ნედლეულისა და დისტრიბუციის ჩათვლით ყველაფერი გაიაფებულია, მაგრამ პროდუქტი ფასმა მაინც ყველა დასაშვებ ზღვარს გადააჭარბა
ქეთო გოგოხია
(06.04.2023)

პასქის ფასი რეკორდულ ნიშნულზეა. მწარმოებლებმა მთავარი სააღდგომო პროდუქტი კატასტროფულად გააძვირეს. ეს მაშინ, როცა ფასის მდგენელი თითქმის ყველა ატრიბუტი - ნედლეულისა და დისტრიბუციის ჩათვლით, გაიაფებულია. შეიძლება, მწარმოებლებს ფასი არ შეემცირებინათ, მაგრამ გაძვირებისთვის მცირე მიზეზიც კი არ არსებობს. მომხმარებელთა უკმაყოფილება აშკარაა, მაგრამ რეაგირება ვერ ხერხდება.

კომპანიების წარმომადგენლების ინფორმაციით, სააღდგომო ნაცხვარი დაახლოებით 10-20%-ის ფარგლებში გაძვირდა. თუმცა დახლებზე ფასები გაცილებით მაღლია და ხშირ შემთხვევაში, გაორმაგებულიცაა. დიდუბეში მდებარე ერთ-ერთ საცხობში ,,რეზონანსს" უთხრეს, რომ ფასის შენარჩუნება შესაძლებელია, თუმცა პასქები ყველაფერი გაძვირდა და ტენდენციას არ ჩამორჩნენ.

,,პასქა ნამდვილად გაძვირდა, მაგრამ სეზონი საკმაოდ აქტიურად დავიწყეთ, შეკვეთებს არ ვუჩივით. ჩვენს შემთხვევაში  5 ლარით, ანუ 17%-ით გავზარდეთ ფასი. პასკა იყიდება სტანდარტულად 1-კილოგრამიანი შეფუთვით და 22 ლარი ღირს. რაც მთავარია, ეს არის 100%-ით ნატურალური,  უვნებელი და გემრიელი პროდუქტი. ვფიქრობ, შესაძლებელი იყო ფასი შეგვენარჩუნებინა, მაგრამ ყველგან გაძვირდა და ფასები ჩვენც დავაკორექტირეთ.

მიზეზი არ ვიცი, რამ გამოიწვია ფასების გაზრდა, ალბათ ინფლაციამ, ზოგადად ყველაფერი ძვირია. ის, რომ ფქვილი გაიაფდა, ამ შემთხვევაში სუსტი არგუმენტია, სამაგიეროდ, თითქმის ყველა მიმართულებით მაღალი ფასებია “, - აღნიშნა "რეზონანსთან" ცარო წამალაშვილმა, საცხობის ადმინისტრატორმა.

18 ლარიდან იწყება პასქის ფასები ,,გურმეში". მაღალი ფასის მიუხედავად, კომპანიაში მოთხოვნა მკვეთრად გაზრდილია.

,,ასორტიმენტი გავაფართოვეთ, წელს ვამატებთ განსხვავებული დიზაინის პასქებს, მათ შორის, მომხმარებელს შევთავაზებთ ფრანგული შოკოლადის ჩიფსების პასქასაც.  საწყისი ფასი 18 ლარია, წონისა და დიზაინიდან გამომდინარე. საკმაოდ აქტიური რეალზიაციაა, გვყავს ერთგული, კორპორაციული კლიენტები და ვმუშაობთ საკმაოდ დიდ შეკვეთებზე. პარალელურად საცალო გაყიდვებზეც ზრდას ველოდებით", - აცხადებენ ,,გურმეში".

მაღალი ფასი არ უკვირს მომხმარებელთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის ,,ეტიკის" ხელმძღვანელს. როგორც ამირან შენგელია ,,რეზონანსთან" ამბობს, ბიზნესს ზომიერებამ უმტყუნა, რაზეც წესით, მთავრობა უნდა რეაგირებდეს, მაგრამ არც შესაბამისი საკანონმდებლო ბაზაა და არც არავინ ზრუნავს, რომ ადეკვატური ფასები განისაზღვროს, რაც საბოლოოდ მომხმარებელს აზარალებს.

,,ხელოვნურად გაზრდილი ფასი მეწარმეს  უხერხულობას უნდა უქმნიდეს, მაგრამ ასე არ არის. ბიზნესს ნამდვილად უმტყუნა ზომიერებამ, არარეალური და არაადეკვატური ფასებია და არავინ რეაგირებს. ფასებზე მუდმივად ჩივის მომხმარებელი, მაგრამ ვერაფერს გავხდებით, შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა არ გვაქვს, რითაც ვიხელმძღვანელებთ.

მოთხოვნაა და ფასიც ამიტომ გაიზარდა. იციან, რომ ნებისმიერ შემთხვევაში გაეყიდებათ პროდუქტი. შეიძლება სხვა რამეზე თქვან უარი, მაგრამ სააღდგომოდ 1-2 პასქას მაინც ყველა ოჯახი შეიძენს.

ფასწარმოქმნა, სავაჭრო ურთიერთობები მკაცრად უნდა იყოს რეგულირებული, რადგან ასე არ არის, ვერავის აჯარიმებენ, პასუხს  ვერ მოსთხოვენ. წესით,  საგადასახადო უნდა ჩაერთოს, დამატებითი ღირებულება უნდა გაიზარდოს, როცა მეწარმე ასეთი მაღალი მოგებით ჰყიდის პროდუქტს, მაგრამ ეს მექანიზმი არ მუშაობს", - აღნიშნა შენგელიამ.

მისი აზრით, გარდა ფასისა, პრობლემაა ეტიკეტიც, რადგან დიდი ეჭვია, რომ შიგთავსი არ შეესაბამება ეტიკეტს.

,,შეფუთვაზე პასქას აწერია, რომ ნატურალური პროდუქტია, მაგრამ ნამდვილად არის თუ არა ასეთი, არავინ ამოწმებს. არანაირი სტანდარტი არ არის და არც კონტროლდება. შემადგენლობა მკაცრად უნდა იყოს რეგლამენტირებული, რეგულარულად უნდა მოწმდებოდეს, რამდენად შეესაბამება ეტიკეტზე დაწერილს შიგთავსი, მაგრამ არავინ ამის გამკეთებელი არ არის და ისევ მოსახლეობა ზარალდება", - დასძინა შენგელიამ ,,რეზონანსთან" საუბრისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე