მუშახაელის დიდი დეფიციტია სოფლის მეურნეობაშიც. ფაქტობრივად, არ დარჩა არც ერთი რეგიონი და არც ერთი სექტორი, რომელსაც ეს პრობლემა არ აწუხებს. მიზეზი აქაც ემიგრაციაა. თანაც ადგილობრივებს დღიური ანაზღაურება ეცოტავებაც, თუმცა ფერმერები ამბობენ, რომ ზრდის შესაძლებლობა არ არსებობს. ასეთი მოცემულობის ფონზე, ფერმერული მეურნეობები არ გამორიცხავენ, რომ დანაკლისის შესავსებლად უცხოური მუშახელი გამოიყენონ, თუკი მათი კვალიფიკაცია დამაკმაყოფილებელი იქნება.
ამ დროისთვის რეგიონებში მოსავლიანობის აღების პროცესი მიმდინარეობს, თუმცა კადრების დანაკლისით, ამიტომ ადგილობრივებს თუ დაქირავებულ მუშებს ორმაგი სამუშაო შესრულება უწევთ.
პრობლემაზე საუბრობს ფერმერი რამაზ ცუკოშვილი და ამბობს, რომ მუშახელის დეფიციტის გამო, მოსავალიანობის აღების პროცესი დროში იწელება, რაც შემდგომ ჩამორჩენას და ნაყოფის გადამწიფებას იწვევს.
„სოფლის მეურნეობაში მუშახელის პრობლემა არის და ეს მოცემულობა ყოველ წელს უფრო კრიტიკული ხდება, მაგრამ ჯერჯერობით მეურნეები თავს ვართმევთ, თუმცა მომავალში, თუ უფრო მეტი ბაღი გაშენდება, ეს, რა თქმა უნდა, ამ საკითხს უფრო მეტად გაართულებს. თავის გართმევა ხდება იმის გათვალისწინებით, რომ ზოგჯერ მუშას ორ სმენაში უწევს მუშაობა, ან კიდევ სამუშაოებს ვერ ვასრულებთ დროულად და შესაბამისად პროცესი იწელება, რაც შემდგომში იწვევს ჩამორჩენას და ნაყოფის გადამწიფებას, გამომდინარე იქიდან, რომ დროულად არ ხდება მისი მოკრეფა. საჭიროა, თანამედროვე ტექნოლოგიებზე გადასვლა, რაც მაქსიმალურად ჩაანაცვლებს მუშახელს.
ხალხი ემიგრაციაში მიდის და ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა. ქვეყნიდან გაედინება მოსახლეობა, რაც წარმოშობს მუშახელის დეფიციტს", - განუცხადა „რეზონანსს" რამაზ ცუკოშვილმა.
მისივე ინფორმაციით, სოფლის მეურნეობაში დღიური ანაზღაურება საშუალოდ 50 ლარია, რაც მუშების ნაწილის ეცოტავება, ამიტომ დასაქმებაზე უარს ამბობენ. თანხის ზრდის შესაძლებლობა კი არ არსებობს.
„მუშახელის დეფიციტის პრობლემა, ფაქტიურად, ყველა რეგიონს შეეხო. ამ დროს კი დღიური ანაზღაურება საშუალოდ 50 ლარია. გვაქვს შემთხვევები, როდესაც მუშისთვის ჩვენი შეთავაზებული თანხა არ აღმოჩნდა მისაღები და ამიტომ უარს ამბობენ დასაქმებისგან, მაგრამ ფიზიკურად ამაზე მეტის გადახდის საშუალება არ არსებობს. მაშინ აზრი არ ექნება, რადგან მეტის გადახდის შემთხვევაში, გამოვა, რომ მუშას უფრო მეტი დარჩება, ვიდრე ფერმერს", - თქვა რამაზ ცუკოშვილმა „რეზონანსთან".
დღევანდელ სიტუაციაში, არ არის გამორიცხეული, რომ, როგორც ბიზნესის რიგ მიმართულებაში, უცხოელი დამხმარე პერსონალის მიმართ მოთხოვნა სოფლის მეურნეობაშიც გაჩნდეს.
რამაზ ცუკოშვილი აცხადებს, რომ სოფლის მეურნეობა უცხოელი მუშახელის ჩამოსაყვანათ მზად არ არის, თუმცა გამორიცხეული არაფერია.
„უცხოელი მუშახელის ჩამოსაყვანათ, მე მგონი, რომ ჯერ მზად არ ვართ. დროა საჭირო, მაგრამ ალბათ, ამ მოცემულობამდეც მივალთ. სხვა სექტორში შეიძლება, რომ 10-12 თვე დაასაქმონ მუშა, სოფლის მეურნეობა კი იმდენად სეზონურია, რომ ალბათ, არ გამოვა, რადგან მათ საქართველოში ჩამოსვლა, ხომ უნდა უღირდეთ? ამიტომ უცხოელებს ვერ დავასაქმებთ, მაგრამ საერთოდ, გამორიცხული არაფერი არ არის და უფრო იაფი ქვეყნებიდან შეიძლება ჩამოყვანა, თუმცა, მაშინ, შესაბამისად, უნდა გაიზარდოს ანაზღაურება, რადგან არამგონია, რომ 17 ევროს გამო აქ სამუშაოდ ჩამოვიდნენ", - დასძინა „რეზონანსს" რამაზ ცუკოშვილმა.
ამდენად, ყველა რეგიონსა და სოფლის მეურნეობის ყველა დარგს მუშახელის პრობლემა აქვს, რაც წლევანდელ წელს არ დაწყებულმა.
პრობლემაზე საუბრობენ სამეგრელოშიც, სადაც ითქვა, რომ მუშოს ანაზრაურება 50 ლარიდან იწყება.
„პრობლემა წელს არ დაწყებულა, უკვე რამდენიმე წელია, რაც მუშების შოვნა ძალიან გვიჭირს, მიუხედავად იმისა, რომ ანაზღაურება არ არის ცოტა. გააჩნია, რა ტიპის სამუშაო, სირთულის მიხედვითაა ხელფასები, რომელიც 50-დან 70-ლარამდე მერყეობს, მაგრამ პრობლემა მაინც გვაქვს. დეფიციტის გამო, დაქირავებულ მუშას ორმაგი სამუშაოს შესრულება უწევს და ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ანაზღაურებაც მეტია", - განუცხადა „რეზონანსს" მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ აბედათის მკვიდრმა ზურაბ წოწორიამ.
პრობლემაა იმერეთშიც. ხონის მუნიციპალიტეტის ფერმერები ამბობენ, რომ ადამიანური რესურსი ნებისმიერ სამუშაოზეა, მაგრამ ანაზღაურების გაზრდის შესაძლებლობს არ არსებობს.
„ნებისმიერ სამუშაოზე მუშების დეფიციტია, რაც უფრო მკვეთრად საგაზაფხულო სამუშაოებზე უფრო ჩანს. ელემენტარულ სამუშაოზე ვერავის ვპოულობთ ხოლმე, ამიტომ ადამიანები შედარებით ზედა სოფლებიდან ჩამოგვყავს, ისინიც სანაცნობო წრეში თუ მოიძებნება ვინმე.
წლევანდელთან შედარებით, შარშან ნაკლები იყო დღიური ანაზღაურება, ახლა გაიზარდა, მაგრამ ხალხს მაინც ვერ ვშოულობთ. ყველაზე გახშირებული 50 ლარია, თუმცა უფრო მეტსაც იხდიან ფერმერები.
ზაფხულის პერიოდი ჩაივლის და მერე რთველი დაიწყება, შარშანაც პრობლემა იყო ყურძნის მკრეფავი და ვითარება ისე მიდის, რომ წელსაც გაგვიჭირდება ხალხის შოვნა. ქვეყნიდან მიდის ხალხი და განსაკუთრებით ახალგაზრდობა, არადა მათი ძალ-ღონე ძალიან სჭირდება სოფელს", - განუცხადა „რეზონანსს" სოფელ ნახახულევის მკვიდრმა ირმა თუთისანმა.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე