ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის შერბილების პოლიტიკას აგრძელებს. მართალია, ტენდენცია ამჯერადაც უცვლელია, მაგრამ გადაწყვეტილებას ძირითადად უარყოფითი შეფასებები მოჰყვა, რადგან მოლოდინი გაცილებით მეტი იყო და ფიქრობდნენ, რომ სებ-ი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 0,5 პუნქტით შეამცირებდა, 0,25%-ის ნაცვლად. სებ-ის პოლიტიკას ეკონომიკურ წრეებში საკმაოდ ფრთხილ ნაბიჯად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ დაგეგმილი 9% სავარაუდოდ ვერ შესრულდება და გაცილებით წლის ბოლოს 9,5%-იან მაჩვენებელს მიაღწევს, რითაც საქართველო მონეტარული პოლიტიკის სიდიდით რეგიონში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა ხდება.
როგორც ცნობილია, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2023 წლის 2 აგვისტოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) 0.25 პროცენტული პუნქტით შემცირების გადაწყვეტილება მიიღო. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 10.25 პროცენტს შეადგენს.
„ივნისში წლიურმა ინფლაციამ 0.6 პროცენტი შეადგინა. ამას საგარეო ფაქტორებმაც შეუწყო ხელი. კერძოდ, წინა წლიდან მოყოლებული, საერთაშორისო ბაზრებზე საკვები ნედლეულისა და ნავთობის ფასებს კლებადი ტენდენცია აქვს. საერთაშორისო გადაზიდვების ღირებულებაც თითქმის პანდემიამდელ დონემდე შემცირდა. ეს კი, ლარის გამყარებულ გაცვლით კურსთან ერთად, საქართველოში იმპორტული საქონლის ფასებს ამცირებს. ინფლაციის კლებას, ასევე, ხელს უწყობს გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა და შემცირებული ინფლაციური მოლოდინები. შედეგად, ადგილობრივი ინფლაციაც, შედარებით ნელი ტემპით, თუმცა მაინც იკლებს და ივნისში ის 8.5 პროცენტს გაუტოლდა. წლის განმავლობაში, მისი კიდევ უფრო შემცირებაა მოსალოდნელი. მიმდინარე პროგნოზით, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია 2023 წლის შემდგომ თვეებში მიზნობრივ 3 პროცენტიან დონეზე დაბალი იქნება, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში კი, მის ირგვლივ დასტაბილურდება. მაღალი ინფლაციის ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, მიზნობრივ დონეზე მეტად შემცირებული ინფლაცია გრძელვადიანი ინფლაციური მოლოდინების დამატებით ნორმალიზებას შეუწყობს ხელს, რაც, თავის მხრივ, ფასების სტაბილურობის წინაპირობაა", - აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს ეროვნული ბანკი მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებსა და საფინანსო ბაზრებს უწყვეტ რეჟიმში აკვირდება და ფასების სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს.
აღსანიშნავია, რომ სებ-ის გადაწყვეტილებას მეტისმეტად ფრთხილ ნაბიჯად აფასებენ საბანკო ასოციაციაშიც. უწყების ხელმძღვანელის ალექსანდრე ძნელაძის თქმით, მოლოდინი იყო, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უფრო მაღალი მაჩვენებლით შემცირდებოდა.
„მოლოდინი იყო, რომ 0.50 პუნქტით მოხდებოდა მონეტარული პოლიტიკის შემცირება, ამაზე ბევრი ექსპერტის მიერ კეთდებოდა პროგნოზი. მოლოდინი არსებობდა ძირითადად ინფლაციის შემცირებასთან დაკავშირებით, მაგრამ ეროვნული ბანკის მხრიდან საკმაოდ ფრთხილი ნაბიჯი გადაიდგა. გადაწყვეტილების მიღებისას არ შეფერხებულა რეალურად, ვინაიდან ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. წლის ბოლომდე იყო რამდენიმე პროგნოზი და მოლოდინი, რომ 9-8,5 ნახევრამდე უნდა შემცირდეს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი. უკანასკნელი გადაწყვეტილება იძლევა იმედს, რომ მომავალ სხდომაზეც დაახლოებით მსგავსი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. შარშან იყო საუბარი, რომ ეროვნული ბანკი 9%-ზე გააკეთებდა სწორებას, თვითონ ქმნიდა ამ მოლოდინს, მაგრამ ეს შეიძლება შეიცვალოს და ნებისმიერ დროს სხვა ნიშნულზე შეაჩეროს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი", - აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ და დასძინა, რომ საერთაშორისო ბაზარზე კვლავ იზრდება საპროცენტო განაკვეთები, როგორც იცით, დოლარშიც და ევროშიც განაკვეთები კიდევ გაიზარდა, რაც მოლოდინების კიდევ ერთხელ გადაფასებას უწყობს ხელს.
„უცხოური განაკვეთების ზრდის ფაქტორიდან გამომდინარეც, სებ-ის შედარებით უფრო ფრთხილი პოლიტიკა გასაგებია, მაგრამ მეორე მხარეს რეალურად ეკონომიკას მაინც სჭირდება სტიმულირება. შემცირება იქნება თუ გამკაცრება, საკმაოდ გვიან აისახება ხოლმე ეკონომიკაზე. ეს ვიხილეთ, როცა მკვეთრი ცვლილების პერიოდშიც კი ინფლაციის მაჩვენებელს საერთოდ არ ემჩნეოდა შემცირება. რეალურად იგივეა მონეტარული პოლიტიკის შემცირების ეფექტი ეკონომიკაზე", - დასძინა ალექსანდრე ძნელაძემ.
ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას აფასებს საბანკო სფეროს სპეციალისტი ლია ელიავა, რომლის ვარაუდიტაც, მოსალოდნელია, რომ წლის ბოლოს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთმა 9,50%-შეადგინოს, თუმცა ამისთვის მთავარი პირობაა, რომ ინფლაციის მოთოკვა მოხერხდეს.
„ეროვნული ბანკი ყოველთვის ასე აკეთებს, როცა ინფლაციის დონე იწევს, მერე თვითონაც დაბლა სწევს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს. ეს ლოგიკურიც არის, ველოდით, რომ მონეტარული პოლიტიკა შერბილდებოდა, მისი ზრდა ყოველთვის მიიჩნევა, როგორც მოსახლეობის ჯიბიდან ფულის ამოღების პროცესი. აქ საუბარია იმაზე, რომ უფრო მეტად შეიძლებოდა შემცირება, თუნდაც 0,50-ის დონეზე, მაგრამ ეს არ გაკეთდა. აქვთ შიში, რომ ინფლაციის დაბალი თვიური მაჩვენებელი არ შენარჩუნდება, შეიძლება გაიზარდოს,. ამიტომ შემცირებას და მერე უკვე გაძვირებას არჩიეს, რომ ფრთხილი ნაბიჯი გადაედგათ. საბოლოოდ ამ მაჩვენებლებით თუ შეამცირებენ, წლის ბოლოს 9,50%-იან მაჩვენებელს მიაღწევს. თუმცა თუ ინფლაციამ ზრდა დაიწყო, არც საპირისპირო გადაწყვეტილებას გამოვრიცხავ", - განაცხადა ლია ელიავამ „რეზონანსთან".
ცნობისთვის, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2023 წლის 13 სექტემბერს ჩატარდება.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე