჟამად უკვე 34%-ით არის გაზრდილი. ეს მაშინ, როდესაც გლობალური ეკონომიკის ზრდამ, პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, მხოლოდ 14% შეადგინა. 

"რ”: ზაფხულის პერიოდია და ქვეყანაში ადგილობრივი მოსავალი წამოგვეწევა, ამის ხარჯზე იმპორტის რაღაც დოზით ჩანაცვლება რამდენად მოხერხდება?

ს.ა: ადგილორბივი წარმოება და გადამამუშავებელი მრეწველობა უფრო მეტი დატვირთვით მუშაობს. ამას უნდა დავუმატოთ ის, რომ არის ტურისტული სეზონი და ამ თვეეში (განსაკუთრებით ივლისში, აგვისტოში და ნაწილობრივ სექტემბერში) ინტენსიური ვიზიტების პერიოდია. ერთ ტურისტი, საშუალოდ, დღე-ღამეში, ხარჯავს თითქმის 2.5-ჯერ მეტ თანხას, ვიდრე ჩვენი ტურისტი უცხოეთში, ეს ქმნის იმის საფუძველს, რომ მომსახურების ბალანი იყოს პოზიტიური. 

"რ”: რამდენად დიდია იმის პოტენციალი, რომ უარყოფითი სავაჭრო ბალანსი შევამციროთ, რომელიც მიმდინარე წლის 5 თვის მაჩვენებლით 46%-ზეა.

ს.ა: რადგანაც ჩვენ ორიენტაცია ავიღეთ სწორედ სატრანსპოტო-საკომუნიკაციო ჰაბის როლის შესრულებაზ, მაშინ, უნდა ვიზრუნოთ მომსახურებაში გვქონდეს რაც შეიძლება მეტი მზარდი და დადებითი ბალანსი. ეს იმდენად დიდი უნდა იყოს, რომ გადაფაროს ან მაქსიმალურად შეამციროს ვაჭრობაში წარმოქმნილი უარყოფითი ბალანსი. ჯერჯერობით ამ მხრივ ვითარება გამოსასწორებელია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე