გვანცა წულაია
(06.04.2023)

საქართველოს კიდევ ერთი ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი პროექტის დაწყების მოლოდინშია. საუბარია შავი ზღვის კაბელზე, რომელზეც უდიდესი იმედები მყარდება. პროექტი ოთხმხრივია, რომელიც საქართველოსთან ერთად სამ სახელმწიფოს (აზერბაიჯანი, რუმინეთი, უნგრეთი) აერთიანებს.

ენერგეტიკოსები ამბობენ, რომ პროექტი საქართველოს დიდ მნიშცველობას შესძენს, თუმცა ქვეყნის მხრიდან ბევრი რამ არის გასაკეთებელი და ამაზე ზურნვა უკვე დაწყებული უნდა იყოს. როგორც ენერგეტიკოსი ანზორ ჭითანავა აცხადებს, თუ ჩვენი სისტემა არ იქნება მიმზიდველი ევროპული სისტემისათვის, მაშინ ამ პროექტს საქართველოსთვის მხოლოდ გამტარი ეფექტი იქნება.

"მას შეიძლება ეწოდოს საუკუნის პროექტი. მსოფლიოში გადანაწილების პროცესი უკვე დაწყებულია და მიმდინარეობს, ამის ერთ-ერთი გამოვლინება არის არჩევანი, რომელიც გაკეთდა შუა დერეფანზე. ყოველი დიდი სისტემა, რომელიც ემეზობლება ჩვენისთანა პატარა ქვეყანას, არის სტრატეგიული მნიშვნელობის მოვლენა, რადგან დიდი სისტემასთან თანამშრომლობა, შერწყმა და დაბალანდებული კავშირების დამყარება, ჩვენი სისტემის მდგრადობის, საიმედოობის ამაღლების გარანტიას ნიშნავს. ამიტომ საქართველოს რეალობისთვის ამ პროექტს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, რადგან ჩვენ ვხდებით ამ დიდი სისტემის ნაწილი.

ის, რომ ჩვენ ჩვენს ტერიტორიაზე კაბელს გავატარებთ, რა თქმა უნდა, სხვადასხვა მიმართულებით დადებითი მოვლენაა, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია როგორ შევერწყმებით და როგორ მივუსადაგებთ ჩვენს შიდა ამოცანებს, იმ დიდ გეოგრაფიულ არეალში, როგორიც არის ევროპა.

თუ ჩვენი სისტემა არ იქნება მიმზიდველი ევროპული სისტემისათვის, მაშინ ეს მხოლოდ გატარების ღონისძიება იქნება. ჩვენ კი უნდა გვქონდეს ისეთი სისტემა, რომელსაც შეუძლია რეაგირება 24-საათიან რეჟიმში საბაზრო მოთხოვნილებებზე, განსაკუთრებით საგანგებო სიტუაციების პირობებში, ეს იქნება პოლოტიკური თუ სოციალური აფეთქება, მიწისძვრა, ომი და ა.შ. თუ ამას მოვახერხებთ, მაშინ, ვიქნებით მიმზდიველი ამ ევროპული სადენის ფუნქციონირებაში, მაგრამ თუ ეს არ გვექნება, მაშინ, მხოლოდ გამტარი ქვეყანა ვიქნებით.

ჩვენი სისტემა უნდა გადავაწყოთ. უნდა დავიწყოთ სიმძლავრეების დახარისხებული გადალაგება და ექსპლუატაციაში შეყვანა, იმ მოთხოვნების შესაბამისად, რომლებიც სჭირდება ამ სისტემას. ამიტომ, როდესაც ვამბობთ, რომ უნდა მოვემზადოთ და შევერწყათ ამ სისტემას, ეს იმას ნიშნავს, რომ დღეიდან კი არა, გუშინდელი დღიდან უნდა დაგვეწყო მზადება. დროს კი არ უნდა დავეწიოთ, არამედ უნდა გავაწროთ, რადგან სისტემას თუ შესაბამისად არ დავხვდით, მაშინ, ზედაც არ შემოგვხედავენ”, - განუცხადა "რეზონანსს” ანზორ ჭითანავამ.

ფაქტია, რომ ქვეყანაში ენერგეტიკული ობიექტების განვითარებაზე მუშაობა აქტიურად დაიწყო. მთავრობა აცნობიერებს, რომ ენერგეტიკის დარგის ხელშეწყობის გარეშე ეკონომიკისთვის სარგებელი ყოველთვის ნაკლებია, ტრანზიტიდან თუ სხვა არხებით რა შემოსავალიც არ უნდა მივიღოთ. პოტენციალი ამ მხრივ ძალიან დიდია.

ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ ევროპა მხარს უჭერს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს, რომელიც უზარმაზარი ინვესტიციაა და იმედს გამოთქვამს, რომ მნიშვნელოვნად შეცვლის ელექტროენერგიის გამომუშავებას და ასევე ელექტროგადაცემას სამხრეთ კავკასიას და ევროკავშირს შორის.

„შავი ზღვის კაბელი არის ძალიან დიდი პროექტი, რომელიც აკავშირებს, ერთი მხრივ, საქართველოსა და აზერბაიჯანს, მეორე მხრივ, რუმინეთსა და უნგრეთს. ევროკავშირი მხარს უჭერს ამ პროექტს და მონაწილეობს მასში, როგორც დამკვირვებელი. ჩვენ ვსაუბრობთ უზარმაზარ ინვესტიციაზე, რომელიც, იმედია, მნიშვნელოვნად შეცვლის ელექტროენერგიის გამომუშავებას და ასევე ელექტროგადაცემას სამხრეთ კავკასიასა და ევროკავშირს შორის. ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს ამ პროექტს და გვინდა, რომ ამ პროექტს ჰქონდეს რეგიონული მასშტაბი.

გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ რამდენიმე წელიწადში სამხრეთ კავკასია გახდება ენერგიის ძალიან მნიშვნელოვანი წყარო ევროკავშირისთვის. ამას გარკვეული დრო დასჭირდება, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ უზარმაზარ პროექტზე, მაგრამ გვსურს, ეს რაც შეიძლება მალე განხორციელდეს", - აღნიშნა ჰერჩინსკიმ.

2022 წლის 17 დეკემბერს, აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთის და უნგრეთის მთავრობებს შორის ხელი მოეწერა სტრატეგიული თანამშრომლობის შეთანხმებას, მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის შესახებ. შეთანხმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი წარმოადგენდა - პროექტის განხორციელების შემთხვევაში, 1 195 კილომეტრის სიგრძის კაბელი რუმინეთს დაუკავშირდება (1100 კმ წყალქვეშა და 95 კმ სახმელეთო კაბელი).

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე