"შეთანხმება, ფაქტობრივად, მიღწეულია. მით უმეტეს, საქმეში მთავრობაა ჩართული და ყველა მოცემულობაა, რომ ფასის კლება დაიწყოს"
ქეთო გოგოხია
(04.04.2023)

დაახლოებით 10 აპრილიდან  მოსალოდნელია პური გაიაფდეს. მიუხედავად იმისა, რომ რესურსი აქამდეც არსებობდა, სავაჭრო ობიექტებში სოციალური პროდუქტი ჯერ კიდევ მოგების მაღალი მარჟით იყიდება, რაზეც მწარმოებლების მხრიდან მუდმივად კეთდებოდა მინიშნება. სექტორის წარმომადგენლები  ამბობენ, რომ დაახლოებით 1 კვირაში მაღაზიებს პურს შემცირებულ ფასად მიაწვდიან, რაც მომხმარებელს დიდ შეღავათს მისცემს. საყურადღებოა, რომ ამ ეტაპზე სექტორს ცვლილება მეპურეებთან  შეთანხმებით მოუწევს. საქმეში მთავრობა ჩაერია და ყველაფერი კეთდება, რომ პური გაიაფდეს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, სავარაუდოდ, ძირითადი მოხმარების პურზე ფასი შემცირდება.

ამის წინაპირობას  ხორბლსა და ფქვილზე ფასების კლება იძლევა, რასაც  ბოლო პერიოდში აქვს ადგილი.

 „ბოლო პერიოდში ხორბალთან და ფქვილთან მიმართებით ფასები მნიშვნელოვნად შემცირდა, განსაკუთრებით კი, ფქვილზე. ჩვენ გვქონდა პურის მწარმოებლებთან კომუნიკაცია და ველოდებით, რომ ფასების კლება, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით, უკვე აისახება პურზე და ჩვენ დახლებზე, ალბათ, უახლოეს პერიოდში ძირითადი მოხმარების პურზე შემცირებულ ფასს ვნახავთ,“ - განაცხადა მინისტრმა.

გაიაფების შესაძლებლობაზე საუბრობენ მეწარმეებიც, რომელთა განცხადებითაც, რესურსი აქამდეც იყო, მაგრამ ქსელური მარკეტები პროდუქტს მაღალი მოგების მარჟით ყიდიან.

პურის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა მალხაზ დოლიძემ ,,რეზონანსთან“ დაადასტურა, რომ წარმოება მზად არის  პურის გასაიაფებლად.

,,ველოდებით, რომ დაახლოებით 10 აპრილიდან შემცირდება პურზე ფასი, ქსელურ მარკეტებთან დადებული ხელშეკრულებები უნდა შეიცვალოს. მაღაზიები, რომლებიც ინდივიდუალურად მუშაობენ, შეუძლიათ, დღესვე გააიაფონ პური, მაგრამ არ აკეთებენ. ქსელურ მარკეტებში ცვლილება უახლოეს დღეებში აისახება. იძულებული არიან, შეცვალონ ფასი, დაახლოებით 10 თეთრით.

უკვე გვქონდა შეხვედრები სექტორის წარმომადგენლებთან და ზეპირი შეთანხმება, ფაქტობრივად, მიღწეულია. მით უმეტეს, საქმეში მთავრობა არის ჩართული და ყველა მოცემულობაა, რომ პურის ფასის კლება დაიწყოს. დღეს საცალო სექტორს 500-გრამიანი პური ქარხნიდან 1,10 ლარად გააქვს და მაღაზიებში 40-თეთრიანი ფასნამატით ყიდის, რაც საკმაოდ დიდი მაჩვენებელია, არ შეიძლება სოციალური პროდუქტი ქვეყანაში ასეთი მოგებით იყიდებოდეს. ახლა  პურს ქარხნები კიდევ უფრო ნაკლებ ფასში მიაწვდიან, რაც საბოლოოდ ფასის კლებას გამოიწვევს. ფქვილზე ფასი საგრძნობლად შემცირდა, რაც ძირითადი კომპონენტია ფასწარმოქმნაში“, - აღნიშნა მალხაზ დოლიძემ.

რაც შეეხება პურის თვითღირებულების კომპონენტს, დოლიძის თქმით, წარმოების ხარჯთაღრიცხვაში დენის წყლისა და გაზის გადასახადი, ჯამში, თვითღირებულების 30%-ს შეადგენს.

,,ხარჯთაღრიცხვაში დენის წყლისა და გაზის გადასახადი  საბოლოო ფასში 30%-ს შეადგენს, საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია. ამას ემატება დღგ-ს 18%-იანი გადასახადი და უნდა დაანგარიშდეს ასევე სხვა ხარჯიც, რომელიც ფქვილის ფასს, დამხმარე მასალების შეძენას, შეფუთვას, ხელფასებს და დისტრიბუციას უკავშირდება. მთლიანობაში ჩვენი მოგების მარჟა არის მცირე, 4-5%-ს არ აჭარბებს და ვერც იქნება ამაზე მეტი. კარგია, რომ რითეილ სექტორი შეამცირებს ფასს, აქამდეც იყო ამის რესურსი, მაგრამ ნაბიჯები სექტორის მხრიდან მხოლოდ ახლა იდგმება. ცვლილებას სულ რამდენიმე დღეში ვიხილავთ“, - აღნიშნა მალხაზ დოლიძემ.

პურის ქარხნებში აცხადებენ, რომ მზად არიან ინდივიდუალურად მიიღონ გადაწყვეტილება, თუკი ბაზარზე პურის გაიაფების ტენდენცია დაიწყება. ,,თემქის პურის“ დირექტორის, დალი კუპატაძის თქმით, ამის რესურსი დღეს რეალურად არსებობს.

,,ბაზარზე ფქვილი იაფდება და ეს ფასის კორექტირების საშუალებას ნამდვილად გვაძლევს. როცა ფასმა დაიწყო კლება, ჩვენ პური წონაში გავზარდეთ კიდეც, ეს ყველა მომხმარებელმა იგრძნო. ახლა შევეცდებით ფასის კორექტირებას უკვე დაახლოებით 5-10 თეთრის ფარგლებში, ცხადია, წონას არ შევეხებით, ეს გამორიცხულია! როცა საშუალება გვქონდა, ყოველთვის ვინარჩუნებდით ფასს, ამიტომ გვენდობა მომხმარებელიც“, - უთხრა დალი კუპატაძემ ,,რეზონანსს“.

რაც შეეხება ფქვილის ფასს, 1 ტომარა პროდუქტის ღირებულება, საშუალოდ, 55-58 ლარის ფარგლებშია. 500-გრამიანი პური დახლებზე საშუალოდ 1,30-1,40 ლარი ღირს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე