როგორ გრძელდება ზაფხულის ტურისტული სეზონი ზღვისპირეთში - კახოვკის კაშხლის განადგურების ფონზე და მთაში კი - შოვის ტრაგედიის შემდეგ?
თიკა სიბოშვილი
(10.08.2023)

ზაფხულის ტურისტული სეზონის დასრულებამდე ბევრი დრო აღარ რჩება. კურორტები როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი ტურისტებით არის შეივსო და შეიძლება იმის თქმა, რომ სეზონი არ ჩავარდა, თუმცა რამდენად წარმატებული იყო, ამის დასტური ჯერ კიდევ რთულია. სასტუმროებისა და „გესთ ჰაუსის“ მფლობელები სულ უფრო და უფრო მეტს საუბრობენ იმის შესახებ, რომ დამსვენებლების ნაკლებობას მანც განიცდიან, მაგრამ რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს? „რეზონანსი“ შეეცადა გაერკვია რა ხდება რეალურად სამთო და საზღვაო კურორტებზე.

კახოვკის კაშხლის აფეთქების შედეგად გამოწვეული პრობლემების გამო, წელს ადგილობრივმა ტურისტებმა საზღვაო კურორტებზე სტუმრობისგან თავი შეიკავეს, რაზეც თითქმის მთელი სეზონის განმავლობაში საუბრობდნენ ჰორეკა ბიზნესის წარმომადგენლები. ქართველებმა სამთო კურორტებზე დასვენება გადაწყვიტეს და სეზონი წარმატებითაც მიდიობდა, სანამ შოვში საშინელი უბედურება არ დატრიალდა. ბუნებრივმა კატასტროფამ ადგილობრივებში შიში გამოიწვია. არსებულმა მოვლენების გამო სხვა კურორტებზე ჯავშნები არ გაუქმებულა, თუმცა არც დიდი აქტიურობაა.

როგორც ბაკურიანში მდებარე სასტუმროებისა და კოტეჯების მფლობელი მაიკო ბაღდავაძე აღნიშნავს, დამსვენებლებს მთელი თვის განმავლობაში ელოდება და მათგან ჯავშნების გაუქმების შესახებ ინფორმაცია არ მიუღია.

„კურორტიკარგი დატვირთვით მუშაობს. მთელი აგვისტოს განმავლობაში ჯავშნები მაქვს, განსაკურებით გადატვირთულია თვის მეორე ნახევარი. ამ ეტაპისთვის გაუქმებაზე არავის დაურეკია და აქტივობა ისევ ნარჩუნდება. ბოლოდროინდელმა მოვლენებმა მოქალაქეები შეაშინა, მაგრამ ამას ჯავშნებზე არ უმოქმედია“, - აღნიშნა ბაღდავაძემ „რეზონანსთან“ საუბრისას.

პატარა ცვლილების შესახებ საუბრობს, ბაკურიანში მდებარე აპარტამენტის მფლობელი ნატო სამხარაძე, თუმცა მისი აზრით მდგომარეობა საგანგაშო არ არის.

„ჯავშნების გაუქმების ცალკეული შემთხვევები შეინიშნება, თუმცა არა იმდენად, რომ ამან განსაკუთრებით უარყოფითი გავლენა მოახდინოს სეზონის წარმატებაზე. პირადად მე, მთელი აგვისტოს განმავლობაში ჯავშნები მაქვს“, - უთხრა ნატო სამხარაძემ „რეზონანსს“.

შედარებით განსხვავებული მდგომარეობაა საზღვაო კურორტებზე. სტუმრების ნაკლებობა აჭარაში არ შეინიშნება, თუმცა ტურისტების დიდი ნაწილი უცხოელები არიან, ქართველები კი მოგზაურობისგან თავს იკავებენ. სწორედ ამას უსვამს ხაზს მარიამ ხალვაში, რომელიც ბათუმში რამდენიმე აპარტამენტს ფლობს. იგი ადასტურებს, რომ წელს, ძირითადად, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არიან დამოკიდებულნი.

„წელს დამსვენებლები ასე თუ ისე არიან. უნდა აღინიშნოს, რომ ამაზე მეტი ტურისტებიც ყოფილან, თუმცა რეალობა ისაა, რომ ადგილობრივები თავს იკავებენ სტუმრობისგან და ძირითადად, უცხოელ ტურისტებზე ვართ დამოკიდებულნი. ამის მიუხედავად სეზონი ჩავარდნილი მაინც არ არის“, - აღნიშნა ხალვაშმა „რეზონანსთან“ საუბრისას.

როგორც ირკვევა, სხვადასხვა მძიმე მოვლენების ფონზეც კი, სეზონი ასე თუ ისე ნორმალურად მიმდინარეობს, თუმცა ზოგიერთ ადგილას დაბალი აქტივობაა. დარგის სპეციალისტი მანანა ალადაშვილი მიიჩნევს, რომ ბათუმში ტურისტების რაოდენობა სხვა წლებთან შედარებით ნაკლებია და სტუმრების ძირითადი ნაწილი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან.

„ამ ეტაპზე ტურისტული სეზონი არცთუ წარმატებით მიმდინარეობს. ივნისი-ივლისის განმავლობაშიც ისმოდა, რომ დამსვენებლების ნაკლებობა იყო. ახლა აჭარაში ვარ და გაოცებული ვარ აქაური მდგომარეობით. ხალხის რაოდენობა განახევრებული კი არა, უფრო ნაკლებია. ამასთან, დამსვენებლები ქართველები კი არა, უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან - არაბები, რუსები, თურქები და ა.შ.

ამ ეტაპზე რთულია იმის თქმა, თუ როგორ დასრულდება წლევანდელი ტურისტული სეზონი, რადგან აგვისტო ჯერ კიდევ წინაა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ აჭარაში სახარბიელო ამინდიც არ არის. ბათუმში ღრუბელიანი დღეებია ნავარაუდევი და ამის გამოც უქმდება ჯავშნები. ამაზე არა მხოლოდ გესთ ჰაუსის და პატარა სასტუმროს მფლობელები საუბრობენ, არამედ ბრენდული ტიპის სასტუმროებშიც უჩივიან დამსვენებლების მხრიდან პასიორობას“, - აღნიშნა ალადაშვილმა „რეზონანსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ სამთო კურორტებზეც დაიწყო ჯავშნების გაუქმება და ამაზე დიდ გავლენას შოვში მომხდარი სტიქია მოქმედებს.

„ძირითადად სტუმრების ნაკლებობა კახოვკის კაშხლის აფეთქებას და შავ ზღვაში ჩაღრილ მასას უკავშირდება, რამაც განსაკუთრებით შეაშინა ქართველები. შესაბამისად, შიდა ტურისტების ნაკადი დაბალია. უცხოელ ტურისტებზე კი, ამას დიდად არ მოუხდენია  გავლენა.

რაც შეეხება სამთო კურორტებს, ამ ბოლო დროს ძალიან  ბევრმა გააუქმა ჯავშნები, შოვში დატრიალებული ტრაგედია უმძიმესი დარტყმაა ქართული ტურიზმისთვის“, - დასძინა ალადაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე