"არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მართალია და ვინ მტყუანი, ასეთ დროს, რისკები იზრდება"
გვანცა წულაია
(09.03.2023)

რამდენიმე დღის წინ დედაქალაქში დაწყებული ქაოსი და დაპირისპირება არა მხოლოდ პოლიტიკურ ვითარებაზე მოახდენს გავლენას, არამედ ეკონომიკასაც დააზარალებს. ამ მიმართულით უკუსვლა იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ პროტესტი კიდევ გაგრძელდება და ასეთ დროს ზიანი მიადგება ყველა იმ მიმართულებას, რითაც დღეს ხელისუფება თავს იწონებს - იქნება ეს ინვესტიციები, ტურიზმი, ლარის კურსი, თუ სხვა მრავალი დადებითი ეკონომიკური ეფექტი.

საქართველოს ეკონომიკამ სხვადასხვა მიმართულებით ძალიან კარგ შედეგებს მიაღწია. ზედიზედ ორი წელია, ქვეყანაში ორნიშნა ეკონომიკური ზრდაა, მატოლობს ინვესტიციების მოცულობა, ტურიზმმა პანდემიისას დაკარგული ვიზიტორები დაიბრუნა და მათი რაოდენობა სულ უფრო იზრდება, ხოლო ლარი კი შეუქცევადად მყარდება. ამ და სხვა დადებით ეკონომიკურ ფაქტორს ახლა საფრთხე ემუქრება, რისი მიზეზიც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური კრიზისია.

სწორედ ამაზე საუბრობს ეკონომიკის დოქტორი ირაკლი მაკალათია და ხაზს უსვამს, რომ ეკონომიკაში ვითარება უარესობისკენ შეიცვლება, თუკი  პოლიტიკური დაძაბულობა გაგრძელდება.

„ცოტა ძნელი შესაფასებელია, მაგრამ, პირველ რიგში, ეს აისახება ინვესტიციებზე. როდესაც ქვეყანაში უცხოელი ინვესტორი ან კაპიტალი შემოდის, ამ დროს, ერთ-ერთი განმაპირობებელი ფაქტორი ქვეყანაში პოლიტიკური მდგომარეობაა. როდესაც ქვეყანაში ასეთი სიტუაციაა და ინვესტორები ხედავენ, რომ მთავრობას არ უჭირავს დასავლური კურსი, არ არის გარანტიები, მაღალია ინფლაცია, მაშინ, იგი თავს დაცულად ვერ იგრძნობს. ცხადია, ასეთ ვითარებაში ყველა მსხვილი და ცივილიზებული ინვესტორი თავს შეიკავებს ინვესტიციის განხორციელებისგან და ახალი წამოწყებისაგან.

მაგალითად, წლების წინ, იყო ერთი ასეთი პრეცენდენტი, როდესაც იყო საპრეზიდენტო არჩევნები ტარდებოდა შემოდგომაზე, მაშინ მესამე კვარტალში ინვესტიციები შემცირდა. ეს მოხდა იმიტომ, რომ ელოდებოდნენ პოლიტიკურ ცვლილებას ქვეყანაში.

დღესაც მთლიანი ეკონომიკური აქტივების 70-80% არის სახელმწიფო საკუთრებაში, შესაბამისად, ეკონომიკას განსაზღვრავს პოლიტიკა და არა თავად ეკონომიკა. გამომდინარე აქედან, როგორი პოლიტიკური სიტუაციაც იქნება, ისაა მთავარი ფაქტორი ეკონომიკისთვის.

ამ რამდენიმედღიან პოლიტიკურ დაძაბულ სიტუაციას, ცხადია, არ მოჰყვება მძიმე შედეგები, მაგრამ თუ გაგრძელდა, ახალი კომპანიები და ორგანიზაციები კი არა, არსებულებიც იტყვიან უარს და გავლენ ქვეყნიდან. ეს მოხდება მაშინ, თუ პროტესტი გახანგრძლივდება, 2-3-დღიანი პოლიტიკური დაძაბულობა კი რადიკალურ ცვლილებებს ვერ მოახდენს. არსებული ვითარება კი მაინც არის ნეგატიური სიგნალი დასავლური ქვეყნებისთვის”, - განუცხადა "რეზონანსს” მაკალათიამ.

ეკონომიკურ განვითარებასთან ერთად, ქვეყანაში სიმშვიდეს გრძნობს ბიზნესი. პანდემიისგან მძიმედ დაზარალებული კერძო სექტორი აქტიურად მუშაობს. საქართველოს მცირე და საშუალო ბიზნეს ასოციაციის ხელმძღვანელი მიხეილ ჭელიძე აცხადებს, რომ მიმდინარე ეტაპზე კერძო სექტორში რისკი და საფრთხე არ იკვეთება.

"საერთოდ, პოლიტიკური არეულობა არც ქვეყნისთვის, არც ეკონომიკისთვის და არც ბიზნესისთვის არასდროსაა კარგი. თემატურად ვერ შევაფასებ, მაგრამ ზოგადად ბიზნესისა და ინვესტორისთვის, მათთვის, ვინც პოლიტიკურად ასეთ დაძაბულ სიუაციას შორიდან უყურებს, ძალიან ცუდი აღსაქმელია. არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მართალია და ვინ მტყუანი, ასეთ დროს, რისკები იზრდება.

დღევანდელი გადმოსახედიდნ მიმდინარე ეტაპზე არ იკვეთება მნიშვნელოვანი პრობლემები და საფრთხეები”, - აღნიშნა ჭელიძემ "რეზონანსთან” საუბრისას. 

მძიმე სიტუაციის გაგრძელების შემთხვევაში პრობლემები ელის ტურიზმსაც, მიმართულებას, რომელსაც ეკონომიკურ განვითარებაში დიდი წვლილი აქვს. დაძაბული პოლიტიკური ვითარების ფონზე, საქართველოში ჩამოსვლას და დასვენებას უამრავი უცხოელი გადაიფიქრებს. ასე რომ, ახლა ყველა მხარისთვის სიმშვიდის შენარჩუნება ნომერი პირველი ამოცანაა.

„ახლა ბერლინში ვართ ტურიზმის სექტორში მომუშავე უამრავი ქართული კომპანია, სადაც დაიხარჯა საკმაოდ დიდი ფინანსური და ადამიანური რესურსი; აქ ეყრება საძირკველი საქართველოში უახლოესი წლების ტურისტული ინდუსტრიის მომავალს და ამ დროს "ბიბისის” ახალი ამბები იწყება თბილისის ქუჩებში მომხდარი `ქაოსის" კადრებით. თითოეულ ჩვენგანს გვეამაყება ბერლინში მასპინძლის ამპლუაში ყოფნა, გვეამაყება რომ ამ წლების განმავლობაში ჩვენი "გიჟური" შრომის შედეგად მაინც ვახერხებთ და აქტიურად ვამკვიდრებთ საქართველოს მსოფლიო ტურიზმის რუკაზე,“ – დაწერა სოციალურ ქსელში სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის პრეზიდენტმა, შალვა ალავერდაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე