"ჯერ კიდევ შენარჩუნებულია ის ფაქტორები, რაც ეროვნულ ვალუტას მომავალშიც გაამყარებს"
გვანცა წულაია
(01.03.2023)

ქართული ლარი შეუქცევადად მყარდება. გუშინ `ბლუმბერგის” სავაჭრო პლატფორმაზე ბოლო 5 წლის რეკორდი დამყარდა. 2.60-იან ნიშნულზე დაბლა კურსი ბოლოს 2018 წლის 31 აგვისტოს იყო. თანაც ეს იყო პერიოდი, როდესაც ლარის კურსი გამალებით უფასურდებოდა. მას შემდეგ, ლარი 2.60-ს არც კი მიახლოებია და 2023 წლის გაზაფხულის პირველივე დღეს ეს ნიშნულიც "აღებულია". თანაც მოლოდინი კიდევ უფრო პოზიტიურია. ჯერ კიდევ შენარჩუნებულია ის ფაქტორები, რაც კურსს მომავალშიც გაამყარებს.

გამოდის, რომ დღეისთვის ლარი ბოლო 5 წლის ყველაზე მყარ ნიშნულზეა. ერთი ნაბიჯია დაჩენილი იმისთვის, რომ ლარმა `ბლუმბერგზე” 2.60-იანი ნიშნული დაძლიოს და შემდეგ ოფიციალურ გაცვლით კურსში აისახოს.

უკვე მიმდინარე წლის სტატისტიკური მონაცემებით ვლინდება, რომ 2023 წლის დაწყებიდან დღემდე ლარმა პოზიციები 10 პუნქტით გაიუმჯობესა. თუკი 2023 წლის 1-ელ იანვარს ერთი დოლარი 2.71 ლარი ღირდა, დღეს არსებული ოფიციალური მაჩვენებლით ერთი ლარი 2.61 ლარი ღირს, თუმცა უფრო დაბალი მაშვენებლებია "ბლუმბერგის” სავაჭრო პლატფორმაზე.

საბანკო სფეროს სპეციალისტი, ფინანსისტი გოჩა თუთბერიძე აცხადებს, რომ ლარი პოზიციებს იქამდე გაიუმჯობესებს, სანამ ის ტენდენციები შენარჩუნდება, რაც კურსს გამყარებას უწყობს ხელს.

"კურსის პროგნოზირება შეუძლებლია, თუმცა შეგვიძლია დაახლოებით ვივარაუდოთ, რა იქნება. სიტუაციის შექმნა დამოკიდებულია იმ ძირითად კომპონენტებზე, რომლებიც ცვალებადობას განაპირობებენ. ეს არის მიმდინარე ბალანსის მდგომარეობა თუ როგორ ხდება მისი შევსება. აქ იგულისხმება ექსპორტ-იმპორტის ოპერაციები, ვაჭრობა და მომსახურების სფეროში ასებული ოპერაციები, დამატებული ფულადი ტრანსფერები, უცხოური კაპიტალის შემოდინება და ა.შ.

მიმდინარე ეტაპზე, ფაქტია, რომ ჯერჯერობით ექსპორტის ზრდა წინ უსწრებს იმპორტის ზრდას, აქ ტემპები იგულისხმება, ანუ ექსპორტი უფრო სწრაფად იზრდება, ვიდრე იმპორტი. ეს დადებითად აისახება კურსზე და მომავალში თუ ასეთი ტენდენცია შენარჩუნდება, ქართულ ვალუტაზე იმოქმედებს პოზიტიურად.

რა თქმა უნდა, დიდი მნიშვნელობა აქვს რუსეთის ფაქტორს. მეზობელი ქვეყნის მოქალაქეების საქართველოში შემოვიდნენ და ისინი აქ იღებენ შემოსავლებს, რომელიც უცხოურ ვალუტაშია გადმორიცხული. თუმცა, ეს ფაქტორი უნდა ჩავთვალოთ, როგორც ერთჯერადი. ამიტომ, გრძელვადიან პერიოდზე გაანგარიშებით ცოტა რთულია იმის თქმა, რომ ლარის კურსი სტაბილური იქნება. მთავარია, სამომავლოდ ფუნდამენტური ფაქტორები როგორ იქნება.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება არის ეკონომიკური ზრდა. ეს უკანასკნელი რაც უფრო სწრაფია, მით უფრო დადებითია გავლენა ლარის კურსზე. ჩვენი სტატისტიკა გვეუბნება, რომ შარშან 10%-ის ფარგლებში იყო მშპ-ს ტემპი, იანვარში 8,5%-იანი და ეს კარგია.

ლარის კურსზე ზემოთ ჩამოთვლილ ფუნდამენტურ ფაქტორებთან ერთად, გავლენას ახდენს ფსიქოლოგიური ფაქტორებიც, რომლის წინასწარმეტყველებაც შეუძლებელია.

ჯერჯერობით, ფუნდამენტური ფაქტორები დადებითია და კურსზე პოზიტიურად მოქმედებს. თუ ეს ტენდენცია შენარჩუნდა, ცხადია, კურსს ექნება გამყარების მიმართულება. ეს მოხდება საშუალო ვადიან პერიოდში”, - განაცხადა `რეზონანსთან” გოჩა თუთბერიძემ და დასძინა, რომ დიდი მნიშვნელობა აქვს ასევე ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკას.

"ძალიან საყურადღებოა როგორ ფულად-საკრედიტო პოლიტიკას გააგრძელებს ეროვნული ბანკი. რაღაც ცვლილებები იგეგმება, კობა გვენეტაძეს ვადა ეწურება, ახალი პრეზიდენტი ეყოლება სებ-ს. არ ვიცით, რა მოხდება, როგორი იქნება მიდგომა. კურსს მაინც არეგულირებს ეროვნული ბანკის ფულად საკრედიტო პოლიტიკა. რეფინანსირების განაკვეთი ჯერჯერობით მაღალია, რაც დადებითად აისახება კურსზე, მაგრამ დიდხანს შეიძლება არ შეინარჩუნონ ასეთი გამკაცებული მონეტარული პოლიტიკა", - აღნიშნა თუთბერიძემ.

ფაქტია, რომ ლარმა მძიმე პერიოდი დიდი ხანია უკან მოიტოვა და უკვე რამდენიმე თვეა პოზიციებს უფრო და უფრო იუმჯობესებს. უკრაინაში ომის დაწყების პირველივე დღეებში გაცვლითი კურსი ელვისებურად დაეცა და 2022 წელს ყველაზე მაღალი ნიშნული 10 მარტს დაფიქსირდა, მაშინ ერთი ლარი 3.40 დოლარი ღირდა. უკვე მარტის ბოლოდან ეროვნულმა ვალუტამ პოზიციების აღდგენა დაიწყო და მას შემდეგ განუხრელად მყარდება.

ლარის გამყარების მიზეზებზე საუბრობს საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის ვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელიაც და ადასტურებს, რომ კურსის გამყარება გაგრძელება იქამდე, ვიდრე სამხედრო კონფლიქტი არ დასრულდება და ფულადი გადმორიცხვების მოცულობა არ მოიკლებს.

"ლარის გამყარების ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი გახლავთ სავალუტო შემოდინებები, რომლებიც გაოთხმაგდა უკრაინაში ომის დაწყებიდან. ოფიციალურად 465 მლნ-ია შემოსული იმ ემიგრანტების მხრიდან, ვინც აქ საცხოვრებლად შემოვიდა. თუ 2020 წლამდე არსებულ სტატისტიკას ვნახავთ, აღმოჩნდება, რომ თვეში ყველაზე დიდი გადმორიხვა 130 მლნ იყო. ამ ორ რიცხვს შორის კი სხვაობა ძალიან დიდია. ეს რაც ოფიციალურად, საბანკო სისტემით ფიქსირდება, ისე კი, ნაღდი სახით, მინიმუმ, ერთი ამდენი შემოვიდა.

ეკონომიკა დაჩქარდა, რადგან საომარი ვითარების გამო, ჩვენი, როგორც ტრანზინტული ქვეყნის, ფუნქცია გაიზარდა. 2022 წლის თებერვლის შემდეგ 20 ათასამდე კომპანია გაიხსნა, ბავშვები ქართულ სკოლებში ჰყავთ დარეგისტრირებული, ბინებიც შეიძინეს, ანუ ეს ხალხი აქ საცხოვრებლად და სამუშაოდ ჩამოვიდა და ესეც არის ერთ-ერთი ფაქტორი, რამაც ქვეყნის ვალუტა გაამყარა.

როგორც კი კურსი 2.60-ს ჩამოსცდება, უნდა ველოდეოთ ქართული პროდუქციის ექსპორტის შემცირებას. აქ ვგულისხმობ იმას, რაც ადგილზე იწარმოება. ვერც ხილი გავა ექსპორტზე უწინდელი რაოდენობით, ვერც თხილი და ვერც სხვა პროდუქცია, რასაც ვყიდით, რადგან არაკონკურენტუნარიანი გახდება.

კურსის გამყარება, გაგრძელება იქამდე, სანამ სამხედრო კონფლიქტი არ დასრულდება და გადმორიცხვების მოცულობა არ მოიკლებს. თუ სავალუტო გადმორიცხვები თვეში ისევ 130-150 მლნ-მდე ჩამოვა, მაშინ, დაიწყება ის პროცესები, რაც იყო ადრე. ლარი გაუფასურდება, პროდუქტები გაძვირდება და ა.შ. გადმორიცხვები თუ დაუბრუნდება 2020 წლიან ნიშნულს, ლარის კურსი იქნება 2.80-2.90-ის ფარგლებში, თუმცა ახლო მომავალში მაინც გამყარებას უნდა ველოდოთ”, - განუცხადა "რეზონანსს" ნიკა შენგელიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ახალი ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე