სასოფლო-სამეურნეო სამუშოაების დაწყების წინ ეს დიდი შეღავათი იქნება ყველასათვის
გვანცა წულაია
(02.03.2023)

საქართველოში ნავთობპროდუქტების გაიაფების ტენდენცია გრძელდება. ყველაზე საყურადღებო ის არის, რომ ბოლო რამდენიმე თვეა, დიზელის ღირებულება იკლებს და დღეისთვის მისი ფასი არაბრენდირებულ სადგურებში 2.85 ლარის ფარგლებში მერყეობს და დიდია იმის ალბათობა, რომ ფასი უფრო ქვევით ჩამოვა.

დიზელ იაფდება და ფასი მომავალშიც შემცირდება ბრენდირებულ ბენზინ გასამართ სადგურებშიც, სადაც ასეთი მოცემულობაა: "ვისოლი” – 3.44 ლარი, "გალფი” – 3.49 ლარი, "ლუკოილი” – 3.53 ლარი, "რომპეტროლი” – 3.53 ლარი.

ბოლო რამდენიმე თვეა ქვეყანაში სტაბილურად მცირდებოდა ბენზინის ფასი, თუმცა დიზელზე ბევრი არაფერი შეცვლილა. ახლა კი როგორც `რეზონანსისთვის” გახდა ცნობილი, საქართველოში ამ ტიპის საწვავიც გაიაფდება. ფასთა ცვლილების ასახვა მოხდება, როგორც ბრენდირებულ, ისე არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებში.

დადებითი ტენდენცია, არ უკავშირდება პრემიერ-მინისტრის მითითებას, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ კიდევ ერთხელ გაახმოვანა და აღნიშნა, რომ საწვავის იმპორტიორები ისევ მაღალი მოგების მარჟით მუშაობენ. ამჯერად გაიაფების ტენდენციის მთავარი მიზეზი მოწოდების იაფი წყაროებია, კერძოდ კი, რუსეთის ბაზარი. სწორედ აღნიშნულზე საუბრობს ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვახტანგ იობაშვილი და ადასტურებს, რომ დიზელი კიდევ გაიაფდება.

"უკვე დიდია ხანია ვსაუბრობ, რომ, ბენზინის გარდა, ღირებულება შემცირდება დიზელზეც და ეს შეიძლება მოხდეს უკვე ხვალიდან. დიზელზე ფასთა კლების ტენდენცია აუცილებლად გაგრძელდება იგივე რეჟიმში, როგორზეც ბენზინზე. ამის მიზეზი კი გახლავთ ის, რომ თავად შემომტანმა კომპანიებმა შედარებით იაფი წყაროები მოიპოვეს. რუსეთიდან, გარდა ბენზინის იმპორტირებისა, დიზელის შემოტანაც შესაძლებელი გახდა. აქედან გამომდინარე გვაქვს იმის საშუალება, რომ ფასთა კლება დიზელზეც გაგრძელდეს.

სხვა ქვეყანაში, ჯერჯერობით, ევროპული საწვავი ძვირია, ამიტომ ბუნებრივია, რომ კომპანიები სადაც იაფად ნახავენ ნავთობროდუქტს, სწრორედ იქ ყიდულობენ. ჩვენ პოლიტიკაში არ ვერევით, ამიტომ ბიზნესს აქვს თავის დაუწერელი კანონები, რომ სადაც აღმოაჩენს პროდუქტს იაფად, იქ ახდენს შესყიდვას. ეს აუცილებლად მოგვცემს კარგ შედეგს.

ფასთა კლება ნელ-ნელა მოხდება, როგორც ბენზინზე. ეს უკანასკნელი მთლიანობაში გაიაფებული არის 1.30 ლარით. შარშან, ივლისში, საწვავი ღირდა 3.75-3.80 ლარი. სწორედ ამ ნიშნულიდან წამოვიდა ქვევით ღირებულება და ასეთი ტენდენცია დღემდე გრძელდება. მაგალითად, ბრენდულ კომპანიებს დღეისათვის ბენზინზე აქვს ასეთი ფასები: "ვისოლი” – 2.35 ლარი, "გალფი” - 2..29 ლარი, "ლუკოილი” – 2.30-2.40 ლარი, "რომპეტროლი” – 2.44 ლარი. ბოლოს დასახელებულ კომპანიას საწვავი შემოაქვს ევროპიდან. მომავალში სწორედ იგივე ტენდენციას შევთავაზებთ მომხმარებლებს, რაც ქართულ ბაზარზე ძალიან შესამჩნევი იქნება”, - განუცხადა `რეზონანსს” ვახტანგ იობაშვილმა და დასძინა, რომ პრემიერის მითითების შესრულებას ყველა კომპანია ცდილობს.

დიზელის გაიაფება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ პერიოდში, რადგან მალე საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყება. სოფლის მეურნეობაში კი, ძირითადად, დიზელის საწვავს იყენებენ.

პოზიტიური ტენდენციის შენარჩუნებას პროგნოზიკრებს "გლობალური სავაჭრო ჯგუფის“ ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილიც და აცხადებს, რომ რუსეთიდან საქართველოში იაფი საწვავი შემოდის და რაც მიწოდების პრობლემა არ არსებობს.

"დიზელის ფასი ბოლო თვეების განმავლობაში, შეუქცევადად მცირდება და მიმდინარე ეტაპზეც შეგვიძლია იმის თქვა, რომ აღნიშნული დადებითი ტენდენცია საკმაოდ აქტიურად გრძელდება. დღეისთვის, საბითუმო ბაზარზე დიზელის ღირებულება ბოლო 2 წლის ერთ-ერთი ყველაზე დაბალ ნიშნულზეა.

ამ მიმართულებით არსებული მოლოდინი ოპტიმისტურია, რადგან საბითუმო ბაზარი აქტიურად რეაგირებს ფასების შემცირებაზე, რაც დიდი ალბათობით იქნება იმის მთავარი მიზეზი, რომ საცალო ქსელშიც გაგრძელდება ღირებულების კლება, რაც უდავოდ დადებითი მოვლენაა, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც გაზაფხულის პერიოდია და სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები კარსაა მომდგარია. დიზელის აქტიური მომხმარებლები არიან სწორედ სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ადამიანები, ამიტომ ფასის შემცირება ძალიან მნიშვნელოვანია. არა მხოლოდ ფერმერები, არამედ გადამზიდავებიც, ვინც დისტრიბუციას ეწევა, აქტიური მომხმარებლები არიან ამ ტიპის საწვავის.

ფასი რომ კიდევ დაიკლებს, ეს უდავოა, მაგრამ სადამდე გასტანს დადებითი ტენდენცია, არ ვიცი, რადგან ამაზე საუბარი რთულია, გამომდინარე იქიდან, რომ სანავთობო ბაზარზე ვითარება ხშირად იცვლება, თუმცა დიზელთან მიმართებაში მოკლევადიან პერიოდს თუ განვიხილავთ, ფასის შემცირება გაგრძედება. მიმდინარე ეტაპზე ერთ-ერთი ძირითადი მომწოდებელი არის რუსეთის ფედერაცია, საიდანაც საწვავი მოდის დაბალ ფასში და არც პროდუქციის მოწოდების შეფერხება არსებობს. ლარის გამყარებაც არ უნდა დავივიწყოთ, ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია.

რა თქმა უნდა, საქართველოს პრემიერი-მინისტრის მითითება საკმაოდ მნიშვნელოვანია. წინა წელს სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ, დაიწყო საწვავმა გაიაფება. იაფი წყაროების გაჩენას, პრემიერის მითითებაც დაემატება, რაც ერთიანობაში უფრო დადებით შედეგს მოგვცემს", - აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას ვანო მთვრალაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე