გვანცა წულაია
(02.03.2023)

"საირმის” თანამშრომელთა ნაწილი კვლად გაფიცულია. მეორე ნაწილი კი, მუშაობას ჩვეულებრივ აგრძელებს. გაფიცულმა თანამშრომლებმა თავისი მოთხოვნები კომპანიას რამდენიმე ხნის წინ წაუყენს და სანამ ისინი არ შესრულდება, სამუშაო ადგილს არ დაუბრუნდებიან. კომპანია კი თავის მხრივ ამბობს, რომ გაფიცულების მხრიდან კვლავინდებურად, ადგილი აქვს პროვოკაციას და დეზინფორმაციის გავრცელებას.

გაფიცვა, რომელიც 13 თებერვალს დაიწყო, დღემდე გრძელდება. აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღვოდა 21-დღიანი მედიაციის ინტენსიური პროცესი, რომელშიც საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო იყო ჩართული, თუმცა კომპანიასა და დასაქმებულებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

თანამშრომლების მოთხოვნებზე საპასუხოდ კომპანიის მხრიდან წარმოდგენილი შეთავაზებები ქარხანაში დასაქმებულებმა დაიწუნეს, უფრო მეტიც, პარალელურად რამდენჯერმე შეიცვალა მათი მოთხოვნები და რაოდენობრივადაც გაიზარდა კიდეც. გაფიცულები, სამუშაო ადგილებზე იქამდე არ დაბრუნდებიან, სანამ მათი პირობები არ დაკმაყოფილდება.

გაფიცულებს მხარს აგრომეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი "ლაბორი" უჭერს. კავშირის ხელღვანლის გიორგი დიასამიძის ინფორმაციით, `საირმის” 34 თანამშრომელია გაფიცული:

"გრძელდებაა საგაფიცვო რეჟიმი. ქარხანა მუშაობას სრულფასოვნად ვერ ახერხებს. ახლა ქარხანა 10%-იანი დატვირთვით მუშაობს, მეტით - ვერა. დასაქმებულებს არ მისცემს ნამუშევარი ხელფასი, გაიფცვამდე დასარიცხი, იანვრის თვის. ხალხს სესხი აქვს, მათი გადახდა უწევთ და ასეთ პირობებში ვერ ხერხდება, ამიტომ გაფიცვა გაგრძელდება იქამდე, სანამ მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. დღეისათვის, 34 თანამშრომელია გაფიცული.

რაც შეეხება უშუალოდ მოთხოვნებს: ხელფასების 30%-იანი ზრდა, უსაფრთხო შრომის გარემო, ანტისანიტარიის მოწესრიგება და მენეჯერულ პოზიციებზე მყოფი იმ პირების სამსახურიდან განთავისუფლება, რომლებიც დასაქმებულთა სხვადასხვა ქმედებით პროცოვირებას ცდილობენ”, - განუცხადა `რეზონანსს” გიორგი დიასამიძემ. 

„საირმე მინერალ ვოთერსში“ დასაქმებულები ამბობენ, რომ მათი შრომის ანაზღაურება დღეში 44 ლარია. თვის განმავლობაში 24 სამუშაო დღიდან უმეტესად 16-17 დღე მუშაობენ. დასაქმებულთა საშუალო ხელფასი 700-900 ლარია.

უშუალოდ კომპანიაში კი ამტკიცებენ, რომ დღემდე პრობლემად რჩება გაფიცულების დამოკიდებულება იმათ მიმართ, ვინც აგრძელებენ მუშაობას და ასევე იმ თანამშრომლების ნაწილის მიმართ, რომელიც აქციაზე არ გადის და იძულებულია დარჩეს სახლში.

გუშინ, შპს „საირმე მინერალ ვოთერსი“ თანამშრომლებმა, მათ ვინც მუშაობას განაგრძობს, განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ ისინი ემიჯნებიან გაფიცვას და აპირებენ მუშაობას, რაშიც ხელს უშლის გიორგი დიასამიძე.

"ჩვენ, „საირმე მინერალ ვოთერსის“ თანამშრომლები, ვთანხმდებით და ერთხმად ვაცხადებთ, რომ ვემიჯნებით გაფიცვას, ვმუშაობთ და ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას, რაშიც ხელს გვიშლის პირადად გიორგი დიასამიძე და გაფიცული თანამშრომლების გარკვეული ნაწილი. გვინდა ყველას გავაგებინოთ, რომ პროვოკაციის მიზნით, გიორგი დიასამიძე და ჩვენი თანამშრომლების ნაწილი, ვინც გაფიცულია, სპეციალურად კეტავენ გზებს, რადგან საწარმოდან არ მოხდეს პროდუქციის ტრანსპორტირება. ისინი ასევე ხელს გვიშლიან საწარმოში შესვლაში, გვაყენებენ სიტყვიერ შეურაცხყოფას და დაჟინებით გვთხოვენ, რომ არ გავაგრძელოთ მუშაობა. არის შემთხვევები, როდესაც ადგილი აქვს დაშინებას, მუქარას და ზოგიერთი თანამშრომელი იძულებულია დარჩეს სახლში, რომ თავი აარიდოს კონფლიქტს, დაპირისპირებას.

ჩვენ ვთვლით, რომ გაფიცვის ორგანიზატორის, გიორგი დიასამიძის ინტერესი საწარმოო პროცესის სრულად შეწყვეტაა და არა - გაფიცულების ინტერესების დაცვა, რაც კარგად ჩანს მის განცხადებებში და ქმედებებში. ქარხნის გაჩერებით დაზიანდება არა მხოლოდ კომპანია, არამედ ვინც იქ ვართ დასაქმებულები.

ის თანამშრომლები, რომლებიც არ უერთდებიან გაფიცვას და აგრძელებენ მუშაობას, ემიჯნებიან ყოველგვარ პროვოკაციულ ქმედებას და იმ ცრუ ინფორმაციებს, რაც კომპანიის მისამართით მიზანმიმართულად ვრცელდება. ისინი გაფიცულ თანამშრომლებს კომპანიასთან მოლაპარაკებისკენ მოუწოდებენ, რადგან მიაჩნიათ, რომ საწარმოო პროცესი არ უნდა გაჩერდეს ერთი კონკრეტული ადამიანის ინტერესების გამო", - აღნიშნულია განცხადებაში.

შპს „საირმე მინერალ ვოთერს“ საქართველოში 2010 წელს დააფუძნეს. კომპანია საქართველოში მტკნარი წყლის მოპოვების 3 ლიცენზიას 2036 წლამდე ფლობს.კომპანიის 92%-ის მფლობელი 25 წლის იაკობ გვიჩიაა. ის როგორც საქართველოს, ისე რუსეთის მოქალაქეა.

კომპანიის დარჩენილ 4-4%-ს თანაბრად ინაწილებენ სენტ-კიტსისა და ნევისის ფედერაციის მოქალაქე პირები გია და ხათუნა გვიჩიები (ხათუნა გვიჩია, გია გვიჩიას მეუღლეა). გია გვიჩია პარალელურად კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს წევრია. საჯარო რეესტრის ამონაწერში არ ფიქსირდება ფლობენ თუ არა ისინი საქართველოს მოქალაქეობას, თუმცა ცესკოს მონაცემების მიხედვით, საქართველოში ისინიც იმავე მისამართზე არიან რეგისტრირებულები, სადაც 92%-ის მფლობელი იაკობ გვიჩია.

კომპანიის დირექტორი, იანინა მაშკოვაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა.

„საირმე მინერალ ვოთერსი“ წლების განმავლობაში მონაწილეობს სახელმწიფო ტენდერებში და იღებს სახელმწიფო დაკვეთებს. კომპანიის მიერ წარმოებული პროდუქციის შემსყიდველთა სიაში არის საქართველოს რკინიგზა, საქართველოს თავდაცვის ეროვნული აკადემია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე