რამდენად დიდი იქნებოდა ზარალი მწვავე აქციების გაგრძელების შემთხვევაში?
გვანცა წულაია
(13.03.2023)

პოლიტიკურად უმძიმესი ორი დღის შემდეგ, ქვეყანაში ვითარება შედარებით დამშვიდდა. აქციებისა და ქაოსის გაგრძელების შემთვევაში კი, არა მხოლოდ პოლიტიკურად იქნებოდა ურთულესი სიტუაცია, არამედ დიდ ზარალს ეკონომიკაც და ბიზნესიც მიიღებდა. სიტუაციის დაწყნარების შემდეგ, გაჩნდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ოპოზიციას აქციაზე მისული ხალხის გამოყენება სურს და საერთოდ არ აინტერესებს რა მოელის ძლივს ფეხზე დაყენებულ ეკონომიკას და ამუშავებულ ბიზნესს.

მწვავე პროტესტის შედეგად ერთ-ერთი საინვესტიციო პროექტი გაჩერების რისკის ქვეშაა, რაც რასაკვირველია, ცუდია, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რა შედეგიც გადგებოდა, აქციების გაგრძელების შემთხვევაში.

ევროკავშირ-საქართველოს ბიზნეს საბჭოს აღმასრულებელი დირექტორი გიორგი კაჭარავა აცხადებს, რომ საქართველოში ბოლო რამდენიმე კვირაში მიმდინარე მოვლენებმა ქვეყნის საინვესტიციო გარემოს ზიანი უკვე მიაყენა. ერთ-ერთმა ინვესტორმა სწორედ ამ მიზეზით საინვესტიციო პროექტის განხორციელებაზე, შესაძლოა, უარი თქვას. ბიზნესგაერთიანება ახლაინვესტორის "შემოტრიალებას" ცდილობს.

„ეს არ იყო ხელშემწყობი გარკვეული პროექტების განხორციელებისთვის. მაგალითისთვის გეტყვით, რომ ერთმა კომპანიამ დაგვირეკა და განაცხადა, რომ შეიძლება შეაჩეროს საინვესტიციო პროექტი ბოლო რამდენიმე კვირაში განხორციელებული პროცესების გამო, რაც ძალიან სამწუხაროა. ჩვენ შევეცდებით, რომ ეს ინვესტორი შემოვატრიალოთ. მნიშნელოვანია, რომ დადებითისკენ გადაიხარა მისი გადაწვეტილება და მისასალმებელია”, - განაცხადა გიორგი კაჭარავამ.

არადა, ამ დროს, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წელს 2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2021 წლის დაზუსტებულ მონაცემებს 61.1%-ით აღემატება. მიმდინარე ეტაპზე, ეკონომიკურ განვითარება რისკის ქვეშ არ დგას, რადგან ქვეყანაში პოლიტიკური სიტუაცია დამშვიდდა, მაგრამ კითხვის ნიშნები მაინც გაჩნდა.

სპეციალისტები ამბობენ, რომ საფრთხეები ქაოსის გაგრძელების შემთვევაში ნამდვილად გამოიკვეთებოდა. როგორც აკადემიკოსმა ავთო სილაგაძემ აღნიშნა, ასეთ სიტუაციაში უნდა მოხდეს იმაზე დაფიქრება, რომ შეიძლება ქვეყანა დაზარალდეს და ეკონომიკას პრობლემები შეექმნას.

„საერთოდ, ნებისმიერი სიტუაცია, თუნდაც პოლიტიკური, ბუნებრივია, აისახება და ზემოქმედებს ეკონომიკაზე, ზოგი მეტად და ზოგიც - ნაკლებად. ეს სიტუაცია არ ყოფილა გრძელვადიანი, ამიტომ არა მგონია, რაიმე  ეკონომიკური ცვლილება მოხდეს. თუ მძიმე პოლიტიკური ვითარება დროში გაიწელებოდა, მაშინ, თავისთავად ცხადია, რომ ეკონომიკაზე გავლენა იქნებოდა უარყოფითი. 

ასეთ სიტუაციაში ყველა უნდა დაფიქრდეს, რომ ქვეყანა შეიძლება დაზარალდეს და ეკონომიკას პრობლემები შეექმნას, ამისათვის კი არსებობს სხვადასხვა საშუალება. ძალიან ბევრ ადამიანს, ვინც კანონპროექტის წინააღმდეგი იყო, შეიძლება, არც კი ჰქონდათ წაკითხული. როდესაც საკითხი ასეთი ფაქიზია, უფრო მეტად საჭიროა მოსალოდნელი შედეგების გაანალიზება და გათვალისწინება.

საერთოდ, მე გამიხარდება ვიცოდე, ჩემს ქვეყანას ვინ ეხმარება. დონორების შესახებ ინფორმაცია თუ მეცოდინება, ეს კარგია და უფრო მეტ მადლიერებას გამოვხატავ მათ მიმართ. როდესაც უცხოეთიდა ძალიან დიდი დახმარებები შემოდის, უნდა იყოს ინფორმაცია, არა დეტალები, უბრალოდ ინფორმაცია. არ მგონია, გამჭირვალობის წინააღმდეგი ვინმე იყოს. როგორც ჩანს, ამ მიმართულებით უფრო მეტი მუშაობა იყო საჭირო“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ სილაგაძემ და დასძინა, რომ ასეთი დაპირისპირების დროს, ყველა ცდილობს თავისი პოლიტიკური იდეების რეალიზება მოახდინოს.

„პოლიტიკური თვალსაზრისით კი, ბრძოლა ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებსა თუ ინტერესებს შორის ჩვეულებრივი საკითხია და ბუნებრივია, ყველა ცდილობს, თავისი პოლიტიკური ინტერესებისათვის გავლენა გზები მოძებნოს, რომელიც შეიძლება იყოს მათი იდეების გამაძლიერებელი. ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტობა ჩვეულებრივი საკითხია, მაგრამ ოპოზიციონერობა ქვეყნის საწინაანააღმდეგო საქმიანობაში არ უნდა გადაიზარდოს.

გარეგნულად თითქოს ჩანდა, რომ აქციებზე წამყვანი ძალა არ იყო პოლიტიკური ელიტა. წინა პლანზე არ იყვნენ პოლიტიკოსები, მაგრამ იმის იქით, რაც ჩვენ ვნახეთ, რა იყო, ვერ გეტყვით. ისე კი, გამორიცხული არაფერი არ არის და ასეთი დაპირისპირების დროს ყველა ეცდება თავისი პოლიტიკური შეხედულებების რეალიზება მოახდინოს“, - დასძინა ავთო სილაგაძემ „ბიზნეს-რეზონანსთან“. 

საქართველოს ეკონომიკამ სხვადასხვა მიმართულებით უდავოდ კარგ შედეგებს მიაღწია. ზედიზედ ორი წელია, ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა, მატულობს ინვესტიციების მოცულობა, ტურიზმმა პანდემიისას დაკარგული პოზიციები დაიბრუნა და მათი რაოდენობა სულ უფრო იზრდება, ხოლო ლარი კი შეუქცევადად მყარდება. ეს და სხვა დადებითი ეკონომიკური ფაქტორი წინა კვირას საფრთხის ქვეშ იყო, თუმცა მიმდინარე ეტაპზე პოლიტიკური კრიზისის დაძლევა მოხერხდა. აქედან გამომდინარე, პროფესორ სოსო არჩვაძის აზრით, რომ ორდღიანი დაძაბული სიტუაცია ეკონომიკაზე უარყოფითად ვერ იმოქმედებს. ისე კი, ევროპულ ორიენტაციას ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ ეს გზა უნდა განვლოთ რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით და დაზიანებით.

„ყველაფერი დამოკიდებული იყო იმაზე, პროცესი დროში როგორ იქნებოდა გაგრძელდებოდა. საერთოდ, ინვესტიციები და ეკონომიკის განვითარება საკმოდ სენსიტიური და მგრძნობიარეა, ამიტომ, როდესაც მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე ავტომობილს აყირავებენ და ცეცხლს უკიდებენ, ამას ექნება უარყოფითი ეფექტი ეკონომკურ ზრდაზე. განსაკუთრებით სიფრთხილით უნდა მოვეკიდოთ ყოველგვარ ქვედებას, აქტიურობას და მით უმეტეს, ძალისმიერ ქმედებებს, რადგან ეს პირდაპირ აზიანებს ქვეყნის რეპუტაციას და საინვესტიციო თუ სამეწარმეო გარემოს.

საქართველოს ახლა იმხელა ეკონომიკური პოტენციალი აქვს, რომ მშპ-ს ტემპის 1%-ით შემცირების შემთხვევაშიც კი, ეს ნიშნავს, რომ ბიუჯეტში დაახლოებით 200 მლნ ლარი ვეღარ შევა. ეს თანხა კი გამოიყენება სოციალური დატვირთვით, რაც მთლიანობაში საზოგადოებას უნდა მოხმარდეს.

ევროპულ ორიენტაციას ალტერნატივა არ გააჩნია, მაგრამ ეს გზა უნდა განვლოთ რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით. ყველანი საქართველოს შვილები ვართ და ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ. ახალგაზრდები ყოველთვის არიან უფრო რადიკალურები და ემოციურები. როდესაც თაობათა შორის ბრძოლა მიდის, ყოველთვის უნდა გაიმარჯვონ ახალგაზდებმა. ეს ეხება არა მხოლოდ ევროპულ ორიენტაციას, არამედ ზოგადად,  ქვეყნის განვითარებას“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ სოსო არჩვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე