"უახლოესი 1-2 წელი რუსეთის სანქციების მოხსნის პერსპექტივა არ ჩანს, ამიტომ, სავარაუდოდ, ტენდენცია შენარჩუნდება"
თიკა სიბოშვილი
(29.03.2023)

საავტომობილო ბიზნესში ვითარება სტაბილურადაა. განსაკუთრებით კარგი მდგომარეობაა რეექსპორტის მიმართულებით. საქართველოდან მანქანების რეალიზაციის მაჩვენებელი 10-წლიან მაქსიმუმზეა, რაც ძლიან მნიშვნელოვანი და იმედისმომცემია. აქამდე არსებულ ყველა მაჩვენებელს გადააჭარბა 2023 წლის იანვარ-თებერვალში რეექსპორტირებულმა ავტომობილების რაოდენობამ. ავტოდილერები ერთხმად ამბობენ, რომ განსაკუთრებული აქტიურობით შუა აზიის ქვეყნები გამოირჩევიან.

2023 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოდან 236.8 მლნ აშშ დოლარის 13 501 ავტომობილი გადაიყიდა. ეს მონაცემები როგორც პანდემიამდელ 2019 წლის მონაცემებს აღემატება, როცა 59.8 მლნ აშშ დოლარის 9 678 ერთეული ავტომობილი გავიდა ექსპორტზე, ასევე უსწრებს ყველა მონაცემსაც, რომელიც "საქსტატის" საგარეო ვაჭრობის პორტალზე იძებნება, სადაც მონაცემები 2014 წლიდან ქვეყნდება.

როგორ "კავკასუს ავტოიმპორტის" დირექტორი გიორგი სურგულაძე აღნიშნავს, ბაზარზე გამოირჩევიან ის ქვეყნები, რომლებსაც მაქანები აქამდეც გაჰყავდათ, თუმცა ამ ეტაპზე მათი მხრიდან მოთხოვნა უფრო გაზრდილია.

„ახლა, ავტომობილების რეექსპორტის მიმართულებით შუა აზიის ქვეყნები არიან ძალიან გააქტიურებულები. მართალია, ასე იყო აქამდეც, თუმცა უფრო მცირე რაოდენობით გადიოდა მანქანები, ახლა კი ერთბაშად გადის.

ყაზახეთს, ყირგიზეთს, ტაჯიკეთს საკმაოდ ინტენსიურად გაჰყავთ მანქანები, პარალელურად აქტიურობით გამოირჩევა სომხეთისა და აზერბაიჯანის ბაზარიც, უკვე მოლდოვაც ძალიან ინტენსიურად არის ჩართული საქართველოდან ავტომობილების გაყვანაში“, - აღნიშნა სურგულაძემ „რეზონანსთან“ საუბრისას და დასძინა, რომ საქართველოდან რეექსპორტის ასეთი მკვეთრი ზრდა ომს უკავშირდება.

„რეექსპორტის ასეთი მკვეთრი ზრდის მიზეზი, რეგიონში არსებული სერიოზული კონფლიქტია. რუსეთში წარმოებულ ავტომობილებს, ფაქტობრივად, ემბარგო დაადეს და იქ არაფერის იწარმოება. შუა აზიის ბაზარი ძირითადად რუსეთიდან მარაგდებოდა ახალი მანქანებით. შესაბამისად, არსებულმა მდგომარეობამ შექმნა დეფიციტი და ამ ქვეყნების ბაზრებზე ერთადერთი წყარო, უახლოესი მანქანების მოწოდების კუთხით საქართველო გახდა.

მომავალში რა და როგორ იქნება ძალიან რთული გასათვლელია, მაგრამ იმის თქმა შესაძლებელია, რომ უახლოესი 1-2 წელი რუსეთის სანქციების მოხსნის პერსპექტივა არ ჩანს, ხოლო ამის მერე რა იქნება არავინ იცის. შესაბამისად, ვფიქრობ, ეს ტენდენცია შენარჩუნდება და კიდევ უფრო მზარდი იქნება“, - დასძინა სურგულაძემ.

აშკარაა, რომ სექტორში ძალიან კარგი ტენდენციაა და აუცილებელიც კი არის ამის შენარჩუნება. ფაქტია, რომ საქართველოდნ მანქანების რეექსპორტზე მოთხოვნა ყოველწლიურად იზრდება, ეს კი იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ მომავალშიც უფრო მეტის მოლოდინი გვქონდეს.

მიუხედავად იმისა, რომ მდგომარეობა აბსოლუტურად დამაკმაყოფილებელია, დარგის სპეციალისტების აზრი მაინც გაიყო. ავტოიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ლაშა დარბაისელიც ადასტურებს, რომ განსაკუთებით გაზრდილია ავტომობილებზე მოთხოვნა შუა აზიის ქვეყნებიდან, თუმცა ტრანსპორტირება იმდენად ძვირი ჯდება ეს იმპორტიორებისთვის დიდად მომგებიანი არ არის. მისივე თქმით, სამომავლოდ მოლოდინი არც ისე კარგია.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოდან რექსპორტი მიშვნელოვნად არის გაზრდილი ახალი ბაზარი არ იკვეთება და ძირითადად, ისევ ისაა, რაც აქამდე იყო - შუა აზიის ქვეყნები. ეს სახელმწიფოები ახლა ნამდვილად აქტიურობენ, რის გამოც გაზრდილია რეესპორტიც, თუმცა ამის მიუხედავად არ იზრდება ავტოიმპორტიორების მოგება, რადგან ტრანსპორტირება ჯდება იმაზე გაცილებით ძვირი, ვიდრე პანდემიამდე პერიოდში. მოთხოვნა განსაკუთრებით მომატებულია ყაზახეთიდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ა.შ.

წინა პერიოდთან შედარებით, რა თქმა უნდა, გაცილებით უკეთესი მდგომარეობაა სექტორში, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ დიდად სახარბიელო პერიოდი გვაქვს. თუ მიწოდების ჯაჭვი არ გამოსწორდა და არ გაიაფდა, ძალიან რთული იქნება. ეს არის საყურადღებო საკითხი, რადგან მნიშვნელოვანია როგორ ჩამოიყვან ადგილამდე ავტომობილს და მერე როგორ გაიყვან ქვეყნიდან. იმ შემთხვევაში თუ ტრანსპორტირება გაიაფდება და ავტოიმპორტიორისა და პოტენციური მყიდველისთვისაც ხელმისაწვდომი იქნება, ფასებზეც დადებითად იმოქმედებს. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით მაინცდამაინც დიდი მოლოდინი ჩვენ არ გვაქვს“, - აღნიშნა დარბაისელმა „რეზონანსთან“ საუბრისას.

რაც შეეხება 10 ქვეყნის ჩამონათვალს, სადაც მიმდინარე წლის პირველ ორ თვეში საქართველოდან ავტომობილები გავიდა:

აზერბაიჯანი - 62.1 მლნ აშშ დოლარის 4 820 ერთეული მანქანა;

ყაზახეთი - 51.5 მლნ აშშ დოლარის 2 589 ერთეული მანქანა;

სომხეთი - 50.1 მლნ აშშ დოლარის 2 834 ერთეული მანქანა;

ყირგიზეთი - 43.1 მლნ აშშ დოლარის 1 338 ერთეული მანქანა;

რუსეთი - 13.5 მლნ აშშ დოლარის 978 ერთეული მანქანა;

არაბთა გაერთიანებული საამიროები - 3.9 მლნ აშშ დოლარის 51 ერთეული მანქანა; უკრაინა - 2 მლნ აშშ დოლარის 117 ერთეული მანქანა;

ჩინეთი - 1.4 მლნ აშშ დოლარის 33 ერთეული მანქანა;

ბელარუსი - 788.8 ათასი აშშ დოლარის 37 ერთეული მანქანა;

თურქეთი - 561.3 ათასი აშშ დოლარის 40 ერთეული მანქანა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე