არაკეთილსინდისიერ ბიზნესმენებზე არაფერი ჭრის, ამიტომ საჭიროა უფრო მეტი რეგულაცია და მაქსიმალური კონტროლი
ქეთო გოგოხია
(03.04.2023)

ფასების შემცირებასთან დაკავშირებით მთავრობის მცდელობას ის შედეგი არ მოაქვს, რაც წინასწარ იყო განსაზღვრული. ამის მიზეზი ისაა, რომ ბიზნესი მაღალ ფასს ვერ თმობს და ტენდენციამ განსაკუთრებით ახლა იჩინა თავი, როდესაც კონკურენციის სააგენტო პრემიერის დავალებით მაღალი ფასების გამოწვეულ პრობლემებს სწავლობს. ირკვევა, რომ ქვეყანაში ბიზნესი მონოპოლიური სქემებით იმართება, რაც ბაზარზე ფასების შესამცირებლად მთავარი დაბრკოლებაა.

მიუხედავად იმისა, რომ ყველა პირობაა პროდუქტების გაიაფებისთვის, ტენდენცია არ იცვლება. ცხადია, ეს არ ეხება მხოლოდ სასურსათო ბაზარს,  რიგ სექტორებში, როგორიცაა ფარმაცია, სამშენებლო მასალები და სხვა,  სავარაუდოდ,  მონოპოლიის და კარტელური შეთანხმების გამო არ იკლებს ფასები. კონკურენციის სააგენტო სწორედ ამას იკვლევდა და კიდევ აგრძელებს მოკვლევას.

როგორც სპეციალისტები ამბობენ, კონკურენციის თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობაა მედიკამენტების სექტორში, ასევე ქათმის გაყინული ხორცისა და მარცვლეულის ბაზარზე.  ეკონომისტ რამაზ გერლიანის თქმით, თითქმის  ყველა სეგმენტში, სადაც ბაზრები ნაკლებად დივერსიფიცირებულია და შემომტანი კომპანიების რაოდენობა მცირეა, ვითარება არასახარბიელოა. სრული საფუძველია, რომ ოლიგოპოლიურ რისკებზე თამამად დაიწყოს საუბარი და მთავრობამ ამ მძიმე მდგომარეობის გამოსწორებაზე იზრუნოს, ვინაიდან , საბოლოოდ, მომხმარებელი ზარალდება.

,,რასაკვირველია,  როდესაც რიცხობრივად ნაკლებია მიმწოდებელი, ბიზნესი არის მონოპოლიური და ოლიგოპოლიური. ეს ეტყობა ფასებსაც. ჩვენ ამას ვხვდებით და აღვიქვამთ, როცა პროდუქტები ძვირდება იზრდება. სხვა ბუნებრივ მიზეზებთან ერთად, მონოპოლიები ცუდ როლს თამაშობენ, როგორც ეს თავის დროზე შაქრის შემთხვევაში ვნახეთ. მოულოდნელად ბიზნესმა მოინდომა, რომ მაღალი შემოსავალი მიეღოთ, სპეციალურად  შექმნეს ეს სიტუაცია და ხელოვნური ეფექტი, თითქოს იყო ბაზარზე  დეფიციტი, რამაც ფასები კოლოსალურად გაზარდა. შედეგად მივიღეთ ის, რომ მიწოდების პრობლემა არ არსებობდა, მაგრამ ფასები კვლავ მაღალ მაჩვენებელზე დარჩა, მერე კი მხოლოდ უმნიშვნელოდ შემცირდა.

შეიძლება, ერთ კონკრეტულ სეგმენტში რამდენიმე შემომტანი ფიქსირდება, მაგრამ რეალურად 3-4 მოთამაშეს აქვს განაწილებული, ესეც ოლიგოპოლიაა. კარტელური გარიგებებია გაყინული ქათმის ხორცის ბიზნესშიც, თუმცა რთულად დასადგენია.  როგორც კი შემოიტანენ პროდუქტს, გადანაწილდება ბაზარზე და ფაქტობრივად, ვერაფერს უპირისპირებ. მარცვლეულის ბიზნესშიც ეს ვითარებაა“,  - განაცხადა ,,ბიზნეს-რეზონანსთან" გერლიანმა და დასძინა, რომ რთული სიტუაციიდან ერთ-ერთი გამოსავალია კონტროლის გაძლიერება, რომ მდგომარეობა გამოსწორდეს და ფასების კლების რეაკლური შესაძლებლობა გაჩნდეს.

,,პრემიერის სიტყვასაც არ აქვს ის სიძლიერე. ვხედავთ ბიზნესი მაინც ვერ თმობს უზარმაზარ მოგებას და ბაზარზე ისევ ხელოვნურად მანიპულირებენ, რის მაგალითიც არაერთია. კონკურენციის გაძლიერება ერთ-ერთ გამოსავლად მიიჩნევა, მაგრამ ესეც არასკმარისია, სხვა მექანიზმია საჭირო. ალბათ, უფრო  მეტი კონტროლი და რეგულაციები, რომ მონოპოლიები დაიშალოს ქვეყანაში", - დასძინა გერლიანმა.

ბაზარზე არსებულ კარტელურ გარიგებებზე საუბრობს ეკონომისტი აკაკი ცომაიაც, რომლის შეფასებითაც, ფასების შემცირება გართულებულია განსაკუთრებით იმ ბაზარზე, სადაც ნაკლები კონკურენციაა, რაც მონოპოლიის ნიშნებს ადასტურებს.

,,მოთხოვნის შემცირებასთან ერთად, ფასების ზრდის ტემპიც თანდათან მცირდება. ამას ის მდგომარეობაც უწყობს ხელს, რომ ლარი საკმაოდ გამყარებულია. თუ არსებული ტემპი გარკვეული პერიოდის განმავლობაში შენარჩუნდება, ინფლაციის დონის კლება კიდევ გაგრძელდება.

რაც შეეხება სექტორებს. ზოგან გაიაფების ტენდენცია არ შეინიშნება, ამას დრო სჭირდება. ზოგადად, რაც უფრო მონოპოლიზებულია სექტორი, იქ ფასებს მაქსიმალურად ინაჩუნებენ, ვიდრე იქ, სადაც კონკურენცია მაღალია", - აღნიშნა აკაკი ცომაიამ.

ამდენად, ეკონომისტები აცხადებენ, რომ აცხადებს, ოლიგოპოლიებთან დაკავშირები საფუძვლიანი ეჭვებია და ყოველი ფაქტი კონკურენციის სააგენტომ საფუძვლიანად უნდა შეისწავლოს. ეკონომისტი მერაბ ჯანიაშვილიც ადასტურებს, რომ ქვეყნისთვის  უდიდესი პრობლემაა ოლიგოპოლია, რაც ეკონომიკურ სტაბილურობას ძირს უთხის და უფრო და უფრო აუარესებს  მოსახლეობის კეთილდღეობას.

,,ისეთი ღარიბი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, სოციალური გარანტიები მაღალ დონეზე  უნდა იყოს, მაგრამ ბევრი დამაბრკოლებელი გარემოებაა. მძიმე მდგომარეობის მანიშნებელია, როცა პრემიერი ამბობს, რომ ფასები 50-80%-ით არის გაზრდილი და ამას ვერაფერს უხერხებენ!

ვხედავთ, რომ ფასებზე არც გლობალური ტენდენცია აისახება და არც ლარის გამყარება, რადგან  ყველგან ოლიგოპოლიაა. არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენების კარტელური გარიგებების შედეგად ყველა ზარალდება - ქვეყანაც და ხალხიც.  უმძიმეს სიტუაციაში აღმოვჩნდით სიძვირის გამო გამო. უცნაური ტენდენციის მომსწრე ვართ, როცა იმპორტი იაფდება, მაგრამ შემცირების ნაცვლად, ფასი  მატულობს. ამაზე რეაგირება აუცილებელია, რეგულაციები გასამკაცრებელია, ამისთვის გვყავს მთავრობა, რომ მოსახლეობის ინტერესები დაიცვას “, - განაცხადა მერაბ ჯანიაშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსთან“.

ცნობისთვის, 2023 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.2 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 5.3 პროცენტი შეადგინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე