გაძვირდება თუ არა საქართველოში იმპორტირებული ბოსტნეული?
ქეთო გოგოხია
(07.03.2023)

სასოფლო-სამეურნეო პროდუქტები შეიძლება გაძვირდეს. ამის მიზეზი გლობალური ტენდენციაა, რომელიც რიგ ქვეყნებს აიძულებს, საექსპორტო ბაზრებზე საკუთარი პროდუქციის შეზღუდვა დაიწყონ. ამჯერად აკრძალვას აწესებს თურქეთი, რომელმაც პომიდვრის მოსავლიანობასთან დაკავშირებული პრობლემის გამო ექსპორტი აკრძალა. მართალია, შეზღუდვა საქართველოზე არ ვრცელდება, თუმცა ფაქტია, რომ იმპორტის მაჩვენებლებზე მკვეთრად ნეგატიურად იმოქმედებს.

გარდა ამისა, როგორც სპეციალისტები ,,რეზონანსთან" აღნიშნავენ, შეზღუდვები სხვა, მასობრივი მოხმარების პროდუქტებზეც შეიძლება დაწესდეს. სოფლის მეურნეობის დარგის სპეციალისტი ანზორ მესხიშვილი ვარაუდობს, რომ შეზღუდვამ შეიძლება პომიდვრის სიმცირე გამოიწვიოს, რაც ფასებზეც ადეკვატურად აისახება. მეორე მხრივ, შექმნილი სიტუაცია შეიძლება სარგებელიც აღმოჩნდეს და ადამიანები უფრო მეტად დაინტერესდნენ წარმოების ზრდით, როცა სურსათის დეფიციტთან დაკავშირებით საფრთხეს იგრძნობენ.

,,სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების შეზღუდვა ფასებზე იმოქმედებს. როცა პროდუქტი ძვირდება, ის უკვე ძნელად ხელმისაწვდომი ხდება მასებისთვის, რაც დიდი პრობლემაა. 1990-იან წლებიდან, როდესაც საქართველო საერთაშორისო ვაჭრობის წევრი გახდა, მოსახლეობამ წარმოება შეამცირა, იმპორტზე გავხდით დამოკიდებული და დღეს ამის შედეგს ვიმკით. დარგს სახელმწიფოს მხრიდან სჭირდება ხელშეწყობა.

ვხედავთ, რომ ბაზარზე პროდუქტების უმეტესობა უკვე იმპორტულია. კარტოფილი დიდწილად რუსეთიდან არის შემოტანილი. ასევე სხვა პროდუქტებიც, საზამთროების წარმოებამ გასულ წელს ძალიან იზარალა, რადგან უცხოეთიდან დიდი რაოდენობით შემოვიდა და ადგილობრივი მოსავალი ვერ გაყიდეს.

რაც შეეხება პომიდვრის ბაზარს, უკვე 8 ლარი ღირს და შეიძლება კიდევ გაიზარდოს თურქეთის მიერ დაწესებული შეზღუდვის გამო. შეიძლება, არ აიკრძალა და საქართველოსთვის გამონაკლისი დაუშვეს, თუმცა იმპორტში რაოდენობრივად კლება მაინც მოსალოდნელია. ცხადია, გაძვირდება, მაგრამ ამავე დროს მეწარმეებს შეიძლება სტიმული გაუჩნდეს და უფრო მეტად დაფიქრდნენ პროდუქტების წარმოების ზრდაზე, ეს პროცესი უნდა დაიძრას როგორმე, როგორც პანდემიის საწყის ეტაპზე მოხდა", - აღნიშნა მესხიშვილმა ,,რეზონანსთან".

გაზრდილი ფასების გამო სპეციალისტები პროდუქტების დეფიციტზე მეტად, პრობლემას კვების რეჟიმსა და სასურსათო პროდუქტის კალორიულობის მხრივ ხედავენ. სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი კობა კობალაძე ამბობს, რომ შეიძლება რიგ პროდუქტებზე შეზღუდვები პერიოდულად დაწესდეს, რაც საყურადღებოა, ამიტომ წარმოების განვითარების კუთხით რადიკალური ზომებია მისაღები.

,,აგრარულ მეურნეობაში განსაკუთრებული ყურადღება მიწას და წყალს უნდა მიექცეს. ამისთვის კი, აუცილებელია ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, რაც მრავალ პრობლემას მოხსნის. პირველ რიგში, უნდა დავიწყოთ მიწების დამცავი სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიის და ტექნიკის გამოყენება. დიდი მნიშვნელობა აქვს აგრეთვე გასარწყავებას, სადაც თვითდინება არ იქნება შესაძლებელი, ჭაბურღილი გაკეთდეს. აუცილებლად უნდა დავიწყოთ  ძვირადღირებული პროდუქციის წარმოება.

სწორი აგრარული პოლიტიკის პირობებში საქართველოს შეუძლია დაახლოებით 4-5-ჯერ გაზარდოს სამხრეთული კულტურების წარმოება. გარდა ამისა, მეტი ყურადღება მიექცეს წყალსაცავების გაკეთებას, რადგან სურსათის დეფიციტამდე შეიძლება დადგეს წყლის გამოყენების პრობლემა. შეიძლება ითქვას, რომ ფიზიოლოგიურ დონეზე შიმშილობის პრობლემა არ გვემუქრება, სურსათის დეფიციტის საფრთხეს ვერ ვხედავ, მაგრამ გამოწვევა ფასებია. პრობლემა არის ასევე კვების რეჟიმი, რადგან ე.წ. ძვირი კალორიები ხალხისთვის მიუწვდომელია. შესაბამისად, რაციონში პური დიდი რაოდენობით გამოიყენება", - აღნიშნა კობალაძემ ,,რეზონანსთან".

შეგახსენებთ, თურქეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქვეყნიდან პომიდვრის ექსპორტს 14 აპრილამდე ზღუდავს. მიზეზად ბოლო კვირებში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის გამო სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფა და ფასების სტაბილიზაცია დასახელდა. საქართველო კი თურქული ბოსტნეულისთვის მნიშვნელოვანი ბაზარია. გასულ წელს საქართველომ თურქეთიდან 7 მლნ დოლარის პომიდორი შეიძინა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე