"1-2 წელიწადში გამოუვალ სიტუაციაში არ აღმოვჩნდებით, მაგრამ 10 წელიწადში შესაძლოა, მართლა გაჩნდეს კრიზისის ნიშნები"
გვანცა წულაია
(04.04.2023)

საქართველოში საპენსიო სისტემის ცვლილებაზე საუბარი დაიწყო. ევროპის რიგ ქვეყნებში შესაბამისი პროცესები უკვე მიმდინარეობს, საქართველოში კი ჯერჯერობით მხოლოდ რეკომენდაციები ვრცელდება მთავრობის მისამართით. ცვლილება სხვადასხვა გარემოებებთან ერთად, საპენსიო ასაკის ზრდას გულისხმობს. აგრეთვე საუბარია საბაზისო პენსიიდან იმ პირთა ჩახსნაზე, რომლებიც დაგროვებით საპენსიო სისტემაში არიან ჩართულნი. სპეციალისტთა ერთი ნაწილი აცხადებს, სიახლის დანერგვა აუცილებელია, რადგან წლების შემდეგ ბიუჯეტს რაოდენობრივად და თანხობრივად გაზრდილი პენსიის გასტუმრება გაუჭირდება.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი საპენსიო ასაკის ზრდის რეკომენდაციით გამოდის. როგორც ორგანიზაციის მიერ მომზადებულ კვლევაშია აღნიშნული, პენსიონერების მზარდი რაოდენობის ფონზე ქვეყნის ფისკალური მდგრადობის შესანარჩუნებლად, მნიშვნელოვანია, მუშაობა დაიწყოს საპენსიო ასაკის გასაზრდელად საზოგადოებრივი ცნობიერების მომზადებისთვის.

„არსებული მწირი ფისკალური რესურსის პირობებში საქართველოში პენსიონერების რაოდენობის და, შესაბამისად, პენსიის, როგორც ბიუჯეტის ხარჯების წილის მნიშვნელოვანი ზრდა, აფერხებს ქვეყნის განვითარებას.

საქართველოში საპენსიო ასაკის ზრდა არ იწვევს ისეთ წინააღმდეგობას, როგორც ზოგიერთ სხვა ქვეყანაში. მაგალითად, კითხვაზე რამდენად მიზანშეწონილია საპენსიო ასაკის გაზრდა, რაც სახელმწიფოს მისცემს შესაძლებლობას, რომ დაზოგილი საბიუჯეტო, ისევე როგორც მოქალაქეთა მიერ დაგროვილი თანხები მოხმარდეს ეკონომიკის ზრდას, რესპონდენტთა 27.9% არ ეწინააღმდეგება საპენსიო ასაკის გაზრდას, 72.1% კი კატეგორიულად ეწინააღმდეგება, მაშინ როცა, მაგალითად, საფრანგეთში მოსახლეობის გაცილებით დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება მაკრონის საპენსიო რეფორმას, რაც ასაკის 62-დან 64 წლამდე ზრდას ითვალისწინებს", - აღნიშნულია კვლევაში, სადაც ასევე წერია, რომ საქართველოში 2012-2022 წლებში ასაკით პენსიის მიმღებთა რიცხვი 125 440 ადამიანით (18.3%) გაიზარდა, ხოლო პენსია, როგორც ბიუჯეტის ხარჯების წილი - 16%-დან 19%-მდე (1.817 მლრდ ლარით), რაც 2023 წლის ხარჯების 21%-ს მიაღწევს. ამავე პერიოდში ქვეყნის მოსახლეობა შემცირდა 50.7 ათასი ადამიანით.

ეკონომისტთა ნაწილი ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევას ეთანხმება. ისინიც ამბობენ, რომ საპენსიო სისტემის ცვლილება აუცილებელია, რადგან წლების შედეგ საქართველოს ბიუჯეტი პენსიონერთა უზრუნევლყოფას ვეღარ შეძლებს. როგორც ცნობილია, პენსია წლიდან წლამდე მინიმუმ 20 ლარით იზრდება, თანაც ქვეყანაში მოსახლეობის დაბერება მიმდინარეობს, ანუ პენსიონერთა რიცხვი იზრდება, ხოლო ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა - მცირდება.

ეკონომისტი გივი მომცელიძე აცხადებს, რომ შეიძლება მოხდეს საპენსიო ასაკის გათანაბრება, ანუ ქალები, როგორც მამაკაცები, პენსიაში 65 წლიდან გავიდნენ, მაგრამ მოსახლეობის დარწმუნება რთული იქნება.

"ეს პრობლემა ყველგან იკვეთება, სადაც მოსახლეობის დაბერება მიმდინარეობს. ჩვენც შევდივართ ჩამონათვალში. საქართველოში დაბერება ევროპის დონეზე არ არის, მაგრამ ტემპი საკმაოდ მაღალია. 1-2 წელიწადში გამოუვალ სიტუაციაში არ აღმოვჩნდებით, მაგრამ შესაძლოა, 10 წელიწადში მართლა გაჩნდეს კრიზისის ნიშნები. ამიტომ რაღაც მომენტში ვეთანხმები იმას, რომ საპენსიო სისტემის ცვლილებაზე ვიფიქროთ. მაგალითად, ხომ არ გათანაბრდეს საპენსიო ასაკი, ანუ როგორც მამაკაცები იღებენ პენსიას 65 წლიდან, ისე მოხდეს ქალების შემთხვევაშიც. ამაში ხალხის დარწმუნება ურთულესი იქნება, ვნახეთ, რაც ხდება საფრანგეთში.

დიდ ქვეყნებში უფრო სერიოზულად დგას ეს საკითხი, რადგან ძნელია ამდენი თანხის გამოყოფა, მით უმეტეს, როცა სამუშაო ძალა პროცენტულად უფრო მცირეა, ვიდრე 10-20 წლის წინ იყო. ახალგაზრდობას აწვება ყველაფერი და ისინი იხდიან მეტ თანხას, ამიტომ აბსოლუტურად მესმის იმ ქვეყნების, ვინც საპენსიო ასაკის ზრდაზე ფიქრობს, მაგრამ საზოგადოების დარწმუნება რთული იქნება. როცა ვიღაცამ იცის, რომ პენსიაში 5 წელიწადში გავა და ამ დროს მოხდება ცვლილება და 5 წლის ნაცვლად, 7 წელიწადში მოუწიოს ასაკმა გავიდეს, ის, რა თქმა უნდა, წინააღმდეგი იქნება. 

ცოტა გამიკვირდა ჩვენთანაც ამაზე სერიოზულად რომ დაიწყეს საუბარი, რადგან ასე შორს არ ვიცით ხოლმე გახედვა, უფრო დღევანდელი დღით, ან უახლოესი 1-2 წლით ვცხოვრობთ. ისე კი, ეკონომიკის ზრდაზე უფრო უნდა ვფიქრობდეთ, ვიდრე საპენსიო ასაკის გაზრდა-გათანაბრებაზე”, - განუცხადა "რეზონანსს” გივი მომცელიძემ.

მეორე მიმართულბა, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა წინ წამოწია, დაგროვებით საპენსიო სისტემას ეხება, უფრო ისინი ამბობენ, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემის მონაწილეებს უნდა შეუწყდეთ საბაზისო პენსია.

სპეციალისტები ამ უკანასკნელს არ მიესალმებიან და აცხადებენ, რომ ყოველვიური პენსიიდან იმ პენსიონერთა ამოწერა, რომლებიც დაგროვებითი საპენსიო სისტემით სარგებლობენ, უფრო დიდ პროტესტს გამოიწვევს, ვიდრე ასაკის ზრდა/გათანაბრება.

პოლიტიკური დაკვეთას ხედავს ეკონომისტი, `ახალი ეკონომიკური სკოლის” პრეზიდენტი პაატა შეშელიძე და აცხადებს, რომ რეკომენდაციების გაჟღერება სიტუაციის შესაბამიად მომზადებას ემსახურება.

"გააჩნია, ვის შეეხება და ათვლას როდიდან ავიღებთ. 60 წლის ადამიანს თუ ვეტყვით, რომ საპენსიო ასაკი სიტყვაზე 70 წლამდე უნდა გაეზარდოს, არ იქნება სწორი, ამიტომ პერიოდს გააჩნია. გათანაბრება გასაგებია. ქალთა სიცოცხლის ხანგრძლივობა უფრო მეტია, ვიდრე მამაკაცების და ამ თვალსაზრისით კაცები იჩაგრებიან, რადგან, საბოლოო ჯამში, საპენსიო ასაკს ძალიან ცოტა აღწევს და ვერ იღებს პენსიას. ამიტომ ასაკის გათანაბრება უფრო ლოგიკური იქნებოდა, ვიდრე საპენსიო ასაკის ზრდა.

საუბარი კი იმაზე, რომ ვინც დაგროვებით სისტემაში ჩართულია, მათ საბაზისო პენსია მოესხნას, არის ზედმეტი ოპტიმიზმი. აქედანაც აშკარად იგრძნობა, რომ ეს პოლიტიკური, მთავრობის ინტერესია. კიდევ ერთხელ ვამბობ, მესმის, რომ მთავრობას ფული უჭირს, მაგრამ, მეორე მხრივ, ადამიანებს ანგარიში უნდა გაუწიონ და ისეთი რეფორმები უნდა განახორციელოს, სადაც მოსახლეობა თვითონ მიიღებს მონაწილებას”, - განუცხადა შეშელიძემ "რეზონანსს”.

საქართველოში საპენსიო ასაკი მამაკაცების შემთხვევაში 65 წელია, ხოლო ქალების - 60 წელი. 2023 წლის იანვრის მდგომარეობით, ქვეყანაში სულ 808 ათასი ასაკით პენსიონერია, მათი 71% ქალის, 29% კი - მამაკაცი. ქვეყანაში კაცების სიცოცხლის საშუალო მოსალოდნელი ხანრძლივობა 67.5 წელია, ქალების კი - 75.4 წელი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე