"ადამიანური რესურსის პრობლემა უკვე დაწყებულია და ამაში მთლიანად ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობა იგულისხმება"
გვანცა წულაია
(03.04.2023)

საქართველოს დემოგრაფიული მაჩვენებელი კიდევ უფრო გაუარესებულია. ბოლო წლების სტატისტიკა საგანგაშოა, რადგან ქვეყანამ უარყოფით ბუნებივ მატებას თავი ვერაფრით დააღწია. მძიმე დემოგრაფიულ გარემოებას მიგრაციის მაღალი მაჩვენებელიც უწყობს ხელს.  თუკი მიმდინარე ეტაპზე საქართველოში კვალიფიციური მუშახელის პრობლემაა, არ არის გამორიცხული, მალე უარყოფითი სალდოსა და მზარდი მიგრაციის ფონზე, სამუშაო ძალის კრიზისიც დადგეს.

ისევე, როგორც წინა წლებში, მოსახლეობის ბუნებრივი კლება დაფიქსირდა 2022 წელსაც, ანუ იმაზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა და მათ შორის სხვაობამ 6 799 შეადგინა. უფრო კონკრეტულად კი, 2022 წელს საქართველოში 42 319 ბავშვი დაიბადა, წინა წელთან შედარებით შემცირება 7.9%-ია, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობამ 49 118 შეადგინა. ამ უკანასკნელთან მიმართებით, 2021 წელთან შედარებით, 18%-იანი შემცირებაა.

წინა წლების სტატსიტიკას თუ გადავხედავთ, ვნახავთ, რომ უარყოფილი სალდო მანამდეც გვქონდა. მაგალითად, 2020 წელს საქართველოში 46 520 ადამიანი დაიბადა. ამავე წელს გარდაცვლილთა რაოდენობამ 50 537  შეადგინა. 2021 წელს კი, ქვეყანაში 45 946 ადამიანი დაიბადა და გარდაიცვალა 59 906 ადამიანი. უფრო ძველი, 2016 წლის შემდეგომი ოფიციალური მონაცემებით თუ ვიმსჯელებთ, საქართველოში ამ წელს ბუნებრივმა მატებამ 5 798 ადამიანი შეადგინა, 2017 წელს - 5 471, 2018 წელს - 4 614, ხოლო 2019 წელს - 1 637. გამოდის, რომ პანდემიის წლების გამოკლებით, საქართველოში ბუნებივი მატება წლიდან წლამდე საგრძნობლად მცირდებოდა.

მძიმე დემოგრფიულ მდგომარეობას მიგრაციის მზარდი ნაკადი ერთვის თან, რაც სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს. თუკი პანდემიის წლებში საქართველოში ქართველები ჩამოვიდნენ, ისინი უცხოეთში მალევე დაბრუნდნენ. მეტიც, მიგრაციის ტალღა ახლა იმაზე დიდია, ვიდრე აქამდე ყოფილა.

ეს ორი ფაქტორი საქართველოს ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობას აცლის. განსაკუთრებით კი უცხოეთში, ძირითადად, მოსახლეობის ის ნაწილი მიდის, ვინც სამუშაო ძალას წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, თუ ახლა საქართველოში კვალიციფიური კადრების დეფიტიცია, ამგვარი ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, არ არის გამორიცხული, წლების შემდეგ, საერთოდ სამუშაო ძალის პრობლემა შეიქმნას და ქვეყანაში აღარ დარჩეს ადამიანები, რომლების თავისუფალ სამუშაო ადგილებს შეავსებენ.

ორგანიზაცია „ერი და სახელმწიფოს" დამფუძნებელი ზვიად ტომარაძე ადასტურებს, რომ პროცესი უკვე დაწყებულია და ქვეყანას ადამიანური რესურსის ჭირს, 

„საერთოდ, სამუშაო ადგილებს ქმნის ინდუსტრიალიზაცია. ჩვენ კი არც ფაბრიკები გვაქვს და არც ქარხნები. საქართველო, ძირითადად, გადასულია მომსახურებასა და დისტრიბუციაზე. ამ შემთხვევაშიც კი არის პრობლემები და თუ სახელმწიფო აიღებს გეზს ინდუსტრიალიზაციაზე, უზარმაზარი კრიზისი შეიქმნება, რადგან საკმარისი მუშახელი ნამდვილად არ იქნება ქვეყანაში. მრავალი წელია საქართველოდან ახალგაზრდებისა და ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის მასობრივი მიგრაცია მიმდინარეობს.

იმ პირობებშიც კი, როგორშიც ახლა ვართ, არაერთი ბიზნესი ჩივის, რომ შესაბამისი კადრები არ ჰყავთ. ამჟამადაც სერიოზული პრობლემები გვაქვს და სიტუაცია გაცილებით გაუარესდება, თუ ქვეყანა აიღებს გეზს ინდუსტრიალიზაციისკენ. ახლანდელი პრობლემა განპირობებულია იმ პოლიტიკით, რომელასაც ეწეოდა წინა ხელისუფლება და რომელსაც ეწევა ამჟამინდელი მმათველობა. მაშინდელსაც და ახლანდელ მთავრობასაც გეზი ჰქონდა აღებული სინაგაპურიზაციისკენ, რაც გულისხმობს ქვეყნის მოსახლეობის მომსახურე პერსონალად ქცევას. აქ, ძირითადად, მოიაზრება ტურიზმი და სამშენებლო ბიზნესი.

ადამიანური რესურსის პრობლემა უკვე დაწყებულია და ამაში მხოლოდ კვალიფიციური მუშახელი არ იგულისხმება, არამედ ზოგადად ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობა. წლებია მასობრივი მიგრაცია გვაქვს და საქართველოდან სწორედ ის შრომისუნარიანი მოსახლეობა გაედინება, რომელიც ქვეყანაში ვერ პოულობს ისეთ ანაზღაურებას, რომელიც უზრუნველყოფს მას და მის ოჯახს, რომ ელემენტარულად შეძლოს არსებობა“, - განუცხადა ტომარაძემ „ბიზნეს-რეზონანსს“.

საქართველოში კადრების პრობლემა უკვე კარგა ხანია დაწყებულია. ამჯერად ბიზნესი მხოლოდ კვალიციფიურ თანამშრომლებს ითხოვს, თუმცა მძიმე დემოგრაფიულმა მდგომარეობა და მიგრაციის ტალღაც, კერძო სექტორში შესაძლოა, საერთოდ მუშახელის კრიზისი შექმნას. ასეთ შემთხვევაში გამორიცხული არ არის, რომ ქვეყანაში კადრები უცხოეთიდან მოიწვიონ. პრინციპში, ეს პროცესი უკვე დაწყებულია, თუმცა არც ისე აქტიურად და თუკი ზემოთ ნახსენები ტენდენცია გაგრძელდება, ბიზნესი უცხოეთიდან უფრო მეტს ადამიანს ჩამოიყვანს და დაასაქმებს. საბოლოოდ ისინი ქართველებს ჩაანაცვლებენ, ქართველები კი ემიგრანტებად დარჩებიან.

როგორც სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ აღნიშნა, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ განვითარდება ეკონომიკა, როგორი დარგობრივი სტრუქტურის სახეს მიიღებს და როგორი  მოთხოვნა გაჩნდება სხვადასხვა სპეციალობის კადრებზე.

„დემოგრაფიული სიტუაცია ძალიან მძიმეა და ქვეყნიდან გასულთა შორის სწორედ ეკონომიკურად აქტიური ასაკში მყოფი ადამიანები ჭარბობენ. თუ 20-დან 50-წლამდე მოსახლეობის წილი საქართველოს მთლიან მოსახლეობაში სადღაც 41%-ის ფარგლებშია, ქვეყნიდან გასულთა შორის აღნიშნული მაჩვენებელი  85%-მდეა, ანუ ორჯერ და მეტჯერ მეტია ემიგრაციაში წასული შრომისუნარიანი ადამიანების ოდენობა, რომლებმაც დოვლათი უნდა შექმნას.

ასეთი მდგომარეობის მიუხედავად, სამუშაო ძალია დეფიციტისა თუ სიჭარბის მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი არის ეკონომიკის ფაქტობრივი მდგომარეობა, თუ რამდენად არის მოთხოვნა დამატებით სამუშაო ძალაზე. თუ ეკონომიკა იზრდება, მაშინ, რა თქმა უნდა, ის საჭიროებს მეტ სამუშაო ძალას და ასეთ შემთხვევაში გამორიცხული არ არის, რომ მოხდეს უცხოეთიდან შრომითი მიგრანტების აქტიური ჩართვა აღნიშნულ პროცესში. ასე მოხდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის უახლოეს ისტორიაში.

ასე რომ, ჩვენთანაც ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ განვითარდება ეკონომიკა, როგორ დარგობრივ სტრუქტურას მიიღებს და როგორ გაჩნდება მოთხოვნა ამა თუ იმ სპეციალობის მქონე კადრებზე. ეს ძალიან დიდი გამოწვევაა. იმის თქმა, რომ საქართველოს უცხოელი მუშახელი საეროდ არ დასჭირდება, პირობას ვერავინ მოგვცემს“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ არჩვაძემ.

უნდა ვახსენოთ ისიც, რომ დემოგრაფიული სიტუაცია დაამძიმა განქორწინების სტატისტიკამაც, რადგან ოჯახების დანგრევსის შემთხვევაში მცირდება შობადობა, 2022 წელს რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობა 32.3%-ით გაიზარდა და 14 098 შეადგინა. ქორწინებათა რაოდენობა კი მხოლოდ 12.5%-ით გაიზარდა და 26 048-ს მიაღწია.

წლიდან წლამდე იზრდება განქორწინებულთა მაჩვენებელი, მხოლოდ 2020 წელი იყო გამონაკლისი, რა დროსაც განქორწინებულთა რაოდენობამ 7 643 შეადგინა. ისე კი, 2020 წლის გამოკლებით, 2016 წლიდან მოყოლებული, განქორწინების რაოდენობა იზრდება. მაგალითად, 2016 წელს 9 536 ოჯახი დაინგრა, 2021 წელს კი 10 654 განქორწინება აღირიცხა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე