ინვესტიციებთან დაკავშირებით სიტუაცია ისედაც ცხადი და გამჭვირვალეა
ქეთო გოგოხია
(06.03.2023)

საქართველოს საკანონმდებლო ბაზა ინვესტიციებისთვის ხელსაყრელ გარემოდ რჩება და ამ მხრივ დაბრკოლება ფაქტობრივად არ არის. მას ჩრდილს ვერ მიაყენებს ვერც ,,უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ კანონპროექტი, რომელიც ბოლო დღეებში საზოგადოებრივი აზრების დაპისრისპირების საბაბი გახდა. ინვესტიციების ზრდის შანსი საქართველოს განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე ომისა და  გეოპოლიტიკური პროცესების გამო გაუჩნდა. ამ მხრივ ფაქტობრივად ყველა პირობაა შექმნილი და როგორც სპეციალისტები ამბობენ, ახალი კანონის მიღება ინვესტიციებზე არ აისახება.

ინვესტიციებზე აგენტების კანონპროექტის გავლენა მით უფრო არ არის მოსალოდნელი, რომ იგი არ ეხება ბიზნეს სექტორს, სადაც გადარიცხვები და ფულადი ტრანზაქციები ისედაც გამჭვირვალეა, განსხვავებით იმ სსიპ-ისა და აიპ-გან, რომლებიც უცხოური გრანტებით ფინანსდებიან.

ბიზნესის სამართლის ექსპერტის, იურისტ აკაკი ჩარგეიშვილის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ კანონი ბიზნეს-სუპიეტებს არ ეხება, უშუალოდ საკანონმდებლო ცვლილებასთან დაკავშირებული ვითარება არის ნეგატიური, რამაც შეიძლება ინვესტორებზე იმოქმედოს, მათი დამოკიდებულება საბოლოოდ გამოჩნდება კონკრეტულ პერიოდში, როცა ინვესტიციები დაითვლება.

,,აგენტების საკითხი უფრო პოლიტიკური განსაზღვრებაა. რაც შეეხება ამ მუქარას თითქოს ის უცხოურ ინვესტიციებზე მოქმედებს. ეს კანონი მიიღება არამომგებიანი არასამთავრობო ორგანიზაციების საგრანტო დაფინანსების, ანუ უსასყიდლო ფულისთვის. თუმცა ქვეყანაში სანამ შემოდის ინვესტორი, სწავლობს რა გარემოში უწევს ყოფნა, მისი შესაფასებელია, რამდენად მიმზიდველია ბიზნეს გარემო.

შეიძლება, ეს კანონი არ იყოს გადამწყვეტი, მაგრამ როცა ქვეყნის შიგნით დიდი დაძაბულობაა, ინვესტორისთვის ესეც პრობლემაა, თუკი ეცოდინება, რომ არასტაბილური გარემოში მოუწევს ყოფნა. სამომავლოდ,  თუ კანონს მიიღებენ,  უფრო გამოჩნდება ინვესტორების დამოკიდებულება, არის თუ არა მისთვის იგი შემაფერხებელი გარემოება", - აღნიშნა ჩარგეიშვილმა.

გარდა ,,აგენტებთან“ დაკავშირებული საკითხია, არის სხვა  გარემოებები, რამაც ინვესტიციებზე ნეგატიურად მოქმედებს.

,,ამ კანონის გარდა, სხვა  ბევრი რამ გვაქვს, რაც ინვესტორისთვის შეიძლება არ იყოს მოსაწონი, მაგალითად, ვირტუალური კომპანიების ზონა, რომლის შექმნა დავიწყეთ. ბევრმა გააკეთა, დაარეგისტრირა კომპანია, მაგრამ ამის შემდეგ სახელმწიფომ შეცვალა თავისი დამოკიდებულება და ძალიან ბევრი დააჯარიმა განსხვავებული მიზეზით, რითაც ვირტუალური ზონის კომპანიებს დიდი პრობლემა შეუქმნა.

ამდენად, ინვესტორის შესაფასებელია, ენდობა თუ არა, ხოლო განწყობები იქმნება იმის მიხედვით, ქვეყანაში რამდენად დაძაბული ან თავისუფალი მდგომარეობაა. იქვე პოლიტიკური ვითარებაც გასათვალისწინებელია. სანამ ამ კანონს მივიღებთ, ინვესტიციებზე ისედაც იმოქმედა უკვე სხვა გარემოებამ და ესეც დაემატება იმ რიცხვს, რაც არის შემაფერხებელი გარემოება, მიუხედავად იმისა, რომ  ინვესტიციებს არ ეხება, მაგრამ ირიბი ზეგავლენის შინაარსს ატარებს“, - განუცხადა ჩარგეიშვილმა ,,ბიზნეს-რეზონანსს“.

ეკონომისტების ნაწილი ირწმუნება, რომ ახალი კანონის მიღება ინვესტიციებს ოდნავადაც ვერ შეაფერხებს. როგორც აკადემიკოსი ავთო სილაგაძე ფიქრობს, განსაკუთრებით მასშტაბურ ინვესტიციებს არ ემუქრება საფრთხე, რა მხრივაც ქვეყანამ ბოლო პერიოდში გარკვეულ წარმატებას მიაღწია.

,,ინვესტიციებთან დაკავშირებით სიტუაცია ისედაც ცხადია. არასამთავრობო სექტორის შემთხვევაში, წარმომადგენლებზე არის საუბარი, რაც ინვესტორებზე ნაკლებად იმოქმედებს, მაგრამ თუ ამან არასტაბილურობა გამოიწვია, გარკვეულ ზეგავლენას მოახდენს. უშუალო გაგებით, ანუ რასაც პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს  ვეძახით, გავლენა ნამდვილად არ ექნება, თუმცა კანონის დამტკიცების შემდეგ უფრო მეტად გაეწევა კონტროლი დამფინანსებელს და მეტ სიფრთხილეს გამოიჩენენ თანხების ხარჯვასა და მის მიზნობრიობასთან დაკავშირებით. ის, რომ ინვესტიციები შემცირდება, ასე არ არის, ამ ლოგიკით ყველაფერმა შეიძლება იმოქმედოს“ - განაცხადა ავთო სილაგაძემ.

განსხვავებული მოსაზრებისაა სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე, რომელიც ფიქრობს, რომ ახალი კანონის მიღება უარყოფით  რეზონანსს გამოიწვევს.

,,ბევრი რამ დამოკიდებული არა მარტო კანონის შინაარსზე, არამედ კანონის ინტერპრეტაციასა და მის სწორად აღქმაზე, მის რეპუტაციულ რეზონანსზე საერთაშორისო მასშტაბით. პიარი დღევანდელ პირობებში დიდ როლს ასრულებს და მისი მეშვეობით შეიძლება შავი თეთრად და თეთრი შავად გასაღდეს, ამიტომ ყველაფერი დამოკიდებულია, როგორ შეფუთავენ და რა ინტერპრეტაციას გაუკეთებენ. ჯერჯერობით მიდის მხოლოდ მსჯელობა, გამოჩნდება, მოსმენებზე რა ცვლილებები იქნება.

ზოგადად ყველაფერი ერთმანეთთან კავშირშია, გააჩნია გავლენის სიხშირეს, კორელაციას, ერთი ფაქტორის ცვლილება რა  სიხშირით რა გავლენას ახდენს სხვა მისგან ერთი შეხედვით დამოუკიდებელ მოვლენაზე. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, თუკი საზოგადოებაში არის ვნებათაღელვა  და დაპირისპირება , ესეც აფიქრებს ინვესტორებს. უშუალოდ არა, მაგრამ ირიბი ფაქტორების გავლენა არსებობს“ - აღნიშნა არჩვაძემ და დასძინა, რომ კანონის მიღებით ქვეყნის იმიჯი დაზარალდება.

საპარლამენტო კომიტეტბში  ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტების განხილვა პრაქტიკულად სრულდება. იგი ძალიან მალე ბიუროს წარდგინება და პირველი მოსმენით კენჭისყრაზეც დადგება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე